Google+

სიახლეები

31.03.2005
უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტების ვიქტორ იუშჩენკოსა და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი მიმართვა ყირგიზი ხალხისადმი

ძვირფასო ყირგიზებო!

უკრაინელი და ქართველი ხალხის სახელით, თქვენ - ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ყირგიზ ხალხს გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობის სიტყვებით მოგმართავთ.

მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს მღელვარებითა და თანაგრძნობით ადევნებს თვალყურს, რადგან მათ კარგად იციან, თუ რას ნიშნავს საკუთარი თავისუფლების, ღირსებისა და უფლებებისთვის ბრძოლა.

რევოლუციურმა მოვლენებმა თქვენს ქვეყანაში ცხადყო, რომ მსოფლიოში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები რეალურად არსებობს, რომელიც დამოკიდებული არ არის გეოგრაფიაზე, ეროვნებასა თუ რელიგიაზე.

ამ მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ ჩვენს სამ ქვეყანაში არჩევნები მხოლოდ საბაბი, ბოლო წვეთი იყო, რომელმაც ხალხის მოთმინების ფიალა აავსო და მას ამბოხებისკენ უბიძგა.

დაბოლოს, ტიტების რევოლუციამ ცხადყო, რომ რევოლუციების ექსპორტი შეუძლებელია. ისინი მხოლოდ იქ ხდება, სადაც ამის ობიექტური წინაპირობები არსებობს.

ჩვენი განზრახვა არ არის რომელიმე მხარეს მივემხროთ. ყირგიზი ხალხი ქვეყანაში ხელისუფლების ძირითადი წყაროა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენივე ბედის გადაწყვეტა.

ჩვენ გვსურს მხოლოდ ჩვენი ხალხის გამოცდილებით დაგეხმაროთ, რათა მშვიდობიანი და ცივილური ფორმით ნამდვილი დემოკრატიისკენ მიმავალი რთული გზა გაიაროთ.

საქართველოსა და უკრაინაში რევოლუციების დროს ჩვენს თანამოქალაქეებს უკვირდათ საკუთარი თავის და ამაყობდნენ იმით, რომ მათ შესძლეს დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაბრუნება ერთი წვეთი სისხლის გარეშე. მათ ხშირად ესმოდათ სიტყვები: "მთელი მსოფლიო აღფრთოვანებით გიყურებთ! იყავით ამ პატივის ღირსი".

ჩვენ იგივე სიტყვებით მოგმართავთ: "მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ". ჩვენ ღრმად გვწამს და ვიმედოვნებთ, რომ ყირგიზი ხალხი თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურით შექმნილი რთული მდგომარეობიდან ღირსეულად შეძლებს გამოსვლას.

18 თვის წინ თბილისის ქუჩებში გამოსული ხალხი ამბობდა: "საქართველო ერთიანი ქვეყანაა!" ერთი წლის შემდეგ კი, ხმამაღალი შეძახილები კიევის ქუჩებშიც გაისმა: "აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთადაა". დაე, ბიშკეკის ქუჩებში დღეს ამ სიტყვებმა გაიჟღეროს: "ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთადაა!"

იყავით ერთად. დაე, მეზობელმა მეზობელს მეგობრობის ხელი გაუწოდოს. დაე, პოლიცია ყოველთვის ხალხის მხარეს იდგეს. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთეს, სიყვარულს და მოთმინებას. დაეხმარეთ თქვენს ახალ ხელისუფლებას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჩამოაყალიბეთ.

უკრაინამაც იცის და საქართველომაც, თუ რამდენი რამ გააკეთა ყირგიზეთში მშვიდობის აღსადგენად ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ძალისხმევას. ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ, რათა კრიზისის დაძლევის ლეგიტიმური, კონსტიტუციური გზა ვიპოვოთ.

ჩვენ გვჯერა, რომ დამდეგ არჩევნებზე ყირგიზი ხალხი თავის სიტყვას იტყვის, რომელიც წმინდა და გადამწყვეტი იქნება.

მანამ კი, მოგიწოდებთ, რომ ერთმანეთის მიმართ ნდობა აღიდგინოთ და საყოველთაო ეროვნული შერიგებისკენ მიმავალი გზები იპოვოთ. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა და თქვენი შვილების მომავალის დაცვა!

ჩვენ გვწამს თქვენი! ჩვენ მხარს დავუჭერთ თქვენს ყველა ძალისხმევას ამ მიზნის მისაღწევად! უკრაინა და საქართველო თქვენს გვერდით არიან!

მიიღეთ ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები უკრაინელი და ქართველი ხალხისგან.

ვიქტორ იუშჩენკო

მიხეილ სააკაშვილ


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)