Google+

სიახლეები

25.02.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ქართველ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

მსურს ყველას მოგესალმოთ!

საქართველოს წინა პრეზიდენტი აქ არასდროს ამოდიოდა, მაგრამ ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ტრაგიკულად დაღუპული ყველა ადამიანის ხსოვნას და ეს ღონისძიება მრავალი წლის განმავლობაში დავამკვიდრეთ.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ არა მარტო ქართველი იუნკერები, არამედ ქართველი პატრიოტების მრავალი თაობა.

როდესაც ეს ბიჭები აქ ამოვიდნენ, მათ არც შეიარაღება ჰქონდათ, არც ფული, არც საერთაშორისო მხარდაჭერა და არც მათი ბედი აღელვებდა ვინმეს.

პრაქტიკულად, ისინი თავიდანვე განწირული იყვნენ, რადგან ბრძოლა წინასწარ იყო წაგებული.

დღევანდელი თაობები ამ გამოცდილებიდან ძალზე ბევრს სწავლობენ და ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი, რადგან ის სახელმწიფო, რომელსაც, ფაქტობრივად, არ ერქვა საქართველო (საქართველოს სსრ), 25 თებერვალს ზეიმობდა.

გუშინწინ რადიოს ვუსმენდი და გადაცემების მსვლელობისას, ყველას მამაკაცთა დღეს ულოცავდნენ.

23 თებერვალი ქართველ მამაკაცთა დღე არ არის და არც არასდროს იქნება - 23 თებერვალი საქართველოს ოკუპანტთა დღეა - იმ არმიის დღე, რომელმაც საქართველო გააჩანაგა, გაანადგურა და ევროპული განვითარების გზას ჩამოაშორა.

ისეთი მამაკაცები, რომლებიც 23 თებერვალს (ისევე, როგორც 25 თებერვალს) როგორც საქართველოს დღესასწაულს ისე აღნიშნავენ, საქართველოს არ სჭირდება..

ჩვენ გვჭირდება ისეთი მამაკაცები, ვისთვისაც საქართველო ცარიელი სიტყვა და მხოლოდ სადღეგრძელო არ არის, ჩვენ ის ხალხი გვჭირდება, ვისთვისაც საქართველო მათი არსებობის მრწამსია.

დღეს თითქოს ყველაფერი მეორდება.

გახსოვთ, როგორ შემოვიდა ორჯონიკიძე საქართველოში? - გამოაცხადეს, რომ ბორჩალოს სოციალური პრობლემებით შეწუხებული პროლეტარიატი აჯანყდა (თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, იმ დროს ბორჩალოში მხოლოდ ერთი პროლეტარი იყო) და მათ დასახმარებლად - ქართველი ხალხის სოციალური ჩაგვრისგან გადასარჩენად, შემოვიდა მე-11 არმია, სამწუხაროდ, ქართველების მეთაურობით.

ნახეთ, რამდენი პარალელის გავლება შეიძლება.

დღეს ისევ ალაპარაკდნენ იმაზე, თუ როგორი საცოდავი და გაჭირვებულია ქართველი ხალხი, თუმცა ბოლო წლებში, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო სწრაფი ტემპით მიიწევს წინ.

დღეს ისევ ალაპარაკდნენ იმაზე, თუ როგორ სჭირდება საქართველოს ხსნა და უკვე "გამზადებული ორჯონიკიძეც" გამოჩნდა.

დღეს შესაძლოა ეს გიორგაძე იყოს, ხვალ კი ის სხვა ადამიანით ჩაანაცვლონ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს.

აქ, საქართველოში დღეს უკვე არიან "ზედმეტად ჭკვიანი", ვითომ წინდახედული ქართველები, რომლებსაც თავი კულტივირებულად მიაჩნიათ.

სწორედ ეს ხალხი ამბობს, რომ შესაძლოა, ზედმეტად ხმის ამაღლება, ხმის ამოღებაც კი არ ღირდეს, პირიქით, ცოტათი თავის დახრა მიზანშეწონილადაც მიაჩნიათ.

ცოტა-ცოტა თავის დახრით, ერთხელ თავი უკვე გაგვაგორებინეს, ერთხელ უკვე ჩამოგვაშორეს ევროპული განვითარების გზას.

წარმოიდგინეთ, რამდენად განსხვავებული ქვეყანა შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველო, 21 წელს, ყველაზე უარესი და უჯიშო ქართველების მეთაურობით, მე-11 არმია რომ არ შემოსულიყო.

ჩვენ ქართველი პატრიოტები ვართ და ქართველი პატრიოტი ნიშნავს საქართველოში მცხოვრებ ოსს, აზერბაიჯანელს, სომეხს, რუსს, აფხაზს, რომლებსაც საქართველო უყვართ.

ქართული პატრიოტიზმი ეთნიკურ-ტრაიმალისტური ცნება არ არის.

სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკი, ზოგს, ვითომ ზედმეტად განათლებულს, საშიში ჰგონია.

თუკი ფრანგს და ამერიკელს შეუძლია იამაყოს თავისი სამშობლოთი, ჩვენ, ქართველებს ასევე შეგვიძლია, და შესაძლოა უფრო მეტადაც, ჩვენი წარსულითა და ისტორიით, ჩვენი ქვეყნით, ჩვენი აწმყოთი და მომავლით ვიამაყოთ .

წარსული დავიწყება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

ჩემი განკარგულებით, 26 მაისს თბილისის ცენტრში ოკუპაციის მუზეუმს გავხსნით.

ეს ისეთივე მუზეუმი იქნება, როგორიც ლატვიას, სხვა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს აქვთ.

ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა იცოდნენ - რა არის ჩვენი წარსული, ვინ არიან ჩვენი გმირები.

რა თქმა უნდა, ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ჩვენ ვართ თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ ამ საზოგადოებას გასაკუთრებული დაცვა და განმტკიცება სჭირდება.

ჩვენ ამას აუცილებლად შევასრულებთ.

ეს არის ჩვენი დაპირება, რომელიც ჩვენი გმირების ხსოვნის მემორიალის წინ დავდეთ, დადასტურებული მზით, რომელმაც ამ წუთას გამოანათა ზამთრის ღრუბლებიდან.

მაშინ, როდესაც იუნკერები დაეცნენ, აქ ძალიან ცუდი ამინდი იყო, დღეს კი საქართველო სხვაგვარად განათებული და გაბრწყინებული ქვეყანაა, რომელსაც სხვა აწმყო და დიდი მომავალი აქვს.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)