Google+

სიახლეები

12.06.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქტერიოფაგს ესტუმრა

მინდა მოგესალმოთ ყველას.

საქართველოს აქვს ძალიან ცოტა ნავთობი და გაზი, საქართველოს ძალიან ცოტა საბადო აქვს, მათ შორის, ოქროს პატარა საბადო. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საბადო და სიმდიდრე არის ეს ინსტიტუტი და ის ინტელექტი, რომელიც ამ ინსტიტუტსა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებებშია, რომლის ხელახლა აღორძინება სულ ახლახან დავიწყეთ.

ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ამ სფეროში ეს ყველაზე უნიკალური ინსტიტუტია მსოფლიოში.

ეს არის ინსტიტუტი, რომლის პროდუქცია ჯერ კიდევ უცნობია ამ სფეროს ძალზე ბევრი სპეციალისტისთვის, მაგრამ რომელსაც აუცილებლად გაეცნობა ყველა.

პირადად მე ამ ინსტიტუტის პროდუქცია ბავშვობაში საკუთარ თავზე გამოვცადე, რადგან მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სწორედ ამ ინსტიტუტის ფაგების დამსახურებით გადავრჩი და ვარ ცოცხალი.

ასეთი ადამიანი მარტო საქართველოში ათობით ათასია.

ჩემი დიდი ბებია თამარ აბაშიძე ამ ინსტიტუტში 40 წელი მუშაობდა.

ის იყო ადამიანი, რომლის ბედი ისთივე ტრაგიკული იყო, როგორც ინსტიტუტის დამფუძნებლის პროფესორ ელიავას ბედი, მაგრამ მე ვამაყობ, რომ თამარ აბაშიძე რამდენიმე ფაგის გამოგონების ავტორი იყო.

იგი რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა, მაგრამ მახსოვს როგორ მუშაობდა ამ ინსტიტუტის ძალზე საინტერესო კოლექტივი.

მინდა გავიხსენო ისიც, რომ ამ ინსტიტუტის დამფუძნებელი დახვრიტეს, ჩემი დიდი ბებიის ძმაც დახვრიტეს, რომელიც პრფესორ ელიავას მსგავსად უცხოეთიდან 1936 წელს დაბრუნდა, ხოლო მისი მამა გულაგში გაანადგურეს.

ასეთი იყო ინტელექტუალთა, მეცნიერთა ბედი იმ ეპოქასა და პერიოდში.

ამის მიუხედავად, იმ ჯოჯოხეთურ პირობებში, ისინი ახდენდნენ სასწაულს და მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონებები ჰქონდათ.

ბავშვობაში, რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი მძიმედ დაავადებული - ვერც ერთმა ექიმმა ვერ დასვა ზუსტი დიაგნოზი და ვერც ერთმა წამალმა ვერ მომარჩინა.

მას შემდეგ რაც ჩემმა დიდმა ბებიამ მომკიდა ხელი, ამ ინსტიტუტის ფაგების წყალობით ერთ თვეში განვიკურნე.

ბაბუაჩემს, რომელიც ახლა ჯანმრთელია, რამდენიმე წლის წინათ განგრენა ჰქონდა.

ტრავმატოლოგიის ინსტიტუტში მას უთხრეს, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, რადგან დაავადება გვიან აღმოაჩინეს და ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები და სხვა პრეპარატები ავადმყოფობას ვერ მოერეოდა. გამოსავალს მხოლოდ კიდურის ამპუტაციაში ხედავდნენ.

ამ ინსტიტუტის სპეციალისტებმა ამ შემთხვევაშიც თქვეს, რომ ხელის მოჭრა საჭირო არ იყო და ამ ფაგების საშუალებით შეძლებდნენ მის განკურნებას. სწორედ ასეც მოხდა - იგი 3 კვირაში მოარჩინეს.

მე არც ამ სფეროს სპეციალისტი ვარ და არც მეცნიერი - ეს ჩემი პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებაა და არ მჭირდება იმის დამტკიცება რამდენად დიდი მნიშვნელობის სამეცნიერო პოტენციალი აქვს ამ ინსტიტუტს დანარჩენი მსოფლიოსთვის, კაცობრიობისთვის.

ეს ინსტიტუტი მრავალი წლის განმავლობაში იყო მიტოვებული და საბჭოთა პერიოდშიც კი უცნობი იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის.

საქართველოს ჰყავს უნიკალური სამეცნიერო კადრები, რომლებიც მივიწყებული და, სამწუხაროდ, ძალიან დაჩაგრული იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში.

ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა, რომ ძალიან ბევრ მეცნიერს დღესაც ძალიან დაბალი ხელფასი აქვს და ბევრი მათგანი საკუთარი პოტენციალის რეალიზებას ვერ ახეხებს.

ჩვენი მთავარი სიმდიდრე და მთავარი მომავალი მსოფლიო კონკურენციის პირობებში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკაში ორიენტირება საკმაოდ ძნელია, იმ პირობებშიც კი, თუ ბევრი ბუნებრივი რესურსი გაქვს, ახალი სამეცნიერო სკოლის შექმნას სჭირდება ათწლეულები.

ჩვენთვის დაუშვებელი შეცდომა და დანაშაული იქნებოდა დაგვეკარგა ის, რაც საქართველოს ტრადიციულად ჰქონდა - ჩვენი ინტელექტი, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი გამომგონებლები და ხალხი, რომელსაც შეუძლია საქართველო ღირსეულად წარმოაჩინოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოს საკუთარი ქვეყნისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ჩვენ ვზრდით მეცნიერების დაფინანსებას და ყოველწლიურად იქნება მკვეთრი ზრდა.

მომავალი წლისთვის სამეცნიერო სფეროების უმეტესობის დაფინანსებას, პრაქტიკულად, გავაორმაგებთ.

ამას გარდა, უნდა აღვადგინოთ წახალისების მექანიზმები და უნდა შევქმნათ ახალიც.

მე ყოველთვის მიზანშეუწონლად მიმაჩნდა სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების გაუქმება.

მინდა, რომ მთავრობამ ხელახლა შემოიღოს რუსთაველის პრემია და ორ წელიწადში ერთხელ ხელოვნებაში ლიტერატურაში და არქიტექტურაში მიღწეული წარმატებისთვის დააწესოს.

ასევე უნდა დაწესდეს ეროვნული პრემია, რომელსაც ორ წელიწადში ერთხელ მისცემს ქართული სახელმწიფო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებაში და რომელსაც ექნება ძალიან სოლიდური ფინანსური უზრუნველყოფა.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და ყველა დროის სხვა სახის წახალისება იმისათვის, რომ მეცნიერებს ჰქონდეთ სტიმული შექმნან, იმუშაონ, იღვაწონ, ხოლო ახალგაზრდებს ჰქონდეთ სტიმული უფროსების კვალდაკვალ მიყვნენ მეცნიერებას.

ასე უნდა გაიზარდოს ახალი სამეცნიერო კადრები.

საქართველოს მომავალი არის განათლებასა და განვითარებაში.

საქართველო, ამ მხრივ, უნიკალური ქვეყანაა და მას დღესაც ჰყავს მსოფლიო დონის მეცნიერები, მაგრამ საქართველოს ხვალ და ზეგ ბევრად მეტი უნდა ჰყავდეს, ამას ალტერნატივა არა აქვს.

ჩემი კურსი, საქართველოს განვითარების მთავარი გრძელვადიანი გარანტი არის სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება, რომელიც ეფუძნება განათლებას, წარმატებას განათლებაში, მეცნიერებასა და ინტელექტუალურ საქმიანობაში.

ეს არის მთავარი პროდუქტი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ უნდა შექმნას და რისი წყალობითაც ჩვენი ქვეყანა იქნება წარმატებული და გამორჩეული დანარჩენი ერებისგან.

ჩვენ შევქმენით ფონდი, რომელიც 200 მილიონ დოლარს დებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზის გაზრდასა და უნივერსიტეტის მოდერნიზაციაში.

ასევე შენდება რამდენიმე ახალი დიდი კერძო უნივერსიტეტი, რაშიც ძალიან დიდი ფული იდება.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მომავალ წელს მეცნიერების უმეტესი დარგების დაფინანსების გაორმაგებას ვაპირებთ.

მეცნიერება და განათლება საქართველოში ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხდება.

მინდა მადლობა მოვახსენო ჩვენს უცხოელ კოლეგებს მათი დახმარებისთვის, მათ შორის, ამ ცენტრის შენარჩუნებასა და აღორძინებაში.

ჩვენ ამ ესტაფეტას ავიტაცებთ თქვენგან და ბევრად უფრო მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ცენტრი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)