Google+

სიახლეები

29.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხობში ახალი ქარხანა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულიდან ხობში გაემგზავრა, სადაც თაბაშირ-მუყაოს ქარხანა გახსნა.

"უკვე მერამდენე ქარხანას ვხსნით სამეგრელოში და ყოველი ახალი წარმოების დაწყება ჩემთვის დიდი ბედნიერებაა", - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

წარმოებაში, დაახლოებით, 30 ადამიანია დასაქმებული. ქარხანა მშენებლობისთვის აუცილებელ მასალას ევროპული ხარისხით დაამზადებს.

ხობიდან მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ჩავიდა, სადაც ახალი აეროპორტის საჰაერო-სანავიგაციო სისტემის გახსნას დაესწრო. პრეზიდენტმა საქაერონავიგაციის ხელმძღვანელს გიორგი კარბელაშვილსა და ამ უწყების თანამშრომლებს თანამედროვე სისტემის დამონტაჟებისთვის მადლობა გადაუხადა. ახალი სისტემის დეტალები პრეზიდენტს თავად გიორგი კარბელაშვილმა გააცნო.

"ეს აეროპორტი ააშენეს თურქებმა, მაგრამ ყველაზე რთული - ფრენის კონტროლის სისტემა, ქართველებმა გააკეთეს. მინდა ყველა, ვინც ამ სისტემის შექმნაზე მუშაობდა, ღირსების ორდენებით დავაჯილდოვო. მართვის უსაფრთხოების მხრივ, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სისტემა გვქონდა, მაგრამ დღეს, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სისტემა გვაქვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ყინულის სახლი გახსნა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მსგავსი მოედანი მალე ზუგდიდსა და ქუთაისშიც გაიხსნება.

"მოსახლეობას დავპირდი, რომ ყინულის მოედანს ბათუმშიც გავხსნიდით. აქ უფრო დიდი და უკეთესი მოედანი გაკეთდა, ვიდრე თბილისში. ისიც ვთქვი, რომ მსგავს მოედანს ზუგდიდსა და ქუთაისშიც გავხნიდით და ეს დაპირებაც კარგად მახსოვს. ყველაფერს, რასაც ხალხს და, მათ შორის, საკუთარ თავს ვპირდებით, ვასრულებთ კიდეც", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

ბათუმის ყინულის სახლი 3 ათასი კვადრატული მეტრია და თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)