Google+

სიახლეები

19.11.2007
საქართველოს პრეზიდენტი მეცნიერებსა და სამუზეუმო დარგის სპეციალისტებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებსა და სამუზეუმო დარგის სპეციალისტებს შეხვდა. მათთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოს მუზეუმების დაფინანსება, ისევე როგორც მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასები, სამჯერ გაიზრდება.

"ადამიანები, რომლებმაც კბილებით დაიცვეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და სამუზეუმო საქმიანობა გაუსაძლის პერიოდშიც კი არ მიატოვეს, 100 ლარიან ხელფასზე არ უნდა იყვნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ადამიანს ენთუზიაზმზე მუშაობა მხოლოდ ცოტა ხნის განმავლობაში შეუძლია, შემდეგ კი მას ნორმალური ანაზღაურება სჭირდება.

"ადამიანს, რომლესაც მხოლოდ 100 ლარი აქვს ხელფასი, პრაქტიკულად, განწირულია შიმშილით სიკვდილისთვის. მომავალი წლიდან მუზეუმებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები სამჯერ გაიზრდება. ამდენჯერვე გაიზრდება თავად მუზეუმების დაფინანსებაც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ახალი შენობის მშენებლობა მალე დასრულდება.

მისი თქმით, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გაცილებით მდიდარი კოლექციის მფლობელია, ვიდრე მეზობელი ქვეყნების ანალოგიური დაწესებულებები, თუმცა მსოფლიოსთვის ისინი უფროა ცნობილი.

"ხელნაწერთა ინსტიტუტში მართლაც თვადადებული ადამიანები მუშაობენ. ისინი მთელი ცხოვრება დაჰკანკალებენ ხელნაწერებს და უნიკალური კოლექციები ასე მოიტანეს დღემდე. თუმცა, როგორც კი მათ ვუთხარი, რომ კოლექცია უნდა გამოვფინოთ, შეშინდნენ კლიმატის ცვლილებამ არ გააფუჭოსო. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის სულ მალე ავაშენებთ ახალ მუზეუმს, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, სადაც ჩვენს უნიკალურ ხელნაწერებს ყოველგვარი საფრთხის გარეშე გამოვფენთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ქართული კულტურული მემკვიდრეობა ჩვენს ქვეყანას საჭირო იმიჯის ჩამოყალიბებაში უნდა დაეხმაროს.

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა იმის გარანტიაა, რომ ჩვენთან უამრავი ტურისტი ჩამოვიდეს და ნახოს, რომ ეს ნამდვილი ევროპაა, შეიძლება იმაზე ძველიც, ვიდრე ბევრი დღევანდელი ევროპული სახელმწიფო. ჩვენ სათანადო დონეზე უნდა შევძლოთ ამის წარმოჩენა. თუ ამას მოვახერხებთ, საქართველოში მილიონობით ადამიანი ჩამოვა, რაც ქვეყნის ეკონომიკის მრავალი დარგის წინსვლას განაპირობებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნება.

„მიმაჩნია, რომ იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყნის გარეთ და შიგნით არის, გვჭირდება მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც სწრაფი რეაგირების უნარი და საკმარისი ავტორიტეტი აქვს, ასევე გადაწყვეტილებების მიღების უნარი შესწევს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში დიდი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები ხორციელდება, უშიშროების საბჭოს ახლანდელი მდივანი კოტე კემულარია, ამ პროექტების განხორციელებისათვის შექმნილ სპეციალურ აპარატს უხელმძღვანელებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს საკმაოდ დიდი სამსახური იქნება ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანებით. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კოტე კემულარია დიდი გამოცდილების მქონე სახელმწიფო მოხელე და მისი დიდი ხნის თანამებრძოლია.

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.

"ეს არის გრანდიოზული, მართლაც საუკუნის პროექტი. იყო ნავთობსადენი, კიდევ ერთი საუკუნის პროექტი, მაგრამ ნავთობსადენი იმ ხალხის გარდა, რომლებიც იქ არიან დასაქმებული, მოსახლეობასთან შეხებაში არ არის", - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით საქართველო ევროპული რკინიგზის ქსელს დაუკავშირდება.

"საქართველო ჩიხი აღარ არის. ჩვენ მატარებელში თბილისში ჩავსხდებით და გამოვალთ პარიზში, ლისაბონში, რადგან რკინიგზა ბოსფორის ქვეშ გადის და მომავლში თურქეთის მთელ ხაზს მოიცავს. იმედია, საქართველომდე ჩქარი მატარებლები ივლიან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო გეოგრაფიულ რევოლუციას ახდენს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო აბრეშუმის გზის მთავარი წერტილია.

"აბრეშუმის გზა აღორძინდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთიდან მთავრი მოძრაობა საქართველოს, ჩვენი პორტებისა და რკინიზგის გავლით ჯერ თურქეთზე და შემდეგ კი დანარჩენ ევროპაზე დაიწყება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, ევროპისკენ უფრო მოკლე, რუსეთზე გამავალი გზაც არის.

"დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს გზაც გაიხსნება, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც აფხაზეთის საკითხი საქართველოს ერთიანობის სასარგებლოდ გადაწყდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახალ მთავრობას ახალი სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება ევალება. მისივე თქმით, ქვეყნის წარმატებული ზრდის, ინვესტიციების, ციფრების, ინფრასტრუქტურული განვითარების უკან არ უნდა დაიკარგოს მთავარი რამ - ადამიანი და მისთვის ხელშეწყობა.

„მთავრობა ბევრად უფრო მეტად უნდა აკავშირებდეს ქვეყნის ეკონომიკურ და ზოგად წარმატებას თითოეული ოჯახის, თითოეული ადამიანისა და თითოეული სფეროს წარმატებასთან, რაც ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრისთვის ხელისუფლების მანდატია... მე წარვადგინე ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლადო გურგენიძის კანდიდატურა. იგი ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენია. ის ნამდვილი ბიზნესმენია და არა ოლიგარქიული წარსულის მქონე, რომელმაც ვიღაცის მეშვეობით მოიპოვა თავისი ქონება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)