Google+

სიახლეები

01.06.2009
ბათუმელ პატარებს ბავშვთა დღე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა დღე ბათუმელ ბავშვებს მიულოცა. მიხეილ სააკაშვილი ბათუმის მე-3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, რომელიც 1954 წელს არის აგებული, მაგრამ მისი გარემონტება მხოლოდ წელს მოხერხდა. პრეზიდენტი ბავშვებს გაესაუბრა და მათ კონსტრუქტორის აწყობაში დაეხმარა.

მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი პრობლემებით დაინტერესდა.

პრეზიდენტი დღესვე ბათუმის მოხუცთა და სმენადაქვეითებულ ბავშვთა თავშესაფარიც მოინახულა. პრეზიდენტი მოხუცების საცხოვრებელი პირობებით დაინტერესდა. სმენადაქვეითებულ ბავშვებს და მოხუცებს პირველი ქალბატონი სანდრა რულოვსიც გაესაუბრა. წმინდა ეკატერინეს სახელობის თავშესაფარი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას ეკუთვნის. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბათუმში გაიხსნა მოხუცებულთა და სმენადაქვეითებულ ბავშვთა თავშესაფარი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის მასშტაბითაც. ეს პროექტი აჭარის მთავრობამ საპატრიარქოსთან ერთად განახორციელა. მეუფე დიმიტრი ხალხის საკეთილდღეოდ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი იაფი დაზღვევის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: "ერთმა ქალბატონმა გადმომცა წერილი, რომელიც დაზღვევის თემას შეეხება. ქალბატონი წერს, რომ 9 მაისს მისი ოჯახის წევრს დაეჯახა მანქანა. იგი ამჟამადაც რეანიმაციაშია და არ აქვს მკურნალობის ფული. იაფი დაზღვევა სწორედ იმისთვის კეთდება, რომ ასეთ შემთხვევებში ხალხს, პრაქტიკულად, არაფერი არ დაეხარჯოთ. სანამ უბედურება არ მოხდება, რატომღაც ამაზე არ ვფიქრობთ-ხოლმე. რა თქმა უნდა, ჩვენ მას დავეხმარებით, მაგრამ სახელმწიფო ყველა ოჯახს ვერ დაეხმარება. ვისაც არ აქვს სიღარიბის დაზღვევა, უნდა გააკეთოს, რათა მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. იაფი დაზღვევა ჩვენ იმისთვის შემოვიღეთ, რომ ხალხი უფრო დაცული იყოს. ამაზე ყველა მანამდე უნდა დაფიქრდეს, სანამ პრობლემები შეექმნება".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)