Google+

სიახლეები

30.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აგურის ქარხანა გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოში აგურის ქარხანა გახსნა. საწარმოში 120 ადამიანი დასაქმდება და ის რვა სახის აგურს აწარმოებს. წარმოება ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, სილქროუდ ჯგუფმა დააფინანსა. დღესვე მიხეილ სააკაშვილი მევენახის სახლის პრეზენტაციას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტი ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეუხებლობას დაპირდა, თუმცა აღნიშნა, რომ კანონის დამრღვევი ჩინოვნიკების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ განაგრძობს. მევენახის სახლი კულტურის ერთგვარი ცენტრი იქნება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და უცხოელ ტურისტებს საშუალება ექნებათ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურას უკეთ გაეცნონ.

"ეს იქნება კახეთის მთავარი ტურისტული ცენტრი, საიდანაც მოხდება ტურისტების განაწილება. ამ შენობას ძალზე საინტერესო ისტორია აქვს. ის მისაკუთრებული ჰქონდა ყოფილ გამგებელს, რომელსაც არც ფული ჰქონდა და არც რაიმეს გაკეთების თავი. ალბათ ეგონა კიდეც, რომ შენობა მას და მის შვილიშვილებს სამუდამოდ დარჩებოდათ. ჩვენ ეს შენობა დავუბრუნეთ სახელმწიფოს და შემდეგ გადავეცით ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ფართო ხედვა და პერსპექტივის განცდა აქვთ. მათ კი თანამედროვე ტურისტული ცენტრი გააკეთეს. ამჟამად საქართველოს მთავრობა განიხილავს კანონპროექტს საკუთრების დაცვის შესახებ. ნამდვილ ბიზნესს ჩვენ ყველაფერს გავუკეთებთ იმისათვის, რომ მათ საკუთრებას ვერასდროს ვერავინ ვერ შეეხოს. მაგრამ თუ ვინმეს, მაგალითად, ყოფილ მინისტრს, ყოფილ გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს იმედი აქვს, რომ ქონებას დავუკანონებთ და მას, ამ სახლის მსგავსად, შემდეგი 200 წლის განმავლობაში უფუნქციოდ გააჩერებს, ვერ ეღირსება. ვიცი, რომ მათ ჰყავთ ლობისტები პარლამენტში, მაგრამ ჩემი მთავრობის დროს მითვისებული ქონება არავის არ შერჩება. ჩვენ ისეთ კანონს მივიღებთ, რომელიც საკუთრების დაცვის დამატებით გარანტიებს შექმნის და ყველაფერი რეალური მფლობელის ხელში გადავა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მევენახეთა სახლი "სახალხო ბანკისა" და "თელიანი ველის" ინიციატივით აშენდა. ტურისტებს აქ უკვე დღეიდან მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში კიდევ რამდენიმე ახალი ობიექტი გახსნა. იგი გურჯაანში საპატრულო პოლიციის ახალი შენობის პრეზენტაციას დაესწრო. ორთვიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ პოლიციელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნიკით აღჭურვილი შენობა აქვთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)