Google+

სიახლეები

18.08.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო მიმართვა თანამემამულეებისადმი

„ჩემო თანამემამულენო!

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველომ უმძიმესი გამოცდა გადაიტანა. მთელი ქართული საზოგადოება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აგრძელებს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ, ერთ-ერთ ყველაზე გმირულ და თავდადებულ წინააღმდეგობას, რომელსაც ჩვენს ისტორიაში პირველად მოყვა დანარჩენი მსოფლიოს აღფრთოვანება და დაფასება. ჩვენ დაგვესხნენ თავს. თავდასხმის მიზეზი, რა თქმა უნდა არ ყოფილა არც ცხინვალი და არც აფხაზეთი, თავდასხმის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბოლოს მოღება. მათი მიზანი იყო ქართველი ერის თავისუფალი სულის განადგურება, ქართველი ერის ფეხქვეშ გათელვა, საქართველოს მომავლის დასამარება და მთელი მსოფლიოსათვის ქართველების მაგალითზე ძალიან მწარე გაკვეთილის ჩატარება. ჩვენ მრავალდღიანი ინტერვენციის და ოკუპაციის შემდგომ ვითარებაში ვიმყოფებით. რუსული აგრესიისა და ოკუპაციის მთავარი მიზნები ჯერჯერობით მიუღწეველია. საქართველოს დედაქალაქი არ დაეცა, საქართველოს მთავრობა, განსხვავებით 1921 წლიდან, არ გაქცეულა, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის ყველა რგოლი ორგანიზებულად და მწყობყრად მუშაობს. ქართველი ხალხი არ გამოსულა და არ დაუმხია საკუთარი მთავრობა, არ მოუწყია პანიკა და აგრძელებს პასიური გმირული წინააღმდეგობის გაწევას მომხვდური, უცხო დამპყრობლის წინააღმდეგ. ჩემთან სხვადასხვა რეგიონების, ქალაქების მაცხოვრებლების ენით აუწერელი გმირობის შესახებ ასობით მაგალითი მოდის. ჩვენ ვართ ჩვენი დიდი გმირების შთამომავლები. ჩვენ ვართ ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, სამასი არაგველის და ბევრი სხვა ქართველი გმირის შთამომავლები. ჩვენ ვიცით და წარმოუდგენლად ბევრი გენეტიკური გამოცდილება გვაქვს დაგროვილი როგორ დავხვდეთ ჩვენზე ათასგზით უფრო ძლიერ მტერს. საქართველო ყოველთვის იყო მრავალრიცხოვანი მტრების სამიზნე, მაგრამ საქართველო ყოველთვის ახერხებდა გაძლებას, გადარჩენას და ჩვენ გადავრჩებით ახლაც. მე მინდა ყველას წინაშე ქედი მოვიხადო და დიდი მადლობა გითხრათ. მთელი მსოფლიოს დასანახად თქვენმა ამ წარმოუდგენელმა თავშეკავებამ და ღირსების დემონსტრირებამ აღაფრთოვანა ყველა თავისუფლებიმოყვარე ადამიანი მსოფლიოში. დღეს ამერიკულ და ევროპულ პოლიტიკურ განხილვაში მთავარი თემა საქართველოს მოვლენებია და ამას ექნება გრძელვადიანი ეფექტი, რაც სულ სხვანაირად შეცვლის ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ჩვენ ეს არ გვსურდა და არ გვიხარია, მაგრამ ეს აღმოჩნდა ჩვენი მტრისთვის ძალიან მოულოდნელი და ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი. მე მინდა მივმართო რუსეთიდან შემოსულ საოკუპაციო ძალას და მის მესვეურებს - თქვენი შემოსვლა თავიდანვე იყო უკანონო და ყველა საერთაშორისო ნორმის ფეხქვეშ გათელვა. საქართველოში თქვენი ყოფნის გაგრძელება არის უაზრო, უთავბოლო. თქვენი აქ ყოფნის ყოველი დღე ძალიან დამაზიანებელია თქვენივე მომავალი პესრპექტივისათვის. თქვენ თქვენს მიზნებს ვერ მიაღწევთ, საქართველო არ ჩამოიშლება, ამაში თქვენ უკვე დარწმუნდით. თბილისი არ დაიშალა, მთავრობა არ გაიქცა, საქართველოს ჯარი არც განადგურებულა და არც განადგურდება. რაც მთავარია, ქართველის სული არ გატეხილა და არც გატყდება. ერთადერთი, რასაც თქვენ უთავბოლო სიარულით, ძარცვით, ქურდობით, ნგრევით და აფეთქებით აღწევთ არის მთელი მსოფლიოს მრავალი თვით და წლით გაუცხოება თქვენი ქმედებებისგან და თქვენი ქვეყნისგან. საქრთველოს თქვენ დიდი ზიანი მიაყენეთ, მაგრამ ამის შემდეგ მეტს ვერც ვერაფერს დააკლებთ. თქვენს აქ ყოფნას, თქვენივე მიზნებიდან გამომდინარე, არანაირი აზრი აღარ აქვს. მე მოგიწოდებთ, რუსეთის ამ საუკუპაციო ჯარებმა დაუყონებლივ დატოვონ საქართველოს ტერიტორია. მე მოგმართავთ, მას შემდეგ რაც საქართველოს ტერიტორიას დატოვებს რუსეთის ჯარი, ამის შემდეგ დავიწყოთ ფიქრი შემდგომ მოლაპარაკებებსა და ურთიერთობების ფორმის ძებნაზე იმისათვის, რათა საბოლოოდ არ გავაუცხოოთ ერთმანეთისგან ჩვენი ქვეყნები. მაგრამ ახლა ოკუპაცია უნდა დასრულდეს. ახლა დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდეს საქართველოს ქალაქები, სოფლები და ყველეფერი უნდა გაიხსნას. ხალხს უნდა მიეცეს საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და რაც დარჩათ აღადგინონ, მოაწესრიგონ და იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით. ყოველი დღე თქვენი აქ ყოფნის, გარდა იმისა, რომ ანგრევს თქვენსავე პერსპეტივას, ვერაფერს აკლებს ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ ძალიან აზარალებს უდანაშაულო, უბრალო ადამიანებს. ამ ადამიანებსა მათ შთამომავლებზე დგას ჩვენი მომავალი ურთიერთობა და ნუ გადავკიდებთ მომავალ თაობებს ერთმანეთს. მე დიდი იმედი არ მაქვს თქვენი გულმოწყალეობის და ნამდვილად ამაზე არ ვაკეთებ გათვლას, მაგრამ მე მაქვს იმედი თქვენი პრაგმატიზმის და საღი აზრის. ვფიქრობ, დადგა დრო, თქვენც მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. საქართველო, რაც არ უნდა გააკეთოთ, არ გატყდება. საქარველო უკან არ დაიხევს, რისი გაკეთებაც არ უნდა განიზრახოთ მომავალში, საქართველო თავისი მიწის ერთ გოჯზეც კი არასოდეს არ იტყვის უარს. მეორეს მხრივ, საქართველო გახსნილია და თუ რამე სადაო საკითხი არსებობს, გადაიჭრას დიალოგის და ცივილიზებული ფორმით, მაგრამ ამის წინაპირობა არის საოკუპაციო ჯარის გაყვანა და საქართველოსთვის ზიანის მიყენების შეჩერება - საქართველოს დეოკუპაცია.

მინდა მოგმართოთ ჩემო თანამემამულენო! ჩვენ ბოლომდე გავიტანთ და აღვადგენთ ყველაფერს, ბოლომდე დავაყენებთ ჩვენს ქვეყანას ფეხზე და ავინაზღაურებთ რაც დაგვაკლდა. რა თქმა უნდა, არაფერი აანაზღაურებს დაღუპული ადამიანების სიცოცხლეს, მაგრამ ყველაფერ დანარჩენს ავინაზღაურებთ. ჩვენ ბოლომდე გავიმართებით წელში და ჩვენს დაუჩოქებელ და დაუმოჩილებელ ქვეყანას, რომელსაც ძალიან ბევრი უტრიალეს ამ ბოლო დღეებში, ბევრი არყიეს, მაგრამ ვერ წააქციეს, ფეხზე დავაყენებთ.

ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის - საქართველოს მფარველი! "


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)