Google+

სიახლეები

21.04.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა

მინდა მოგმართოთ ბოლო დღეებისა და საათების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

რამდენიმე საათის წინ, რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, კონფლიქტის ზონაზე.

აფხაზეთში, სოფელ განმუხურის თავზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილმა "მიგ-29" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელიც აფრინდა გუდაუთის სამხედრო ბაზიდან, სადაც ის უკანონოდ იყო ბაზირებული, განახორციელა საჰაერო შეტევა საქართველოს პოლიციის კუთვნილ უპილოტო შეუიარაღებელ თვითმფრინავზე.

ასევე განახორციელა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა ამ თვითმფრინავისა და სოფელ განმუხურის მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით.

ეს, თავისთავად, გაეროს წესდების უხეში დარღვევა და საერთაშორისო აგრესიის ცალსახად განხორციელების აქტია.

ეს არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა სხვა სახელმწიფოს მიერ და საერთაშორისო ნორმების ფეხქვეშ უხეშად გათელვა ყოველგვარი პროვოცირებისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი დაბომბვის პირველი შემთხვევა არ არის.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ 1992-93 წლებში რუსეთის ავიაცია აფხაზეთის ტერიტორიას ძალზე ინტენსიურად ბომბავდა.

თითქმის, 500 ათასი ადამიანი გამოექცა რუსეთის ბომბებს და რუსეთიდან შემოსულ დაქირავებულ მებრძოლებს, ისევე როგორც რუსეთის არმიის სპეციალურ დანაყოფებს.

მაშინ ამ ტერიტორიის ეთნიკური გაწმენდა მოხდა და ახალი ტიპის, არაადამიანური რეჟიმის დამკვიდრება.

როდესაც საქართველო აცხადებდა, რომ გვბომბავდნენ, რუსეთის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ცინიკურად განაცხადა, რომ ჩვენი ვერტმფრენი თავად გადავღებეთ და ჩვენვე დავბომბეთ საკუთარი ტერიტორია.

ეს ყველას კარგად ახსოვს.

შარშან მარტში რუსეთის ფედერაციიდან შემოსულმა მოიერიშე ვერტმფრენებმა ინტენსიური დაბომბვა განახორციელეს ზემო აფხაზეთის - კოდორისა და ჩხალთის ხეობები და ჭუბერის უღელტეხილი.

შეიქმნა საერთაშორისო მისია, ამ ფაქტის საერთაშორისო გამოძიება დაიწყო.

მართალია, მაშინ ვიდეომასალა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ მოვიპოვეთ დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ ეს ნამდვილად რუსეთიდან შემოსული "ბი-24" ტიპის ღამეში მხედველი ვერტმფრენები იყო.

იმავე წელს, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საჰაერო დარტყმა ქართლში, სოფელ წითელუბანზე და ამჯერადაც საერთაშორისო კომისიამ დოკუმენტური მასალის საფუძველზე უტყუარად დაადგინა, რომ ეს იყო დარტყმა, ეს იყო რუსეთის საჰაერო დაბომბვა.

მთელი ამ ფაქტების შემდეგ მინდა გითხრათ, რომ ბოლო შემთხვევა არის პირველი, როდესაც გვაქვს აბსოლუტურად ნათელი ვიდეოკადრები, ზედმიწევნით ზუსტი გამოსახულებით დასტურად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ, რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა საქართველოს ტერიტორია დაბომბა.

ე.ი. აგრესიული ქმედება განახორციელა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი საზღვრების ხელშეუხებლობის, საქართველოს ხალხის უსაფრთხოების წინააღმდეგ.

საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს არის არამეგობრული და სრულიად მიუღებელი აქტი.

ამავე დროს, არანაკლებ და, შეიძლება ითქვას, ბევრად უფრო საგანგაშოა ის იურიდიული ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში გასული კვირების განმავლობაში გადადგა.

რუსეთმა ჯერ ცალმხრივად მოხსნა დსთ-ის სანქციები, რომლებიც პრეზიდენტ ელცინის მმართველობის დროს შემოიღეს და მიზნად ისახავდა ეთნიკური წმენდის ჩამტარებლების იურიდიულ პასუხისმგებლობასა და მათთვის ეკონომიკური წყაროების დაკეტვას; გასულ კვირას კი რუსეთის პრეზიდენტის დავალებით, რუსეთის ფედერაციამ მიიღო აქტი, რომელმაც პირდაპირ დააკანონა საქართველოს ტერიტორიის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილის დეფაქტო ანექსია.

მსურს კარგად გავიაზროთ ის, თუ რა წერია ამ აქტში.

აქტში წერია, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების იურუსდიქციას და პირდაპირ განახორციელებს სამართლებრივ კონტაქტს სეპარატისტულ ხელმძღვანელობასთან - ე.ი. ეთნიკური წმენდის ჩამტარებლებთან, მრავალი კრიმინალური აქტის ავტორთან, ეთნიკური წმენდისა და ყოველდღიური ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებლებთან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს არის უპრეცენდენტო გამოწვევა და საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ქცევის ნორმების ფეხქვეშ გათელვის უპრეცენდენტო ფაქტი.

საქართველო საერთაშორისო ქცევის აბსოლუტურად თავზეხელაღებული, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, აბსოლუტურად უკანონო და ძალზე გამომწვევი აგრესიის აქტის მსხვერპლია.

ამ ურთულეს დღეებში ჩვენ კონტაქტი გვქონდა მსოფლიოს ლიდერებთან.

პირადად ვეკონტაქტებოდი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მრავალ წარმომადგენელს, ველაპარაკე პრეზიდენტ ბუშს, ტელეფონით ვესაუბრე ევროპის ბევრ ლიდერს და ბევრ წამყვან პარლამენტართან.

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ, ევროკავშირმა, ნატო-ს ორგანიზაციამ გააკეთეს უპრეცენდენტო განცხადებები და რუსეთის ფედერაციის მოქმედების გამო არა მხოლოდ შეშფოთაბას გამოხატავენ, არამედ ამ აქტის დაუყოვნებლივ გაუქმებას მოითხოვენ.

გუშინდელი თავდასხმის შემდეგ, დღეს ვრცელი საუბარი მქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, ამ საუბარს ჩვენ ხუთი დღის წინ მოვითხოვეთ.

ეს მარტივი საუბარი არ იყო.

რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს მე კატეგორიულად მოვთხოვე დაუყოვნებლივ გააუქმოს რუსეთის მიერ მირებული ეს უკანონო იურიდიული აქტი.

მე კატეგორიულად მოვთხოვე მას საქართველოზე აგრესიული თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

კატეგორიულად მოვთხოვე ყველა ნაბიჯის გადადგმა იმისათვის, რომ საქართველოში და საქართველოს გარშემო საერთაშორისო დაძაბულობა ერთხელ და სამუდამოდ განიმუხტოს.

საქართველოს აქვს უპრეცენდენტო სამშენებლო გეგმა, რომელსაც ასევე უპრეცენდენტოდ ერთხმადა დაუჭირა მხარი და მოიწონა ევროკავშირის წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა, ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა.

ჩემო მეგობრებო, ბოლო წლებში მე და თქვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ.

ყველამ ერთად მოვახდინეთ სასწაული - დანგრეული, დაშლილი ქვეყნისგან ქართული სახელმწიფო ავაწყეთ.

ეს არის ქართული სახელმწიფო, რომელსაც აქვს უშიშროების სტრუქტურები, ჰყავს არმია, რომელსაც კარგად ფუნქციონირებადი აპარატი აქვს და საქართველოში უსაფრთხოებისა და წესრიგი დაიცვა შეუძლია და რაც მთავარია, სწრაფად მზარდი ქართული ეკონომიკა, სწრაფად მზარდი, თავისუფალი ბიზნესგარემო აქვს. ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ქვეყანა იმ უბედურებიდან ამომძვრალიყო, რომელშიც ვიყავით.

ახლა საქართველოს არც არეულობა სჭირდება და არც ძალადობრივი სცენარი; მით უმეტეს, არაფერში არ სჭირდება ის, რაც ჩვენს რეგიონებთან მიმართებაში ამჟამად ხდება.

ჩემო თანამემამულენო, ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო არასდროს არ შეეგუება მისი ტერიტორიის საუკეთესო ნაწილის მიტაცებას და იქ უცხოური ბატონობის დამკვიდრებას.

ქართველი ხალხი მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისა და ამ ტერიტორიებისთვის.

ეს ტერიტორია არც საქართველოს რომელიმე მოქმედ მთავრობას ეკუთვნის, არც პრეზიდენტს და არც თუნდაც მხოლოდ დღევანდელ თაობას.

ეს ტერიტორია ჩვენთვის არც ჩვენს რომელიმე მეზობელს მოუცია და არც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას.

ეს არის ტერიტორია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გვიანდერძეს და თითოეული ჩვენი თანამემამულისთვის, ეთნიკური წარმომავლობის მოუხედავად მისი ყოველი გოჯი არის წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელი.

მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მიწის ერთ გოჯსაც არ დავთმობთ არასდროს.

ჩვენ მშვიდობა და განვითარება გვინდა, გვინდა პატიოსანი და გამჭვირვალე ურთიერთობა ყველა მეზობელთან, ჩვენ არ გვჭირდება პრობლემები და არეულობა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სიმშვიდე და საქართველოს შემდგომი განვითარება უზრუნველყოფილი იყოს.

დღეს როგორც არასდროს, ყველა გამოწვევის ფონზეც კი, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა და სიწყნარე და კონსოლიდირებულად გავაგრძელოთ საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაცია.

ყველა ეს პროვოკაცია ჩვენი პოზიციების გაძლიერების პასუხია - ნუ მოვტყუვდებით, ჩვენ იმისთვის კი არ გვსჯიან, რომ რომელიღაც სტრუქტურაში გვსურს გაწევრიანება, ეს იმის გამო ხდება, რომ წარმატებით მივდივართ წინ.

სწორედ ამიტომ, ცდილობენ, რომ ეს სვლა შეაჩერონ;

ვძლიერდებით და სწორედ იმიტომ ცდილობენ ჩვენს შესუსტებას;

წარმატებებს ვაღწევთ და ამიტომ ცდილობენ, წარუმატებლობაში ჩაგვფლონ და პრობლემები შეგვიქმნან.

წარმატების მიღწევა კი გვსურს არა ვინმეს ჯინზე, არამედ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისა და ჩვენი შვილიშვილებისთვის.

ყოველივე ამას შემდგომი სამშვიდობო ინიციატივებით უნდა ვუპასუხოთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა გაეროში იმყოფება და სხვადასხვა დონეზე აქვს გამოსვლები; ჩვენი წარმომადგენლები ტურნეს ევროპაში აწყობენ, ზეგ გაიმართება შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და დავით ბაქრაძეს შორის, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოგვადგენს.

უახლოეს პერიოდში დიპლომატიას იმ მიმართულებით გავაგრძელებთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის ამ დღეებში მიღებული გარანტიები, შეუქცევადი და ძალიან მყარი გახდეს, რომ ამ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას არასდროს არავინ არ შეეგუება.

ეს სამუდამოდ უნდა ჩავიბეჭდოთ.

მჯერა, ჩვენი ხალხის გამძლეობის, გამბედაობისა და მშვიდობისმოყვარეობის.

მე თქვენი იმედი მაქვს, თქვენ კი საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდა იმის იმედი უნდა გქონდეთ, რომ ხიფათის თავიდან აცილებასა და ჩვენი ქვეყნის, როგორც საერთო მონაპოვარის შენარჩუნებას შევძლებთ.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)