Google+

სიახლეები

01.10.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტებს შეხვდა

მოგესალმებით!

რამოდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ვიყავი, მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ბევრად უფრო ფართომაშტაბიანი გაეროს ხდომა, ვიდრე ოდესმე.

მსურს რამოდენიმე სიტყვა გითხრათ იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან - ვანო მერაბიშვილთან ერთად განვიხილე.

ბუფერულ ზონებში უსაფრთხოების საკითხი ჯერ კიდევ მწვავედ დგას, სწორედ ამიტომ სახლების აღდგენის საკითხი შინაგან საქმეთა მინისტრს ჩავაბარეთ.

ზამთრის დადგომამდე, 6 ათასამდე კომფორტული სახლი, თავისი სოფლის მეურნეობის სამუშაოებისათვის შესაბამის პირობებით, უნდა ავაშენოთ. ხელი უნდა შევუწყოთ განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და დასაქმების სფეროებს.

ჩვენი მიზანია - პირველ რიგში მივხედოთ დაზარალებულებს, ეს არის ჩემი მთავრობის და პირადად ჩემი პრინციპის საკითხი.

ამ აგრესიის შედეგად, ეკონომიკას ძალიან დიდი ზარალი მიადგა.

კარგად ვიცი, ჯერ კიდევ რამდენი უმუშევარია.

ჩვენ ღირსების საკითხია განვავითაროთ ეკონომიკა და არ გავახაროთ მტერი.

ჩვენ ვიღებთ დახმარებას, თუმცა ზოგი გვიან ჩამოდის, ზოგიც ადრე, მაგრამ მთავარია, რომ საკუთარი ხელებით ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ეკონომიკა. უნდა შევებრძოლოთ კორუფციას, უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო, შევქმნათ ბევრად მეტი სამუშაო ადგილები, ავითვისოთ მეტი პროფესია.

რაც უფრო მეტი ქართველი დაბრუნდება საქართველოში, მოხარული ვიქნები.

ზაფხულში, როცა ამხელა გაავებულმა ძალამ ჩვენი განადგურება მოინდომა, მნიშვნელოვანი იყო, რომ არ დავრჩენილიყავით მარტო.

რაც შეეხება ჩემს უცხოეთში მოგზაურობას, ყველას კარგად გვესმის, რომ

ამ კონტაქტების გარეშე, ჩვენ დღეს აქ ვერ შევიკრიბებოდით. 12 აგვისტოს მერე, ამ კაბინეტში და ამ დადაქალაქში ჩვენთვის ბოლო საღამო იქნებოდა.

ის ფაქტი, რომ რუსებს საქართველოს აღება უნდოდათ, ეს არცერთ ანალიტიკოსში ეჭვს აღარ იწვევს.

სამწუხაროდ მინდა ვთქვა, რომ რუსებს აქვთ ორი მთავარი ამოცანა შეუსრულებელი - მათ ვერ დაამხეს საქართველოს მთავრობა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღსასრულს ნიშნავდა, ასევე შუა აზიიდან და კასპიის ზღვიდან ვერ გააკონტროლეს ნავთობსადენები.

მათ მთელ სამეზობლოში ცუდად წაუვიდათ საქმე. დღეს არცერთი სახელმწიფო არ გრნობს თავს კომფორტულად რუსეთის გვერდით, ყველა მათგანს თვალი გაქცევაზე აქვს.

პრაქტიკულად, რუსეთს მსოფლიოში და უკვე არც სამეზობლოში ნამდვილი მეგობარი აღარ ჰყავს.

ჩვენ დიდი იმედგაცრუება დავახვედრეთ რუსეთს - ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია და ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე. (თუმცა ჩვენს ეკონომიკაში ჯერ კიდევ დიდი პრობლემებია)

რუსეთის ეკონომიკა ამ დაჯახების შედეგად ჩამოიშალა. უძრავი ქონების ფასები დაეცა ოთხჯერ, აღარ ვლაპარაკობ გრძელვადიან რეპუტაციაზე, რომელიც მათ შეელახათ და აღარ ვსაუბრობ არც ინფლაციაზე. საქართველოში არ ყოფილა არც სავალუტო კრიზისი, არც ბანკებიდან ფულის პატიკური გატანა და არც პროდუქტების პანიკური შესყიდვები. საქართველოში ეკონომიკა არათუ ჩამოიშალა, არამედ ამ სირთულეების მიუხედავად, ბიუჯეტის გაზრდაც მოახერხა.

მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანაში შეიცვალა არის ის, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა სტაუბილურია, ხელისჩაკიდების სურათმა მთელი მსოფლიო მოიარა.

მე ვიყავი ამერიკაში, ყველამ კარგად იცით, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, ერთადერთი უცხოელი ლიდერი, რომელსაც ისინი ტელევიზიებში სალაპარაკოდ იწვევდნენ, ვიყავი მე.

ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე ვინმეს მოვწონვარ, უბრალოდ, საქართველო ყურადღების ცენტრშია.

ქართული საზოგადოება ამ სირთულეებისათვის მზად აღმოჩნდა.

მახსოვს, ორი სამი წლის წინ, როდესაც უცხოურ გაზეთებში საქართველოს შესახებ წერდნენ, ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტს, რომ საქართველო იყო კორუფციით სავსე, გაღატაკებული, განადგურებული ინფრასტრუტურის მქონე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა.

ახლა კი, მსგავსი რამ აღარ იწერება. ჩვენ კორუფცია ამოვძირკვეთ, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, სიღარიბე ჯერ კიდევ არსებობს, ასჯერ მეტი გვაქვს ასაშენებელი, მაგრამ საქართველო არ არის იმ უიმედო ქვეყნების რიცხვში, სადაც მყარად გვქონდა ფეხი მოკიდებული.

ამ ომმა აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარების დონით ერთ-ერთი ყველაზე მომწიფებული საზოგადოებაა.

დღეს ქართული პოლიტიკა სულ უფრო ხდება ცივილიზებული პაექრობის სფერო.

მივესალმები იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა აქციურად ჩაერთო დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის განხორციელებაში.

მივესალმები იმას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხვდება არასამთავრობო სტრუქტურებს, ოპოზიციას, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, ღიად მსჯელობს რეფორმებზე, ეს არის ზუსტად ის , რისი წახალისებაც მე ყოველთვის მსურდა.

მივესალმები იმას, რომ საზოგადოებისათვის მართლაც საინტერესო თემებზე ისტერიულ ლანძღვას, არგუმენტირებული კამათი ჩაენაცვლა. რაც მთავარია, ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება. ყვირილი და ისტერია ჩაკარგულია სერიოზულ დებატებსა და კამათში.

ჩვენში, თქვენში, პარლამენტში, მთავრობასა და ხალხში არის სიბრძნე, რომ საზოგადოება წაიყვანონ წინ და ეს რთული საკითხები ყველამ ერთად გადავლახოთ. რომ გითხრათ რაიმე დამთავრდა, ეს ასე არ არის. ჩვენ დაახლოებით ვიმყოფებით იქ, სადაც ბალკანეთი იყო 1991 წელს. როცა პირველად დაიწყო ბალკანეთის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც მსოფლიო იყო ცივი ომის ყველაზე რთულ წლებში, როცა ყველაფერი იყო დიდი რისკის ქვეშ. ახლა მსოფლიო დიდ მოძრაობაშია მოყვანილი.

ამ დიდ მოძრაობას აქვს დიდი რისკი პატარა ქვენებისათვის, მაგრამ ასევე დიდი შესაძლებლობებიც, თუ რასაკვირველია, ამას სწორედ გამოვიყენებთ.

საქართველო ახლა დიდი წიგნის მთავარი გმირია, ჩვენ ჯერ-ჯერობით ამ წიგნის პირველი გვერდი გვაქვს გადაფურცლული. თუ ვინმეს ჰგონია, რომ წიგნი დამთავრდა, ძალიან მწარედ ცდება.

ჩვენზეა დამოკიდებული, ამ წიგნს ექნება ბედნიერი დასასრული, თუ, დასრულდება არცთუ ისე კარგად.

ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით და მოვემზადოთ გრდელვადიანი მშვიდობიანი ბრძოლისათვის.

ეკონომიკა უნდა განვითარდეს, საქართველოს არაკეთილმოსურნე უნდა მოსუსტდეს, ჩვენ ყველა ჩვენისაკითხი უნდა გადავწყვიტოთ. ეს ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა.

ჩვენი საზოგადოება უნდა ცხოვრობდეს უკეთესად, უნდა იყოს წარმატებული, სიძნელეები უნდა გადავლახოთ. რაიმე კატასტროფულ გართულებას საბედნიეროდ აღარ ველი, თუ რა თქმა უნდა მსოფლიო ეკონომიკა არ ჩამოიშალა, ჩემი პროგნოზით, ეს ასე არ მოხდება.

და ბოლოს, ეხლა ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩემი ვიზიტის უმეტესი დრო გავატარე წამყვანი ტელეკომპანიების ეთერში.

ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ ამერიკის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა ათ- ათი წუთი დაუთმეს საქართველოს. ერთადერთი საკითხი, რაშიც ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და რაშიც ისინი ერთმანეთს ეთანხმებოდნენ, იყო საქართველო.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ის ფაქტი, რომ ისინი ამბობდნენ, რომ მე მიჭერდნენ მხარს, მაგრამ მთავარია, რომ ისინი მხარს უჭერდნენ საქართველოს. მთავარია მათ ესმით, რომ ეს ბრძოლა მათი გამოწვევა და მიზანია.

ჩვენ აქამდე, მრავალი წლის განმავლობაში, ამ უთანასწორო ბრძოლაში ვიყავით მარტო.

ტელეკომპანია „რუსთავი-2" ნათია ბანძელაძე

შეკითხვა: "რამდენად არის დამოკიდებული მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნება, სწორად გატარებულ რეფორმებზე და არის თუ არა რეალურად კონტროლი ამ რეფორმებზე და ამ კონტროლის შედეგად შევინარჩუნებთ თუ არა ამ დიდ მხარდაჭერას, რომელიც რეალურად ვიგრძენით და არ უნდა დავკარგოთ. ?"

მიხეილ სააკაშვილი:"კონტროლი ნებისმიერ რეფორმაზე საზოგადოების მხრიდანუნდა იყოს, ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი.

ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი დებატები იმის გამო,რომ საზოგადოება კიდევ უფრო წინ წავიდეს. ჩვენ დავანგრიეთ კორუფციული სისტემა. პატრული ქრთამს არ იღებს იმიტომ კი არა,რომ მას უფროსის ეშინია, არამედ იმიტომ,რომ მას საზოგადოების მხრიდან აქვს პატივისცემის, ღირსებისა და კონტროლის განცდა. კორუფციისგან გათავისუფლებულია სასამართლო. ერთ-ერთმა მოსამართლემ მითხრა,რატომ ხსნით ამ სისტემას,როდესაც ჩემზე ერთგული მოსამართლე არ გეყოლებათო, მექრთამე მოსამართლეზე მეტი ერთგული მოსამართლე არც ერთ პრეზიდენტს არ ჰყავს,

მაგრამ იმ მოსამართლისთვის არაფერი იყო ის,რომ საზოგადოება იჩაგრებოდა. ეხლა ჩვენ გვინდა,რომ მოსამართლემ არ აიღოს ქრთამი და თავისი ღირსებით გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი,

სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე, პროკურატურაში ისეთი სისტემის შემოტანაზე,რომელიც დაექვემდებარება საზგადოების კონტროლს.

ვთვლი,რომ ყველგან კარგ ადამიანებს ვნიშნავ,მაგრამ შეცდომა ბევრჯერ მომსვლია.

ქართული საზოგადოება ნამდვილად დემოკრატიულია,თბილისში იანვრის არჩევნები დიდი უპირატესობით წავაგე, მაგრამ მიუხედავად ამისა მძიმე დღეებში ყველა გარეთ გამოვიდა და გამოიჩინა სოლიდარობა.

არადემოკრატიული საზოგადოება ამის გამკეთებელი არ იყო. ის, რომ პოლიტიკური სპექტრის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ნაწილმა მოახერხა ერთად დაჯდომა, ანტიკრიზისული საბჭოს ამუშავება, ოპოზიცია ისევ აკრიტიკებს მთავრობას, მაგრამ არა ისე,რომ ყოველ ნაბიჯზე ჩვენს გადადგომას ითხოვს,ის გვაკრიტიკებს და გამოხატავს თავის აზრს. საქმე აღარ დგას შემდეგნაირად,"ეს მთავრობა თუ წავიდა მისი შემცვლელი იქნება სრული კატასტროფა",არ დაგიმალავთ, რომ იანვარში მქონდა ასეთი განცდა. ჩემი გადმოსახედიდან ალტერნატივა იყო ძალიან შემაძრწუნებელი,მათ არც გამოცდილება ჰქონდათ და არც პასუხისმგებლობის გრძნობა. სახელწიფო, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული საზოგადოება, ის სრულფასოვანი სახელმწიფო ვერ იქნება.

ტელეკომპანია „იმედი" დიანა ტრაპაიძე

შეკითხვა: ადამიანები,რომლებიც გუშინ იყვნენ მთავრობის წევრები,დღეს თქვენ გაკრიტიკებენ, ეროსი კიწმარიშვილი,ზურაბ .ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე. რას უპასუხებთ მათ?"

მიხეილ სააკაშვილი : "მე არ შემიქმნია კლანი,ვთქვი,რომ საქართველოში არ იქნება ჩაკეტილი წრეები. ასევე ვთქვი,რომ ხალხი შეფასდება შედეგების მიხედვით. თუ საზოგადოებას მიაჩნია,რომ ადამიანი ბოლომდე ვერ ართმევს თავს თავის მოვალეობას, ის სამთავრობო ბერკეტების მფლობელი ვეღარ იქნება. ეს არის ჩვენი სიძლიერე. როდესაც ადამიანი მთავრობიდან მიდის ის ბრაზდება. მე თავის დროზე წავედი თანამდებობიდან არა იმიტომ, რომ მომხსნეს, არამედ თავად წავედი, მაგრამ მაშინაც არ გავმწარებულვარ. ჩვენამას უნდა შევეგუოთ. მთავრობა კონსოლიდირებულია როგორც არასდროს. პარლამენტში ოპოზიციასა და მთავრობას შორის არის ჯანსაღი ოპონირება. მე ასეთი ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა არ მახსოვს საქართველოში. ასევე ჯანღასია ის ფაქტიც, რომ როცა ადამიანები ვერ პოულობენ ამ სისტემაში ადგილს, იყვნენ გაქრაზებულები, ესეც ჯანმრთელობის უტყუარი ნიშანია. ყველაზე საშინელება არის მაშინ, როცა მთავროქაში არის ინტრიგები, გარეთ გამოსვლა და განცადებების კეთება. ეხდა ჩვენ შევქმენით სწორი სისტემა, სანამ ამ მთავრობაში ხარ, სანამ არაოკრუმპირებული ხარ და ქვეყნისათვის მოგაქვს შედეგი, ყველანი ერთად ვართ და ვაკეთებთ საქმეს, ჩაითვლება რომ არ ხარ მოწოდების სიმაღლეზე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. დემოკრატიაა, შემდეგ არჩევნებზე ხალხი თვითონ გადაწყვეტს თავით ბედს. დღეს მქონდა საინტერესო შეხვედრა დავით ბაქრაძესთან, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე,რომ მედიაში იყოს რაც შეიძლება მეტი დებატები მეტი გამჭვირვალებისათვის, რაც მეტი გამჭირვალეობა იქნება, საქართველო წავა წინ"

ტელეკომპანია „ საზოგადოებრივი მაუწყებელი" სოფო მდინარაძე

შეკითხვა: "თუ რუსეთმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და არ გავიდა საქართველოს ტერიტორიიდან 10 ოქტომბრამდე რა საფრთხეები ელის საქართველოს და რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველო და ევროპა. მოდის ზამთარი, ჩვენ მივიღეთ დახმარება, მაგრამ ეყოფა თუ არა ეს დახმარება დევნილების დაბინავებას? "

მ.სააკაშვილი: "რაც შეეხება დევნილების დაბინავებას, მიწა რომ გასკდეს მათ ზამთრის დადგომამდე ექნებათ გამთბარი სახლი, ეს არის ჩემი პრინციპი და ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ.

რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ ვლაპარაკობთ არა ცივილიზებულ ქვეყანაზე, არამედ ყაჩაღზე, ოკუპანტზე, აგრესორზე. საბჭოთა ლიდერები ლაპარაკობდნენ მშვიდობაზე და ძმობაზე. იმედია რუსეთი აღარ იქნება ასე დიდხანს, რადგან არღერთმა ასეთმა არგესორმა დიდხანს ვერ გატანა.

ისინი იპყრობდნენ სხვა ქვეყნებს, მაგრამ ძირითადად ლაპარაკობდნენ ასეთ კარგ რაღაცეებზე. რუსები ლაპარაკობენ შეიარაღებაზე, მეზობელი ქვეყნების თავდასხმაზე და იმაზე, თუ როგორ უტირონ დედა მთელ მსოფლიოს. რუსეთი ძალიან "პოპულარულია" იმიტომ,რომ აკეთებს იმას,რაზეც საუბრობს. მან თქვა,რომ გასრისავს საქართველოს,ასეც მოიქცა, თუმცა საქართველო არ გასრესილა. სანამ ჩვენ ვართ ოკურიპებული, ეს ბრძოლა არ არის დამთავრებული. ჩვენი გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ისინი წავლენ იქიდან საიდანაც შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ყველაფერი დანარჩენი არის დროის, ტექნიკის, კონსოლიდაციისა და წარმატუბული განვითარებისა და მწვიდობიანი გაერთიანების საკითხი. მან თქვა,რომ რუსეთის ატომური გემები ჩავლენ ვენესუელაში,ისინი ჩავლენ, თუმცა შეიძლება ბევრმა გემმა ვერ ჩააღწიოს. ნუ გვექნება ილუზია, რომ რუსეთს რაიმე კეთილი განზრახვები ექნება, რუსეთი იმოქმედებს იმდენს, რამდენსაც მასზე საერთაშორისო თანამეგობრობა მოახდენს ზემოქმედებას. ყველაფერი გავაკეთე რუსეთთან მეგობრობის აღსადგენად,მაგრამ უშედეგოდ. ისინი ელოდებოდნენ იმ მომენტს, როდესაც ექნებოდათ საკმარისი ფული ნავთობიდან, საკმარისად დაშანტაჟებული ეყოლებოდათ თავიანთი ენერგომატარებლები. ამერიკაში იქნებოდა ადმინისტრაციის ბოლო თვეები, მათ ჯერ უნდოდათ საქართველოს შიგნიდან დანგრევა,თუმცა ვერ მოახერხეს, ამის შემდეგ კი დაიწყეს აგრესია. ამით მიიღეს საწინააღმდეგო შედეგი, დააკვირდით და ნახავთ, რომ მათ სახეზე კმაყოფილება არ ახატიათ. თუმცა ეს არ არის ჩვენი საფიქრალი.

ჩვენთვის მთავარია ჩვენ ვიყოთ კმაყოფილები, წარმატებულები, ჩვენ შევქმნათ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მოდელი. ეს არის ჩვენი ამოცანა".

დიდი მადლობა მობრძანებისათვის.

მომავალ შეხვედრამდე!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)