Google+

სიახლეები

22.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა

მოგესალმებით!

გორში გაგზავნილი გვყავს ჩვენი ძალოვანი მინისტრები, რომლებიც ხელმძღვანელობენ განაღმვის სამუშაოებს ქალაქში და მიმდებარე ტერიტორიაზე და ავტომაგისტრალზე უახლოეს წუთებში აღდგება მოძრაობა; რკინიგზის მუშაობა ხვალ დილისთვის აღდგება.

ჩვენთვის აუცილებელია დაუყონებლივ აღდგეს მიმოსვლა რკინიგზითა და საავტომობილო გზით, რაც ჩვენი ეკონომიკის არტერიებია.

დაგროვილია ტვირთები, რომელიც ბოლო კვირების ოკუპაციის შედეგად შეჩერდა.

ახლა დროა ყოველივე ამის ამუშავება დავიწყოთ - საბაჟო სამსახური მობილიზებულია და მზადაა მუშაობის გასაგრძელებლად.

ახლა უმთავრესია განაღმვითი სამუშაოები ჩავატაროთ.

ძალიან დიდი რაოდენობით არის დაყრილი სხვადასხვა სახით მომაკვდინებელი ნაღმები, სპეციალური ხაფანგები ბავშვებისათვის ე.წ. ავღანური კამფეტები, რომელებიც მათ ჩამოყარეს.

ჩვენი გამნაღმველები შევიყვანეთ - ამის რესურსები გვაქვს და ყველა ის ობიექტი, ყველა სოფლელი, სადაც კანონიერი მთავრობის კონტროლი აღდგება, გაუვნებელყოფილი იყოს, რათა ისედაც დატანჯული ჩვენს მოქალაქეების სიცოცხლეს ახალი საფრთხე არ დაემუქროს.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

მინდა გითხრათ, რომ სართაშორისო საზოგადოების უპრეცენდენტო ზემოქმედებით, საოკუპაციო ჯარების გაყვანა დაიწყო ძირითადი დასახლებული პუნქტებიდან.

ეს, თავისთავად, კარგი დასაწყისი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია.

მინდა შეგახსენოთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვიყავით თბილისის აღების საფრთხის ქვეშ, ინტერვენტების მხრიდან ისმოდა პირადი მუქარები.

ზუსტად ანალოგიური ვითარება იყო 1921 წელს. მეთერთმეტე არმია თბილისთან ზუსტად ამ მანძილზე იყო მოსული, როდესაც საქართველოს მთავრობას გაქცევა და დედაქალაქის მიტოვება მოუწია. მაშინ საქართველო 70 წლით დატოვეს მონობაში.

ახლა ეს, მთავარი გეეგმა, ძირითადად, ჩაშლილია, თუმცა ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ ყევლაფერს ადვილად მივაღწევთ - ჩვენი საბოლოო გათავისუფლების გზა იქნება ძალიან რთული და დაბრკოლებებით აღსავსე.

სრულიად ნათელია, რომ ვიდრე საოკუპაციო ჯარებს საერთაშორისო სამშვიდობო კონტიგენტი არ ჩაანაცვლებს, კონფლიქტების რაიმე სახით მოწესრიგებასა და საქართველოს ტერიტორიის სრულ გათავისუფლებაზე ლაპარაკიც წარმოუდგენელია.

დღეს ტელევიზიით მოვისმინე გიორგი თარგამაძის კომენტარი პარლამენტში; მან აღნიშნა, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ რუსეთის ჯარის ამ ტრასიდან გასვლით რაიმე მთავრდება.

მართლაც თავი არ უნდა მოვიტყუოთ. რეალურად, ახლა საქართველოს დეოკუპაციის პროცესი მიმდინარეობს და ეს იქნება დიდი საერთაშორიოს ბრძოლის საგანი.

კარგი ამბავია ის, რომ დღეს, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებისგან განსხვავებით, როდესაც, პრაქტიკულად, ერთი-ერთზე ვიყავით მიტოვებული ამ ძალასთან, ეს საოკუპაციო ძალა, რომელსაც ნიღაბი აღარ აქვს, უკვე აღარ გველაპარაკება ვიღაცის პირით და აღარ თამაშობს გამშველებლის როლს.

წინ რამდენიმე მძიმე თვე გველოდება.

ეს ხალხი აქ სამხედრო მიზნების განსახორციელებლად არ შემოსულა - მათი მთავარი მიზანი საქართველოს ინფრასტრუქტურის დანგრევა იყო.

მათ გადაწყვიტეს, რომ ის, რისი მიღწევაც ვერც ეკონომიკური ემბარგოთი, ვერც წვრილმანი პროვოკაციებით, ვერც შიდა არეულობების ინსპირირებით ვერ მოახერხეს, სხვა გზით მიეღწიათ - პირდაპირ მოესპოთ საქართველოს ხელისუფლება და მიწასთან გაესწორებინათ საქართველოს ინფრასტრუქტურა, რათა საქართველო ვეღარასდროს გამართულიყო წელში.

ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა წამოვდგეთ ფეხზე და ავინაზღაუროთ მათ მიერ მოყენებული ზარალი.

დღეს ამერიკის კონგრესის ლიდერებთან მქონდა შეხვედრა, დახმარება წამოვა, მაგრამ ამას დასჭირდება რამდენიმე კვირა, მანამდე კი, დაზარალებულთა დასახმარებლად, ჩვენ უნდა დავიწყოთ ყველა რესურის გამოყენება.

აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან, მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით საფრანგეთის - ევროკავშირის თავმჯდომრე ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, ასევე გერმანიის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან.

ამ დღეებში დიდ უბედურებასთან ერთად, საქართველოს უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის მეგობრები გაუჩნდა მსოფლიოს მასშტაბით.

არასდროს, ჩვენს ისტორიაში, არ გვქონია ასეთი სოლიდარობა და მხარდაჭერა დანარჩენი მსოფლიოსგან.

გუშინ თქვენ ნახეთ ქუჩებში გამოსული ასობით ათასი ადამიანი - ესტონეთში, რუმინეთში, უნგრეთში ხალხი საქართველოს მხარდასაჭერად გამოვიდა.

უნრგეთის ოპოზიციის ლიდერმა ვიქტორ ორბანსაც ვესაუბრე ტელეფონით, უნგრეთის მთავროაბაც ამ აზრს იზიარებს.

გადახადეთ დასავლეთის პრესას - ორი-სამი მოსყიდული სტატიის გარდა (რუსებს ბევრი ფული აქვთ და...), მხოლოდ ჩვენი მხარდასაჭერი პუბლიკაციებია გამოქვეყნებული.

წარმოუდგენლი რამ ხდება, საქართველო, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ 15 წლის განმავლობაში ცდილობდა ჩვენს კონფლიტებთან დაკავშირებით -აგვეხსნა და დაგვესაბუთებინა ჩვენი სიმართლე, ამ ბოლო რამდენიმე დღეში ჩაებეჭდა ყველა ჩვეულებრივ ადამიანს.

ყველგან მიხვდნენ, თუ რა არის საქართველოს პრობლემა, რა არის რეალური საფრთხე, რა ფენომენთან გვაქვს საქმე და ის, რომ საქართველოში, რეალურდ, თავისუფლი სამყაროს ბედი წყდება.

ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოება, განვვითარდეთ, თქვენ ნახეთ როგორი სიმწიფის აღმოჩნდა საზოგადოება.

ეს საზოგადოება დაფუძნებულია თავისუფლებაზე, ცივილიზებული, თავისუფალი სამყაროს და დემოკრატიის პრინციპებზე.

ჩვენ საზოგადოების წევრებმა უდიდესი სოლიდარობა გამოიჩინეს ერთმანეთის მიმართ.

დაზარალებული ბავშვები, ხალხს სახლში დასაბანად, დასაძინებლად მიჰყავთ, უგროვებენ ლეიბებს, ტანსაცმელს.

მე ვიცი ისიც, რომ დალაქები უფასოდ ემსახურებიან მათ.

სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელები უფასოდ ავარჯიშებენ ბავშვებს და ასე ეხმარებიან მათ ადაპტირებასა და სხვა მოვლენებზე კონცენტრირებაში. ამას გარდა მათ შეუძლიათ დაესწრონ კინოსეანსებს უფასოდ.

აი, ეს არის ევროპული საზოგადოების შიდა სოლიდარობა.

ამ დღეებში თქვენ იმ ადამიანთა სახეც ნახეთ, რომლებიც ხალხს ამცირებდნენ და ძარცვავდნენ.

აქედან ჩვენ დასკვნა უნდა გამოვიტანოთ.

მე თავიდანვე ვთხოვე ჩვენს საზოგადოებას, რომ ცოტა ხანი გაგვეძლო, თუკი გვინდოდა განვითარების გზა გაგვეგრძელებინა და ისეთი საზოგადოება გავმხდარიყავით, როგორიც უნდა ვიყოთ.

ეტყობა, ეს უნდა გადაგვეტანა და როგორც ჩანს, ამის თავიდან აცილება, ყველა ჩვენი მცდელობის მიუხედავად, თითქმის, წარმოუდგენელი იყო.

მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობის წევრებს, პოლიციელებს , რომლებიც გმირულად იქცეოდნენ, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.

ჩვენი განვითარებისთვის ბრძოლა ახლა იწყება, წინ ძალიან დიდი შრომა გველოდება; კონსოლიდაცია გვმართებს როგორც არასდროს და დღე და ღამე გაუჩერებლად უნდა ვიმუშაოთ; უნდა გავაგრძელოთ ყველას დახმარება; ასევე უნდა გავაგრძელოთ დიპლომატიური მუშაობა, საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ გასათავისუფლებლად და ევროპულ, დემოკრატიულ გზაზე დასაყენებლად, უნდა გამოვიყენოთ ის წარმოუდგენელი მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოგვიცხადა.

მინდა ვთქვა, რომ მართლაც გმირული ქალაქია გორი, ამ დღეებში ხალხმა დიდ წნეხს გაუძლო; ვიცი როგორ გმირულად იქცეოდა ხალხი ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, კასპში, ქარელში, ხაშურში, ცხინვალსა და მის გაშემო მდებარე სოფლებში.

ეს არის ახალი საქართველო, რომელიც არასდროს აღარ დაიჩოქებს.

ჩვენ წარმოუდგენელ ეკონომიკურ წარმატებას მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში.

ახლა კი ჰქონდათ მცდელობა 1992-93 წლებში დავებრუნებინეთ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ, რადგან დღეს ქვეყანაში სხვა მთავრობა, სხვა პრეზიდენტი და, რაც მთავარია, სხვა ხალხი და საზოგადოებაა.

ამ საზოგადოებამ გაიგო განვითარების, თავისუფლებისა და ეკონომიკური წარმატების ფასი.

სიძნელეები დროებით ახლაც გველოდება, მაგრამ უშუქობაში, უგზოობაში, შიმშილსა და უკანონობაში ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაბრუნებს. ყოველივე ამის მიმართ უკვე იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული.

დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია - უნდა ვიმუშაოთ და მჭიდრო კავშირი გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან.

მადლობელი ვარ ჩვენი პარლამენტარების, რომლებიც ახლაც დადიან რეგიონებში.

მათ კარგი როლი შეასრულეს ხალხის მობილიზაციის საქმეში.

მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მცირე გამონაკლისის გარდა, შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთა.

აქ შემოჭრილებს იმედი ქონდათ, რომ ვინმე თავის სამსახურს შესთავაზებდა. შესაძლოა, ერთმა ან ორმა შესთავაზა კიდეც, მაგრამ ყველას ესმის, რომ თუ ქვეყანა არ ექნება და ამ სამსახურის წყალობით სადმე თანამდებობაზე დაინიშნება, ხოლო ის ხალხი, ვინც ახლა ჩვენს ქუჩებში დაბოგინებს, მთელი ცხოვრება მითითებებს მისცემს, ძალზე დამამცირებელი იქნება.

რუსეთის ჯარი უნდა წავიდეს გორიდან, კასპიდან, ქარელიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან, ცხინვალიდან, სოხუმიდან და დანარჩენი საქართველოდან.

ეს პროცესი დაიძრა და რა პროვოკაციებიც არ უნდა მოგვიწყონ, ვერაფეს მიაღწევენ - ამ პროცესს ვერავინ ვეღარ შეაჩერებს.

ეს დაიწყო ჩვენი ხალხის სისხლის ფასად, ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად, მაგრამ - დაიწყო.

საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ის პატარა, მაგრამ ძალიან გამბედავი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფლების უზომო სიყვარული და ღირსების წარმოუდგენელი გრძნობა აქვს.

მომავალში ჩვენ კარგი ურთიერთობა გვსურს ყველასთან, მათ შორის რუსეთთანაც.

ნამდვილად არ მსურს, რომ ჩვენი საზოგადოება განაწყენდეს რუსულ საზოგადოებაზე, ეს ცივილიზაციის ნიშანი არ არის.

ყოველივე ამას ისტორიული გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ; უნდა გვესმოდეს, რომ ყველანაირი ავანტურისტული პოლიტიკა შეიცვლება, მაგრამ ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც დარჩება.

მთავარია, საქართველოს დარჩეს თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა - დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს უკვე გადავარჩინეთ.

ერთი კვირის წინ ყველანი ამ ოთახში ვისხედით. ისინი თბილისისაკენ გაუჩერებლად მოდიოდნენ. მე დავსვი შეკითხვა - ხომ არ სურდა ვინმეს საქართველოს დატოვება, პასუხად მივიღე - ყველანი ვრჩებით და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიცავთ საქართველოს.

ეს არის პასუხისმგებლობით აღსავსე მთავრობის მოქმედება.

ეს არის პასუხისმგებლობა ახლანდელი თაობის და იმ მილიონობით ქართველის და ყველა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანის წინაშე, რომელიც დაიბადება შემდეგი საუკუნეების განმავლობაში.

1921 წელი 2008 წელში ვეღარ განმეორდება!

საქართველოს არ აქვს არც დასაკარგი სახელმწიფოებრიობა, არც გასაცემი მიწები და არც სურვილი, რომ ვინმეს ვასალის პოზიციიდან ელაპარაკოს. თანასწორად, ღირსებით და მეგობრულად ჩვენ დაველაპარაკებით ყველას, ყველა საკითხზე.

ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი მომავლის ინეტრესი. ჩვენ არავის ჯინაზე და არავის საამებლად არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ.

ჩვენ ვიქნებით ევროპული თანამეგობრობის ღირსეული და თანასწორი პარტნიორი.

ეთნიკური წმენდის ყველა ფაქტი უნდა იყოს დოკუმენტირებული. 1992-1993 წლებში მაშინდელმა მთავრობამ ვერ მოახერხა ამის დოკუმენტირება და ეს ფაქტი ჩაიფარცხა.

დღეს კი, მათ საკუთარი სახლებიდან არც ერთი ადამიანის გამოგდება არ უნდა შერჩეთ.

ჯერ ერთი, ეს ადამიანები უკან უნდა დავაბრუნოთ და მეორე, ვინც ეს გააკეთა საერთაშორისო სამართლის პასუხისგებაშიუნდა მიეცეს.

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი ყველანაირ საერთაშორისო ორგანოში. გუშინ ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ზე ჩვენი ადვოკატის ინტერვიუ იყო და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ისინი პასუხს აგებენ თითოეულ დამწვარ სახლსა და განადგურებულ ოჯახზე.

მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მეუფეს, მის უწმინდესობას, რომელიც ძალიან გაბედულად ჩავიდა ყველგან და შეხვდა ყველას; მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეკლესიამ საკუთარ საზოგადოებას და მრევლს ნამდვილი ღირსება და პატრიოტიზმი აჩვენა. ჩვენი ეკლესიის მესვეურები ყველა ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობის ადამიანებს ეხმარებოდნენ, ესეც ძალზე მნიშვნელოვანია.

პრობლემა ისაა, რომ დაგვინგრიეს სიმწრით აშენებული ობიექტები თამარაშენში, ქურთასა და ზემო აფხაზეთში.

არა უშავს... დავრუნდებით და ასჯერ უკეთესს ავაშენებთ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)