Google+

სიახლეები

08.09.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კახეთის რეგიონში ახალი გუბერნატორი წარადგინა

მოგესალმებით ყველას!

მაქვს პატივი რომ შეგხვდეთ, წარგიდგინოთ ახალი გუბერნატორი, რომელსაც ზოგიერთი თქვენგანი უკვე იცნობს.

ასევე მსურს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გესაუბროთ.

საქართველომ მძიმე დღეები გადაიტანა და ჯერ კიდევ იმყოფება თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსევის, აგრესიისა და საფრთხის სტადიაში.

ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა თითქმის 80 ათას კაციანი ჯარი. შემოვიდა 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, ათასზე მეტი კი - ჩვენს საზღვრებთან იდგა.

ჩვენი ტერიტორია დაბომბა რამდენიმე ათეულმა, შესაძლოა ასეულმა თვითმფრინავმა, განხორციელდა 200 საბრძოლო გაფრენა; რეალურად, ეს იყო ჩვენი ხალხის მოსპობისა და განადგურების მცდელობა.

ამჟამად, საქართველოს ტერიტორიის მესამედზე მეტი რუსული სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

ამ შემოჭრის მიზანი დღესავით ნათელია - საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება, ქართველების წელში გატეხა, ჩვენი დამოუკიდებლობის, ღირსებისა და მომავლის ფეხქვეშ გათელვა, ქართველებისათვის და გარშემო რეგიონისათვის ერთხელ და სამუდამოდ ჭკუის სწავლება.

ჩვენმა ხალხმა წარმოუდგენელი გმირობა და გამბედაობა გამოიჩინა - ჩვენმა ჯარმა რამდენიმე დღის განმვალობაში მრავალგზის აღმატებული მტრის ძალა შეაკავა.

ამ შეტაკებისას ბევრი მებრძოლი დაგვეღუპა.

როგორც ყოველთვის, კახელები განსაკუთრებული გამბედაობით იბრძოდნენ.

ისევე როგორც ჩვენი ჯარი, მთელი საზოგადოება გმირულად იქცეოდა.

ამ დღეებში სასწრაფო დახმარების მუშაკების, ჩვეულებრივი მოქალაქეების საოცარი გმირობა ვნახე.

ვნახე როგორი სოლიდარობა იყო ადამიანებს შორის, როგორ შეიფარა ხალხმა დაზარალებულები.

კახეთში თითქმის 7 ათასი ადამიანი განთავსდა ოჯახებში - კახელებმა, უმეტეს შემთხვევაში, მათთვის სრულიად უცნობი ადამიანები ჩაიკრეს გულში; ზრუნვა გამოიჩინეს მოხუცებისა და ბავშვების მიმართ.

ასე გრძელდება დღესაც.

ქართულმა საზოგადოებრიობამ უმაღლეს დონეზე გამოხატა სოლიდარობა დაზარალებულთა მიმართ.

ასეთი რამ გაგვიკეთეს რუსებმა და საქართველოში არც ერთი რუსისა და არც ერთი ეთნიკური ოსის დარბევისა და შეურაცხოფის ფაქტი არ მომხდარა.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შემოსეულ ბარბაროსებს კულტურითაც ვჯობივართ და ცივილიზებულობითაც; ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ და, რა თქმა უნდა, ისინი დამარცხდებიან.

ამ პერიოდში მსოფლიომ ისეთი სოლიდარობა გამოგვიცხადა, როგორიც არასდროს არ გვქონია.

როდესაც ამ დღეებში საქართველოში მაღალი რანგის პირები ჩამოიდიოდნენ, ქუთაისში ხუმრობდნენ: დღეს ვინ გვითენებს ღამესო?

მართლაც ასეა - საქართველოს, რეალურდ, უამრავი ქომაგი და მხარდამჭერი გამოუჩნდა, საქართველო მარტო არ არის, თუმცა რუსეთს სწორედ იმის იმედი ქონდა, რომ ჩვენ მარტო აღმოჩნდებოდა.

რუსებს ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ - პროპაგანდა და კლიშე, მოსყიდული პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მთელ მსოფლიოში... მათ ფული ბევრი აქვთ, ჭკუა არ უშლით და საამისოდ არაფერს იშურებენ, მაგრამ ყველა გეგმა ჩაეშალათ.

ეს კონფლიქტები მივიწყებული და გაყინული იყო, მაგრამ დღეს მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული.

დღეს მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ეს მათი თემაა და არა უბრალოდ საქართველო-რუსეთის თემა.

საქართველო მსოფლიო პოლიტიკის ცენტრი გახდა.

ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ქვეყნებში სხვადასხვა პოლიტიკოსების პოპულარობისა და არაპოპულარობის საკითხი განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ საქართველოს მიმართ.

ყოფილა ასეთი რამ ჩვენს ისტორიაში? მაქსიმუმ, შაჰაბასის კარის ინტრიგებში მიგვეღო მონაწილეობა...

საქართველოს თემა დღეს მთავარი თემა გახდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ, არამედ, უპირველესად, იმიტომ, რომ აქ გადის თავისუფლების ზღვარი.

როგორც იქნება საქართველო, ისე იქნება დანარჩენი ევროპა და დანარჩენი მსოფლიო - ჩვენი ერთიანობით, ამას ყველა მიხვდა.

პირველივე დღეებში რომ ჩამოვშლილიყავით, თავს რომ დავსხმოდით ერთმანეთს, მარტივ მამრავლებად რომ დავყოფილიყავით, მაშინ იტყოდნენ, რომ ამათ შიდა პრობლემები აქვთ და ჩვენ ამ პრობლემებს ვერ გავარკვევთო.

ამ პერიოდში ყველა გაერთიანდა, ვინც არ გაერთიანდა ჭკუა ეყო და დაიმალა, ამისთვისაც მადლობელი ვარ, თუკი ვინმე არ დაიმალა და ღიად გამოვიდა საქართველოს წინააღმდეგ, მათი ხმა ჩვენი ერთიანობისა და სიძლიერის მორევში ჩაიკარგა.

რუსები თბილისზე არ წამოვიდნენ, რადგან მათ ნახეს, რომ საქართველოს მთავრობა არსად არ გაქცეულა და ქართველი ხალხი მზად იყო მედგრად შეენარჩუნებინათ საკუთარი სახელმწიფო.

იმ ღამეს რომ მასობრივად გაქცეულიყვნენ, მთავრობას შეშინებოდა და ხელი აკანკალებოდა (ამას ბევრი ვარაუდობდა კიდეც), გადაგვივლიდნენ - ისეთ აგრესიულ ხალხთან გვაქვს საქმე, რომ სისხლს გემო თუ გაუსინჯეს, აუცილებლად შეგჭამენ.

მათ ჩვენში ვერ ნახეს, ვერც შიში და ვერც უკან დახევა.

ჩვენგან მათ ნახეს როგორც ერთიანი წინააღმდეგობა, ისე ძალზე საინტერესო სამხედრო, დიპლომატიური და პოლიტიკური მანევრები. რაც ყველაზე მთავარია, მათ ნახეს ჩვენი განსაკუთრებული სულისკვეთება და გამძლეობა.

ეს ჩვენს ისტორიაში ჩაიწერება.

ამ მოვლენებმა ასევე განსაზღვრეს ჩვენი იდენტურობა მთელი მსოფლოს თვალში და მომავალი თაობებისათვის.

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა გადავარჩინოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არ დავუშვათ კრიზისი და გავაგრძელოთ განვითარება.

იცით, რატომ დაარტყა რუსეთმა პირველად კახეთს?

კახეთმა აღორძინება რამდენიმე წლის წინათ დაიწყრო.

კახეთს ჰქონდა 65 მილიონი ბოთლი ღვინის შეკვეთა, რაც ძალიან მდიდარ მხარედ გვაქცევდა.

თუ კახეთი მდიდარია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ძლიერია და კარგად იქნება, ამიტომ მოვიდა პირველი დარტყმა კახეთზე.

სამწუხაროდ, ჩვენს ეკონომიკას ახლაც უზარმაზარი დარტყმა მიადგა.

ჩვენ გვქონდა და გვაქვს 50 თვიანი პროგრამა.

რასაკვირველია, ყველაფერი ერთბაშად არ შესრულდება, რადგან ბევრი რამ სწორედ ამ დიდი აგრესიისა და დარტყმის გამო გადავადდა.

დღეს მთავარი საზრუნავი დაზარალებულების დახმარება და ფინანსური სისტემის გაძლიერებაა.

ჩვენ ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ - მილიარდ დოლარზე მეტს ვიღებთ ამერიკიდან, ჩემი ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე მილიარდი ევროპიდან და სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან შემოვა.

ეს საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი სავალუტო სისტემა იყოს მყარი, არ მოხდეს ის, რაც 1992 წელს მოხდა - ინფლაცია და ხალხის დანაზოგი ანაბრების განადგურება.

ეს ახლა ნამდვილად არ მოხდება, ამის გარანტია გვაქვს.

საქართველოში შემოჭრით, ეკონომიკური ზარალის თვალსაზრისით, რუსეთმა 3-ჯერ, 4-ჯერ მეტად იზარალა, ვიდრე საქართველომ; რუბლი 30 პროცენტით დაეცა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრმა მილიარდელმა და მრავალმა კომპანიამ შემოსავლის ნახევარი დაკარგა.

მათთვის ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

მათ გადაწყვიტეს, რომ შეხებოდნენ ყველაზე მთავარს - მსოფლიო წესრიგს და მსოფლიო სტაბილურობას.

არ მგონია, რომ ეს რუსეთს გრძელვადიანად აძლიერებდეს; არ მგონია, რომ მათ მილიარდებს საქართველოდან წაღებული ლეიბები, კარნიზები და კონდენციონერები ჩაანაცვლებს, აღარარფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე. სად გაიზარდა ეს ხალხი არ ვიცი, მაგრამ ეს არ შეცვლის მათ მიერ დაკარგულ მილიარდებს.

ჩვენი მთავარი პასუხი ჩვენი ეკონომიკის გადარჩენაა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

ეს არ იქნება მარტივი პროცესი. ეხლა პროცესი მიმდინარეობს გააფთრებულ რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. თუ ორი სამი თვის წინათ ევროპელი ელჩები ამბობდნენ: სად გვაქვს საქართველოს თავი, ჯერ ავღანეთისა და ერაყის პრობლემები უნდა მოვაგვაროთო, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პარტიის კანდიდატი ამაყობს, რომ მათი პრიორიტეტი ტერორიზმთან ბრძოლა და საქართველოს სალითხია.

ასევეა ევროპაშიც - შიდა პოლიტიკის მთავარი თემა საქართველოა. უკრაინაში ამ საკითხმა სამთავრობო კრიზისი გამოიწვია.

ამ გაჭირვებიდან ჩვენ ბევრად უფრო გაძლიერებული გამოვალთ.

საქართველოს დაქუცმაცებას არ დავუშვებთ - ჩვენი მიზანია ყველა ეთნიკური ჯგუფის საკეთილდღეოდ და მხარდასაჭერად ჩვენი ტერიტორიის დაბრუნება და საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება.

ამ ეტაპზე, უპირველესი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაა, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენას გულისხმობს.

ჩვენ წინ გვაქვს რთველი. ვიცი, რომ მოსავლის რაღაც ნაწილი ბუნებრივი მოვლენების გამო განადგურდა, ნაწილი კი - იმის გამო, რომ ბევრ თქვენგანს ვაზის მოვლის საუალება არ ჰქონდა.

წელს შევეცდებით, რომ პირდაპირი სუფსიდია მივცეთ მევენახეებს.

სახელმწიფო ფასებს ვეღარ დაარეგულირებს.

ხშირად მეკითხებიან ჩვენისაყვარელი კახელები: წელს რამდენად ჩაიბარებთ ყურძენსო?

მე ყოველთვის ვპასუხობ - სამწუხაროდ, სახელმწიფო ყურძენს დიდი ხანია აღარ იბარებს, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია აწარმოოს სწორი პოლიტიკა იმისათვის, რომ ხალხმა, მინიმუმ, ზარალი არ ნახოს.

ჩვენ გამოვყავით სუფსიდია - 25 თეთრი შავ ყურძენზე და 15 თეთრი თეთრ ყურძენზე.

ამის გარდა ბევრ სხვა ღონისძიებას გავატარებთ იმისათვის, რომ მევენახემ სარგებელი და მოგება ნახოს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ რთულ პერიოში ვართ - რუსული ბაზრიდან სხვა ბაზარზე უნდა გადავიდეთ.

საქართველო მსოფლიოს თვალში დიდი სიმპატიით სარგებლობს.

ამერიკას სამ მილიარდ დოლარიანი ღვინის ბაზარი აქვს, ხოლო რუსეთს - ორას ორმოცდაათ მილიონ დოლარიანი.

ალბათ ხვდებით, როგორი დონის ბაზრებზე უნდა გავიდეთ ჩვენ.

როდესაც ეს მოვლენები დაიწყო, ნიუ- იორკსა და ვაშინგტონში მაღაზიის გამყიდვლებმა მასობრივად თქვეს უარი რუსული არყის გაყიდვაზე.

ტელევიზიით ვნახე, როგორ გამოვიდა ამერიკაში გამყიდველი და როგორ ჩაასხა რუსული არაყი სანიაღვრეში.

მთავარი ის კი არ არის, რუსული არაყი გადაასხან, არამედ მთავარია ის, რომ ჩვენი ღვინო დაილიოს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, რომ ისინი ქართულ ღვინოს სიამოვნებით გაუკეთებენ რეკლამას თუნდაც საარჩევნო კამპანიის დროს, იგივე განაცხადეს რესპუბლიკელებმაც.

ჩვენ აუცილებლად გავალთ ამ ბაზრებზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკვე ვმუშაობთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე.

ეს არის პრეფერენციული შესვლა ამერიკულ ბაზარზე. ასეთი ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებს თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებთან აქვს დადებული.

ეს პრეზიდენტის ინიციატივა იყო და უახლოეს დღეებში ეს სქემა კონგრესშიც შევა.

ამ დოკუმენტს შემოდგომაზე მიიღებენ და რეალურად, ის იანვრიდან ამუშავდება.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დიდი პერსპექტივა გვაქვს.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ ევროპასთან.

ამ ბაზარზეც შევალთ როგორც ღვინით, ისე სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციით.

ჩვენი ამოცანაა მოვახდინოთ ჩვენი განვითარების კონსერვაცია.

ნავთობისა და გაზის უქონლობის პირობებში, ჩვენ ვიყავით ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მსოფლოში.

რუსეთის ფუნქცია ამ ახლად აშენებული ქვეყნის დანგრევა და მოსპობა იყო. ამის საშუალება მათ არ უნდა მივცეთ.

შემდეგი სამი-ოთხი თვე ყველაზე რთული იქნება, შემდეგი თვრამეტი თვე კი დაგვჭირდება. ამის შემდეგ ისევ სწრაფი ტემპით უნდა წავიდეთ აღმავლობისაკენ.

რა თქმა უნდა, ეს დაკარგული დროა, მაგრამ შემდეგ პერიოდში წინსვლა ბევრად უფრო მეტი იქნება, აქედან გამომდინარე, ეს დრო მთლად დაკარგული არ არის.

რაც შეეხება გიორგი ღვინიაშვილს, მას მაღალი თანამდებობა ჰქონდა პარლამენტში.

ჩემი სურვილია, რომ ის კახეთში დიდი ხნით ჩამოვიდეს.

ამ რეგიონში მისი დიდი ხნით მუშაობა დამოკიდებული იქნება მის წარმატებებზე.

კახეთის წარმატებას საქართველოს წარმატებისათვის გადამწყვეტი ფუნქცია აკისრია.

ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ უმუშევრობა, ერთად უნდა გავზარდოთ შემოსავლები და მოვსპოთ სიღარიბე.

„საქართველო სიღარიბის გარეშე" - საბოლოოდ ეს ჩვენთვის მთავარ ლოზუნგად რჩება.

თუ ამ რამდენიმე მილიარდს კარგად ავითვისებთ და ამ თანხაში გავითვალისწინებთ გომბრის გზას, ავტობანს ფოთამდე, ახალი ჰიდროელექტროსადგურებისა და ელექტროგადაცემი ხაზების მშენებლობას, ყოველივე ეს საქართველოს განვითარებულ ევროპულ ქვეყანად აქცევს.

მაშინ ყველა შეძლებს იმის თქმას, რომ ეს ტერიტორია ჩვენია და გაგრძელდება რუსული იმპერიალიზმის უკუსვლა.

ის, რომ ჩვენ ასე გვიპირისპირდებიან და მე ათასგვარ სახელს მიწოდებს ხან ერთი და ხან მეორე პრეზიდენტი, ეს სიძლიერის ნიშანი არ არის.

თუ ადამიანს ასჯერ უწოდებ გვამს და იგი კვლავ ჩვეული რეჟიმით აგრძელებს ცხოვრებას, ან თვალს გაკლია, ან ძალა არ შეგწევს, ამის გასაკეთებლად.

მათ საქართველოს პრეზიდენტის კი არა, მთლიანად საქართველოს მოშორება სურდათ.

ეს ვერც შაჰაბასმა, ვერც თემურ ლენგმა, ვერც აღა-მაჰმად-ხანმა და კიდევ უფრო საშინელმა დამპყრობლებმაც ვერ შეძლეს - ამას ვერც ეს აგრესორები მიაღწევენ.

მათ არც საკუთარი ქვეყნის ისტორია იციან და მით უმეტეს, არც საქართველოსი.

საქართველო განსაკუთრებული ისტორიის მქონე ქვეყანაა.

ჩვენმა ქვეყანამ თემურ ლენგის შემოსევებს რამდენჯერმე გაუძლო. მონღოლებმა მრავალი ცივილიზაცია მოსპეს.

საქართველო ადრეც იდგა ევროპის სადარაჯოზე და დღესაც მზად არის გაუძლოს დამპყრობლებს და დადგეს ფეხზე.

მათ ჩვენ ვერ დაგვაჩოქეს. მაშინ კი, როდესაც დაჩოქილი არც ყოფილხარ, ფეხზე დადგომა და წელში გამართვა გაცილებით ადვილია.

მინდა, რომ ყური მივუგდოთ, დავუჯეროთ და ვენდოთ ერთმანეთს. მაშინ ნამდვილად ყველაფერი ისე იქნება, როგორც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა თქვა - ყველაფერი კარგად იქნება.

ასე გავაგრძელოთ, ვიმუშავოთ, ჩვენ ბოლომდემხარში ამოგიდგებით.

კახეთი ჩვენი სიამაყეა, კახეთი ჩემი სიამაყეა და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიყვარხართ ყველანი, ჩემო ძვირფასებო!

მეც და ჩემი მეგობრებიც მზად ვართ თქვენთვის გავწიროთ ყველაფერი, რაც გვაბადია სიცოცხლის ჩათვლით.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)