Google+

სიახლეები

30.09.2005
მიხეილ სააკაშვილი ჩაქვი-მახინჯაურის ახალი საავტომობილო გვირაბის გახნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაქვი-მახინჯაურის ახალი საავტომობილო გვირაბის გახნის ცერემონიას დაესწრო. პირველი მგზავრი თავად პრეზიდენტი იყო, რომელმაც ღონისძიებაზე მიწვეულ პირველკლასელებთან ერთად გვირაბში ავტობუსით იმგზავრა. საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობას ახალი დაპირებები მისცა: "მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. მრავალი წლის ნგრევის, დატაცების, ხალხის დაცინვის, ბნელი პერიოდის შემდეგ, საქართველოში დაიწყო შენება და ახალი მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა, რაზეც მე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი. შესაძლოა ბევრი ქვეყნისათვის გვირაბის გახსნა არ იყოს განსაკუთრებული მოვლენა, საქართველოსათვის, სადაც ამ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში 2 კილომეტრი გზა გაკეთდა, მილიონობით დოლარი დაიტაცეს, აჭარის მმართველმა მოსკოვში ასი მილიონი დოლარი წაიღო - ეს სასწაული წარმატებაა. მე ვიყავი შუახევში, სადაც მოსახლეობამ გზასთან, წყალმომარაგებასთან და სკოლებთან დაკავშირებული პრობლემების მოსხნის თაობაზე განმიცხადეს. მე შემიძლია ბათუმში თამამად მივიდე ყველგან და განვაცხადო, რომ 22 სკოლა გარემონტებულია უმაღლეს დონეზე. მრავალი წლის შემდეგ აჭარელ ბავშვებს აცვიათ სკოლის ფორმა, რომელიც ხელისუფლებამ მათ უფასოდ დაურიგა. შესაძლებელი გახდა ყველა სკოლის ინტერნეტიზაცია, მომავალი წლის სექტემბერში ქობულეთში ჩვენ ავაშენებთ ევროპული სტანდარტების სკოლას. არ მიყვარს, როცა ჩემი დანაპირები არ სრულდება, ჩემმა თანამოაზრეებმა ეს კარგად იციან. დღეს 30 სექტემბერია, გვირაბი დარსულდა, ჩემი პირობაც შესრულებულია. ეს არის შენება. ეს მარტო პრეზიდენტის გაკეთებული საქმე როდია, ეს ყველა თქვენგანის მიერ არის შესრულებული. ამ გვირაბის მშენებლობისათვის მუშები დაუზოგავად შრომობდნენ, ეს ახალი ქართული სამუშაო კულტურაა, მათ სჯერათ, რომ ისინი აშენებენ საკუთარ ქვეყანას, ახალ საქართველოს მათი და ჩვენი შვილებისათვის. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვიპარავთ, აქ გარშემო სასახლეები რომ ავიშენოთ, ცხოვრება იქნება წამება. ჩვენი ქვეყანა იქნება დამშეული, გაუბედურებული, ჩამონგრეული, ჩვენც მშივრები ვიქნებით. ეს გვირაბები, გზები, პარკები, განახლებული ბულვარები, საავადმყოფოები, სკოლები ყველა ჩვენთაგანისათვის იქმნება. ჩვენ ამით ვართ კმაყოფილნი, ჩვენ ვაშენებთ ჩვენთვის, თქვენთვის - მთელი საქართველოსათვის.

მე წარმომიდგენია როგორი გახდება ჩვენი აჭარა. ჩემი ამოცანაა, რეგიონი, რომელიც წლების განმავლობაში დაჩაგრული იყო, დადგეს ფეხზე და მთელი საქართველოსათვის საამაყო სავიზიტო ბარათი გახდეს.

ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ბათუმის ბულვარში შადრევანი დადუმებული იყო. ჩვენ მოვახერხეთ ამ შადრევნის გახსნა. ეს არის განწყობა, ეს ნიშნავს იმას, რომ აჭარაში გაცილებით მეტი შემოსავალი იყო წელს. ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ფულით, რომელიც წელს ტურიზმით შემოვიდა, ვარშალომიძემ იქირაოს გემი და ამ ხალხს ციტრუსი რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე გაატანინოს. ჩვენ მომავალ წელს უკეთესად შევხვდებით ყველაფერს. მთავარი პრობლემა ჩოლოქოდან სარფამდე გზის განათებაა. პირველ იანვარს ბათუმში სასტუმრო "ინტურისტი" გაიხსნება, რომელიც ასევე სავიზიტო ბარათი იქნება. მომავლი წლის გაზაფხულზე ბათუმისა და ქობულეთის წყალსადენის სარემონტო სამუშაოები დაიწყება. ჩემი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ბათუმსა და ქობულეთში ისეთივე წყალსადენი სისტემა იქნება, როგორიც პარიზსა და რომში. ყველა სოფლის წყალმომარაგების სისტემა წელს ნორმალური თანამედროვე ტიპის იქნება. მე გაძლევთ პირობას, რომ აჭარის ავტონომიის ტერიტორიაზე, ყველა დასახლებულ პუნქტს, მომავალ წელს ექნება შუქი. პირველად ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში წელს აჭარას ექნება ოცდაოთხსაათიანი ელექტრომომარაგება. ეს არის ჩემი სიტყვა. მომავალი წლის ბოლოსათვის ამას დაემატება წყალმომარაგების სისტემა და ცივილიზებულ გზა. აჭარაში ყველა დასახლებულ პუნქტს ექნება გზა, წყალი, შუქი. თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი ხალხის დასაქმებაა. როცა იქნება ინვესტიციები, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო აეროპორტი, ხალხს გაუხარდება ჩამოსვლა, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ბევრად მეტი ინვესტორი მოვიდეს. ორ დღეში ბათუმში ყაზახეთის პრეზიდენტი ჩამოდის და საქართველოში რამოდენიმე ასეულობით მილიონი ინვესტიციის ჩადებას აპირებს. მადლობა მინდა ვუთხრა თურქეთის პრემიერ-მინისტრს ერდოგანს გვირაბის მშენებლობის მობილიზაციაში, ასევე თურქ მშენებლებს, რომლებიც მშენებლობის ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ. ჩემთვის აღმშენებლობის მაგალითია ის, რასაც თანამედროვე თურქეთის მთავრობა აკეთებს და ის, რასაც პოლიტიკაში ჩემი პირადი მაგალითი ათათურქი აკეთებდა, რომელმაც შეძლო ურთულეს პირობებში თურქეთის ფეხზე დაყენება. ჩვენ ასეთივე გამოწვევები გვაქვს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, თურქეთის მხრიდან ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩაიდება ამ მშვენიერ, სტაბილურ რეგიონში, ვინაიდან ბათუმი ტრადიციულად იყო მთელი შავი ზღვისპირეთის დედაქალაქი.

ჩვენი სურვილია ეს ქალაქი მთელი შავი ზღვისპირეთის ტურისტულ, ეკონომიკურ და სილამაზის ცენტრად ვაქციოთ.

ამ დღეებში აქ ფესტივალი იმართება. ჩემი სურვილი იყო ხალხს ენახა, რომ ყველაზე კარგი სეზონი აჭარაში სექტემბერია. რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა ხალისი, მომავალ წელს აიღოს მეტი კრედიტი, გახსნას მეტი კაფე, მაღაზია. მომავალ წელს გაცილებით მეტი ხალხი მიიღოს.

მომავალ წელს ჩვენ გვეყოლება ორი ახალი მატარებელი, რომელიც თბილისიდან და ერევნიდან ივლის. ეს იქნება დამატებითი შემოსავლები. გვირაბი არის პირველი მერცხალი , ჩემი პრეზიდენტობის ვადაში მე ვაპირებ ავაშენო ბევრად მეტი გვირაბი, ვიდრე კომუნისტებმა ათწლეულების განმავლობაში, სამჯერ მეტი გზა, ვიდრე ეს ედუარდ შევარდნაძემ შეძლო. პირველ მარტს ჩვენ ვიწყებთ თბილისი- ბათუმი, თბილისი- სოხუმი ავტობანის მშენებლობას. ჩემი პრეზიდენტობის ვადაში დარწმუნებული ვარ ჩვენ ჩავალთ თბილისიდან გორში ავტობანით და გავაგრძელებთ მშენებლობას, ამისთვის ჩვენ სურვილიც და თანხებიც გაგვაჩნია.

რაც შეეხება არჩევნებს, ყველაფერი ეს კეთდება არა არჩევნებისათვის როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ, არამედ კეთდება ორასი სამასი წლისათვის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის, ხალხი მოიგონებს ამ თაობებს. იმ ხალხს კი, ვინც ჩვენს მიერ გაკეთებულ ფასადებზე საკუთარი პლაკატები გააკრა და ილანძღება, მინდა ვუთხრა: დიახ, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს არჩევნებამადე, არჩევნების დღესაც და არჩევნების მეორე დღესაც. ეს ეჭვს არ იწვევს, ეს არ არის დაპირება, ეს არის გაკეთებული დაწყებული და დასამთავრებელი საქმეები. იმედი ეფუძნება იმას, რაც უკვე გაკეთდა. ამიტომ დღეს მე ვაერთებ ქობულეთისა და ბათუმის რაიონს და ამ გვირაბში პირველი ბავშვებთან ერთად გავალ"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)