Google+

სიახლეები

22.08.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი ზღვისპირა კურორტი ანაკლია საზეიმო ვითარებაში გახსნა

უპირველეს ყოვლისა, მსურს ანაკლიის გახსნა მოგილოცოთ.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდი თვალს ტელევიზორს და დავაკვირდი, აცხადებდნენ - „განახლებული ანაკლია".

ეს არ არის განახლებული ანაკლია - ეს ახალი ანაკლიაა, შავი ზღვისპირეთის ახალი, ყველაზე ლამაზი კურორტი ყველაზე კარგ ადგილზე, საქართველოშიც და ევროპაშიც.

ხუთი წლის წინათ, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად, საზღვაო საზღვრებს ვათვალიერებდი, როდესაც ანაკლიის ნაპირიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით კატარღას ძრავი გაუფუჭდა. არ ვიცოდით რა გვექნა, რადგან ე.წ. სამშვიდობოებთან ძალიან ახლოს ვიმყოფებოდით, რომლებიც მაშინ უკვე ოკუპანტის ფუნქციას ასრულებდნენ. ვიდექით არაკონტროლირებადი ტერიტორიის გასწვრივ და ვფიქრობდით ვერტმფრენები გამოგვეძახა, ნაპირამდე გამოგვეცურა თუ დავრჩენილიყავით და დავლოდებოდით როდის გავაკეთებდით ძრავს ჩვენივე ძალებით. სწორედ ამ დროს, ადგილობრივი მეთევზეების (სხვათა შორის აქ მთელ ზღვისპირეთში საუკეთესო თევზია) ორი ნავი მოგვადგა, მათ დახმარება შემოგვთავაზეს და ნაპირზე გადმოგვიყვანეს.

სწორედ მაშინ მოვხვდი პირველად ანაკლიაში და ეს ადგილი დანახვისთანავე შემიყვარდა.

მინდა ვაღიარო, რომ მანამდე ანაკლიაზე არაფერი მსმენოდა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ზოგადად, ასეთი დასახლებული პუნქტი რუკაზე იყო.

არ შეიძლება ანაკლია არ მოგეწონოს და არ შეგიყვარდეს. აქ ყველაზე კარგი კლიმატია შავი ზღვისპირეთის მასშტაბით. ჩვენ საქართველოს ყველა ადგილი გვიყვარს, მაგრამ კლიმატის თვალსაზრისით ეს საუკეთესო ადგილია.

დღეს საშუალება მქონდა ჩვენს დეპუტატებთან, მინისტრებთან, ჩვენ ადგილობრივ მეგობრებთან ერთად ზღვაში გაგვეცურა და კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რომ ანაკლიაში განსაკუთრებულად სასიამოვნო ზღვაა.

ამას გარდა, აქ არის ენგურის ულამაზესი შესართავი, მწვანეში ჩაფლული კუნძულებითა და ტბებით, ასევე ულამაზესი ბაღები, რომლებიც წალკოტს მოგვაგონებს.

თუმცა ანაკლიის, სამეგრელოს და მთელი საქართველოს მთავარი საგანძური წარმოუდგენლად ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ენთუზიაზმით და სიყვარულით აღსავსე ხალხია და, უპირველეს ყოვლისა, ამ ხალხის წინაშე ვიხრი ქედს.

მე ვნახე აქ მომუშავე ადამიანების ანთებული თვალები. ძალიან ხშირად ჩამოვსულვარ აქ, ძალიან ხშირად ვაკვირდებოდი ამ მშენებლობებს და მართლაც, „პრარაბივით" ვადექი-ხოლმე თავზე.

ხშირად ამბობენ რა პრეზიდენტის საქმეა მშენებლობებზე სირბილი, საზღვრების გახსნაო... აბა ვისი საქმეა? ეს არ იყო წინა პრეზიდენტის საქმე და ყველამ კარგად ვიცით როგორც „შენდებოდა" საქართველო.

ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ვიდრე სული გვიდგას, ვაშენოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენ შვილებს უკეთესი სამშობლო დავუტოვოთ.

დღეს აქ ისეთი სასტუმროები გაიხსნა, როგორსაც დუბაიში, აბუდაბიში, ყატარში და სხვა ძალიან დიდ, წამყვან სახელმწიფოებში აშენებენ, როგორიცაა, მაგალითად მილიარდნახევრიანი ჩინეთი. ასეთივე სასტუმროებს აშენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც... მხოლოდ ერთი განსხვავებაა: ისინი ძალიან დიდი ან ძალიან მდიდარი ქვეყნებია.

მართალია, რთულ პირობებში ვიმყოფებით, მაგრამ ყოველივე ამას გაზის, ნავთობისა და მილიარდნახევრიანი მოსახლეობის გარეშე ვაკეთებთ. ე.ი. ჩვენ განსაკუთრებული ხალხი ვართ, განსაკუთრებული ნიჭით. ე.ი. ჩვენ განსაკუთრებულად შეგვწევს უნარი გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანაში, ყველაზე რთულ პირობებშიც კი, რაღაც ვაშენოთ.

პირველი ჩამოსვლის შემდეგ არაერთხელ დავბრუნდი ანაკლიაში. შეუძლებელია აქაური სტუმართმოყვარეობა არ შეგიყვარდეს - თავისი სამზარეულოთი, თავისი განსაკუთრებული ტრადიციებით.

მახსოვს, როდესაც სამშენებლო მოედნებს ვარჩევდით, აქ ღამის 12 საათზე მოვედით და შეგვხვდა მეურმე, რომელიც გალიდან გადმოდიოდა და რაღაც საქონელი გადმოჰქონდა. სწორედ ამ ბულვარის მიდამოებში შევხვდით ერთმანეთს. როდესაც დაგვინახა რამდენიმე ადამიანი, თანაც შეიარაღებული, ძალიან დაფრთხა და შეკრთა, რადგან ძარცვა, ყაჩაღობა საქონლის წართმევა, რეკეტი, ბავშვების მოტაცება და გამოსასყიდის მოთხოვნა აქაური თითოეული მაცხოვრებლისთვის მაშინ ყოველდღიური რეალობა იყო.

დღეს, საქართველოში დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელ ევროპაში. საქართველოს შიგნით კი, ამ მხრივ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამეგრელოში გვაქვს, რადგან მეგრელებს წესრიგი უყვართ. სამეგრელოში კი ყველაზე მეტად იგრძნობა, რომ ევროპის ნაწილი ვართ.

ჩვენ მტერს ყური აქვს მოდებული და სადღაც შორს კი არა, აქვე, რამდენიმე ასეულ მეტრშია. დარწმუნებული ვარ, ისინი თავის ჩაშმორებულ ნაწილში სხედან, ჭამენ გერკულესისა და გოროხის ფაფას, რომლის უმეტესს ნაწილს ჯარისკაცებს ოფიცრები ჰპარავენ და ნაღვლიანი თვალებით იყურებიან - მათ, ალბათ, დღემდე ვერ გაუგიათ რატომ გადმოსვევს სანაპიროზე, ვის იცავენ, ვისგან იცავენ მათ უკან არსებულ სიცარიელეს, ან საერთოდ, რა უნდათ ამ შუა წალკოტში და რატომ ვინ დანიშნა ისინი, ულამაზესი პლაჟების მცველად.

მსურს ერთ რამეზე გავამახვილო თქვენი ყურადღება - თუ რატომ არ იყო აქამდე ანაკლიაში კურორტი. ამას ძალიან მარტივი მიზეზი აქვს - აქ ჯერ საბჭოთა სამხედრო ბაზა იყო, შემდეგ კი, რუსების სამხედრო ბაზა. მანამდე, წინა საუკუნეებში რუსეთის იმპერიის და შემდგომ თურქების სამხედრო ბაზა...

საბჭოთა კავშირის პერიოდში აქ არსებულ ბაზას საბჭოთა კავშირი ნატო-სგან უნდა დაეცვა, რადგან ნატოს საზღვარი საბჭოთა კავშირი-თურქეთის საზღვარზე გადადიოდა.

დღეს ჩვენ მეორე მხარეს მეორე კედელი აგვიშენეს, რათა ეთნიკური წარმომავლობის ქართველები, ესტონელები, უკრაინელები, ებრაელები ვერ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში.

რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში, როდესაც იქ ტანკები და რაკეტებია, ბევრ ქვეყანას, შესაძლოა, აქაც გაეთხარა სანგრები და ყოველ ას მეტრში ჩაესვა ჯარისკაცები, მოეტანა არტილერია და დაემინა მთელი სანაპირო ზოლი - ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყრუ დაცვა უზრუნველგვეყო, რათა ჩვენი მტრის შემდგომი შემოჭრა აგვეცილებინა თავიდან.

ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ და, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - სანგრების ნაცვლად 5 და 7-ვარსკვლავიანი სასტუმროები აგვეშენებინა, ხოლო ნაღმების ნაცვლად - საუკეთესო აკვაპარკები ევროპაში, ახალი სამხედრო ნაწილების ნაცვლად - ეს უზარმაზარი ამფითეატრი თავისი დისკოთეკით; ასევე ფეხბურთის ახალი, ულამაზესი მოედნები, სადაც შეიქმნება ძალიან საინტერესო სპორტული კომპლექსები; ახალი სპა კურორტი, სადაც გოგირდის წყალიც შემოვიყვანეთ.

როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, საქართველოში 120 ათასი ტურისტი შემოდიოდა. შარშან კი 2 მილიონი გვყავდა, წელს სამ მილიონამდე იყო, მომავალ წელს 4 მილიონი გვეყოლება, ხოლო მომდევნო წელს 5 მილიონამდე ავალთ.

2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით საქართველოში, დაახლოებით, 7-8 მილიონი ტურისტი შემოვა. 2013 წელს აქ ამ ადგილზე, სადაც „ცალკალოშა" დამპყრობელი ჯარისკაცის გარდა ვერავის ვერ შემოიყვანდი ძალითაც კი, იქნება ათასი სასტუმრო ადგილი. ეს ნიშნავს წელიწადში 200 ათას დამსვენებელს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ 2013 წელს აქ იქნება 200 ათასი დამსვენებელი წელიწადში. ეს არის უფრო მეტი ვიდრე მაგალითად აჭარაში იყო ასლან აბაშიძის დროს. 2015 წელს, რომელსაც მე ასევე გარკვეულ ზღვარად ვისახავ, იქნება თითქმის 400 ათასი დამსვენებელი.

ანაკლია გახდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურორტი მთელი შავი ზღვისპირეთის რეგიონში.

წელს ოქტომბერში იწყება ფოთი-ანაკლიის გზის მშენებლობა, რომელიც შავი ზღვისპირეთის მთელ გაყოლებაზე დაიფარება და ანაკლიიდან ფოთამდე მანქანით მხოლოდ 15 წუთი სავალი იქნება, ბათუმამდე კი, 50 წუთი დაგვჭირდება.

ესეც თქვენი სენტროპე და ნიცა, როგორც ეს მე წარმომიდგენია და ცოტა უკეთესიც კი.

საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის ჰქონდა პრობლემები, რადგან ყოველთვის ჰყავდა დამპყრობლები და ვშიშობ მომავალშიც გვეყოლება; ისტორიის წიგნებიდან ვიცით, რომ საქართველოს ჰყავდა მოღალატეები - ახლა ასეთები ყოველდღიურად ტელევიზიით გამოდიან; საქართველოს ალბათ ყოველთვის ეყოლება მოღალატეები, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ასევე მუდამ ჰყავდა და აუცილებლად ყოველთვის ეყოლება გმირები.

საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ჭირიც და ვარამიც, მაგრამ, რაც არ უნდა წაებორძიკა, ჩვენ ქვეყანას ყოველთვიის შეეძლო ფეხზე წამოდგომა და წელში გამართვა.

ჩემთვის ერთი რამ არის უტყუარი - ესენი მიდიან და მოდიან, ზოგიერთი ჩვენი დამპყრობლის სახელი არავის აღარ ახსოვს, მაგრამ აქ ყოველთვის იყო კოლხეთი, ლაზეთი ე.ი. ყოველთვის იყო საქართველო და დარჩება კიდეც, აქაც და იქაც - ხელოვნურად აგებული კედლის მიღმა, მარჯვნივაც და მარცხნივაც.

თურქები, მონღოლები, ოტომანები, სპარსელები, სხვა დამყრობლები საუკუნეების განმავლობაში იპყრობდნენ საქართველოს. ზოგიერთი მათგანი - ბევრი სამეფო საერთოდ გაქრა რუკიდან, ზოგიერთთან კი, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს; ბევრი დამპყრობლის სახელი შემორჩა ისტორიის წიგნებს, მაგრამ არ არსებობს ხალხი, რომელსაც ისინი მმართველის სახით ემახსოვრებათ, რადგან ეს ხალხები აღარ არსებობს.

ისინი მიდიოდნენ და მოდიოდნენ, საქართველო კი მუდმივად რჩებოდა „ჩვენ ტურფა საბაღნაროდ". ეს ადგილი არის ამ „ტურფა საბაღნაროს" ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ყველაზე ახლობელი თითოეული ჩვენგანისთვის.

ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, მაგრამ ჩემთვის სრულიად ნათელი ერთი რამ არის - ჩვენ გვინდა მშვიდობა!

დროა გადავინაცვლოთ ფოირვერკების სანახავად, მაგრამ მინდა წინასწარ განვაცხადო, თუ ახლა მეორე მხარე გვისმენს განგაშს ნუ გამოაცხადებენ, რადგან ეს არის მხოლოდ ფოირვერკები.

ფოირვერკები მას შემდეგ დაიწყება, რაც ჩვენი მსოფლიო ვარსკვლავი, პიანისტი - ხატია ბუნიათიშვილი, პირველი გადაივლის ულამაზეს საფეხმავლო ხიდს.

შესაძლოა, მათ ფოირვერკების, რაკეტების მაინც და მაინც არ ეშინიათ, რადგან ისინი ხალხს არ ითვლიან - ას, ათას, ასიათას საკუთარ მოქალაქეზე აუკანკალებლად აიღებენ ხელს, მაგრამ ფოირვერკების, სიმღერების და, რაც მთავარია, თავისუფლების სულისა და აღმშენებლობის ისე ეშინიათ, როგორც სიკვდილის.

ჩვენ შეგვიძლია ბანაკები ავაშენოთ, ისინი კი შემოვიდნენ და დაგვიწვან; მაგრამ ჩვენი უფლებაა უკეთესი ახალგაზრდული ცენტრები, უკეთესი დისკოთეკები, უკეთესი ბუნგალოები, უკეთესი სასტუმროები, უკეთესი უნივერსიტეტები, უკეთესი გზები, უკეთესი აეროპორტები, უკეთესი საქართველო, უკეთესი მომავალი ხელახლა ავაშენოთ და ეს ჩვენი მთავარი ღირსებაა.

იქით არის სხვა იდეოლოგია, აქეთ კი ცივილიზაციაა - უძველესი ცივილიზაცია, ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი სიყვარული და უძველესი ნიჭიერება.

ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ ჩვენი განათლებით, შრომისმოყვარეობით, ენთუზიაზმით და ჩვენი ქვეყნის მომავლის დაუღალავი რწმენით - გამოუსწორებელი ქართული ოპტიმიზმით.

გაუმარჯოს დღევანდელ დღეს!

გაუმარჯოს საქართველოს!

გაუმარჯოს ჩვენს მომავალს!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)