Google+

სიახლეები

04.10.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

ხვალინდელი ადგილობრივი თვითმმართველობის ისტორიული არჩევნების წინ, მსურს მოგმართოთ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველო ძალზე საინტერესო დროში ცხოვრობს და ჩვენ უმნიშვნელოვანესი გამოცდების წარმატებით ჩაბარება გვიწევს.

ბოლო დღეების განმავლობაში მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველოს აქვს ღირსება, საქართველო ეფექტიანი სახელმწიფოა, მას შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა და ამ ფაქტს დანარჩენი დემოკრატიული, ცივილიზებული მსოფლიო გამოეხმაურა.

ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვიტყვი, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველოს, ალბათ, არასდროს არ ჰქონია ესოდენ დიდი მხარდაჭერა, არ ჰყოლია ამდენი მეგობარი, ასე ცხადად არასდროს ასრულებულა ჩვენი წინაპრების, მეფეების, დიდი მხედართმთავრების, ჩვენი დიდი მოღვაწეების - სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის და სხვათა ოცნებები - მოეპოვებინათ ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერა საქართველოს გასაერთიანებლად, მის ფეხზე დასაყენებლად და გასაძლიერებლად.

ჩვენ საოცრად დიდი ნაბიჯი გადავდგით არა მარტო ბოლო წლების, არამედ ბოლო დღეების განმავლობაში.

ჩვენი მთავარი მიღწევაა არა საერთაშორისო არენაზე ჩვენი წარმატებები, არამედ ის, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ყველამ ერთად შევძელით - საქართველოს ერთ ცოცხალ ორგანიზმად ჩამოყალიბება.

ამ ორგანიზმის შიგნით უზარმაზარი სოლიდარობაა, ერთი ნაწილის "წამოტკივების" შემთხვევაში, მთელი ორგანიზმი ერთიანი ძალით ცდილობს მის "განკურნებას".

ასე იყო ელექტროენერგიის კრიზისის დროს, როდესაც იანვარსა და თებერვალში ყველა თაობის წარმომადგენელი დაირაზმა.

ჩვენი ბებია-ბაბუის თაობა, რომელსაც ბევრი სიმწარე აქვს ნანახი და უკეთეს ცხოვრებას ეხლა მაინც იმსახურებს, დადგნენ მაგრად.

ჩვენი შვილები დადგნენ მაგრად, რომლებმაც ამ რთული გამოცდის წინაშე, წარმოუდგენელი ოპტიმიზმი, შემართება და გამბედავობა გამოიჩინეს.

ასეთივე ერთიანობა ზემო აფხაზეთში განვითარებული მოვლენების დროს გვქონდა.

მაშინ, როდესაც ჩვენი არაკეთილმოსურნის დიდი მცდელობის მიუხედავად - საქართველოში გამოეწვია პანიკა და შიში დაეთესა, მთელი საქართველო ერთ მუშტად შეიკრა.

ასეთივე ერთიანობა იყო და არის რთველის პირობებში.

წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოიჩინა მთელმა საქართველომ ჩვენი მევენახეობის რეგიონების მიმართ.

უზარმაზარი გამბედავობისა და ტიტანური შრომისთვის, მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი კახელების, იმერლების, რაჭველების წინაშე, რომელთაც ჩვენი საუკუნოვანი კულტურა - ვაზი მოჰყავთ.

ამ ხალხს ერთხელაც არ დაუწუწუნია უმძიმესი შრომის მიუხედავად; მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მეტ შემოსავალს იმსახურებენ.

რა თქმა უნდა, ამ ხალხს ოჯახები აქვთ, რომლებსაც ბევრად მეტი ხელშეწყობა და ხელის გამართვა სჭირდება.

თუმცა მათ იცოდნენ, რომ იმ ხალხს, ვინც ემბარგო თავს მოგვახვია, ძალიან უნდოდა მოწუწუნე, ცხვირჩამოშვებული, ერთმანეთთან მოქიშპე და დაპირისპირებული ქართველები ენახა.

მათ იმედი გაუცრუვდა.

პირიქით, ჩვენ ვნახეთ ათიათასობით თბილისელი, ქუთაისელი, ბათუმელი, საქართველოს სხვა რეგიონების წარმომადგენელი, რომლებიც მევენახეობის რეგიონებში ყურძნის საყიდლად ჩადიოდნენ, რათა ეს კულტურა გადარჩენილიყო და ამ რეგიონებს დავხმარებოდით.

ასე ერთ მუშტად შეკავშირებულ ერს, ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეც კი ვერ დაამარცხებს.

ჩვენთვის ეს, მართლაც, უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია და ძალიან დიდი სიურპრიზი იმ ხალხისთვის, ვინც ასეთი საქართველოს ნახვას არ მოელოდა.

ხვალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და მინდა გითხრათ, რომ ეს არჩევნები ყველაზე დიდი გამოცდაა, რომლის ჩაბარება თითოეული ამ მოვლენის შემდეგ, ჩვენ, როგორც ერს, სახელმწიფოს და მოქალაქეებს მოგვიწევს.

ეს საქართველოსთვის მართლაც ისტორიული შანსია.

მინდა აბსოლუტური ერთიანობისკენ მოგიწოდოთ.

აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სხვადასხვა სიებსა და სხვადასხვა ადგილებში შეიძლება უკეთესი და უარესი ადამიანები იყვნენ.

ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ერთიანი, კოორდინირებული, დაუპირისპირებელი, საათის მექანიზმივით აწყობილი სახელისუფლებო გუნდი სჭირდება.

დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ამ გუნდისა და დანარჩენი საზოგადოების ერთიანობა.

რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ფინალური ამოცანები გვაქვს გადასაწყვეტი, ალბათ, ისეთი, რომელიც უმრავლეს სახელმწიფოებს ვერ წარმოუდგენიათ და წინ არც არასდროს დახვედრიათ.

ჩვენ სწორედ ასეთი ამოცანები გვაქვს გადასაწყვტი.

მინდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთიანობით მართლაც სასწაულების მოხდენა შეიძლება.

ჩვენ ამ სასწაულებს არ დაგპირებივართ - ჩვენ შრომასა და ცხოვრების ეტაპობრივად გაუმჯობესებას დაგპირით.

თუმცა, ვინმეს რომ სამი, ოთხი თვის წინათ ეთქვა - საქართველო ზაფხულის თვეებში აფხაზეთის ტერიტორიის 30 პროცენზე მეტ ნაწილზე დაამყარებდა კონტროლს; ზემო აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია გავრცელდებოდა; პირველად 13 წლის შემდეგ, იქ ქართული პოლიცია და ადმინისტრაცია იქნებოდა; მტრის გულის გასახეთქად, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა შევიდოდა და ჩვენი მესაზღვრეები მთელ პერიმეტრს გააკონტროლებდნენ; ფუნქციონირებას აღადგენდა საქართველოს განათლების სტრუქტურები და ქართველები ჩვენი მიწის ამ უმშვენიერესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილის ეტაპობრივ ათვისებას დაიწყებდნენ - შესაძლოა არც დაგვეჯერებინა.

ეს ჩვენი ერთიანობისა და სიძლიერის შედეგად აღსრულდა.

ზაფხულში პროვოკაცია მოგვიწყეს - საქართველოდან აფხაზეთის ჩამოცილების გეგმას ამზადებდნენ და ამას ეხლაც ცდილობენ.

მათ სურდათ, რომ კოსოვოს მაგალითზე, ევროპისა და ამერიკის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების კვალდაკვალ, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინათ.

ამისათვის მათ სჭირდებოდათ იმის ბოლომდე დამტკიცება, რომ აფხაზეთს და მის ვერც ერთ ნაწილს, მათ შორის კოდორის ხეობას საქართველო ვერ აკონტროლებს.

ამ ოპერაციის შედეგად, საქართველოს ეს ნაწილი ჩვენი ქვეყნის შემადგენლობიდან უნდა ჩამოჭრათ.

თქვენი მხარდაჭერით, ჩვენს მიერ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ აფხაზეთში დაძაბულობის კერის მიღების ნაცვლად, იქ საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა აფხაზეთისვე ტერიტორიაზე განლაგდა.

მათი გეგმა იყო, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინათ, საქართველოსთვის ეს მიწა ჩამოეცილებინათ და შუაში ლეგიტიმური მანდატის მქონე, რომელიც მათ ჩემმა წინამორბედმა მისცა, რუსეთის სამშვიდობო ძალები ჩამდგარიყვნენ.

თუმცა ამას ვერ მიაღწიეს.

ცოტა ხნის წინათ, გაეროში რუსეთის ჯარების ჩანაცვლების პროცესი დავიწყეთ და ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ, რადგან არასდროს დავუშვებთ გეგმის განხორციელებას ისე, როგორც ეს მის სულისჩამდგმელებს სურთ.

დღეს ჩვენ ისტორიული შანსი გვეძლევა, რომ ჩვენი ყველა ამოცანა წარმატებით, საქართველოს საკეთილდღეოდ და სასარგებლოდ გადავწყვიტოთ.

ჩვენ რამდენიმე გეგმა გვაქვს უახლოესი წლებითვის, რომელთა ნაწილი უკვე განვახორციელეთ, ზოგიერთის განხორციელება დავიწყეთ და მათ განხორციელებას ხვალინდელი დღის შემდეგაც განვაგრძობთ.

პირველი ამოცანა საქართველოს სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა.

ჩვენ უკვე გვაქვს ალტერნატიული გაზსადენები, მოქმედი ნავთობსადენი, ასევე, ვაფართოებთ ენერგიის ტრანზიტსა და მისი შესყიდვის არეალს.

ჩვენ, საქართველოს მთავრობა უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა აღარ იყოს დამოკიდებული ერთ, ძალზე არასაიმედო წყაროზე და საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ - თითოეულ გამთბარ ქართულ ოჯახს, გამთბარ სკოლებსა და საავადმყოფოებს და იმას, რისი წარმოდგენაც ცოტა ხნის წინათ წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო.

მეორე ამოცანა, რომელსაც ვწყვეტთ და უახლოს წლებში დავასრულებთ არის ის, რომ უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა ჩვენი სამშობლო საბოლოოდ დატოვოს - აღსრულდეს ქართველი ერის ორ საუკუნეზე მეტი ხნის ოცნება.

და ჩვენ ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვანთ.

მესამე ამოცანა არის, დიდი ალბათობით, საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში - ნატო-ში, საქართველოსთვის დამატებითი გარანტიების მოპოვება.

ასევე, ეს ამოცანა ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, საქართველო უსაფრთხოების მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სისტემის მონაწილე და დემოკრატიული სამყაროს თანაბარი პარტნიორი გახდეს.

მას შემდეგ, რაც ნატო-ში გაწევრიანებისთვის ინტენსიური დიალოგის ეტაპზე გადავედით, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამოცანასაც გადავჭრით და ჩვენთვის, ეს უკვე ხელის ერთ გაწვდენაზეა.

მეოთხე და მთავარი ამოცანაა ის, რომ კანონი და სამართლიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღდგეს - ქვემო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) იმ ტერიტორიაზე - იმ ნახევარზე, რომელსაც დღეს-დღეობით ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.

ჩვენ ამასაც მივაღწევთ.

მინდა სოლიდარობის თემას დავუბრუნდეთ.

როდესაც გვჭირდებოდა თბილისმა და ბათუმმა ზემო აფხაზეთი ერთად ააშენა; როდესაც კახეთს გაუჭირდა, იქ ყველა ერთად დავდექით; სადაც არ უნდა გაგვიჭირდეს და დაგვჭირდეს, საქართველო ყველგან ერთიანი, ეფექტიანი და ერთ მუშტად შეკრული ორგანიზმი იქნება, მთავრობა კი - მწყობრად აწყობილი მექანიზმი.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამაა.

მინდა საქართველოს თითოეულ ქალაქს, თითოეულ დასახლებულ პუნქტს, თითოეულ მოქალაქეს მივმართო.

ბოლო წლების განმავლობაში ყველგან რაღაც შეიცვალა და თანაც ჩქარი ტემპით.

თუმცა ჩვენ იმდენად მძიმე ვითარებაში ვიყავით, რომ ბევრად მეტის გაკეთება გვჭირდება.

მე ვიტყოდი, რომ 90 პროცენტი ჯერ კიდევ გასაკეთებელია.

თუმცა ვამაყობ იმით, რომ დღეს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს პირველი რიგი გავხსენით, რომელიც დიდი ხანია დასანგრევად იყო განწირული და, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა.

უახლოეს პერიოდში ამ საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდება და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის შესაბამისი სამკურნალო დაწესებულება გვექნება.

გუშინ გორში 21-ე საუკუნის საუკეთესო ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი (ეს უცხოელი ექსპერტების შეფასებაა) სამედიცინო ცენტრი გავხსენით, რომელიც ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ 4,5 თვეში ააშენა.

მსგავსი ტემპები, პრაქტიკულად, სხვაგან არსად არ არის.

ჩვენ გავხსენით საავადმყოფო ზუგდიდში, ქუთაისში, ხოლო მომავალ წელს ამიერკავკასიაში ყველაზე თანამედროვე საავადმყოფოს ბათუმში ავაშენებთ, იგივეს ვაპირებთ ოზურგეთსა და თელავში.

ჩემი ამოცანაა, რომ უახლოეს წლებში თითოეულ მოქალაქეს, ყველანაირი მატერიალური მდგომარეობის მქონე ადამიანს ჯანმრთელობის დაცვა და მკურნალობა ევროპული დონის შესაბამისად შეეძლოს.

არავინ არ უნდა იყოს განწირული ფულის უქონლობის, ან შესაბამისი სამკურნალო პირობების არქონის გამო.

თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს გარანტირებული ექნება.

შეხედეთ ჩვენს სკოლებს.

წელს საქართველოში ასობით სკოლა გაკეთდა - ზოგი მთლიანად, ზოგან გათბობის სისტემა, ფანჯრები და მერხები შეიცვალა.

ერთი სიტყვით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ.

უახლოეს წლებში საქართველოში ყველა სასკოლო დაწესებულება ისეთივე იქნება, როგორიცაა ჰოლანდიაში, გერმანიაში, ჩეხეთში და ამერიკის საუკეთესო ქალაქებში.

თქვენ იცით, რომ ეს ტრაბახი და გაზვიადებული ნათქვამი არ არის.

თქვენ იცით, რომ ასეთი დაწესებულებები უკვე არსებობს და ფუჭად არასდროს არაფერს დაგპირდებით.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ.

ჩვენ პენსიები მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო გავზარდეთ და არჩევნების შემდეგ მათი ზრდა აუცილებლად გაგრძელდება.

აუცილებლად გაგრძელდება გზების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი კურორტების განვითარება.

აუცილებლად გაგრძელდება დასაქმების პროგრამები და ძალიან ვამაყობ იმით, რომ 50 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე დასაქმებისა და მომზადების პროგრამის წყალობით მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველა არა, მათი დიდი ნაწილი ამ პროგრამის შედეგად მუდმივ სამსახურს იპოვნის.

მთავრობამ, პირდაპირი ჩარევის გზით, ხალხის დასასაქმებლად აქტიური ნაბიჯები პირველად გადადგა და რამდენიც არ უნდა გვაკრიტიკონ, ჩვენ ამ საქმეს გავაგრძელებთ.

ჩვენ ვაპირებთ, რომ შემდგომში დავეხმაროთ ბიზნესსაც და იმ ხალხსაც, ვინც ამ ბიზნესმა უნდა დაასაქმოს.

რამდენიც არ უნდა გვაკრიტიკონ, გავცემთ კრედიტებს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა - სახელმწიფოს მხრივ პირდაპირი დაკრედიტების გზით, მცირე ბიზნესის განვითარებას დავეხმაროთ და ამ თვალსაზრისით, მთლიანად ვუჭერთ ზოგიერთ ადგილობრივი მმართველობის ინიციატივებს მხარს.

ყოველივე ეს კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ მსურს ჩვენი ქალაქების მცხოვრებლებს მივმართო.

მინდა თბილისელებს მივმართო:

მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე და ვიცი, ასევე თქვენც დამეთანხმებით, რომ არასოდეს ყოფილა ესოდენ მოკლე პერიოდი, როდესაც თბილისში ამდენი რამ შეიცვალა, მაგრამ ეს მხოლოდ 10 პროცენტია იმისა რაც დედაქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში უნდა გაკეთდეს.

მინდა რუსთაველებს მივმართო:

ამდენი დაპირებების შემდეგ, პირველად დაიწყო სამრეწველო პოტენციალის ამუშავება რუსთავში.

ოქტომბრის დამლევს რეალურად ამუშავდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის პირველი რიგი, ხოლო მომავალ წელს - ქარხნის წარმოების მთელი ციკლი.

რუსთავში ასევე, ათეულობით საშუალო და მცირე საწარმო იხსნება.

ეხლა, როგორც არასდროს, ერთად დგომა და ერთიანობა გვჭირდება.

მინდა მივმართო გორელებს:

ჩვენ კონფლიქტის ზონის მახლობლად ვიმყოფებით და ჩვენი არაკეთილმოსურნენი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გორის მოსახლეობას არსებობის წყარო გადაუკეტონ, მაგრამ ქართლის გატეხვა შეუძლებელია და მინდა, რომ ხვალ, როგორც არასდროს, ერთად დავდგეთ.

მინდა მივმართო კახელებს:

თქვენ ნახეთ, თუ როგორი სოლიდარობა გამოიჩინა საქართველომ თქვენს მიმართ, მაგრამ პირადად მე, ყველაზე მეტად თქვენი გამბედავობით, გამძლეობითა და ვაჟკაცობით ვარ აღტაცებული, რაც ისტორიულად მოგდევთ.

ერთად დგომა ხვალ, როგორც არასდროს გვმართებს.

მინდა მივმართო იმერეთს და უპირველესად ქუთაისს:

ქუთაისში არასოდეს შეცვლილა ერთბაშად ამდენი რამ.

ვიცი, რაოდენ დიდი პრობლემებია სოციალურ სფეროში, რამდენად დიდია უმუშევრობის დონე, რამხელა ნგრევა მოიტანა წინა წლებმა მთელ იმერეთში, მათ შორის მის ადმინისტრაციულ ცენტრში.

ჩვენ ხვალ ერთად დგომა გვჭირდება, რათა არსებული ტენდენციები გაგრძელდეს.

მინდა სამეგრელოს თითოეულ მცხოვრებს მივმართო:

სამეგრელო ჩვენი მთავარი სიძლიერეა აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის საქმეში.

მინდა მოგმართოთ თქვენ - აღტაცებული ვარ თქვენი მხარდაჭერით, აღტაცებული ვარ იმით, რომ რევოლუციის მთავარი აკვანი სწორედ აქ დაირწა.

მინდა, რომ ხვალაც სამეგრელომ ჩვენს არაკეთილმოსურნეებს დაანახოს, რომ მათი ყველა გეგმა, რომელიც აფხაზეთის ანექსიის დაკანონებასთან არის დაკავშირებული, გაწირულია.

მინდა მივმართო ბათუმელებს:

თუკი სადმე ბოლო წლების განმავლობაში ენერგია დავხარჯე და პირადი შრომა გავწიე, ყველაზე მეტი - თქვენს ქალაქში, რადგან ის ყველაზე დაჩაგრული იყო.

ამავე დროს, თქვენ საოცარი გმირობა გამოიჩინეთ - ამ ორი წლის წინათ, საქართველო სამოქალაქო ომს გადაარჩინეთ.

ბათუმი არის ნიმუში იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს აღორძინება.

რა თქმა უნდა, ჯერ-ჯერობით, ეს ყველა ბათუმელის ოჯახს ერთნაირად არ შეხებია, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ საქართველოს გაერთიანების გზა თქვენზე გადის.

ისიც კარგად ვიცი, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნე, განსაკუთრებით ბათუმს, გაფაციცებით უყურებს ხვალ.

იგი განსაკუთრებული იმედით შეყურებს ბათუმს, რადგან მათთვის დანარჩენ საქართველოსთან აჭარის საბოლოო შემოერთება, ბათუმელების მიერ თავისუფალი დროშის აფრიალება, ძალზე დიდი დარტყმა იყო.

ბათუმში ყოველგვარი გათიშულობა კი, არა მარტო აღმშენებლობის შეჩერებას ნიშნავს, არამედ - საქართველოს გაერთიანების პროცესის შეფერხებას.

ეს მე ძალიან კარგად ვიცი.

ისე, როგორც ორი წლის წინათ თქვენ ეს არ დაუშვით, რისთვისაც მთელი საქართველო და ჩვენი მომავალი თაობები იქნებიან მადლიერი, ხვალაც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ.

მინდა საქართველოს ყველა სოფლისა და ქალაქის მცხოვრებს მივმართო.

ვაჩვენოთ აქტივობა, სიმტკიცე, სიმშვიდე და ვაჩვენოთ ის, რაც ჩვენი არაკეთილმოსურნეების ნებისმიერ იმედს - საქართველოს ხელახლა დაიმონოს და დააჩოქოს, საბოლოოდ დაასამარებს.

იმ ხალხს, ვისაც საქართველოში არეულობა და პრობლემების შექმნა სურს, ეს არ გამოსდით და სანამ ამ კაბინეტში ვზივარ და ჩვენი ხალისუფლება ერთიანია, არც არფერი გამოუვათ.

ხელისუფლება ერთიანობა კი, ხვალ თქვენი გადასაწყვეტია.

ის ხალხი, ვისაც საქართველოში არეულობა და პრობლემების შექმნა სურს, 5 ოქტომბერს სიზმარშიც კი პასიურ საქართველოს ხედავენ.

ისინი ტკბილ სიზმარში ხედავენ იმას, რომ ხვალ ჩვენ დავიქსაქსებით და გავტყდებით; რომ საქართველოში სრულიად განსხვავებული განწყობაა და მას დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა არ სურს; რომ საქართველოს დადებითი ტენდენციების გაგრძელება არ სურს; მათ უნდათ, რომ დანარჩენმა მსოფლიომ, რომელსაც ჩვენი დახმარების სურვილი აქვს, დაინახოს, რომ ეს ის ქვეყანა არ არის, რომლის მხარდაჭერაც ღირს - სინამდვილეში ქართველები დაქსაქსვისთვის, იმედგაცრუებისთვის არიან განწირული და იმპერიული მეზობლის გარდა, მათი მომვლელი და რეალური პატრონი არავინ არის.

მათი ოცნებაა, რომ არავინ დაინახოს და მიიჩნიოს, რომ საქართველოს რაიმე პერსპექტივა და თანამედროვე, ევროპული მომავალი აქვს.

თუმცა, პირადად მე, როგორც თქვენს მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, როგორც ერთ-ერთმა თქვენგანმა და თქვენსავით ერთ-ერთმა პატრიოტმა მინდა გითხრათ: მათ სურთ, რომ ხვალ იმედგაცრუებული საქართველო იხილონ, მაგრამ ჩვენი აქტიურობის წყალობით, მათ იმედიანი საქართველო უნდა დავანახოთ.

ხვალ მათ ცინიკური საქართველოს ნახვა სურთ, რომელსაც არფრის სჯერა, მაგრამ ჩვენ უნდა დავანახოთ საქართველო, რომელსაც საკუთარი ძალების, ერთიანობისა და უკეთესი მომავლის რწმენა აქვს.

მათ სურთ შეშინებული და დაჩოქილი საქართველო დაინახონ, ისინი ხვალ, თქვენი აქტიურობის შედეგად, წელშიგამართულ, გამბედავ, იმედითა და ოპტიმიზმით აღსავსე საქართველოს დაინახავენ.

მათ სურთ დაინახონ საქართველო, რომელშიც ხელებჩამოყრილი, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისა და შრომის სურვილდაკარგული ადამიანები ცხოვრობენ, ჩვენ მათ დავანახებთ, რომ ვართ ერთიანები, აქტიურები, რომ ბრძოლაც შეგვიძლია და შრომაც, და გამარჯვებასაც აუცილებლად მივაღწევთ.

ამიტომ, ხვალ 5 ოქტომბერს სახლებში ნურავინ დარჩებით.

ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, ეს გადამწყვეტი მომენტი და გადამწყვეტი დღეა.

ეს არის გადამწყვეტი მომენტი არა მარტო იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება ხვალ და ზეგ გაუმჯობესდეს, რაც ჩვენი აქტიურობისა და ერთიანობის პირობებში აუცილებლად მოხდება, არამედ იმისთვისაც, რომ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ბევრად უკეთესი მომავალი და ცხოვრება, ბევრად ფართე ასპარეზი და შესაძლებლობები მიეცეთ.

ეს არის ისტორიული მომენტი საქართველოს ისტორიისთვის - გავა ასწლეულები და მერწმუნეთ, თუ ხვალ ერთიანნი ვიქნებით, თუ ეს ერთიანობა განმტკიცდება და გაძლიერდება, საქართველოს მომავალი თაობები ჩვენი - დღევანდელი თაობის მადლიერი იქნებიან.

ისინი თითოეული იმ ქართველის, საქართველოს თითოეული იმ მოქალაქის მადლიერი იქნებიან, რომელიც ხვალ არჩევნებზე მოვა.

ისინი მადლიერი იქნებიან, იმისათვის, რომ ჩვენი ერთიანობით, ჩვენი გარჯითა, ჩენი ოპტიმიზმით და ჩვენი ბრძოლით მარადიულ, ერთიან, ძლიერ საქართველოს გავამარჯვებინეთ.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)