Google+

სიახლეები

03.05.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა

უწინარეს ყოვლისა, მინდა მოგესალმოთ ყველას სკოლაში, რომელიც გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის და ჩემი მეგობრის, ზურაბ ჟვანიას სახელს ატარებს.

ეს სკოლა ჩემი და ზურაბის ერთობლივი ოცნების განხორციელებაა.

ეს არის სკოლა, რომელიც სრულიად ახალ, ქართულ სახელმწიფოებრივ ტრადიციას აყალიბებს.

ეს არის დაწესებულება, რომელმაც ქართული ადმინისტრაციული ელიტა უნდა ჩამოაყალიბოს, უნდა აღზარდოს ის ხალხი, რომელიც სახელმწიფო ადმინისტრაციის ღერძს წარმოადგენს.

სახელმწიფო ადმინისტრაციის მთავარი პრინციპები არის პატრიოტიზმი, თანმიმდევრულობა და ტრადიციების გაგრძელება.

ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ტრადიციებიც და მათში უნდა იყოს სტაბილურობა; უნდა შევქმნათ ჩვენი ეტიკეტი და მასშიც უნდა იყოს სტაბილურობა; ასევე უნდა შევქმნათ ჩვენი მუშაობის სტილი და აქაც უნდა იყოს სტაბილურობა.

ყოველივე ამას უნდა ვხვეწდეთ კიდეც.

მიხარია, რომ ეს სკოლა სწორედ ქუთაისში ჩამოვაყალიბეთ, რადგან ქუთაისი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია.

საქართველოს პირველი ქალაქი, რომელიც სანდრამ ჩემს გაცნობამდე ნახა, ქუთაისი იყო.

მიხარია, რომ დღეს მთელი ქუთაისი დუღს.

გზები, რომელთა შეკეთება წარმოუდგენლად მიმაჩნდა, კეთდება; ვარემონტებთ ქუთაისის ყველა სკოლას.

თავდაპირველად ორი სქემა გვქონდა - ერთი, რომ მხოლოდ რამდენიმე სკოლა გაგვერემონტებინა ევროპულ დონეზე, მაგრამ ეს გარკვეულ გაღიზიანებას, ეჭვს გამოიწვევდა და მეორე, ყველა სკოლას თანმიმდევრულად მივყოლოდით.

გადავწყვიტეთ, რომ წელს ქუთაისის ყველა სკოლაში ალუმინის კარ-ფანჯარა დავამონტაჟოთ; გამოვცვალოთ გათბობის სისტემები, რათა ბავშვები ღუმელთან კი არა, ცენტრალური გათბობის საშუალებით თბებოდნენ; ყველა სკოლა კომპიუტერიზებული და ინტერნეტიზებული იყოს, როგორც ეს 32-ე საშუალო სკოლაში ვნახეთ; მოვაწყოთ სპორტული მოედნები და გავარემონტოთ სველი წერტილები, რათა ჩვენი ბავშვები ცივილიზებულ ცხოვრებას შეეჩვიონ.

მომავალ წელს სკოლებში ყველა კაბინეტი და საკლასო ოთახი სრულად გარემონტდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით, სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ყველა მერხს შევცვლით და საქართველოს სკოლათა უმრავლესობაში სასკოლო ფორმებს შემოვიღებთ, როგორც დისციპლინისა და ცივილიზაციის ერთ-ერთ ფორმას.

ესაა ის, რაც ქუთაისში კეთდება და ძალზე მიხარია.

უდავოა, გასაკეთებელი ბევრად მეტია და კარგად ვიცი, რომ სატრაბახო ჯერ-ჯერობით არაფერია, მაგრამ იმასთან შედარებით რაც იყო, ის, რის გაკეთებასაც საქართველო ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ახერხებს, სასწაულია.

ხალხიც შეეჩვია ამ სასწაულებს და სულ უფრო მეტს ითხოვს, მაგრამ ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ერთ წელიწადში არც ერთი ქვეყანა არ აშენებულა და ვერც საქართველო აშენდება.

თუმცა ჩვენი ქვეყანა თანდათანობით შენდება და ეს არის მთავარი!

ამიერიდან საქართველო ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ, რადგან თქვენ ის ხალხი ხართ, რომელიც არა მარტო ეთინიკურად სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენს, არამედ საქართველოს მოქალაქეებსაც!

ჩვენთვის ყველა ერთია - აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი, აფხაზი, ქურთი, ებრაელი, რუსი, უკრაინელი.

ყველა, ვინც საქართველოში ცხოვრობს და საქართველო უყვარს, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა და მზად არის ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძოლოს, ჩვენთვის განსაკუთრებით დასაფასებელი, ახლობელი და მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

ამგვარად, ის ხალხი, ვინც ამ სკოლის პირველი გამოშვებულია, ყველა დასაქმდება სახელმწიფო აპარატში.

დასაქმდება რამდენიმე ათეული აზერბაიჯანელი, სომეხი, ქურთი, ოსი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი, რომელსაც ადრე ნაკლები შანსი ეძლეოდა, მაღალმთიანი აჭარის, სვანეთის წარმომადგენლები...

ძალიან მიხარია, რომ თქვენში ზოგიერთმა განსაკუთრებით კარგად ისწავლა.

ყველაზე მეტი ქულა დავით სალიევმა დააგროვა და მინდა მას ვუთხრა: რომელ სახელმწიფო სამსახურსაც დაადებს ხელს, მას იქ დავასაქმებთ.

ასევე თითოეულ თქვენგანი, მართალია გარკვეული შერჩევის წესით, მაგრამ დასაქმდება, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გამოცდილებისა და ცოდნის ადამიანი ყველა სახელმწიფო აპარატში იყოს წარმოდგენილი.

აქ სწავლა რთული იყო, მაგრამ დღესდღეობით, იმ პირობებში, როდესაც ძალიან ჩამოვრჩით განვითარების, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი მთავარი იარაღი ცოდნაა.

საქართველოში 15 წლის განმავლობაში სრული ვაკუუმი იყო და წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი წელიწადია, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ელექტროენერგიით მარაგდება.

თითქოს ეს არაფერია, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერს ნიშნავს.

ბევრი სხვა ქვეყნისთვის ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა, საქართველოში კი, ამის მიღწევა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ყველა პარტია პირდებოდა ხალხს 14-16 საათიან გრაფიკს, მაგრამ ვერავინ უზრუნველყო - ხალხს ეს დაპირებები მობეზრდა.

ჩვენ მოსახლეობას ერთხელ დავპირდით და შევასრულეთ კიდეც, მაგრამ ეს სამუდამოდ ასე იქნება.

ასევე, მინდა ყველამ იცოდეს, რომ იმ ხალხს, ვინც საქართველოში ცხოვრობს თანაბარ შესაძლებლობებს მივცემთ.

ყველას თანაბარ შესაძლებლობებს მივცემთ, რომ ისწავლოს, მათ შორის ქართული ენა, თანაც იმ პირობებში, რომ შეინარჩუნებს თავის კულტურას, ეთნიკურ წეს-ჩვეულებებს, რადგან თითოეული თქვენგანი ჩვენი საქართველოს შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ ერთნაირად ვუვლით ყველა რეგიონს.

ქუთაისში საფუძველი ჩავუყარეთ სპორტის სასახლის მშენებლობას, მაგრამ ვამაყობ იმით, რომ წელს ჯავახეთში - ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, დაახლოებით, იგივეს გავაკეთებთ.

იგივე გაკეთდება მარნეულში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანლები ცხოვრობენ და იგივე გაგრძელდება მთელ საქართველოში.

მსურს ყველა ამ რეგიონის წარმომადგენლებმა იცოდნენ, ისინი, როგორც ერთი, ახალი საქართველოს შემადგენელი ნაწილი არიან და მათ პერსპექტივა და მომავალი აქვთ.

წელს ჯავახეთში დიდ გზას ვაშენებთ.

ეს იქნება გზა, რომელიც ჯავახეთს არა მხოლოდ თბილისთან, არამედ, მოკლე პერიოდში, ყველა სხვა რეგიონთან შეაერთებს, ჯავახეთს სატრანზიტო პუნქტად აქცევს და საშუალებას მისცემს, რომ მოძრაობა, ვაჭრობა განვითარდეს, მოსახლეობა დაბრუნდეს.

ძალიან ბევრგან ბუნებრივი გაზი გაგვყავს და ხალხს ამოსუნთქვის, ბაზრებზე გასვლის და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას ვაძლევთ.

ზუსტად ასევე ვანვითარებთ იმ რეგიონებს, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანლები ცხოვრობენ.

მინდა ეთნიკური ბერძნები წალკაში დაბრუნდნენ, რადგან სწორედ ეს იყო ჩვენი სიმდიდრე.

სწორედ ეს არის ჩვენი მრავალფეროვნებისა და კულტურის მაჩვენებელი ძალზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნიშანი.

ამავე დროს, მინდა იცოდეთ, თუ რა სახელმწიფოს იბარებთ და რა სახელმწიფო აპარატში მოდიხართ თქვენ დღეს.

თქვენ იმ სახელმწიფო აპარატში მოდიხართ, რომელმაც ორ წელიწადში შეძლო საქართველო ნამდვილ სახელმწიფოდ ექცია.

ჩვენ ვიყავით ტერიტორია, მგარამ არა სახელმწიფო.

ორი წლის წინათ სახელმწიფო აპარატში არავინ არ იღებდა ისეთ ხელფასს, რომლითაც ოჯახის რჩენა შეიძლებოდა.

ორი წლის წინათ სახელმწიფო აპარატში მუშაობას არც კი შემოგთავაზებდით და გაკადრებდით, რადგან ამ შემთხვევაში ნამდვილი ყაჩაღობისთვის გაგწირავდით.

დღეს ჩვენ ისეთი ხელფასები გვაქვს, რომლითაც შესაძლებელია ოჯახის რჩენაც და პერსპექტივაც არსებობს, რომ ბინა შეიძინო, ბანკიდან კრედიტი აიღო და სხვა.

კარგად მახსოვს, როდესაც კახა ლომაიას ხელფასის 500 ლარით შემცირებაზე დაველაპარაკე, მითხრა, რომ სახელმწიფო სამსახურიდან წავიდოდა, რადგან ბინის შესაძენად კრედიტი აქვს აღებული.

ეს არის სტაბილურობის განცდა.

ჩვენ გვყავდა მინისტრები, რომელთა ხელფასი 20 ლარს შეადგენდა, მაგრამ 4-5 სართულიანი ვილები აიშენეს.

ეხლა კი, ისეთი სახელმწიფო მოხელეები უნდა გვყავდეს, რომლებიც ერთ წელიწადში ვერაფერს აიშენებენ, მაგრამ კრედიტს აიღებენ, შვილებს განათლებას მისცემენ, საკუთარი განათლების დახვეწას მოახერხებენ და, რაც მთავარია, საკუთარი ხალხის სამსახურში იქნებიან.

ჩვენი მთავარი მიზანია, საკუთარ ხალხში ავტორიტეტი გვქონდეს.

ამის ფასი არაფერია - არც ხელფასი, არც კაბინეტი, არც შენობები...

თუმცა ყველა სახელმწიფო შენობას ვარემონტებთ.

ყოველთვის მშურდა ფრანგების, გერმანელების, ინგლისელების, რომ სახელმწიფო სტრუქტურები კარგად გარემონტებულ შენობებში იყო განლაგებული - გსურდა თუ არა, მაინც იმუშავებდი, რადგან სხვაგვარი განწყობა სუფევდა.

დღეს ჩვენ გამგეობებისთვის, პროკურატურის, პოლიციისა და საგადასახადო უწყებებისთვის ასეთივე შენობები გავაკეთეთ საქართველოს შორეულ რეგიონებშიც კი.

გასაკეთებელი ბევრად მეტია, მაგრამ ამას ყველაფერს ვაკეთებთ.

ამავე დროს საქართველოში ისეთი ინსტიტუტები შეიქმნა, რომელთა შესაქმნელად ბევრად უფრო დახვეწილი ქვეყნები ბევრად უფრო დიდ დროს ანდომებენ.

ჩვენ შევქმენით ძლიერო პოლიცია და სპეცსამსახურები, შევქმენით ძალზე საამაყო შეიარაღებული ძალები და გუშინწინ ერთ-ერთი საუკეთესი სამხედრო ბაზა გაიხსნა, რომელიც როდესმე მინახავს (ნატო-ს და სხვა ქვეყნების ძალიან ბევრი სამხედრო ბაზა მინახავს).

არავინ მოელოდა, რომ ერთ წელიწადში ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ავაშენეთ.

მშენებლობა ძალიან რთულ პირობებში, ფაქტობრივად, ჭაობში დავიწყეთ, მაგრამ ეს მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა.

მინდა გვესმოდეს, რომ ამჟამად საქართველო ძალზე სერიოზულ გზაგასაყარზე იმყოფება.

ჩვენ გვაქვს ისტორიული ბრძოლა იმისათვის, რომ, ერთის მხრივ, ევროპულ სახელმწიფოდ დავმკვიდრდეთ.

შავი ზღვის აქეთა მხარეს მყოფი ქვეყანა, ავტომატურად და ასე მარტივად, სულაც არ ითვლება ევროპულ სახელმწიფოდ.

ვფიქრობ, რომ ეს ჯერ კიდევ დიდი ბრძოლის თემაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არგონავტებისა და პრომეთეს ქვეყანა, უძველესი და უნიკალური ევროპული კულტურის მქონე ქვეყანა ვართ, ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რათა დავმკვიდრდეთ, როგორც ევროპული სახელმწიფო.

საუკუნეების განმავლობაში საქართველო იზოლირებული იყო და ევროპამ ჩვენი ქვეყნის საფუძვლიანად დავიწყება მოასწრო.

ევროპულ ქვეყნად დასამკვიდრებლად, ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ და არ შეიძლება დანაწევრებული ვიყოთ.

ის ხალხი, ვინც ჩვენს ევროპულ იდენტურობას ებრძვის, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ყოველდღიურ პროპაგანდისტულ ომს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს, ვისაც საქართველოს არაცივილიზებულ, სუსტ წარმონაქმნად წარმოჩენა სურს, საქართველოს მთავარი პრობლემაა.

მინდა გითხრათ, რომ ეს ის ხალხია, რომელიც ყოველდღიურად ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას ცდილობს.

დღევანდელ მაგალითს მოვიყვან.

დღეს საქართველოს შუაგულში - თბილისი-ქუთაისის მარშრუტით გადმოვიფრინე. თქვენ იცით, რომ ეს მარშრუტი ქართლსა და იმერეთზე გადის.

მგზავრობისას მობილურ ტელეფონზე შემდეგი შეტყობინება მივიღე (რომელიც შესაძლოა ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს): მოგესალმებით რუსეთში; მეგაფონის სატელეფონო ხაზი მოგესალმებათ რუსეთის ტერიტორიაზე; კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და ყოფნა რუსეთში; ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ნომერზე...

ეს არის ანექსიის კლასიკური მაგალითი, რომელსაც სხვა დადასტურება არ ჭირდება.

ეს სუვერენული ევროპული ქვეყნის არაცივილიზებული, შუა საუკუნეებრივი, ბარბაროსული ანექსიაა ყველა საერთაშორისო ნორმისა და ადამიანურად მოქცევის წესის დარღვევითა და იგნორირებით.

რუსეთიდან საქართველო ტერიტორიაზე ამონტაჟებენ სატელეფონო სადგურებს, საქართველო-ოსეთის, ე.წ. ალანიას საზღვრის დასაცავად შექმნილია სასაზღვრო დეპარტამენტი, რომელშიც პირველი 25 ოფიცერი არის ეთნიკური რუსი და რუსეთიდან დანიშნული რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომელი. თქვენ იცით, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკის თითქმის მთელი მთავრობა დანიშნულია რუსეთის ფედერაციიდან და დღისით, მზისით ევროპის შემადგენელი ქვეყნის - საქართველოს მიტაცება და ანექსირება ხდება.

ჩვენ შეგვიძლია ამაზე თვალი დავხუჭოთ და სხვა მხარეს გავიხედოთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის დასაბრუნებლად მეორე შანსი აღარ გვექნება.

აქამდე საქართველოს ხელისუფლება საკმარისად მომთმენი და მოქნილი იყო, მაგრამ მე გასასაღებელი და ვინმეზე გადასაცემი ქვეყანა ნამდვილად არ მაქვს.

მეორე - ნახეთ რა პოლიტიკა ხორციელდება საქართველოს მიმართ.

შარშან რუსეთის ტერიტორიაზე ვაშლის გატანა აგვიკრძალეს და ბაზარი გადაგვიკეტეს (აქ იმყოფებიან შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლები და დამეთანხმებიან), გადაუკეტეს არამარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ, სხვათა შორის, ეთნიკურ ოსებსაც.

შარშან სწორედ ახალი წლის წინ, ციტრუსების შეტანაც აგვიკრძალეს, იმ პერიოდში, როდესაც აჭარისა და გურიის მოსახლეობას, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ციტრუსი ტრადიციულად გაჰქონდათ საქართველოდან.

აკრძალეს ქართული ღვინის შეტანაც, რომელსაც რუსეთში რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში ვყიდდით და რომლის სამშობლოც არის საქართველო.

ქუთაისიდან რუსეთში დიდი რაოდენობით გაჰქონდათ მწვანილი, რაც რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ბიზნესი იყო.

ეს ბიზნესიც მთლიანად დაკეტეს.

ამის გამო, ათობით ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა და ნაკლები შემოსავალი აქვს.

მინდა გვესმოდეს, რომ ყოველივე ამის მიზანი ერთია - საქართველოში იყოს შიმშილი, რაც, რამდენიმე დღის წინათ, ძალზე კარგად გაახმოვანა ერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა.

მან ვერ გაიგო, თუ რატომ არ გამოდის ამის შემდეგ ქართველი ხალხი და რატომ არ ამხობს საკუთარ ხელისუფლებას.

ამის მიზეზი არის ერთი - საქართველოში არ სურთ იმ ხელისუფლების შეცვლა, რომელიც ბოლო შანსია იმისათვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი და ქვეყნის განვითარების გზით აღდგეს.

მინდა, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ და მივხვდეთ თუ რა საფრთხის წინაშე ვართ.

დღეს თითოეული ჩვენგანი, პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებების, წარმომავლობის, მათ შორის ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, იმ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ აღარ გვქოდეს ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი.

დროა ყველა გამოფხიზლდეს და წვრილმანი კამათიდან, ქიშპობიდან, ინტრიგნობიდან, ჭორაობიდან რეალური საფრთხეების გაცნობიერებასა და სწორად შეფასებაზე გადავიდეთ.

რეალური საფრთხე კი არის ის, რომ შეიძლება ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ.

თუმცა ჩვენ ჩვენს ქვეყანას არ ადავკარგავთ, რადგან სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია უკვე მოვახდინეთ.

შარშან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9.5 პროცენტი, რუსეთის იგივე მაჩვენებელზე 3.5 პროცენტით მეტი შეადგინა; ხოლო წელს, პირველ სამ თვეში, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 13 პროცენტი გვაქვს, რაც რუსეთის ეკონომიკურ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს ნავთობი და გაზი.

იმის გამო, რომ რუსეთმა ნავთობი და გაზი გაგვიძვირა, ჩვენს მოსახლეობას გათბობის ხარჯები გაუძვირდა, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვას, განვითარებას, დემოკრატიული სისტემის გამაგრებას გავაგრძელებთ და საქართველოს წარმატებულ ქვეყნად ვაქცევთ.

ჩვენი ერთადერთი პასუხი ამ ხალხისთვის იქნება ის, რომ შევქმნათ ქვეყანა, რომელიც თავისუფლების პირობებში იქნება წარმატებული, მდიდარი, მთლიანი და ერთიანი, სადაც ხალხი ბედნიერად იცხოვრებს.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციასთან ძალზე ინტენსიური დიალოგი გვსურს.

ჩვენ არ ვართ რუსოფობიით დაავადებული, ან რუსეთისადმი რაიმე სხვა განსაკუთრებული აკვიატებული, კრიტიკული დამოკიდებულებით შეპყრობილი.

ჩვენ გვინდა რუსეთთან ურთიერთობა და მეგობრობა - მხოლოდ იმ რუსეთთან, რომელიც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს, რომელიც მოსკოვის ცენტრში არსებულ ერთადერთ ქართულ ეკლესიას არ დახურავს და იქიდან მრევლს არ გამოყრის მხოლოდ იმის გამო, რომ ქართულად ლაპარაკობენ, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ქართულ საკვირაო სკოლებს არ დახურავს; დაბოლოს, იმ რუსეთთან რომელიც საზღვარზე პრობლემებს არ შეგვიქმნის.

ამ რამდენიმე დღის წინათ ბებიაჩემი, რომელიც სოლიდური ასაკის მანდილოსანია, რუსეთის გავლით, ალერგოლოგ-იმუნოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიემგზავრებოდა.

მოსკოვის აეროპორტში იგი ორ საათზე მეტ ხანს გააჩერეს, თავიდან ბოლომდე გაჩხრიკეს, გაურკვეველ კითხვებს უსვამდნენ და, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, აბუჩად იგდებდნენ.

ის იყო პრეზიდენტის ბებია, მაგრამ ასეთი ბებიები, ბაბუები და უბრალოდ ადამიანები ძალიან ბევრია, რომლებიც უაზრო, გაუგებარი და ბოროტი პოლიტიკის გამო იჭყლიტებიან.

ჩემი სურვილია, რომ მსგავს ქმედებაზე რეაგირება მშვიდად, წყნარად, მაგრამ ღირსებით მოვახდინოთ.

ჩვენ გვინდა რუსეთთან კონსულტაციები გავაგრძელოთ, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.

1991 წლის დამლევს საქართველოს დამოუკიდებლობა უმრავლესმა ქვეყნებმა ჩვენი დამოუკიდებლობა ოფიციალურად სცნეს და საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლაზე უარი თქვა, ისევე, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა.

1993 წელს აფხაზეთის ტრადგედიის დროს, მუხლებზე დაჩოქილი, გაუბედურებული და დამცირებული საქართველო აიძულეს ამ ორგანიზაციაში შესულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს, მართლაც, დამამცირებელი აქტი იყო, მიმაჩნია, რომ ამ თანამეგობრობაში ყოფნით ბევრი სარგებელი ვნახეთ.

მოვახერხეთ კავშირის შენარჩუნება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, რომელთა უმრავლესობასთან ძალზე მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მოვახერხეთ ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, სავაჭრო ურთიერთობის აწყობა, მოქალაქეთა მიმოსვლის შენარჩუნება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრად უფრო გააქტიურდა.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ხალხი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნიდან ჩამოდის.

ეს ძალზე დასაფასებელია.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორული ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა.

ჩვენი პროდუქცია რუსეთში იყიდებოდა და ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაფართოვდა, რადგან საქართველომ აღმასვლა დაიწყო.

წელს ქართულ ღვინოზე ორჯერ მეტი შეკვეთა იყო რუსეთიდან, ვიდრე შარშან.

თუმცა, რუსეთმა ეს გადაგვიკეტა.

ამიტომ, უნდა უნდა დავსხდეთ და გავითვალოთ, ღირს თუ არა დღეს დსთ-ში ყოფნა.

დღეს საქართველოს მთავრობას დავავალე, კარგად შეისწავლონ და უახლოეს პერიოდში (ლაპარაკია რამდენიმე კვირაზე, შესაძლოა თვეზე, ან მაქსიმუმ ორ თვეზე) წარმომიდგინონ ზუსტი ეკონომიკური დასაბუთება იმისა, ღირს თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რიგებში საქართველოს დარჩენა.

თუ ჩვენთვის რაიმე სარგებლის მიღება კიდევ არის შესაძლებელი, იქ დარჩენის საკითხს განვიხილავთ, ხოლო თუ საქართველოს ამ ორგანიზაციიდან სარგებელი არ ექნება და დამცირებისა და შეურაცხყოფის გარდა ვერაფერს მიიღებს, მაშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარ პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორიც ღირსების მქონე, ფეხზე მყარად მდგარ ქვეყანას ეკადრება.

ამავე დროს, ყველა ჩვენს მეგობართან და პარტნიორთან, მათ შორის, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან ამავე თემაზე კონსულტაციები უნდა გავაგრძელოთ და მათთან ერთად კოორდინირებული პოლიტიკა უნდა ჩამოვაყალიბოთ.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ახალი ბაზრების მოპოვება.

ზოგიერთს გულზე ხვდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქართულ ღვინოს ჩინეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, პოლონეთში ასაღებს, ამის გაკეთება ირაკლი ოქრუაშვილს უკრაინაში ვთხოვე...

ჩვენ ყველა ბაზარზე გასვლა უნდა ვისწავლოთ.

რუსეთის ბაზარზე როდესმე აუცილებლად დავბრუნდებით, მაგრამ სანამ იმ ხალხს, ვინც ჩვენ გვახრჩობს, ექნებათ ილუზია, რომ მათ იქით გზა არ გვაქვს, უკანასკნელ რესურსებს გამოგვწოვს იმისათვის, რომ დავძაბუნდეთ, ბოლომდე დაგვამცირონ, შეურაცხგვყონ და ეკონომიკურ დეპრესიულ მდგომარეობაში გვამყოფონ.

როდესაც მათ ეცოდინებათ, რომ საქართველოს სხვა ბაზრები, ევროპული და მსოფლიო კლასის პროდუქცია აქვს, იმ ბაზარზე შესასვლელად უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება.

უკანა კარიდან სხვა ბაზრებზე ვეღარ შევალთ.

უნდა გვესმოდეს, რომ საიმპორტო ღვინის ბაზარი რუსეთში ოცჯერ უფრო პატარაა ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ყველამ კარგად ვიცით როგორი სიმპატიით საგებლობს საქართველო ამერიკაში.

ამის მისაღწევად მუშაობაა საჭირო.

დიდი მადლობა რუსეთის ხელისუფლებას, რომ ქართულ ღვინოს უზარმაზარი რეკლამა გაუკეთა - ქართულ ღვინოს ასეთი რეკლამა სამი ათასი წლის განმავლობაში (მას შემდეგ, რაც საქართველოში ღვინოს ამზადებენ) არ ჰქონია.

რამდენიმე დღის წინათ ბრიუსელში ვიმყოფებოდი, სადაც ქუჩაში ერთ-ერთმა გამვლელმა მითხრა: არ ვიცოდი თუ თქვენ ღვინო გქონდათო.

მან, ჩვეულებრივმა ადამიანმა, ეს გაზეთში ამოიკითხა.

ეს მსოფლიოს ყველა გაზეთში იწერება და არავის ეჭვი არ შეაქვს, რომ ჩვენი ღვინო არ აიკრძალა პესტიციდების და მის ვარგისიანობასთან დაკავშირებული სხვა მიზეზების გამო - ყველამ კარგად იცის ჩვენი ღვინის ექსპორტი რატომაც აკრძალეს.

ქართულ ღვინოს "თავისუფლების სასმელს" უწოდებენ და დარწმუნებული ვარ, რომ თუ კარგად ვიმუშავებთ, თუ ბიზნესი და სახელმწიფო ერთად დადგება, სუფსიდიებს გავცემთ, რასაც ვაკეთებთ კიდეც, ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენ გამოვყავით ფული სარეკლამო ბაზრის შესასწავლად და იმისათვის, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ამერიკაში ჩვენს ღვინოს რეკლამა გავუკეთოთ.

ამისათვის რამდენიმე მილიონი დოლარი გვაქვს გამოყოფილი და მეტსაც გამოვყოფთ, თუ ვნახეთ რომ შედეგი გვაქვს.

გუშინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მე დავადასტურე, რომ ყურძნის გადამამუშავებელი ქარხნის ჩამოსატანად სახელმწიფო კრედიტი გამოიყოს, რათა ღვინოსთან ერთად ყურძნის კონცენტრატი გამოვუშვათ.

ჩვენ წელს ყურძნის მთელ მოსავალს შევისყიდით.

ეს ჩემი მკაცრი დავალებაა და პირადად გავაკონტროლებ, რომ არც ერთ გლეხი უყურადღებოდ არ დარჩეს.

ჩვენ კი არ უნდა გავჩეხოთ ვაზი, არამედ უნდა მოვაშენოთ, თუმცა კარგი პროდუქციის, ხარისხიანი ღვინის გამოშვება უნდა ვისწავლოთ.

უნდა ვისწავლოთ კარგი პროდუქციის მიღება სხვა პროდუქტებისგან, რადგან ჩვენი ციტრუსი კი არ უნდა გავჩეხოთ, არამედ სხვა ბაზრებზე უნდა გავიდეთ, მისი გადამუშავება, წვენების და სხვა დამზადებული პროდუქციის გამოშვება უნდა ვისწავლოთ.

რაც მთავარია, საერთოდ, უკეთესად მუშაობა და ჩვენი პროდუქციის უკეთ რეკლამირება უნდა ვისწავლოთ.

საერთოდ, უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ ბევრ სფეროში.

ჩვენ ძალზე ნიჭიერი და საღად მოაზროვნე ხალხი გვყავს.

რა უნდათ დღევანდელი გზავნილის დამმონტაჟებლებს საქართველოში? - მათ სურთ, რომ საქართველომ საკუთარ თავზე ხელი ჩაიქნიოს და თქვას: მაინც არაფერი გვეშველება.

იცოდეთ, მე ამ ხალხს კარგად ვიცნობ - ეხლა რომ მათ წინაშე ქედი მოვიხაროთ, სულ რომ მუხლებზე დავუდგეთ და ფეხები დავუკოცნოთ, სამუდამო ერთგულება რომ შევფიცოთ, ისინი მაინც აღარასდროს გვენდობიან; არასოდეს მოგვეპყრობიან ერთი გრამი ადამიანურობითაც კი, რადგან ამ ხალხის ფსიქოლოგია ასეთია - მათ სურთ, რომ ან მონა იყო მათი, ან მტერი.

საქართველო ვერავის მონა ვერ იქნება, მით უფრო, თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ნორმალურ ქვეყანაში იცხოვრონ.

საქართველო არც არავის მტერი არ უნდა იყოს.

ჩვენ ყველასთან კარგ ურთიერთობას განვავითარებთ, ეს უბრალოდ დროის ამბავია.

ესტონეთმა ლიტვამ და ლატვიამ იგივე გაიარეს (ხვალ ჩვენს კოლეგებთან, მათ შორის ამერიკის ვიცეპრეზიდენტთან შესახვედრად ვილნიუსში მივემგზავრები).

იგივე გამოიარა პოლონეთმა, ჩეხეთმა, უნგრეთმა...

ჩვენი ამოცანა ორმაგად რთულია - ჩვენ იგივე უნდა განვლოთ და სოხუმში ჩავიდეთ.

ჩვენ იგივე უნდა განვლოთ და მივაღწიოთ იმას, რომ შეტყობინებებს "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში" ცხინვალიდან აღარ გვიგზავნიდნენ.

ჩვენ ისე უნდა გავიაროთ საქართველოს ტერიტორია, რომ იქ, ჩვენს მიმართ თუნდაც თბილად, ტკბილად და კეთილმეზობლურად განწყობილი რუსეთის ერთი გოჯი და გზავნილიც არ იყოს.

ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.

ეს მხოლოდ ეთნიკური ქართველების ამოცანა არ არის.

ეს ჩვენი სომხების, აზერბაიჯანლების, ოსების, აფხაზების, ქურთების, თუნდაც ჩვენი რუსების და ეთნიკური ქართველების ერთობლივი ამოცანაა.

თუ მარტო ეთნიკურ ქართველებს დავითვლით, ცოტანი ვართ, ხოლო თუ საქართველოდან წარმოშობილ ყველა ეთნიკური წარმომადგენელს დავთვლით, მსოფლიოში 6 მილიონ ადამიანზე მეტი ვიქნებით.

ეს ძალიან დიდი ძალაა.

მე კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ!

მინდა ყველაფრისთვის ვიყოთ მზად და გაგაფრთხილოთ, რომ სირთულეები კიდევ გველოდება.

იქნება პროვოკაციებიც.

ჩვენ გვაქვს ზუსტი დოკუმენტური ინფორმაციები იმის შესახებ, თუ რა პროვოკაციები მზადდება და ვის მიერ.

მეამაყება, რომ საქართველო ის, ადვილად გასალახი ქვეყანა აღარ არის, როგორიც ცოტა ხნის წინათ იყო.

ჩვენი მთავარი ძალა მაინც ხართ თქვენ - ახალი, ცოდნით შეიარაღებული, საკუთარ თავში დარწმუნებული და საკუთარი ქვეყნის მომავლის შეგნებით გამსჭვალული თაობა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მსურს მოგესალმოთ და ბევრად უფრო ძლიერი საქართველოს აშენება გისურვოთ, რომელიც ყველა ამ დროებით სიძნელესა და უსიამოვნებას უკან მოიტოვებს.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)