Google+

სიახლეები

23.11.2007
„ვარდების რევოლუციის“ დღის მისალოცად პოლონეთისა და ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ

დღეს საქართველოში "ვარდების რევოლუციის" დღის მოსალოცად საქართველოში დიდი მეგობრები, ევროკავშირის წევრი ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მეთაურები, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ჩამოვიდნენ.

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა თამარ მეფის ხიდთან დღეს პრომეთეს ქანდაკება გახსნეს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრომეთე, ისევე როგორც წმინდა გიორგი, საქართველოს სიმბოლოა.

"პრომეთე ტანჯვასა და დიდ განსაცდელზე გამარჯვებას განასახიერებს. ასეთია საქართველოს ისტორიაც, ტკივილითა და გამარჯვებებით სავსე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძეგლის გახსანს პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ესწრება.

"პოლონეთსა და საქართველოს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ამის მაგალითია მარშალ პილსუდსკის დამოკიდებულება ქართველი ოფიცრებისადმი. როდესაც ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა, ამ ადამიანმა კარი გაუღო ქართველ ოფიცრებს პოლონეთის არმიაში და შეუნარჩუნა მათ პატივი, ღირსება და საქართველოს მოქალაქეობა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პილსუდსკი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია პოლონელი ხალხის კეთილშობილებისა და თავისუფლების მოყვარეობის.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქართველი ერისადმი პოლონელი ხალხის კეთილგანწყობის საუკეთესო მაგალითი დღეისთვის უკვე პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკია.

მან პოლონეთის პრეზიდენტს თავისუფლებისთვის მებრძოლი დიდი დემოკრატი უწოდა და ქართულ-პოლონური ურთიერთობების გაღრმავებისთვის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, "წმინდა გიორგის ორდენი" გადასცა.

დღესვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეორე ყრილობა გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ გრანდიოზულ წარმატებებს მიაღწია და ამ წარმატებების დათმობას არავინ აპირებს.

პრეზიდენტმა ოთხი წლის წინანდელი ვარდების რევოლუცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა 'კლოუნმა' რევოლუციის იმიტაცია სცადა, როდესაც 2007 წლის ნოემბერში თბილისში ავტოკოლონებით შემოვიდნენ.

'მაგრამ, 4 წლის წინ თბილისი იყო ჩაბნელებული და ერთადერთი სინათლე ის ავტოკოლონა იყო, რომელშიც თქვენ იჯექით... გივი თარგამაძის თქმის არ იყოს, ჯოჯოხეთის მაშხალები საჭირო აღარ არის, რადგან ქვეყანა დღეს ისედაც განათებულია' _ განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი თქმით, საქართველომ 4 წლის განმავლობაში მოიშორა 'მუქთამჭამელები და მუქთახორები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ რუსთაველზე დარბოდნენ, რადგან დღეს ქვეყანაში უფრო მეტია მოსაპარი'.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი რეფორმები გატარდა და ეს კურსი მომავალში განუხრელად გაგრძელდება.

პრეზიდენტი საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდების შევიწროებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათი დრო სამუდამოდ წავიდა.

'ახლა დაიჭირეს ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელსაც მეათე კლასში ორჯერ ვყავვარ დაჭრილი, რადგან თავს არ ვუხრიდი... ასეთი ადამიანების დრო წავიდა,'_ თქვა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ ოთხი წლის განმავლობაში ფეოდალებიც მოიშორა და მალე ტერიტორიულ მთლიანობასაც აღადგენს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაწყებულ გრანდიოზულ პროექტებზეც ისაუბრა.

'ჩემი მეორე ვადის პრეზიდენტობის მეორე წელს ჩვენ შეგვეძლება ვიმგზავროთ თბილისი პეკინის, თბილის-ლონდონის ექსპრესით... საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმაზე მეტი გზები, სკოლები და საავადმყოფოები აშენდა ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთად აღებული. ამ შენებას ვერავინ შეაჩერებს,' _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოში სტუმრად მყოფმა პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტებმა - ლეხ კაჩინსკიმ და ვალდას ადამკუსმა - საქართველოს პარლამენტში დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგს წინ უძღოდა სამი პრეზიდენტის შეხვედრა, რომელზეც, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსა, რომ დღეს პოლონეთსა და ლიტვაში მნიშვნელოვანი დღესასწაულები იმართება და ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნების პრეზიდენტები საქართველოში იმყოფებიან, მათი მხარდაჭერის ნიშანია.

"ლიტვა ჩვენი მართლაც ხმალამოღებული დამცველია მთელ ევროპაში და მსოფლიოში. თუკი ვინმე იბრძვის დღეს ჩვენი თავისუფლებისთვის, ეს არის ლიტვა. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი თავისუფლებით, თავისუფლების და დამოუკიდებლობის გადარჩენით

გვერდზე დავუდგეთ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს მადლობა იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენთვის არიან უახლოესი მეგობრები, ჩვენი მთავრი მეგზურები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში და გზაზე ნატოსკენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ გზას საქართველო მინიმალური

დანაკარგებით და მაქსიმალურად ჩქარა გაივლის.

პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ერთი წლის წინ იმყოფებოდა და მაშინ არსებულ სიტუაციასთან შედარებით ქვეყანაში სარიოზული ცვლილებები შეინიშნება.

მან ასევე ისაუბრა საქართველოში დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხალხმა თვითონ გადაწყვეტს თავისი ბედი და ის, თუ ვინ აირჩიოს.

ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 7 ნოემბრის მოვლენებმა ეჭვები გააღვივა საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრების თაობაზე, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ მოახერხა შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა.

საქართველოს პარლამენტში გამართულ სამი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა განაცხადა,რომ საქართველოში არსებული დემოკრატიის და თავისუფლების სიყვარულის გზავნილს ევროკავშირის ქვეყნებს მიაწვდის.

ვალდას ადამკუსის თქმით, ნოემბრის დასაწყისში საქართველოში მიმდინარე პროცესებმა მსოფლიოს თვალში საქართველოს გარკვეული ზიანიც კი მოუტანა. ლიტვის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას სჯერა ხალხის, არის ოპტიმისტი და სჯერა, რომ ყველაფერი ხალხის კეთილდღეობის სურვილისთვის გაკეთდა. "ქართველი ერი თავისუფლების მოყვარულია და ყოველთვის თავისუფლებაში იცხოვრებს" - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

ბრიფინგის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი და პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი წმინდა გიორგის ორდენებით დააჯილდოვა

დღესვე პლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი სასტუმროში "თბილისი მარიოტი" ქართველი ოპოზიციონერებს შეხვდა. ისინი პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან შეხვედრით კმაყოფილი არიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადესბ რომ საქართველოში ჩამოსვლისას კაჩინსკის სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მას უკვე სულ სხვა წარმოდგენა შეექმნა.

ოპოზიციის განცხადებით, სწორედ პოლონეთია ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრირებაში დაეხმარება. მათივე თქმით, საუბრის მეორე ნაწილში ქვეყანაში შექმნილ საკითხებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრა საკმაოდ საინტერესო, იმედიანი და ნაყოფიერი იყო, რაც ხელს შეუწყობს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარებას და სამომავლოდ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)