Google+

სიახლეები

29.08.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის ინფრასტრუქტურის დასრულებული პროექტები შეაფასა და მიმდინარე მშენებლობები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს ესტუმრა და ქალაქში მიმდინარე მშენებლობები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მშენებლობა მონახულა, რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გადმოტანით, ქუთაისი გამოცხლდება და ის უიმედო მდგომარეობა, რომელიც ქალაქში ოთხი-ხუთი წლის წინათ სუფევდა, საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე  მშენებლობები ქუთაისელთა კეთილდღეობის საწინდარი და მათთვის სტიმულის მიმცემია.

„დღეს ვნახეთ, რომ პარლამენტის მშენებლობა დადგენილ ვადას რამდენიმე კვირით ასწრებს. ეს მართლაც ისტორიული პროცესია. ჩვენ აქ ვაშენებთ პარლამენტის შენობას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე იქნება. უკვე აშენდა კონტროლის პალატა, იუსტიციის სახლი, საქართველოს მთავრობის ახალი წარმომადგენლობა - შუშის კუბი... თუმცა მთავარია ის, რომ ამით ქვეყანაში მთლიანად იცვლება ფსიქოლოგია. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, საქართველო,  პრაქტიკულად, ახალ, უზარმაზარ ენერგიას მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს, ასევე,  იმ უიმედო სიტუაციის გადალახვას შეუწყობს ხელს, რომელიც ქუთაისში სულ რაღაც სამი-ხუთი წლის წინათ სუფევდა. მაშინ ხანდახან თავადაც მეეჭვებოდა, რომ რაიმე გამოგვივიდოდა. აქ ჯერაც ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა და, მართალია, პარლამენტი ყველა საკითხს ვერ მოაგვარებს, მაგრამ გარკვეული ნაწილის გადაწყვეტას ნამდვილად შეუწყობს ხელს. ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველოს აღმშენებლობა წარმოუდგენელი ტემპით მიმდინარეობს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ამასწინანდელი ამბავიც გაიხსენა, როდესაც პირველ ლედის ერთი ჰოლანდიელი ტურისტი გამოელაპარაკა. მართალია, სანდრა რულოვსთან საუბრისას, სტუმარი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქართველთა სტუმართმოყვარეობის, პატრულის თავაზიანობისა და, ზოგადად, ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გამო, მაგრამ მის პრეზიდენტს უცნაურ ადამიანად მიიჩნევდა. მისი აზრით ის, რაც ბათუმსა და ქუთაისში კეთდება, მხოლოდ პრეზიდენტის ფანტაზიის ნაყოფია და სრულიად შეუფერებელია საქართველოსთვის. სტუმარს ისიც აღუნიშნავს, რომ ველოსიპედის გზებზე არც ერთი ველოსიპედისტი არ დაუნახავს... ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: „ზოგიერთ ტურისტს ჰგონია, რომ კარგი და ლამაზი რამ შეიძლება მხოლოდ ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და იტალიაში ნახოს, ჩვენ კი მხოლოდ სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობით შეგვიძლია სხვების მოხიბვლა" და დასძინა, რომ მალე ჩვენს ქვეყანაშიც ისეთივე ინფრასტრუქტურა იქნება, როგორიც სხვა განვითრებულ სახელმწიფოებშია.  

„საიდან გაჩნდება ველოსიპედისტი, თუ ჯერ ველოსიპედის გზა არ გააკეთე?! სახელმწიფო აპარატი რომ ფუნქციონირებს, ქვეყანა რომ შენდება, ერთ ადგილზე რომ არ ვდგავართ და მუდმივად მოქმედებაში ვართ, პატრულიც ამიტომ არის კარგი. ჰოლანდიასაც დავეწევით, სხვა ქვეყნებსაც და გავუსწრებთ კიდეც მათ. რა თქმა უნდა, ყოველივე ამას - დრო, ჩვენ კი მოთმინება დაგვჭირდება. დღეს ქუთაისში არა მარტო ველოსიპედის გზას ვხსნით, არამედ ქალაქის ცენტრის ფუნდამენტურ რეკონსტრუქციასაც ვიწყებთ - მთლიანად იცვლება მთავარი მოედანი, ძალიან ლამაზად კეთდება ბაგრატის ტაძარი, ქალაქი მთლიანად გამწვანდება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ვფიქრობ, ქალაქში ბევრად მეტი სიმწვანე უნდა იყოს, მით უმეტეს, ისეთ მიტოვებულ კვარტლებში, როგორიც, მაგალითად, ავტოქარხნის დასახლებაა ან, თუნდაც, აღმაშენებლის პროსპექტი... იქ მცხოვრებმა  ხალხმა შვება უნდა იგრძნოს, მაგრამ მხოლოდ პალმებითა და ველოსიპედის გზით ეს ვერ მოხდება.  საჭიროა მთავარი რამ - სამუშაო ადგილები. ყოველივე ეს ურთიერთკავშირშია: რაც უფრო ლამაზია ქალაქი, მით უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის, ხოლო, რაც მეტი ინვესტიცია ჩაიდება, მით მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება; რამდენადაც დიდია ამ ქალაქის სამომავლო პერსპექტივა (პარლამენტის გადმოტანაც ამას უწყობს ხელს), იმდენად დიდია სტიმული,  რომ განვითარდეს წარმოება, ბიზნესი, სერვისი - ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ადამიანებმა უკეთ იცხოვრონ", - განაცხადა პრეზიდენტმა.  

დავით აღმაშენებლის გამზირზე მიხეილ სააკაშვილმა ველოსიპედის გზის ახალი, 6-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. ამ გზის პირველი სამი კილომეტრი პრეზიდენტმა მეუღლესთან და ვაჟიშვილებთან ერთად გაიარა, რომლებსაც ქუთისელი მოზარდები ასევე  ველოსიპედებით შეუერთდნენ. ველოსიპედის გზის გარდა, რომელიც საბოლოოდ  40-კილომეტრს მიაღწევს, გაკეთდა ფილაქნებიანი ბილიკიც ფეხით მოსიარულეთათვის, ლამაზი დეკორატიული გარე განათებები და სკვერი.

„ამ დღეებში ტელევიზიით ვუყურებდი კლიპს ქუთაისზე. პირადად მე ვიცნობ ქუთაისს და, რა თქმა უნდა, ქუთაისელები იცნობენ საკუთარ ქალაქს, მაგრამ თბილისელებს, ზუგდიდელებს ან უცხოეთში წასულ ქართველებს, რომლებიც ამ კლიპს ნახავდნენ, გაუჩნდებოდათ შეკითხვა: რომელი ქვეყანაა ეს? სად არის? და ბოლოს რომ დაეწერებოდა „მე მიყვარს ქუთაისი", ალბათ, ყველა პირს დააღებდა... ჯერ-ჯერობით არც ისეთი ხავერდოვანი ცხოვრება გვაქვს, როგორც ამ პალმების ბულვარს შეესაბამება, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ? ხომ არ შეიძლება სულ ჩამოძონძილ, ჩამოხეულ ქალაქს ვუყუროთ? ქუჩები უნდა იყოს განათებული, სკოლები ისეთი მოწესრიგებული, როგორც, მაგალითად,  ჰოლანდიაშია. ახალი, თანამედროვე საწარმოები უნდა გაიხსნას და შემდეგ, თანდათან  გარშემო ყველაფერი დანარჩენიც მოგვარდება" - აღნიშნა პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)