Google+

სიახლეები

07.11.2007
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება

ჩემო თანამოქალაქენო!

ჩემო დებო და ძმებო!

ჩემო დედებო და მამებო!

იცით, რომ მე, არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტს, არამედ როგორც პიროვნებას არა მაქვს უფრო მნიშვნელოვანი ხატება, ფასეულობა, უფრო მნიშვნელოვანი ცხოვრების მიზანი, ვიდრე ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, თითოეული თქვენგანია.

მე მზად ვარ თითოეული თქვენგანისათვის დღესვე გადავდო თავი, გავწირო საცოცოხლე და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ საქართველო და თოთოეული მისი მოქალაქე იყოს ბედნიერი.

მზად ვარ გადავდო თავი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და რიგითი ქართველი, რომელიც დაიბადა გაიზარდა და მოკვდება ამ ქვეყანაში, ჩვენს ქვეყანაში - საქართველოში.

მე, რა თქმა უნდა, უკიდურესად შეშფოთებული ვარ იმ მოვლენებით, რომელიც დღეს განვითარდა დ ვითარდება თბილისის ცენტრში. რამოდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დემონსტრაციები. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ამიტომ აქ ყველას აქვს დემონსტრაციის გამართვის, აზრისა და გულისტკივილის გამოთქმის უფლება კანონის ფარგლებში.

როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანში, როგორც ყველა სწრაფად განვითარებად, ეკონომიურად მზარდ ქვეყანაშიც კი, ყველა ადამიანს აქვს გულისტკილივის, პროტესტის გრძნობა მისი ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში და ყველა ადამიანს სურს თავისი გულისტკივილი, გამოხატულება და აზრი გაუზიაროს მთავრობას, გამოხატოს საჯაროდ უთხრას დანარჩენ საზოგადოებას.

მე, როგორც დემოკრატი, როგორც ამ ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატი ლიდერი ყოველთვის ვიცავდი და დავიცავ ფუნდამენტურ უფლებას კანონის ფარგლებში - დემოკრატიული არჩევანის გზით საკუთარი აზრის გამოხატვის უფლების განხორციელებას, მოქალაქეთა პოლიტიკური თვითრეალიზაციის აბსოლუტურ უზრუნველყოფას და დაცვას ყველა იმ ასპექტში, როგორც ეს შეიძლება იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამიტომ, ამ დემონსტრაციებმა, თბილისში პირველ დღეებში ჩაიარა მშვიდობიანად და წყნარად, როგორც ჩაივლიდა ეს მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

ეს მთავრობის დამსახურება კი არ არის, ეს არის თუნდაც იმ ათასობით ადამიანის დამსახურება, რომელიც პერიოდულად გამოხატავს საკუთარ აზრს.

ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული იმისათვის, რომ ვერავინ ვერ შეძლოს პროვოკაციის მოწყობა, სიტუაციის ცუდად შემობრუნება და ჩვენი ქვეყნისათვის რაღაც პრობლემის შექმნა.

დემოკრატიაში სიტყვის თავისუფლება კანონის ფარგლებში - თავისუფლების განხორციელება ეს არის ყველა ჩვენგანის მამოძრავებელი ძალა, რადგან ჩვენ თავად მოვედით ხელისუფლებაში დემოკრატიული არჩევნების გზით და ვიდრე საქართველო იარსებებს, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს დეკმოკრატიული, განვითარებული და ევროპული ტიპის ღია საზოგადოება და ღია ქვეყანა.

დღეს დილით, მას შემდეგ, რაც რუსთაველის პროსეპექტი იყო დაცარიელებული, დარჩენილი იყო რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც კეტავდნენ სავალ გზას.

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მაქსიმალურად რბილად უნდა მოვექცეთ ამ ხალხს.

დილას ქალაქის მერიამ და პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ პროსპექტის გაწმენდისა და მოძრაობის აღდგენის თაობაზე.

ამავე დროს ხელისუფლების მხრიდან, ვისაც ეს ეხება (ეს არის ქალაქის მერია და პოლიცია) კატეგორიულად იყვნენ გაფრთხილებული, რომ თუ ვინმეს უნდა მშვიდობიანი შეკრება პარლამენტის წინ აღდგენილი მოძრაობის პირობებში, იმ პირობებში, როცა ეს ადამიანები სხვას არ შეუშლიდნენ ხელს იმაში, რომ სკოლაში წამოსულიყვნენ ბავშვები, ემოძრავათ ქალაქის ცენტრში, სხვა მხრივ, ყველას ჰქონდა პარლამენტის წინ შეკრებისა და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

მკაცრი მითითება იყო, რომ არ შეეშალათ ხელი პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისათვის, რათა მათ გაეგრძელებინათ საკუთარი, თუნდაც საპროტესტო აზრის გამოხატვა.

ჩვენ ეს არ გვიცდია მრავალი წლის განმავლობაში და მზად ვიყავით, რომ როგორც ყოველთვის დემოკრატიული პროცესი აქაც გაგრძელებულიყო. შემდეგ მოხდა ის, რომ ისევ დაიწყო სავალი გზის დაკეტვა, შეხლა-შემოხლა პოლიციასთან, ეს ყველაფერი გადაიზარდა ხელჩართულ ბრძოლაში მათი ლიდერების მოწოდების შემდეგ, ზოგიერთ მომიტინგესა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის, რომელთაც ჰქონდათ მკაცრი დავალება უზრუნველეყოთ ქალაქ თბილისის საზოგადოებრივი წესრიგი მშვიდობიანი, ცივილიზებული მეთოდები; უზრუნველეყოთ ქალაქ თბილისისა და მისი ცენტრის ნორმალური ფუნქციონირება; უზრუნველეყოთ საკუთარი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება; უზრუნველეყოთ არა მხოლოდ მომიტინგეების უფლებები, ასევე ყველა სხვა ადამიანის უფლებები ჩვენს საზოგადოებაში.

ჩვენ ხომ ყველას კარგად გვახსოვს 1991 წელი - დაწყებული კარვებიდან, დამთავრებული სხვადასხვა ექსცესებით, შეტაკებებით, კონტრმიტინგებით, არეულობებით და შემდეგ ეს ყველაფერი გადაზრდილი სახელმწიფო გადატრიალებაში.

ყოველივე ეს შემდეგ გადაიზარდა სისხლისღვრაში და ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვაში.

ჩვენი მოწოდებაა, რომ საქართველოში არასოდეს ეს უბედურება აღარ განმეორდეს.

ჩვენ არ ვართ დაწყევლილი ერი, ჩვენ ვართ ნიჭიერი ერი და ჩვენ დავუმტკიცებთ მთელ მსოფლიოს, რომ შეგვიძლია ცივილიზებულად ჩვენი პროცესებისა და საკითხების გადაწყვეტა.

ამიტომ, ჩვენი მოწოდება იყო, რომ 1991 წელი, სამოქალაქო ომის არეულობა საქართველოში ვერასოდეს ვერავინ ვეღარ გაიმეოროს, მიუხედავად სხვადასხვა მოწოდებებისა.

ბევრი მათგანი, ვინც დღეს არეულობაში მონაწილეობდა, ( ლიდერებს ვგულისხმობ) იმ დროიდან მოდიან და მაშინდელი მოვლენების აქტიური მონაწილეებიც იყვნენ სხვადასხვა დაპირისპირებუბლი მხარის შემადგენლობაში.

ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო ეს ყველაფერი მშვიდობიანად გადაწყვეტილიყო კანონის ფარგლებში და კანონი დაცულიყო მაქსიმალური ცივილიზებული გზით.

საქართველოს პოლიციამ და სპეციალურმა შენაერთებმა, რომლებიც თბილისის ცენტრში მოქმედებდნენ, ხაზი მინდა გავუსვა ამას, გამოიყენა ყველა საშუალება, რომელსაც იყენებს პოლიციური ძალა ინგლისში, საფრანგეთში, ფინეთში, ესტონეთში და ყველა იმ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც, ერთი მხრივ, პოლიციის საზრუნავია ნაკლები ზიანი მიაყენოს მიტინგის თუნდაც ყველაზე აგრესიულ მონაწილეს, ან თუნდაც რადიკალურად განსხვავებულ ნაწილს და მეორე მხრივ, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაუშვას მასობრივი არეულობები და შეტაკებები სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

ჩვვენ გამოვიყენეთ ყველა ეს საშუალება და არც ერთი წუთით სხვა რამ, მოვიქეცით ზუსტად ისე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პოლიციას გამოცდილება არ აქვს, მოვიქეცით ზუსტად ისე, როგორც მოიქცეოდა პოლიცია ყველა ცივილიზებულ ევროპულ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამერიკასა თუ სხვა დემოკრატუილი სამყაროს შემადგენელ ნაწილებში. ამიტომ თავისთავად, უჩვეულო ამაში არაფერი არ არის, თუმცა არც სასიამოვნო, ჩემთვის მართლაც დიდი გულისტკივილის წყაროა თითოეულ ადამიანზე მოხვედრილი პოლიციელის რეზინის კომბალი, ჩემთვის დიდი გულისტკივილის წყაროა გაქცევისა და სირბილის დროს ამ ხალხის მასაში მოხვედრილი ადამიანები და ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან უსიამოვნო საყურებელია.

ჩვენი ქვეყნისათვის ეს სარგებელის მომტანი არ არის, პირიქით, ეს მხოლოდ ზიანის მომტანია, ვინაიდან ეს ყველაფერი გადის მთელ მსოფლიოში.

რასაკვირველია, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები ძალიან ხალისობენ, იმიტომ რომ, რასაც ახლა გადასცემენ მსოფლიოს ტელევიზიები, მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

ეს არის ზუსტად ის, რასაც ისინი ამბობდნენ მრავალი წლის განმავლობაში.

მათი თვალსაზრისით, საქართველო მიუხედავად თავისი წარმატებებისა, მიუხედავად მშვიდობიანი განვითარებისა, გაძლიერებისა, არის ძალიანი სუსტი ქვეყანა, სადაც აუცილებლად მოხდება ექსცესები და არეულობები.

ამავე დროს, იმ პირობებში, როცა ჩემთვის თითოეული თქვენგანი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა არც ჩემი ეს თანამდებობა, არც ჩემი კაბინეტი და არც რაიმე პრივილეგიები, რასაც ეს იძლევა, არაფერს არ ნიშნავს.

ჩვენ ყველანი მაინც უნდა გავიმსჭვალოთ უდიდესი პასუხისმგებლობით იმ მისიის წინაშე, რომელიც ყველამ ერთად ჩამაბარეთ.

მინდა ვილაპარაკოთ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც წინ უძღოდა ყოველივე ამას - რაც ახლა საქართველოში ხდება.

ჩვენ რამოდენიმე თვის განმავლობაში გვესმოდა, რომ შემოდგომისათვის საქართველოში აუცილებლად დაიწყებოდა მასობრივი არეულობები. ამას ვიგებდით ყველა იმ სადაზვერვო წყაროდან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.

ჩვენ ამას ვიღებდით იმ ინფორმაციებიდან, რომელიც შემოდიოდა ერთ-ერთი უცხოური დედაქალაქიდან, სადაც ჩვენ გვყავს მეგობრები.

ბოლო ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში მე მესმოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ რუსეთში შედგა ალტერნატიული მთავრობა, რომ წლის ბოლოსათვის სააკაშვილი და ეს მთავრობა დაემხობა - მე უფლება არ მქონდა ამას სერიოზულად არ მოვკიდებოდი, თუმცა მშვიდად, რადგან დარწმუნებული ვიყავი ისინი ვერასოდეს ვერ მოახერხებდნენ რაიმე სერიოზული პრობლემის შექმნას, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მომზადებული და მოწოდებული იყო იმისათვის, რომ ასეთი რამ არ დაეშვათ.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მე ნაწილობრივ ვცდებოდი.

თქვენ დღეს ნახეთ საქართველოს ტელევიზიით გაშვებული კადრები, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს, ძალიან გააქტიურდა რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური და მათი წარმომადგენლები საქართველოში, მაგრამ მთელი რიგი სხვა კადრები ჩვენ გვქონდა გადაღებული კიდევ უფრო ადრე და ჩვენი სამსახურები ახორციელებდნენ მათი სამსახურის დეტალურ მონიტორინგს მთელი ამ თვეებისა და წლების განმავლობაში.

ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ, სამწუხაროდ, ისინი ცდილობდნენ პოლიტიკური პარტიების ერთ რადიკალურ ნაწილში დასაყრდენის პოვნას, მოდიოდა ფული, მოდიოდა ყველა საშუალება, მოდიოდა ინსტრუქციები და კიდევ არ ვიცით ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ.

თუმცა ჩვენი სპეცსამსახურებისთვის ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი ცნობილია და იმ ფირების გარდა, რომლებიც დღეს გამოვიდა, უახლოეს პერიოდში ჩემი დავალებით ყველა სხვა მასალას, რომელიც ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ, სააშკარაოზე გამოვიტანთ, მასობრივად გამოვუშვებთ და ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს.

მინდა ყველამ ნახოს, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც ისწრაფვის საკუთარი ტერიტორიის მშვიდობიანად გაერთიანებისკენ, რომელიც ისწრაფვის ეკონომიკის განვითარებისკენ და წელს 14-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, საქართველოში, რომელშიც მილიარდობით დოლარის ინვესტიციები მოდის.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს განვითარება, საქართველოს წარმატება, საქართველოს შემდგომი ზრდა გაგრძელდეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ის ძალები იყვნენ მთლიანად მოწოდებული, რომ ყოველივე ეს შეეჩერებინათ.

გუშინ საღამოს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში არეულობის პოტენციურ მონაწილეებს და ასევე აღუთქვა მათ მხარდაჭერა, მან ისინი ხალხად მოიხსენია, თუმცა სრულიად კონკრეტულ ადამიანებზე იყო ლაპარაკი.

იქვე რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა მირონოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დაიწყება მასობრივი არეულობები.

ეს უკვე დაზვერვის მონაცემები არ არის, ეს გავიდა მსოფლიოს ძალიან ბევრ ტელეარხზე.

აი, ასეთი ზემოქმედების ქვეშ არის საქართველო!

საქართველო, რომელსაც მოუწყვეს უამრავი პროვოკაცია; საქართველო, რომელიც მარტო ამ წლის განმავლობაში სამხედრო ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაბომბეს ზემო აფხაზეთში, საქართველოს შუაგულში ყოველგვარი პროვოცირების გარეშე; საქართველო, რომლის ჩვენს მიერ უკონტროლო ტერიტორიები რუსეთის ე.წ. სამშვიდობო კონტიგენტის მიერ მუდმივად ხდება მასობრივი პროვოკაციების ორგანიზება, რისი მომსწეც რამდენიმე დღის წინათ გავხდით.

ახლა ეს საქართველო დადგა ძალიან სერიოზული არეულობის საფრთხის წინაშე უკვე საქართველოს დედაქალაქში, სამწუხაროდ, ახლაც, ამის დოკუმენტური მასალები ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ყველას დასანახად გავავრცელეთ, ამაში აქტიურად მონაწილეობენ რუსეთის რეზიდენტურის წარმომადგენლები, რუსეთის საგარეო დაზვერვისა და უშიშროების სამინისტროს მაღალი რანგის თანამშრომლები.

ჩვენ ვიცით მათი გვარები, გვაქვს მათი ფოტოები, სურათები,

მათი ნაწილი იმყოფება საქართველოში, ნაწილი ამ პროცესებს მართავს მოსკოვიდან და ამის დამადასტურებელი საბუთები ჩვენ დღეს საქართველოს ტელეარხებით გამოვაქვეყნეთ.

უფრო მეტიც, დღეს ერთ-ერთმა რუსმა ოლიგარქმა, რომელიც ამჟამად საქართველოშია მოვლენილი, პირდაპირ მოუწოდა საქართველოს საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისაკენ, პირდაპირ მოუწოდა მასობრივი ანტიკონსტიტუციური ქმედებისაკენ, რაც არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის დასაშვები, მისაღები, ეს სრულიად გაუგებარი და მიუღებელი მოვლენაა ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლებისთვის.

ასეთ პირობებში, როდესაც დღეს მასობრივად დაიწყო არეულობები ქალაქის ცენტრში, როდესაც მოხდა შეტაკებები, როდესაც მოხდა თავდასხმები, მათ შორის პოლიციელებშზე - რამდენიმე ათეული პოლიციელი ნაცემია, ძალიან ბევრი პოლიციის მანქანა დაზიანებულია და განადგურებულია, მათ შორის სრულიად უდანაშაულო მოქალაქეები აღმოჩნდნენ ორმხრივი შეტაკების შუაგულში, დაზარალდნენ და ადაზიანდნენ, მას შემდეგ, რაც არის რეალური საფრთხე პროვოკაციების, მათ შორის ღმერთმა გვაცილოს, შეიარაღებული პროვოკაციებისა.

რა თქმა უნდა ის ხალხი, რომლებიც ყველაფერს ამას ხელს უწყობდა თავიდან ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ამ საქმის დიდი სპეციალისტია.

ამ პირობებში მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობა და მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ ყველა ზომას, რომ საქართველოში დამყარდეს დემოკრატული წესრიგი, აღდგეს წესრიგი თბილისის ყველა ქუჩაში, ყველაფერი დაბრუნდეს დემოკრატიული დიალოგისა და კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში.

ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები, ჩვენ გვყავს ძლიერი პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია იყო აბსოლუტურად გადამწყვეტი. დღეს, გუშინ, გუშინწინ არაერთხელ მოუწოდა ყველას სიმშვიდისკენ. პარლამენტში ძალიან საინტერესო დებატები გაიმართა გუშინ და პარლამენტის წევრებმა ყველას მოუწოდეს დიალოგისაკენ და კონსოლიდაციისაკენ.

ჩვენ გვყავს კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ამ პრობლემასთან გამკლავება.

მთლიანად ვუერთდები მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდებას დიალოგისკენ, სიმშვიდისკენ და მის მოწოდებას არ მივცეთ საშუალება ნებისმიერ დამანგრეველ უცხო ძალებს - გამოიყენონ ყველაფერი რაც ხდება თავის სასარგებლოდ.

ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო, ჩართულია სიცრუის დიდი მანქანა, ჩართულია პროვოკაციის ყველა რესურსი, ჩართულია უზარმაზარი, ბევრი ფულის მქონე და ამ საკითხებში მეზობლების არევისა და ამ არეულობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების ძალზე დიდი გამოცდილების მქონე სახელმწიფოს მანქანა, მთელი აპარატი და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ფხიზლად.

ჩვენთან არის ბევრი სოციალური პრობლემა, ჩვენთან არის ბევრი გამწარებული ადამიანი და მე ყველა ამ ადამიანის მდგომარეობაში შევდივარ მთელი სულითა და გულით.

მე მართლა მთელი გულით მსურს ყველა ამ ადამიანის პრობლემის მოგვარება და მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ თუ ჩვენ ამათ ახლა მივეცით საშუალება საქართველოს დესტაბილიზაცია მოახდინონ, შანსი აღარ ექნება არავის.

შანსი აღარ ექნება არც ერთ ამ ადამიანს, შანსი აღარ ექნება არც უფროსი ასაკის ადამიანებს, შანსი არ ექნებათ არც ახალგაზრდებს.

შანსი არ ექნება ჩვენს მომავალს, ჩვენ საბოლოოდ ჩაგვიკეტავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს.

სწორედ ახლა, როდესაც ძალიან რთული გეოპოლიტიკური დილემის წინაშე ვდგავართ - როდესაც საკითხები დგას კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, აფხაზეთის ანექსიის ღია მუქარები მიდის აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობის შესახებ, როდესაც უკვე პრაქტიკულად განხორციელდა სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსია, პრაქტიკულად ის იმართება რუსეთისა და ამ ქვეყნიდან ჩამოსული რამდენიმე გენერლის მიერ. ამ პირობებში საქართველოში მასობრივი არეულობების, მასობრივი შეტაკებების, ძალადობის დაშვება ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ყველანი აღმოვჩნდებით აბსოლუტურად უზარმაზარი, ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. თითოეული ჩვენგანი მისი არსებობისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ.

მინდა ყველა დავფიქრდეთ ამაზე.

მე დღეს მოვუწოდე ქუჩაში გამოსულ ყველა ადამიანს, მათ შორის ძალიან ბევრი ამ მთავრობის მომხრე იყო, სახლში წასულიყვნენ, იგივე გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

ახლა მიტინგებისა და კონტრმიტინგების დრო არ არის - ეს ჩვენმა ქვეყანამ უკვე გაიარა, ახლა მანიფესტაციებისა და კონტრმანიფესტაციების დრო არ არის, ახლა გაყოფილი პროსპექტების დრო არ არის, რისი მცდელობაც დღეს იყო - ბარიკადების აგებისა და გამყოფი ხაზების გავლების.

არანაირ გამყოფ ხაზებს ჩვენ არ დავუშვებთ.

არანაირ არეულობებს და შეტაკებებს ჩვენ არ დავუშვებთ.

სამწუხაროდ, იყო ძალადობის ფაქტები, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ.

ასევე ღია განხორციელებას, პირდაპირი ძირგამომთხრელი საქმიანობის უცხო ქვეყნების, კერძოდ, ერთი უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების მიერ, ჩვენ არ დავუშვებთ და აღვკვეთავთ.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე რუსეთის საელჩოში თანამშრომელი, რომლებიც დაკავებული არიან პირდაპირ, ძირგამომთხრელი ჯაშუშური საქმიანობით, გამოაცხადა არასასურველ პერსონებად და უახლოეს დღეებში მათ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიოტორია.

ჩვენ გამოვიწვიეთ რუსეთის ელჩი კონსულტაციებისათვის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კეთდება არა მხოლოდ თეატრალური ჟესტებისათვის, არამედ ჩვენ გვაქვს უტყუარი მასალა, რომელიც ახლა ქვეყნდება და სხვა დროსაც გამოქვეყნდება.

ძალიან დიდი როლი, ისევე როგორ ესტონეთის ამასწინდელი მოვლენების დროს, როდესაც პრაქტიკულად სცადეს ესტონეთის მთავრობის დამხობა, სწორედ ამ ხალხმა დაგეგმა, იქ დაფინანსდა და თავისი მეგობარი ოლიგარქების მეშვეობით მოხდა ამის განხორციელება. თუ ჩვენ არ მივიღეთ სერიოზული ზომები, ამ ყველაფერმა შესაძლოა უფრო ღრმა და ბევრად უფრო საშიში ხასიათი მიიღოს.

ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო არის ყველა ქართველისათვის და თოთოეული თქვენგანისათვის.

ჩვენ ვერ ვაქცევთ ჩვენს ქვეყანას, არა პოლიტიკური, არამედ არაკეთილსინდისიერი, ძალიან ბინძური ინტერესების მძევლად.

ჩვენ ვერ ვაქცევთ მას გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად.

ჩვენი დემოკრატია საჭიროებს დემოკრატიული მეთოდების დაცვას, ჩვენი დემოკრატია საჭიროებს დემოკრატიული, მაგრამ ძლიერი ხელისუფლების მოქმედებას, რათა საქართველო ვერავინ, ვერასოდეს დააბრუნოს წყვიდიაში, არეულობაში, რაიმე სახის სხვა გართულებებსა და სამოქალაქო ომების სიტუაციაში, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და რაც ათი თხუთმეტი წლის წინათ ხდებოდა.

ჩვენ ვიმოქმედებთ როგორც დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლება და ყოველივე ამაში თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება.

მე მინდა თქვენი მხარდაჭერა.

მე მაქვს დიდი რწმენა თქვენი სიდინჯის, თქვენი ნაციონალური აზროვნების, თქვენი ძლიერების, სიბძნის და თქვენი სამშოლოს სიყვარულის, იმიტომ რომ, ჩვენ საქართველოს მრავალეთნიკური ხალხის ყველა ეროვნულის ხალხის წარმომადგენლებს განსაკუთრებით გვიყვარს ჩვენი ქვეყანა.

ყველა რეგიონის წარმომადგენლიდან დაწყებული - აფხაზეთიდან, რაჭა- ლეჩხუმიდან, სვანეთიდან, სამეგრელოდან, იმერეთიან, აჭარიდან გურიიდან, კახეთიდან, ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან განსაკუთრებით გვიყვარს ჩვენი საქართველო, ჩვენი ერთიანი ერთობა.

მიუხედავად იმისა, რომელი ეთნიკური ჯგუფისა და რომელი პოლიტიკური შეხედულების ხართ, ყველას მოვუწოდებთ დიალოგისაკენ.

დიალოგის გზა ჩვენ არასოდეს არ შეგვიწყვეტია და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ვერავინ ვერანაირი არეულობით ვერ შეცვლის საქართველოს ხელისუფლებას.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონსტიტუციური პროცესები იყოს დაცული, დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს გამჭირვალედ და ვერანაირი არეულობის ინსპირირებით ვერ მოხდეს პოლიტიკური პროცესის ჩამოყვანა ნორმალური, დემოკრატიული კონსტიტუციური რელსებიდან.

ამიტომ ყველას მოუწოდებთ დიალოგისაკენ.

მოვუწოდებ ოპოზიციის იმ ნაწილს და ასეთი აბსოლუტური უმეტესობაა, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც დაფიქსირებულნი არიან კადრებში თუ როგორ იღებს ინსტრუქციებს სხვა ქვეყნის, სამწუხაროდ, არცთუ ისე მეგობრულად განწყობილი წარმომადგენლისაგან; უმეტეს ნაწილს, რომლის პატრიოტიზმში დარწმუნებული ვარ, ეჭვი არ მეპარება მათ კეთილსინდისიერებაში, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მონახავენ საერთო ენას, საქართველოს საკეთილდღეოდ.

მინდა მივმართო არ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ რაც მთავარია, ქართველ საზოგადოებას - ნუ მივცემთ საშუალებას თავზეხელაღებულ, ყველაზე უფრო რადიკალურ, მათ შორის, პოლიტიკური ელფერის მქონე წარმომადგენელს, რომ საქართველო წაიყვანოს შეუქცევადი პროცესებისაკენ.

მინდა გთხოვოთ, ყველანი ვიყოთ კონსოლიდირებული, მაგრამ მშვიდები.

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ შევძლებთ წესრიგის შენარჩუნებას, მაგრამ გრძელვადიანად.

მინდა ყველას მოგმართოთ, ჩვენ უნდა გვქონდეს განუსაზღვრელი რწმენა, რომ საქართველო გაერთიანდება.

ჩვენ უნდა გვქონდეს განუსაზღვრელი რწმენა იმისა, რომ საქართველო იქნება კიდევ უფრო ძლიერი.

ჩვენ უნდა გვქონდეს განუსაზღვრელი რწმენა იმისა, რომ ჩვენ როგორც ქვეყანას, მე-11 არმია ვერასოდეს ვერ დაგვამარცხებს, რომელი ფორმითაც არ უნდა იყოს შემოსული.

ვერასოდეს ვერცერთი უცხო ძალა უკან ვეღარ დაგვაბრუნებს.

ჩვენ უნდა გვქონდეს განუსაზღვრელი რწმენა იმისა, რომ ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ერთობლივი, ძალიან ნათელი მომავალი.

ეს რწმენა გაგვამარჯვებინებს.

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს - საქართველოს მფარველი!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)