Google+

სიახლეები

28.12.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ბიზნესმენებთან ერთად გამართულ საქველმოქმედო ვახშამზე

მოგესალმებით ყველას!

დღეს ძალზე მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

ასეთი ტიპის ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში პირველად იმართება და მას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

ტრადიციებს ჩვენ მხოლოდ ახლა ვაყალიბებთ.

ჩვენ შევქმენით ახალი გერბი; ჰიმნი, რომელიც ყველას უყვარს; დროშა, რომელიც ყველაზე ლამაზია; გაგვიჩნდა საკუთარი თოვლის ბაბუაც, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა და ერთ დღეში ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ადამიანად იქცა.

დღეს კი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ვმართავთ ნამდვილ საქველმოქმედო ვახშამს.

დღევანდელი ვახშამის განმავლობაში ერთ საათს ერთად გავატარებთ, თქვენგან შემოსული თანხის სანაცვლოდ კი, შემდეგი ორი-სამი თვის განმავლობაში 20 ათასი ადამიანი კარგად გამოკვებას უფასოდ შეძლებს.

ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა.

მსგავსი საქველმოქმედო საღამოების გამართვას წელიწადში ორჯერ - 26 მაისსა და წინასაახალწლო დღეებში ვაპირებთ.

აქ დღეს იმ კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ქართული ბიზნესის ელიტას წარმოადგენს.

აქვე მსურს დავძინო, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველი გაცილებით მეტი იყო, თუმცა ადგილების სიმცირის გამო მხოლოდ იმ ორგანიზაციათა წარმომადგენლები ამოვარჩიეთ, რომლებიც გადასახადებს იხდიან, კანონს იცავენ და არც ამ ვახშამს დამაყვედრიან.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამას წინათ ტელევიზიით მოვისმინე ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ქალბატონის კომენტარი, რომელიც თურმე 10 ვეტერანს აჭმევდა, თუმცა იმის გამო, რომ ფინანსური პოლიცია გადასახადების სრულად გადახდას სთხოვს, მათ გამოკვებას ვეღარ ახერხებს.

მან ისიც თქვა, რომ სააკაშვილი მეგობრებს უწოდებს მათ, ვინც ხალხს უფასოდ აჭმევსო, მაგრამ ფინანსური პოლიციის შემოწმების შემდეგ, მან ამ "მეგობრობას" ვერაფერი გაუგო.

მსურს აღვნიშნო, რომ ასეთი ხალხი აქ ვერ მოხვდება და არც მე მივალ მათთან.

თქვენ კი ის ადამიანები ხართ, ვისაც საქართველოს საჯარო ხელისუფლება ეყრდნობა, რადგან ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და რითიც ვამაყობთ, თქვენი ფულის წყალობითაა - თქვენს მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე კეთდება გზები, შენდება სკოლები, ქართული შეიარაღებული ძალების გადაიარაღება ხდება, მოქმედებს ქართული პოლიცია.

დღეს კი თქვენი პირადი შემოსავლის ნაწილს აძლევთ იმ ხალხს, ვისაც დღეს საქართველოში შია.

ამ დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, სირცხვილია რომ ქვეყანაში შიმშილია და უფასო სასადილოების გახსნა დიდად სატრაბახო არ არის.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ შიმშილი ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი არის.

ძალზე ბევრი მშიერი ადამიანი მყავს ნანახი ამერიკაშიც და რუსეთშიც.

რუსეთის ტელევიზიით ნიშნის მოგებით ამბობენ-ხოლმე, რომ საქართველოში მშივრებს ვაჭმევთ, მაგრამ ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ვაჭმევთ, ისინი კი - არა.

ეს საზოგადოების სიმწიფისა და განვითარების ნიშანია და არა განუვითარებლობის.

დღეს საქართველოში ერთმანეთს ორი სხვადასხვა მენტალიტეტი ებრძვის.

ამის დასტურად მსურს საახალწლო დეკორაციების მაგალითი მოგიყვანოთ.

თბილისში და ქვეყნის სხვა რეგიონებში, ისე როგორც არასდროს, ძალიან ბევრი სინათლე და დეკორაციაა.

საზოგადოების 90 პროცენტს ეს უხარია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც გლეჯენ გირლანდებს და სახლში კიდებენ.

ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ კარგია როდესაც საზოგადოდ ქუჩა, ქალაქია განათებული, ხოლო მეორეს სრულებით არ აინტერესებს გარეთ რა იქნება, მთავარია სახლში რა ექნება.

ზოგიერთს სახლშიც არ მიაქვს და ამის მაგალითსაც მოგახსენებთ - ჩამოგლეჯილი გილანდები და დეკორაციები ბარათაშვილის ხიდზე ასფალტში ფეხით ჩაეტკეპნათ.

ეს არის ამ ორი მენტალიტეტის ბრძოლა, ბრძოლა იმაზე, თუ რა არის ჩვენი შეგნება, ვართ თუ არა საზოგადოება.

გულწრფელად გეტყვით, ქართულ გაზეთებს თითქმის არ ვკითხულობ, რადგან იქიდან ინფორმაციას ვერ ვიღებ და მათი დონე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძალზე დაბალია.

ამას წინათ, შემთხვევით წავიკითხე ინტერვიუ, რომელშიც კულტურის სფეროს წინა ეპოქის ერთ-ერთ წარმომადგენელს ეკითხებიან "როგორ აფასებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას?" ის პასუხობდა: "ძალიან ცუდად", მაგრამ არგუმენტი ის იყო, რომ რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტა.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენს ქვეყნას არც გამოწვევები აქვს, არც ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და მთავარი პრობლემა რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვაა, რადგან ის იქვე ახლოს ცხოვრობს.

მესმის, რომ ადამიანისთვის მთავარი მის ოჯახთან და უახლოეს გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებია, მაგრამ თუ გაქვს პრეტენზია, რომ შენი ნათქვამი მოისმინონ და გაითვალისწინონ, მაშინ უფრო გლობალურად უნდა იაზროვნო.

რუსთაველის გადაკეტვით მას გზა ოდნავ უმრუდდება, სამაგიეროდ კი, მთელი საზოგადოება უკეთ გრძნობს თავს.

ეს ის საკითხია, რაზეც სერიოზული დაფიქრება გვმართებს.

ნახეთ რა ხდება ქურდებთან დაკავშირებით.

ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოში ქურდის ინსტიტუტი აღარ იარსებებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ ამის აღმოფხვრა სტალინმა ვერ მოახერხა, სააკაშვილი კი, მით უმეტეს ვერ მოახერხებსო.

სტალინმა ეს არ გააკეთა, რადგან, თავის მხრივ, საბჭოთა რეჟიმი დანაშაულებრივი რეჟიმი იყო.

ჩემი და ბევრი თქვენგანის ოჯახი იმ რეჟიმის მიერ განადგურდა და როდესაც საქმე პოლიტიკურ კონტროლს ეხებოდა, ქურდი და კრიმინლი მისი მეგობარი იყო.

ჩვენი პოლიტიკური კონტროლი თავისუფალ საზოგადოებას ემყარება და, ამგვარად არ საჭიროებს იმ მეთოდებს, რომელსაც ზემოაღნიშნული წყობა იყენებდა.

მაშინ ჩვენი საზოგადოება იყო "ზონა", რომელსაც მაყურებლები და ქურდები სჭირდებოდა.

ჩვენ დღეს ამ ინსტიტუტს ვებრძვით და მას ბოლომდე ამოვძირკვავთ.

მაკვირვებს ის, რომ ამაზე საჯაროდ მხოლოდ ხელისუფლება ლაპარაკობს და ის ხალხი, ვისაც წარმოდგენა უნდა ჰქონდეს თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ეს საზოგადოებისთვის, არაფერს ამბობს.

კრიმინალური ავტორიტეტების ბოგინი საზოგადოებისთვის მართლაც სახიფათოა, თუმცა გარეთ ისინი უკვე აღარ არიან.

ხვალ კი, ხელს მოვაწერთ კანონიერ ქურდების შესახებ კანონს და ისინი საერთოდ აღარ იარსებებენ.

თუ ვინმეს ქურდობა მოუნდება, მისი ადგილი ციხეში იქნება, ხოლო მისი ქონების ადგილი კი - სახელმწიფო საკუთრებაში, შემდეგ კი კერძო საკუთრებაში გადავა.

ჩვენ იმ სისტემაში ვცხოვრობდით, რომელშიც ცნობილი კრიმინალი და მკვლელი ვატო ყიფიანი, ციხიდან რეკავდა და იმ მოსამართლეებს ემუქრებოდა, რომლებმაც მასზე სანქცია გასცეს.

ეს სულ რამდენიმე თვის წინათ იყო.

1993 წელს მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი ბიძა - ჯიმი ყიფიანი დანიშნა.

სწორედ რომ დანიშნა, და უზენაეს სასამართლოს იმ დროს თბილისში ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალის ბიძა მართავდა.

ციხის ადმინისტრაციას ასე მხოლოდ ფორმალურდ ერქვა, რეალურად კი მას ქურდები მართავდნენ, სამინისტროებიცა და მთავრობაც ქურდების ხელში იყო.

ტარიელ ონიანი ჩამოდიოდა თბილისში და მის ესკორტს კობა ნარჩემაშვილი უზრუნველყოფდა.

ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით.

ასე მართავდნენ საქართველოს და რომელ ბიზნესსა თუ განვითარებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი?

დღეს ტარიელ ონიანი ესპანეთის მიერ იძებნება, რადგან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ევროპულ ორგანიზაციებთან.

ჩვენი სპეცსამსახურების მონაცემებით ამჟამად იგი მოსკოვში იმყოფება და იგორ გიორგაძის მეშვეობით რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ცდილობს.

იგი საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციის შეტანაში მათ დახმარებას სთავაზობს, სანაცვლოდ კი რუსეთისგან დაცვას ელის.

ამ საქმიდან მათ არაფერი გამოუვათ, რუსეთს კი ღმერთმა შეარგოს ის და თუ სურვილი ექნება კიდევ რამდენიმე "ონიანს" გავუგზავნით.

ამჟამად მნიშვნელოვან გამყოფ ხაზზე ვიმყოფებით.

რა არის სახელმწიფოს როლი?

მომავალ წელს ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ.

თუმცა ამ გეგმის ორი მესამედი კერძო სექტორის ინიციატივას წარმოადგენს.

ჭავჭავაძის პროსპექტზე დაგეგმილია ახალი შენობის დადგმა, რომელსაც ძალზე საინტერესო არქიტექტურა აქვს.

მინდა, რომ თბილისი მართლაც ძალზე ლამაზი და მსოფლიოში ცნობილი ქალაქი გახდეს.

ხალხს, რომელიც ამ ულამაზეს შენობას დადგამს პირადად არ ვიცნობ, ისინი არ მოსულან პრეზიდენტთან და საკუთარი ბიზნესის დაცვა არ უთხოვიათ.

ადგილას, სადაც ეს შენობა დაიდგმება, ვაკე-საბურთალოს ჩვენს მიერ დანიშნული გამგებლის პირადი ჯიხური იდგა და თბილისის ცენტრის ხედს აფუჭებდა.

იგი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და ბიზნესის განვითარებას საშუალებას არ ძლევდა.

ეხლა დავითაძე ციხეშია, ჯიხური დანგრეულია და იმ ადგილას თავისუფალი ბიზნესის მიერ თანამედროვე, ლამაზი შენობა შენდება, სახელმწიფო ამ საქმეში არ ერევა - იგი მხოლოდ ხელს უწყობს მას.

ეს კლასიკური ილუსტრაციაა იმისა, თუ რა არის სახელმწიფოს ახალი როლი ქართულ საზოგადოებაში.

ჩვენ ძალზე სწრაფად უნდა განვვითარდეთ.

თუ ჩვენ არ განვვითარდით 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პენსიონერი იქნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული რისკისა და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.

რუსეთის მიერ ბუნებრივი გაზის ფასის გაორმაგება (უკრაინას 4-ჯერ უზრდიან ბუნებრივი გაზის ფასს) სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ამის შესახებ რუსეთის მხარეს ველაპარაკეთ და დავრწმუნდით, რომ ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკური საფუძველი არა აქვს.

ჩვენს პროდუქტებს რუსეთის ბაზარი ჩაუკეტეს.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახის ზეწოლამ, რომელსაც თავისთავად ბევრი მინუსი აქვს, ბალტიის ქვეყნები ნამდვილ, თანამედროვე სახელმწიფოებად აქცია.

თუ ჩვენ გვინდა, რომ თანამედროვე ქვეყანა და ძლიერი ეკონომიკა გვქონდეს, ასეთ პირობებში რეოიენტაცია, ამ რეალობაზე ჩქარი ტემპით მორგება და სხვა ბაზრებზე გასვლა უნდა შევძლოთ.

საქართველოში "ბორჯომზე" დაუცველი ბრენდი არც ერთი არ იყო, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ბოთლში გაზიანი წყლის ჩასხმა და მისთვის ბორჯომის დარქმევა.

ამ კომპანიამ ბევრი სირთულე გადალახა და საკუთარი ბრენდის შექმნა მოახერხა, თანაც იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოსგან არავითარი დახმარება არ ჰქონდა.

წელს წარმატებული რთველი გვქონდა, ჩამოვასხით ღვინო და 2-3-ჯერ მეტ ღვინოს ვყიდით, ვიდრე როდესმე გაგვიყიდია წარსულში.

კახელმა გლეხმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის სტუმრობის შემდეგ ყურძენი უფრო ძვირად ჩაიბარეს, ვიდრე მანამდე.

ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

დრო, როდესაც უფროსის შიშით ან ფასი იზრდებოდა, ან ღვინის ხარისხი, წავიდა.

ეს სისტემა არასდროს ამართლებდა.

ჩვენ ფაქტორების კომბინაცია გავაკეთეთ - დავიწყეთ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლა და ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ; რეალურად გავხსენით ბაზრები უკრაინასა და ყაზახეთთან, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და ავამუშავეთ .

სახელმწიფოს როლი აქ დასრულდა.

დანარჩენი თქვენი გასაკეთებელია - თქვენ უნდა გახვიდეთ ჩვენს მიერ გახსნილ ბაზრებზე, უნდა იპოვნოთ ახალი გამსაღებლები, თქვენ უნდა აიღოთ სერთიფიკატები და ამისათვის ჩვენი საელჩოები თქვენი წარმომადგენლები იქნებიან.

უახლოეს 4 წელიწადში საქართველოს 5-6-ჯერ მეტის წარმოება შეუძლია, ვიდრე დღეს.

მოლდოვა საქართველოსთან შედარებით 9-ჯერ მერ ღვინოს აწარმოებს, მართალია მათი პროდუქცია უფრო იაფია, მაგრამ მას გარკვეული ნიშა აქვს დაკავებული.

ჩვენ შეგვიძლია საბჭოთადროინდელი მაჩვენებლები დავიბრუნოთ, რომლებიც დრევანდელს 5-ჯერ აღემატებოდა.

თუმცა ამას საბანკო სექტორის, მინის წარმოების მუშაობა სჭირდება.

საბანკო სექტორის მუშაობას რომ გადავხედოთ ვნახავთ, რომ სესხების მოცულობის ზრდა 69 პროცენტს შეადგენს, ეს ჩვენს რეგიონში აბსოლუტური რეკორდია (2001 წელს უკრაინას 37 პროცენტი, ხოლო ლატვიას 36 პროცენტი ჰქონდა და ეს მიიჩნიეს რეკორდულ მაჩვენებლად, ბულგარეთს, რომელიც ევროკავშირის წევრია, 29 პროცეტი ჰქონდა).

სესხების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 233 პროცენტით გაიზარდა, ბანკების აქციები 58 პროცენტით გაიზარდა და ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ამ სექტორში რუსეთის ბანკებიც შემოვიდნენ.

ჩვენს ბანკებთან ერთად, ყველა ქვეყნის ბანკების აქტიურობას მხოლოდ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ.

მთლიანი დეპოზიტები 40 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ანაბრები ლარებში - 96 პროცენტით.

შესაბამისად იკლებს დოლარიზაციის მაჩვენებელი.

რაც არ უნდა ილპარაკონ, წელს საქართველოში რეალური ინფლაცია 6-7 პროცენტს შეადგენდა.

ნავთობის ფასი რომ არ მომატებულიყო ამის ნახევარი იქნებოდა - რუსეთში კი, სადაც ნავთობი არის, რელური ინფლაცია 12-13 პროცენტს შეაგენს.

ეს სწორი ფინანსური პოლიტიკის და ჩვენი ერთობლივი ქმედებების შედეგია.

მომავალ წელს დიდი პერსპექტივები გვაქვს.

როდესაც ვლაპარაკობთ სამუშაო ადგილების შექმნაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინტენსიური და ინიციატივიანი მუშაობა გვჭირდება.

მომავალ წელს საქართველოში მარტო მშენებლობის სფეროში პირდაპირი ინვესტიციების სახით, მინიმუმ, 800 მილიონი ევრო, საერთოდ კი მილიარდი ევროა გათვალისწინებული.

დაახლოებით 200 მილიონი ევრო გზების მშენებლობას მოხმარდება, სახელმწიფო უშუალოდ სახელმწიფო შეკვეთაში დებს ფულს, 100 მილიონი ბათუმისა და თბილისის აეროპორტების მშენებლობებში ჩაიდება, აღარაფერს ვამბობ ასობით ახალ სასტუმროზე შავი ზღვისპირეთში, თბილისში ახალი კომპლექსების, ასევე კერძო ბინათმშენებლობაზე, საქართველოში ამის ბუმი მოსალოდნელია და ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით.

თუ ჩვენი ეკონომიკა მილიარდ ევროს აითვისებს, ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკმარისი ბეტონის ქარხნები, დანადგარები უნდა გვქონდეს, კვალიფიციური ხალხი უნდა გვყავდეს, რაც დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა.

მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე კვალიფიციური მუშა-ხელის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჩვენ სამუშაო ძალა გვჭირდება.

სენაკში სახელმწიფო დაკვეთით, თურქებთან ერთად სამხედრო ნაწილს ვაშენებდით, ხუთჯერ მოგვიხდა ქართველი ხელოსნების გამოცვლა იმდენად არაკვალიფიციურები აღმოჩნდნენ ისინი.

მლესავებისა და შემდეღებლების ჩამოყვანაც თურქეთიდან მოგვიხდა.

რა უნდა ამ პროფესიის ადამიანების საქართველოში მომზადებას?

სამწუხაროდ, ამდენი წლის უმოქმედობის შედეგად, ეს კომპრომისები დაიკარგა და უკვე აღარ არსებობს.

რეალურად, თუ მომავალ წელს ჩვენს ხალხს კვალიფიკაციას მივცემთ და მათ გამოვიყენებთ, უმუშევრობის პრობლემა თითქმის სრულად აღმოიფხვრება.

დღეს, უმუშევრობაზე მეტად, სიღარიბისა და დაბალი შემოსავლების პრობლემა გვაწუხებს.

ჩვენი საზოგადოების 45 პროცენტი ისეთი შემოსავლით ცხოვრობს, როგორიც არ შეიძლება ცივილიზებული საზოგადოების შესაბამისი იყოს.

ამიტომ, ერთის მხრივ, უფრო რეგულარული სამუშაოების მიცემა გვჭირდება, ხოლო მეორეს მხრივ, ხალხის კვალიფიკაციის ამაღლება.

შემოსავლები მხოლოდ ამის შემდეგ და ისიც ეტაპობრივად გაიზრდება.

სხვაგვარად წარმოუდგენელია.

ჩვენი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ შედარებით იაფი მუშა-ხელი გვყავს, მაგრამ ამ ადამიანებს საკმარისი შემოსავალი უნდა ჰქონდეს, რათა ოჯახისა და საკუთარი თავის რჩენა ღირსეულად შეძლონ.

ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც, თავის მხრივ, დიდი გამოწვევაცაა.

ამის მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: რიყეზე გაკეთდა სასრიალო მოედანი. გიგი უგულავა ყველას სთხოვს გახსნან ჯიხურები, გაყიდონ საჭმელი, ღვინო... არავინ ხელს არ კიდებს ამ საქმეს.

ბიზნესს მეტი ინიციატივა და მეტი მოქნილობა სჭირდება.

ბათუმში მომავალ წელს რამდენიმე ათეული სასტუმროს მშენებლობა დაიწყება, რაც მეტი ტურისტის ჩამოსვლას შეუწყობს ხელს.

უკვე შემოდიან სომხები, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ჩამოვლენ ყაზახები, რუსებმა, რუსეთში გაწეული პროპაგანდის მიუხედავად, ბაკურიანსა და გუდაურში სამი თვით ადრე შეუკვეთეს სასტუმროები.

რუსეთთან ბევრად უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშავოთ და ამ თვალსაზრისით, გაერთიანებული ქართული ბანკის ინიციატივას, ისევე როგორც სხვა კომპანიების ინიციატივებს, მხოლოდ მივესალმებით.

ჩვენი ღვინის წარმოებაში რუსები ძალზე აქტიურად ჩაერთვნენ და წახალისებას ნამდვილად იმსახურებენ.

ჩვენ მაინც უფრო მეტი მოქნილობა უნდა გამოვიჩინოთ.

მალე ქვეყანაში მილიარდ-ევროიანი მშენებლობა უნდა წამოვიწყოთ და დღეს ტუფი სომხეთიდან შემოგვაქვს, მაშინ, როცა საქართველოსაც აქვს საკუთარი, თუმცა ის ვიღაცამ უნდა გადაამუშავოს.

ხის მასალა ფინეთიდანაც კი შემოგვაქვს, აღარ ვლაპარაკობ რუსეთზე, უკრაინაზე, თურქეთზე და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ხის მასალა თავზე საყრელი აქვს, თუმცა მასაც დამუშავება სჭირდება.

პირველი დიდი კობინატი, ვფიქრობ მარტვილში იანვარში გაიხსნება.

უამრავი მსგავსი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია.

მომავალ წელს 150 ხის სკოლის შეკვეთას ვაპირებთ.

საქართველოში კი არ არსებობს სიმძლავრე, რომელიც ხის მარტივ კონსტრუქციას გამოუშვებს.

შექმენით ის და კონტრაქტზე ხვალვე მოგიწერთ ხელს, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასებში.

ამაში წელს იმდენს გადავიხდით, რამდენსაც ფინურ კონსტრუქციაში გადავიხდიდით, რადგან ეს საქართველოში გამოშვებული ხე-ტყეა და ჩვენთვის ესეც ძალზე მნიშვნელოვანია.

თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, მისი ყიდვა ფინეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში მოგვიწევს.

ქვეყანას აქვს რესურსი, რომ განვითარდეს.

ავიღოთ მანდარინი: წელს 4-ჯერ მეტი მოსავალი მივიღეთ, ვიდრე შარშან.

რუსეთმა შექმნა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ასე თუ ისე მანდარინი იქამდე მაინც აღწევს, უკრაინაში მაქსიმალურად გადის, მაგრამ წლის დასაწყისში ვინმეს რომ მანდარინის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა მოეფიქრებინა, მთელ მოსავალს შეისყიდიდა და დღეს უკვე უზარმაზარ მოგებას ნახავდა.

ჩვენი მოცულობით მანდარინის გატანა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინამდე და რუსეთამდე, მერე ფუჭდება.

თუმცა შენახვის ტექნოლოგიის აღმოჩენისა და წვენების წარმოების შემთხვევაში მას ბაზარი ექნებოდა შავი ზღვისპირეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, ყაზახეთში, შუააზიის ქვეყნებში, აზერბაიჯანში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში.

სხვათა შორის, ევროპულ ქვეყნებში მთელ რიგ პროდუქციაზე კვოტები გვაქვს.

ისევე როგორც ამბროლაურში ყურძენს მოვკიდეთ ხელი (მომავალ წელს 12 ახალი ქარხანა კეთდება), ასევე უნდა გავაკეთოთ მომავალ წელს მანდარინისა და ვაშლის შემთხვევაშიც.

ადრე ვაშლი გორიდან და ცხინვალის რეგიონიდან ყუთებით რუსეთში მიდიოდა და იყიდებოდა, იქ ყიდულობდნენ სხვა პროდუქტს, რომელსაც აქ ყიდდნენ და ა.შ.

მსგავსი ვაჭრობის ხანა დასრულდა.

ჯერ ერთი რუსეთი დაბრკოლებებს ქმნის და მეორეც, ჩინეთმა ძალიან ბევრი ვაშლის ხე დარგო, რომელიც 2-3 წელიწადში მოსავალსაც მისცემს.

არ მგონია, რომ ჩინეთის ყურძენი ხვანჭკარასა და საფერავს დაამარცხებს, მაგრამ თუ ხვალ ვაშლის უკეთესი ჯიშები არ შემოვიტანეთ, თუ არ დავრგეთ, ამაში ნამდვილად გვაჯობებს.

ძალიან კარგად მუშაობს ზასოხოვი - აგარაში გადამამუშავებელი საწარმო გააკეთა, ახლა ჩაის ფაბრიკას აკეთებს, ციტრუსების გადამამუშავებელ საწარმოს მომავალ წელს აჭარაშიც ააშენებს, მაგრამ მასაც ვუთხარი, რომ თუ იგი ხე-ხილის ბაღებს არ იყიდის, ამ კონკურნციას ვერ გაუძლებთ.

ჩვენ ეხლა დიდი კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით.

ძალიან სერიოზული სიმძლავრეების შექმნა გვმართებს.

საქართველოში მომავალ წლებში მშენებლობისა და სერვისის ბუმი იქნება.

ეს მარტო საქართველოს არ ეხება.

როგორც ვთქვით, ჩვენ შევქმნით სიმძლავრეებს, ავაშენებთ შავი ზღვისპირეთს, ჩვენს გზებს, მაგრამ მალე აზერბაიჯანში 8 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ამ სფეროებში.

ეს მთლიანად აუთვისებელი ბაზარია.

ქართული სამშენებლო ფირმები შემდეგ იმ ბაზარზე უნდა გადავიდნენ.

ჩვენ არავინ არ უნდა გვაჯობოს, აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, ტარიფები ერთნაირი გვაქვს, ბარიერი კი - არა.

ამიტომ იქაც უნდა შევიდეთ და აზერბაიჯანული ბაზარი მთლიანად უნდა ავითვისოთ.

შუააზიაში უზარმაზარი მშენებლობაა და იქაც ჩვენ უნდა მივიღოტ მონაწილეობა.

ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ამ რეგიონის ლიდერები.

დღეს საკუთარი თავისთვისაც კი არაფერი გვაქვს შექმნილი.

ამიტომ ეს სიმძლავრეები უნდა შევქმნათ, მით უმეტეს, რომ მაღალ ტექნოლოგიებს არ მოითხოვს.

საქართველოდან ქართველი ინჟინრები, მშენებლები, გზის მშენებლები, სერვისის სპეციალისტები მთელ შუააზიასა და კავკასიის ქვეყნებს აითვისებენ.

ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

დღეს ღორები და ძროხები ჰოლანდიიდან კი აღარ შემოგვყავს, არამედ სომხეთიდან, რადგან სომხეთში ჩვენზე უკეთ განავითარეს ეს დარგი.

ჩვენ არ უნდა ჩაგვეყენებინა ჩვენი თავი ამ მდგომარეობაში.

მიხარია, რომ მათ წარმატება აქვთ, მაგრამ ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა წავსულიყავით წინ.

ამას ობიექტური მიზეზები აქვს.

სასწაულია, რომ საქართველოს 8-9 პროცენტიანი ზრდა იმ პირობებში აქვს, როდესაც დენის მუდმივი მომარაგება არ გვქონდა.

დენის მუდმივი მომარაგება, წლევანდელი ზამთრით დაწყებული, შეუზღუდავად იქნება.

გუშინ კახეთი 24 საათიან ენერგომომარაგებაზე გადავიდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ეროვნული შემოსავლის 2-3 პროცენტიან ზრდას შეუძლია მოგვცეს მუდმივი ელექტრომომარაგება.

სომხებმა ამით მიაღწიეს ყველაფერს.

ბოლო წლების განმავლობაში სომხეთის ეკონიმიკური ზრდის მაჩვენებელი 10 პროცენტს შეეადგენდა და ეს იმიტომ, რომ მათ მუდმივი დენი ჰქონდათ.

ძნელია ილაპარაკო ხე-ტყის გადამუშავებაზე მაშინ, როდესაც გენერატორზე ხარ დამოკიდებული, ძნელია იფიქრო მანდარინისა და ჩაის გადამუშავებაზე მაშინ, როდესაც ასევე დენის მუდმივი მომარაგება გესაჭიროება.

სხვა მიზეზების მიუხედავად, კომპანია "მარტინ ბაუერმა" ძირითადად ელექტროენერგიის პრობლემების გამო ვერ შეძლო წარმატებულად ემუშვა.

ამიტომ, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი ამოცანა რეორიენტაცია და განვითარების ზრდის ტემპების მკვეთრი დაჩქარებაა.

წინ მძიმე გამოცდა გველოდება.

თუ გაზს გააძვირებენ, ცემენტის ქარხნები ქვანახშირზე უნდა ვამუშაოთ და ეს ტყიბულის ქვანახშირი უნდა იყოს.

ამით ტყიბული ამუშავდება და მისი მოსახლეობა დასაქმდება.

თუ მანდარინზე შეგვექმნება პრობლემა, უნდა გადავამუშავოთ ის და ბაზარზე კონცენტრანტის სახით უნდა გავიტანოთ.

ამით უფრო ხარისხიან პროდუქტს და მეტ შემოსავალს მივიღებთ.

აქედან გამომდინარე, ეს გამოწვევები უფრო უკეთესი ეკონომიკური მოდელისკენ გვიბიძგებს.

თუმცა ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ და კონფლიქტური სიტუაციები არ უნდა შევქმნათ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

მაშინ, როდესაც ქვეყანა სამ ნაწილადაა გაყოფილი, "ბი+" კლასის რეიტინგი მივიღეთ, მისთვის, ვინც ამ საკითხში ერკვევა, გასაგებია, რომ ეს ძალზე მაღალი საინვესტიციო რეიტინგია და ერთი წლის წინათ ამაზე ოცნებაც კი არ შეგვეძლო.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მეტი ფული ჩაიდება, საერთაშორისო სააგენტოები საქართველოში ფულის ჩადებისა და ხალხის დასაქმების ბევრად მეტ გარანტიებს მოგვცემენ.

თუმცა ჩვენ ქვეყნის გაერთიანება გვჭირდება, საამისოდ გადადგმული ნაბიჯები კი, ეკონომიკისთვის საზიანო არ უნდა აღმოჩნდეს.

ეს ჩვენი მთავარი პრინციპია.

არ შეიძლება შევქმნათ ისეთი დაძაბული სიტუაციები, რომლებიც დაწყებულ ეკონომიკურ აღმავლობას დაანგრევს.

ამიტომ ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ.

ამერიკის შეერთებული შტატები პირველად ჩაერთვნენ კონფლიქტების დარეგულირების საქმეში.

ასეთი რამ ძალიან იაშვიათად ხდება.

თუ შეამჩნიეთ ამის შემდეგ, ჩვენს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა რუსეთმაც და საქართველოს შიგნით მოქმედმა ჯგუფებმაც.

ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას, არა სუსტის პოზიციიდან, არამედ ძლიერი ქვეყნის პირობებში უნდა მივაღწიოთ.

ამ სიძლიერეს, რა თქმა უნდა, თქვენ ქმნით.

უდავოა, რომ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

მაგალითად, საქართველო მინის პროდუქციის წარმოება მოთხოვნის 10 პროცენტითაც არ შეგვიძლია, რადგან აქამდე ხელის შეშლის მეტს არავინ არაფერს აკეთებდა.

ეხლა უკვე არავინ აღარ გიშლით ხელს, არავინ არაფერს გართმევთ და შეგიძლიათ ამ წარმოებასაც მიხედოთ.

რატომ უნდა შემოგვქონდეს მინა? მასალა არ გვაქვს, გამოცდილება გვალია, თუ მუშახელი არ გვყავს?

თბილისის სუპერმარკეტებში ბალტიმორის აჯიკა იყიდება, სამაგიეროდ ევროპის ბევრ ქალაქში მოსკოვში გამოშვებული ტყემალი იყიდება...

ჩვენი ბაზრის სხვა პროდუქციაზე აღარაფერს ვამბობ.

თურმე საბაჟოზე ისეთი ტარიფებია, რომ ჩვენთან პროდუქციის გამოშვებას აზრი არა აქვს.

ეს სიულელეა!

მაგალითად "პსპ" და "ავერსი" წარმატებული კომპანიებია და მშვენივრად ააწყვეს მუშაობა იმ პირობებში, როდესაც საბაჟოზე უცხოურ წამლებზე ტარიფები არ არსებობს.

არ მჯერა, რომ ყველაზე დაბალი ტარიფების პირობებშიც კი, ბულგარული კიტრი ქართულ კიტრზე უფრო იაფი შეიძლება იყოს; მთავარია სწორად ავაწყოთ აქაური და უცხოური პროდუქციის დაბეგვრის სისტემა.

აქ ტარიფების განსხვავებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ სამართლიან პირობებზეა.

ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

ჩვენ ხომ ტურიზმისა და სერვისის ქვეყანა ვართ და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ხელს გვაძლევს - რაც უფრო მეტი მოვა, ააშენებს, გააკეთებს (რა თქმა უნდა, ქართველი სუბკონტრაქტორები უნდა იყვნენ) ჩვენთვის უკეთესია.

ამიტომ, მთავრობასთან დიალოგი უნდა გავაგრძელოთ, რათა ეს სისტემა სწორად და სამართლიანად ავაწყოთ.

საგადასახადო კოდექსი პირველ შედეგებს მომავალ წელს მოგვცემს და ამ შედეგების პარალელურად, გადასახადების შემდგომ შემცირებაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს მეტ ეკონომიკურ აქტიურობას მოგვცემს.

მომავალ წელს უკვე უნდა გამოვაცხადოთ, რომ 2007 წლიდან ასეთი გადასახადები გვექნება, რათა სტაბილური დაპირებების შესრულების პირობებში ხალხმა ახალ საქმეებში ფულის ჩადება დაიწყოს.

ეკონომიკურ განვითარებას ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივცეთ ბიძგი.

რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი პრობლემა გვექნება.

როგორც ვთქვით, ერთის მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობის საკმაოდ კარგი მაგალითები გვაქვს, მეორეს მხრივ კი არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ აქ 1921 წელია.

თქვენ იცით, რომ ის, რითაც ბოლო წლების განმავლობაში გვემუქრებოდნენ, შეასრულეს კიდეც - გაზი ძვირდება, მანდარინს ვეღარ ვყიდით და რაღაც ჯგუფს გულწრფელად სჯერა, რომ ამით სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის.

თუმცა, დღეს 1921 წელი არ არის, არც გიორგაძეა სერგო ორჯონიკიძე, თუმცა ის უფრო დიდი მასშტაბის ბანდიტი იყო, არც მე ვარ ნოე ჟორდანია და აღარც ლენინია იმ ქვეყანაში.

თუ ჩვენ ვიქნებით კონსოლიდირებული, თუ რუსეეთთან დიალოგს და ცივილიზებულ ურთიერთობებს გავაგრძელებთ და არავითარ შემთხვევაში არ წავალთ კონფრონტაციაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მეთოდებით ისეთი მოდელის შექმნას შევძლებთ, რომელიც საქართველოს თანამედროვე, ევროპულ, განვითარებულ ქვეყნად აქცევს და 2008 წელს ნატო-ს წევრიც გახდება.

ეს ჩვენი ამოცანაა და მანდარინისა და გაზის ბლოკადით, ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, რადგან ეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და განვითარების შეუქცევადი პროცესია.

ამისათვის ჩვენ კონსოლიდაცია, თქვენთან ერთად კონსესუსის მიღწევა და პარტნიორობა გვჭირდება.

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და დღეს სწორედ ამას ვაკეთებთ.

ყველა ჩვენგანს შეეძლება ახალი წელი საზეიმოდ და კარგად აღნიშნოს, რადგან თითოეულ თქვენგანს საახალწლო სუფრასთან შეეძლება გაიხსენოს, რომ თქვენ იმ დღეს და შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი საზოგადოების მზრუნველობამოკლებული ადამიანები დააპურეთ.

მინდა სათითაოდ ჩამოვთვალო ის კომპანიები, რომლებიც ამ კეთილ წამოწყებაში მონაწილეობენ: კომპანია "პეპსი", კომპანია "პსპ", სააქციო საზოგადოება "მადნეული", ბანკი "რესპუბლიკა", კომპანია "ცენტრ პოინტი", კომპანია "თელიანი ველი", საქარტველოს ბანკი, კომპანია "ავერსი", შპს "აჭარა", კომპანია "ჯეოსელი", ენერგია ინდუსტრი კომპლექსი, კომპანია "აქსისი", "ტრას-ინვესტ-კაპიტალ ჯორჯია", BTA სილქ-როუდ ბანკი, "პლასტმასი", კომპანია "სიმო", შპს "ნოლა", თი-ბი-სი გრუპი, კომპანია "კოკა-კოლა", საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია, კომპანია "ფრონტერა", კომპანია "დიო", გაერთიანებული ქართული ბანკი, კომპანია "სარკე", კომპანია "ენერჯი ინვესტი", კომპანია "ერსტენ იანგი", "DLA ფაიფერი".

თითოეულ თქვენგანს ჩემი, საქართველოს მთავრობისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (რომელმაც დღეს მოყვარულთა შორის, ფეხბურთში ჩემპიონატი მოიგო) სახელით მადლობას მოგახსენებთ.

ასევე, მადლობას გიხდით იმ ხალხის სახელით, ვისაც თქვენ დაეხმარეთ - ეს ხალხი კი, ჩვენი მთავარი საზრუნავი და ჩვენი მთავარი ტკივილია.

დიდი მადლობა და ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)