Google+

გამოსვლები და განცხადებები

24.09.2010
მისი აღმატებულების, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წარმოთქმული გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე

გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესია

ნიუ იორკი, 23 სექტემბერი, 2010 წელი

ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო.

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ გაეროს გენერალურ ყოველწლიურ ასამბლეაზე.

ბატონებო და ქალბატონებო, ისეთ გაურკვეველ დროში, როგორშიც ვცხოვრობთ, თანამშრომლობა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ახლა გლობალური გამოწვევების პირისპირ ვიმყოფებით და  თუ ერთად არ დავდგებით და გამოსავალს არ მოვძებნით, თვითდამღუპველი ინტერესები  გაგვხლეჩს.  

მსგავსი შეკრებები ღირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ქმედებების - მშვიდობის, განვითარების, სოლიდარობისა და სამართლის მიმართ, საერთო ხედვის ჩამოყალიბების შესაძლებლობა გვეძლევა.

ამ თვეში განახლდა პიდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელსა და პალესტინას შორის, რაც  საერთაშორისო საზოგადოების კოორდინირებული ძალისხმევისა და პრეზიდენტ ობამასა და სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ხელმძღვანელობის  დამსახურებაა.   

ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია. მათ სწორედ იმ დროს განაახლეს მოლაპარაკებები, როდესაც შუა აღმოსავლეთში ბევრს სამართლიანობისა და მშვიდობის იმედი აღარ ჰქონდა.

გზა მშვიდობისკენ, უსაფრთხოებისა და სამართლიანობისკენ კვლავ ძალზე გრძელია. დარჩენილი დაბრკოლებების რაოდენობა უზარმაზარია. მაგრამ მიზანი იმდენად დიადი და აუცილებელია, რომ არანაირი ძალისხმევის დაზოგვა არ შეიძლება.

სწორედ ამის გამო დღეს მინდა პატივი მივაგო მათ, ვინც ახლა მშვიდობისათვის რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ სიცოცხლეს.

დიახაც რისკავს, რადგან მშვიდობა არასდროს არ არის აშკარა, მშვიდობის დამკვიდრება  არასდროს არ არის ადვილი. ეს ნამდვილად ასეა შუა აღმოსავლეთში და ასევე ჩემს რეგიონშიც.

ჩვენი ერთ-ერთი საერთო მიზანი უნდა იყოს ის, რომ მივცეთ საშუალება მათ, ვინც რისკავს, ვისაც შესწევს ძალა წინ აღუდგეს დამკვიდრებულ შეხედულებას და ახალი გზები გაკვალონ მშვიდობისაკენ.   

მშვიდობის გზა არ არის ადვილი გზა, მაგრამ  მშვიდობა ერთადერთი შესაძლო გზაა.

როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის პრეზიდენტმა, რომელმაც ახლახან გადაიტანა ომი და შემოჭრა, რომლის ქვეყანა ნაწილობრივ კვლავ ოკუპირებულია ბირთვული ზეძალის მიერ, შემიძლია ვთქვა შემდეგი: მშვიდობა ჩვენი ყველაზე ძვირფასი საერთო მიზანია და, ამასთანავე, ერთადერთი გზა არის იმ საერთო მიზნებისაკენ, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ.

აქ მყოფთათვის და ასევე მათთვის, ვინც ჩემს ქვეყანაშია, ვინც ვერ ხედავს შეიარაღებული ოკუპაციის დასასრულს ან რეგიონალური დაძაბულობის შემცირებას, ვეტყვი: მშვიდობა არა მხოლოდ მიზანია, არამედ საშუალებაც - მიზნების მისაღწევად.  

დღეს, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი რეგიონი გზაჯვარედინზე იმყოფება.

უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ჩვენი ქვეყანა იტანჯება დანაწევრებით, უსამართლობით, კონფლიქტებით, კოლონიზაციით, შუღლით და ძალადობით. მაგრამ დღეს ცვლილება შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, ცვლილება უკვე იკიდებს ფეხს.

აქ სწორედ ამ ცვლილებაზე სალაპარაკოდ და იმ განსაკუთრებული ხედვის წინ წამოსაწევად ჩამოვედი, რომელსაც თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი კავკასია ჰქვია. 

პუშკინის, ლერმონტოვისა და ტოლსტოის დროიდან მოყოლებული დღემდე, კავკასიის მთები ყოველთვის იყო ველურობის და პარადოქსების სიმბოლო. ეს იყო რეგიონი, სადაც პიროვნებები და მათი სულები ფუნდამენტურად თავისუფალი, მაგრამ მოქალაქეები პოლიტიკურად დაჩაგრული იყვნენ; სადაც ხალხი და კულტურა ღრმად შემწყნარებლური იყო, მაგრამ ხელისუფლებები და მთავრობები ხელოვნურ გამყოფებს ქმნიდნენ; სადაც მწყემსებს შეეძლოთ 5 ათასმეტრიანი მთების გადალახვა, მაგრამ მმართველები აგებდნენ ისეთ კედლებს, რომლის გადალახვაც არავის არ შეეძლო.

მე დღეს აქ იმისათვის მოვედი, რომ გითხრათ - ეს დრო წარსულს ბარდება და ოცნებას, ერთობასა და მშვიდობას გზა ეხსნება.

როდესაც აქ ორი წლის წინათ სრულმასშტაბიანი დაპყრობის შემდეგ  სიტყვით გამოვედი,  როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს განუცხადა, რომ მისი მიზანი იყო საქართველოს საბოლოო განადგურება, ძალიან ცოტა ადამიანს სწამდა, რომ საქართველო გადარჩებოდა, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. 

ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობდა, რომ ჩემი ხელისუფლება გაძლებდა; რომ ჩვენი ეკონომიკა გადაიტანდა ომს და მსოფლიო კრიზისს; რომ ჩვენი რეფორმები გაგრძელდებოდა ახალი ენერგიით; ან რომ ჩვენ ურყევი პროგრესით წავიდოდით წინ ევროკავშირისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

მე მეამაყება გითხრათ, რომ ორი წლის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას. ქართველი ხალხის თავდადების წყალობით, მეგობრებისა და მეკავშირეების ძალისხმევის დამსახურებით, დღეს საქართველო დაბრუნდა.

უპირველეს ყოვლისა, საქართველო დაბრუნდა როგორც პოლიტიკური რეფორმების და სოციალური ტრანფორმაციის ლაბორატორია.

ახლა, როგორც არასდროს, ყველაზე მეტად ვართ ვალდებული იმ დაპირების წინაშე, რაც წარმოადგენდა ვარდების რევოლუციის გულს - ვაქციოთ საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ.  

გასულ მაისს ჩვენი ადგილობრივი არჩევნები იყო ამ ტრანსფორმაციის დადასტურება და ეს იყო ჩვენი დემოკრატიის ქვაკუთხედი.  ეს იყო შვიდწლიანი მოთმინების, მუდმივი და, დაუღალავი რეფორმების რეზულტატი.

ეს ძალისხმევა, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს. ის გაგრძელდება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი.

ჩვენი ამოცანა ნათელია: შეიქმნას ლიბერალური დემოკრატიული მართვის უფრო ინსტიტუციონალიზებული სისტემა.

ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი პრეზიდენტობის ვადა 2013 წელს იწურება და ეს ცვლილებები განხორციელდება ჩემი პრეზიდენტობისა და ამჟამინდელი მთავრობის პირობებში.  

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ხელმძღვანელობის ან თუნდაც ინსტიტუტების ცვლილებებზე, არამედ რაღაც უფრო სიღრმისეულსა და ძლიერზე - იმაზე, რაც ლონდონურმა ჟურნალმა „ეკონომისტმა" ამას წინათ დაახასიათა როგორც საქართველოს „მენტალური რევოლუცია".

ქართველმა ხალხმა გემო გაუგო თავისუფლებას, კორუფციის არ არსებობას, ეკონომიკური განვითარების ნაყოფს, მერიტოკრატიის ჭეშმარიტ დაბადებას. მათ შეიცვალეს ქცევა, სამყაროც სხვანაირად აღიქვეს, ოცნებებსაც სხვა თვალით შეხედეს და ისინი მთელი ძალით შეეწინააღმდეგებიან ნებისმიერ მცდელობას, რომ ეს ცვლილებები შემობრუნდეს იმის მიუხედავად, საიდან მოდის ისინი - ქვეყნის შიგნიდან თუ საზღვრებს გარედან.

ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება: ჩვენ დავეხმარეთ შეგვექმნა ის, რაც სცილდება ლიდერებსა და პარტიებს, რომელთაც ვარდების რევოლუციამდე მიგვიყვანეს. ჩვენ შევძელით შეგვექმნა გულისა და გონების რევოლუცია.

ოდესღაც, პოსტ-საბჭოთა სივრცის ერთ-ერთმა ყველაზე კორუმპირებულმა ქვეყანამ -საქართველომ, ხუთი წლის განმავლობაში მიაღწია უფრო დიდ გამარჯვებებს კორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, როგორც ამას „ტრანსფერენსი ინტერნეშენალი" აფასებს.

ოდესღაც, ადგილი, სადაც უცხოელ ინვესტორებს იტაცებდნენ ბანდიტური დაჯგუფებები და მაფია, საქართველო, ახლა ფასდება მსოფლიო ბანკის მიერ, როგორც მეთერთმეტე ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ - ეს ის ნიშნულია, რომელსაც, ვიმედოვნებთ, ამ წელს გავაუმჯობესებთ კიდეც.

მსოფლიო ბანკის რეიტინგით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ ინვესტორებისათვის.

ეს არ არის აბსტრაქტული რანგირებები: მათ აქვთ პირდაპირი გავლენა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე და დამოკიდებულებაზე.  

ეს რეიტინგი ნათელს ხდის თუ რატომ არის საქართველოს ერთადერთი ინტერესი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა.

საქართველო იგებს მშვიდობას - საქართველო იგებს მშვიდობით. 

ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მოელოდა, რომ შევცვლიდით კურსს, როდესაც მან დააწესა სრული ემბარგო 2006 წელს, დაგვიპყრო 2008 წელს, განახორციელა ეთნიკური წმენდა საქართველოს რეგიონებში, უკანონოდ მიითვისა ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება.

ყველა ამ ქმედებას აქვს ერთი მიზანი - დაენგრია საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ლაბორატორია, ხელი შეეშალა რეგიონში ცვლილებებისათვის.

დიახ, ჩვენ ვუპასუხეთ ამ სასტიკ თავდასხმებს მოულოდნელი გზით: ჩვენი რეფორმების გაძლიერებით, ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო გახსნილობით და სოციალური ტრანსფორმაციის გაძლიერებით.

ეს არის ჩვენი პოლიტიკა და ვერავითარი პროვოკაცია ვერ გვაიძულებს ამ კურსის შეცვლას.

ამ რეფორმის პოლიტიკის წყალობით საქართველო არის პასუხისმგებლობით აღსავსე საერთაშორისო მოთამაშე.

ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყანა ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს ავღანეთში. მინდა აქვე პატივისცემით მოვიხსენიო დაახლოებით ათასი ჯარისჯაცი, რომლებიც ყოველდღე სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებიან ავღანელ ხალხს აშენონ სტაბილური, ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი.  

დღეს მინდა განსაკუთრებული პატივი მივაგო უმცროს ლეიტენანტს მუხრან შუკვანს. ამ თვის დასაწყისში მუხრანი მშვიდობისათვის ბრძოლაში დაიღუპა,  ნატო-ს ძალების გვერდით ჰელმანდის სახიფათო პროვინციაში, ავღანეთში სამსახურის დროს.

ჩვენ ვებრძვით სხვა საერთო უბედურებასაც. ყურადღებას განსაკუთრებულად ვამახვილებთ ბირთვული ტრეფიკინგის საფრთხეზე. განვლილი შვიდი წლის განმავლობაში ჩვენ ბევრჯერ დავაკავეთ კრიმინალები, რომლებიც ატომური მოწყობილობების ძირითად შემადგენლებს ფლობდნენ. ამ გზის ყოველ ნაბიჯზე ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეკავშირეებთან საერთაშორისო საზოგადოებიდან, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ საქართველო შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, ამ გლობალური საფრთხის წინააღმდეგ.

აქ უნდა ავიღო პაუზა და თქვენი ყურადღება იმ სერიოზულ პრობლემას მივაპყრო, რომელიც შედეგად მოჰყვა ჩემი ქვეყნის ნაწილობრივ ოკუპაციას - პრობლემას, რომელიც უნდა აღელვებდეს ყველას, მათაც კი, ვისაც არაფრად მიაჩნია საერთაშორისო სამართალი, ავიწყდებათ 500 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილები, აყენებენ დარტყმას ადამიანის ძირითად უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებს და გარემოს.

მე ვსაუბრობ უკანონობაზე, რომელსაც რუსეთის ოკუპაცია კვებავს. ჩვენი ორი ოკუპირებული რეგიონი არსებობს მართვის შავ ხვრელებში. დღეს, ამ მიწებზე კრიმინალები მოქმედებენ დაუსჯელად. ადამიანთა ყველაზე ელემენტარული უფლებები უგულვებელყოფილია, ხდება ნარკოტიკებისა და იარაღის შემოტანა, ადგილი აქვს ხალხის ტრეფიკინგს და ამ ტერიტორიებიდან მასობრივი განადგურების პოტენციური იარაღი შემოდის და გადის, რაც საფრთხეს უქმნის თითოეულ ჩვენგანს.   

სამი დღის წინ, ჩვენ შევხვდით ზუსტად ამ ადგილზე „ათასწლეულის განვითარების მიზნების" და იმ პროგრესის განსახილველად, რომელსაც განვლილ ათწლეულში მივაღწიეთ. თავს არ შეგაწყენთ იმ ძალისხმევის შესახებ საუბრით, თუ რა გავიარეთ ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად - სიღარიბის ინდექსის წარმატებით გასანახევრებლად, საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისათვის ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად.

მე მსურს გითხრათ, რომ ეს წარმატებები ჩემთვის მწარეც არის და ტკბილიც, რადგან მათ ვერ აგემოვნებს ყველა ადამიანი საქართველოში. ვერ აგემოვნებენ ვერც ისინი, ვინც თავიანთი ძირითადი უფლებების შიშში ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სრულად ვერც ის დაახლოებით 500 ათასი დევნილი და ლტოლვილი, რომლებიც შედეგად გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან.         

------------------------------------------------------

ქალბატონებო და ბატონებო, ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაცია არღვევს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ჩემი კარგი მეგობრის, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, რომელიც იმ დროისთვის ევროკავშირის სახელით მოქმედებდა, შუამავლობით მივიღეთ.

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად ჯარი არ გაიყვანა. ევროკავშირის დამკვირვებლები ვერ შედიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც მუდმივი სამხედრო შეიარაღება მიმდინარეობს. იმ  ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ასი ათასობით დევნილი, რომლის კამპანიას რუსული ძალები აწარმოებდა, ჯერ კიდევ ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას.  

როგორ უპასუხა საქართველომ ამ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევას?

ჩვენ ვუპასუხეთ მოთმინებთ და სიმშვიდით.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება სრულად განვახორციელეთ, გავცდით ჩვენს ვალდებულებებს და რუსეთის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობა საბაბად არასდროს არ გამოგვიყენებია.

გასულ თვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა ღიად შეაქო საქართველოს პოლიტიკა როგორც "კონსტრუქციული ცალმხრივობა." 

რას ნიშნავს ტერმინი "კონსტრუქციული ცალმხრივი მიდგომა? 

ეს არის ჩვენი სიმშვიდე მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურმა მხარი დაუჭირა მილიციელის მიერ ჩვენი პოლიციელის მკვლელობას ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე; ეს არის ჩვენი სურვილი გავათავისუფლოთ კრიმინალები, რომლებიც ოკუპირებულ რეჟიმს ემსახურებიან მაშინ, როდესაც მეორე მხარე იტაცებს მოზარდებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი, დაცარიელებული სახლების სანახავად მიდიან;

"კონსტრუქციული ცალმხრივი მიდგომა" ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქცევით ცივილიზებულად და მოთმინებით მაშინაც კი, როდესაც ჩვენი მტერი იყენებს ბარბაროსულ მეთოდებს და ახორციელებს იმპულსურ და არაგონიერ პოლიტიკას.

"კონსტრუქციული ცალმხრივი მიდგომა"  ნიშნავს, რომ შესაძლებელია შენით გაიკვალო გზა მშვიდობისკენ მაშინაც კი, თუ მშვიდობა მოლაპარაკების მაგიდასთან ორივე მხარის დასხდომას მოითხოვს.

"კონსტრუქციული ცალმხრივი მიდგომა" ეფუძნება იდეას, რომ მშვიდობა არის უზენაესი ინტერესი საქართველოსთვის, რომ მშვიდობა არის ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა.

"კონსტრუქციული ცალმხრივი მიდგომა" ოკუპირებულ ტერიტორიებზე აყალიბებს სტრატეგიას, რომელსაც ჩემმა მთავრობამ რუსი ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილი მოსახლეობის ჩართულობა დაუდო მოტივად. მეორე მხრივ, ის ქმნის ახალ რკინის ფარდას, რომელიც არალეგალურად ყოფს ჩვენს ქვეყანას.

საქართველოს გამყოფ კედლებს ბომბები ვერ დაანგრევს, მას დაანგრევს მოქალაქეების თავდადება, მათი სურვილი  აშენონ თავისუფალი, ერთიანი ქვეყანა და მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევა, გააძლიეროს საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდების პრინციპები.

აღნიშნული თავდადება გამოიხატება იმით, რომ თითქმის მთელი მსოფლიო უარყოფს  რუსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაციას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, საქართველოს ტერიტორიის დეფაქტო ანექსიის გამოცხადებას რუსეთის ფედერაციის მიერ.

საგულისხმოა, რომ მოსკოვის მხრიდან უზარმაზარი ზემოქმედების და მრავალჯერადი მუქარის მიუხედავად, ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთმა ქვეყანამ არ სცნო საქართველოს დანაწევრება.

ეს გვიჩვენებს, რომ ძველი დრო ნამდვილად დამთავრდა, მიუხედავად მათი გაბრაზებისა და გაკვირვებისა, ვინც დღემდე მიიჩნევს, რომ საბჭოთა იმპერიის დამხობა იყო მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა.   

ამ ცვლილებამ, რომელზეც ადრეც ვსაუბრობდი, უკვე გაიდგა ფესვი.

ეს გვიჩვენებს, რომ  საბჭოთა პერიოდის ტყვე ერები დღეს ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომელთაც შეუძლიათ განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკა.

ეს უკვე შეინიშნება, და ამას მოსკოვიც ამჩნევს.

ქალბატონებო და ბატონებო, დღეს მე საზეიმო ვითარებაში მოვუწოდებ გაეროს წევრ იმ სამ, განცალკევებით მდგომ ქვეყანას, რომლებმაც სცნეს ჩვენი ტერიტორიების დეფაქტო ანექსია რუსეთის მიერ, შეცვალონ საკუთარი გადაწყვეტილება.

არასდროს არ არის გვიან, რომ დაამარცხო ცუდი პოლიტიკა. საქართველოს დანაწევრების მცდელობამ კრახი განიცადა და ერთ დღესაც, შესაძლებელია, თვით რუსეთის ფედერაციასაც მოუწიოს თავისი უბედურების მომტანი პოლიტიკის შეცვლა.

წარმოიდგინეთ, რამდენად არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდება ეს სამი იზოლირებული მთავრობა შორეული ქვეყნებიდან, თუკი თვით მოსკოვი აღიარებს საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნას ჯარების უკან გაყვანის თაობაზე.

ეს დღე აუცილებლად დადგება, ქალბატონებო და ბატონებო.

ისინი, ვისაც  2008 წელს სამხედრო გამარჯვებაზე ქონდათ პრეტენზია, ახლა დიპლომატიური და პოლიტიკური მარცხის წინაშე დგანან. ოკუპაცია და ანექსია მოსკოვში მალე გახდება დებატების თემა. არადა, ფაქტობრივად, ეს საკითხები უკვე განიხილება კრემლის კულუარებში.

ვითარება არამდგრადია თვით რუსეთის ხელმძღვანელობისთვის. 

საქართველოში, ამჟამად, რუსი ჯარისკაცები ტოვებენ თავიანთ სამხედრო ნაწილებს და გარბიან იმ კედლებიდან, რომელიც მათმა ხელმძღვანელობამ აღმართა.

საბჭოთა ჯარისკაცები სწორედ ასე მოქმედებდნენ გერმანიაში ცივი ომის დროს.

ვის მხარესაა ისტორია?  რა თქმა უნდა, არა იმის მხარეს, ვისაც შეუძლია ათასობით ტანკი სადმე განალაგოს, მაგრამ საკუთარი ჯარისკაცები გაურბიან მოწინააღმდეგის მხარეს.   

ქალბატონებო და ბატონებო, არა მათ მხარეს, ვინც უარს ამბობს საკუთარი საზოგადოების მოდერნიზაციასა და პოლიტიკური სისტემის გახსნაზე და ამის გამო მხოლოდ ომი და არასტაბილურობა სურს.  

თუმცა, ჩვენ, საქართველოში  ვიცით და ყოველთვის ვიცოდით, რომ მშვიდობა არის ჩვენი მთავარი ინტერესი. მშვიდობა  არის ჩვენი გადარჩენისა და წარმატების წინაპირობა.

ქალბატონებო და ბატონებო, დღეს სამი მოწოდება უნდა გავაკეთო:

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოვუწოდო ჩემ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი ერთიანი ერის გამყოფი  „ახალი  რკინის ფარდის" მიღმა ცხოვრობენ. მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა: ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს, თქვენს კულტურას, თქვენს ისტორიას; ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და თქვენთვის.

თქვენ ჩვენი საერთო ისტორიის, საერთო კულტურისა და საერთო მომავლის ნაწილი ხართ.  თქვენი განსხვავებები ჩვენს ამაყ ეროვნულ ქსოვილს ამდიდრებს.

იმის ნაცვლად, რომ რუსეთის იმპერიის ანექსიას გაუძლოთ, მრავალკულტურული და მრავალეთნიკური ერის აშენებას გთავაზობთ, რომელიც ტოლერანტულობისა და პატივისცემის  ნიმუში იქნება მთელ რეგიონში.

შეხედეთ თავისუფლების გამოვლინებებს, ეკონომიკურ პროგრესსა და ადამიანის უფლებების დაცვას, იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოში დღესდღეობით ვახორციელებთ. ამ საქმეში თქვენ დიდი როლი მიგიძღვით.

ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი გაერთიანებული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს ლიდერი გახდება, რაც ადრეც არაერთხელ მომხდარა ჩვენს საერთო ისტორიაში.

ეს ოცნება შესაძლებელია ახდეს გაერთიანებულ და თავისუფალ საქართველოში, რომელსაც კარგი ურთიეთობა და გაძლიერებული თანამშრომლობა ექნება  რუსეთის ფედერაციასთან. რუსეთის ფედერაცია კი, რაციონალური საერთაშორისო მოთამაშე იქნება და არა რევიზიონისტი და რევანშისტი ძალა.

რუსეთი ოკუპაციის ნაცვლად ითანამშრომლებს, ემბარგოს დაწესების ნაცვლად - ბაზრებს გააერთიანებს, რეპრესიულ ქმედებებს კი, შემწყნარებლობით ჩაანაცვლებს.

ჩემი მეორე მოწოდება მიმართულია რუსეთის ხელმძღვანელობისადმი: თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ.

თქვენ ჩვენი საერთო რეგიონის მიმდინარე ტრანსფორმაციაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, სხვა ქვეყნები უნდა აღიქვათ არა როგორც ვასალები, არამედ როგორც პარტნიორები.

სხვა შემთხვევაში ეს ტრანსფორმაცია თქვენს გარეშე მოხდება.

ჩვენ ყველას და, პირადად, მეც მსურს ვიხილოთ რუსეთი როგორც პარტნიორი და არა როგორც მტერი.

აი, ამიტომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს აშშ-ის ხელახალ პოლიტიკას და ევროკავშირის რუსეთთან ჩართულობას.

არავის არ გამოუცდია ჩვენზე მეტი ტკივილი. ჩვენ რუსეთის მიერ ერთა შეთანხმების უგულებელყოფის, საერთაშორისო კანონის უპატივცემულობის მომსწრე გავხდით, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევასაც გულისხმობს.

მინდა რუსეთის საზოგადოებას ვუთხრა, რომ მათ, როგორც ტურისტებს, სტუდენტებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებსა თუ უბრალოდ მეგობრებს ყოველთვის ექნებათ გზა ხსნილი საქართველოში და არასდროს როგორც ოკუპაციურ ძალებს.

მსურს რუსეთის ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ ჩვენს დიპლომატიურ ორიენტაციაზე მეტად,  საკუთარ მოქალაქეებზე იზრუნონ.  იმის ნაცვლად, რომ ძირი გამოუთხარონ ჩვენს განვითარებას, ცეცხლმოდებული ჩრდილოკავკასიის განვითარებაზე იზრუნონ.

სურვილის შემთხვევაში ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ, რათა იხილონ, თუ როგორ იქცა ყოფილი საბჭოთა კავშირის საზოგადოება ევროპულად. მე მათ ვეპატიჟები მოვიდნენ არა ჭურვებით, არამედ კომპაქტური კომპიუტერებით; არა კალაშნიკოვებით, არამედ აიპოდებით.

მიხარია, რომ ზოგიერთს ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების გადაღების სურვილი გაუჩნდა.  ეს შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია ბოლო დროს, მოსკოვში,  საპრეზიდენტო გამოსვლებში.

იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ვებრძოდეთ, ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ ჩვენი საერთო რეგიონის მოდერნიზებაში.

რეფორმების ფარულად გადაღებისა და შურის ნაცვლად, ჩვენთან უნდა ითანამშრომლონ, რათა სტაბილური და თავისუფალი ზონა ავაშენოთ.

თუკი საუკეთესო მოსწავლე ზურგს უკნიდან დაიწყებს საკონტროლოს გადაწერას, ვერ შეძლებ მოდერნიზაციის სრული სურათის დანახვას.

ნება მომეცით აღვნიშნო, რომ სრული სურათი საკმაოდ მარტივია: თუკი პატივს არ სცემ ძირითად წესებს, შეუძლებელია მიაღწიო ხანგრძლივ სტაბილურობასა და კეთილდღეობას. მოდერნიზაცია თავისუფლების გარეშე არ არის მდგრადი.

არ უნდა გქონდეს შენი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და განვითარების იმედი მაშინ, როდესაც შენს ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს, მიხეილ ხადარკოვსკის მსგავსად, გულაგში აგზავნი.

მხოლოდ კომპიუტერი არ არის საკმარისი. მათ გამოყენებასღვის აუცილებელია თავისუფალი აზროვნება.

ამდენად, მოდით, იმისათვის, რომ საერთო მომავალი ავაშენოთ, ჩვენი  საბჭოთა წარსულისაგან გავათავისუფლოთ გონება.

ჩემი მესამე მოწოდება  საერთაშორისო საზოგადოებას და თითოეულ თქვენგანს გეხებათ. დაგვეხმარეთ, რომ დავიცვათ მშვიდობა საქართველოში და ასევე, ჩვენს მოსაზღვრე რეგიონში.

ქართველებს მწარედ  გვახსოვს, როგორ შეიძლება ე. წ. გაყინული კონფლიქტი ძალზე სწრაფად გადაიზარდოს ცხელ დაპირისპირებაში.

თუკი საერთაშორისო საზოგადოება ღიად დაგვიჭერს მხარს, დარწმუნებული ვარ, კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება.

დარწმუნებული ვარ, თუკი ჩვენს რეგიონში კონფლიქტის სამშვიდობო გადაწყვეტის მიმართ მსოფლიო იმავე ვალდებულებას იკისრებს, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში, მაშინ შესაძლებელი იქნება საოცრებების მოხდენა.

ყველას აინტერესებს სტრატეგიული რეგიონი, ცივილიზაციების გზაჯვარედინი უფრო სტაბილური, წარმატებული და გახსნილი იხილოს.

ქალბატონებო და ბატონებო, ისტორიამ გვასწავლა, რომ ომები, შესაძლოა, სწრაფად დაიწყოს, მაგრამ მამაც ლიდერებსაც შეუძლიათ მშვიდობის დაცვან იქ და მაშინ, სადაც ვერავინ წარმოიდგენდა კონფლიქტის მოგვარებას.

ისტორიამ გვასწავლა, რომ  შეიარაღებული კონფლიქტის დროს გახლეჩილ და სიძულვილით დაღლილს რეგიონებს, დაწყებული ევროპით, თანამშრომლობის, ურთიერთდამოკიდებულებისა და გაერთიანების გზით შეუძლიათ ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწიონ.

ისტორიიდან ვიცით, რომ ზოგჯერ ოცნებების ახდენა უფრო რეალურია, ვიდრე ხელის ჩამორთმევა.

ღრმად მწამს, რომ საერთო ბაზარი, საზიარო ინტერესები, პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ერთ დღეს გაერთიანებულ კავკასიას დაუდებს საფუძველს. აი, რას მოგიწოდებთ დღეს.

ჩვენ ზემოქმედების თვალსაზრისით ერთნაირი ისტორია გვაქვს, მაგრამ  ამავდროულად ღრმა, ძლიერი და დაუმარცხებელი სწრაფა გვაერთიანებს თავისუფლებისაკენ.

მოდით ვისაუბროთ ამ მისწრაფებაზე. ჩვენი რეგიონი ვერ იქნება ნამდვილად თავისუფალი, თუკი ის არ იქნება ერთიანი.

ეს, რასაკვირველია, თითოეული ჩვენთაგანისაგან დიდ ძალისხმევას და ქმედებას მოითხოვს, მაგრამ მიზანი ყოველგვარ მსხვერპლზე უფრო ძვირფასია.

მსგავსი შემთხვევა  დიდი ხნის წინათ  ევროკავშირის შემთხვევაშიც მოხდა. ამ ორგანიზაციასთან - საოცარ გეოპოლიტიკურ რევოლუციასთან  შეერთება ჩვენი დიდი სურვილია. კავკასიის გაერთიანებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯები ენერგოსექტორში, განათლებაში, კულტურულ  და სამოქალაქო სფეროებში კონკრეტული პროექტებით დაიწყება.

ჩვენ უნდა დავიწყოთ სულ უფრო მეტი ხალხის გაცვლით, დროა, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და დავამყაროთ კავშირები, რომლებიც ერთმანეთთან საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის გარეშე მიგვიყვანს.

ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო დელეგატებო,  ჩემი დაბადების ადგილი და ჩვენი დედაქალაქი თბილისი ყველა რელიგიისა და სხვადასხვა ეთნიკურ დაჯგუფებებს აერთიანებს კავკასიიდან. ამასთან ერთად, ეს ხალხი ტოლერანტულობისა და თანამშრომლობის ცოცხალ მაგალითს წარმოადგენენ.

ჩვენ ლიდერებმა ამ ხალხის თანაცხოვრების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ და გეოპოლიტიკურ მოვლენად გარდავქმნათ.

ჩვენი ერთიანობა არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და და კიდევ ერთხელ, არ ვაპირებთ არანაირი საზღვრების შეცვლას.

ჩვენ შესაძლოა სხვადასხვა სახელმწიფოს შვილები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ვიყოთ და ვცხოვრობდეთ მთების სხვადასხვა მხარეს, მაგრამ ადამიანებისა და მათი კულტურების გათვალისწინებით არ არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია. არის მხოლოდერთი კავკასია, რომელიც ეკუთვნის მსოფლიო ცივილიზაციას და ეკუთვნის ევროპას. და ჩვენ ქართული გზით ერთ დღეს თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს.

ჩვენ კავკასიელებს, რომელთაც განადგურების ლეგიტიმური თუ წარმოსახვითი საფრთხე ელოდებოდათ ერთმანეთისგან თუ სხვა ძალებისგან, ხშირად იმედი გვქონდა, რომ მეზობელი იმპერიები დაგვიცავდნენ.

უცხოეთისგან თავშსაფრის მგზნებარედ ძიებამ დამორჩილებამდე, ანექსიამდე და ასიმილაციამდე მიგვიყვანა.

ამან საშუალება მისცა უცხოელ ლიდერებს ხელოვნურად გაეძლიერებინათ ჩვენი დაყოფა.

ჩვენ, კავკასიელებს მსგავსი შეცდომები ადრეც დაგვიშვია ჩვენი ისტორიის განმავლობაში.

ახლა ცვლილებების დროა.

დროა, ერთად დავდგეთ და ერთმანეთს დავეხმაროთ გადარჩენასა და წინსვლაში.

მუდმივად არ უნდა ვეძებდეთ გარედან დახმარებასა და ხელშეწყობას. დროა მივხვდეთ, რომ ჩვენს რეგიონს ყველა ჩვენგანისათვის ხელსაყრელი რესურსები და პოტენციალი გააჩნია.

დროა დავეყრდნოთ საკუთარ თავს, ჩვენი მოქალაქეების ადამიანურ პოტენციალს, განვავითაროთ განათლების საკუთარი სისტემა და თავადვე მოვახდინოთ ჩვენი განვითარების ორგანიზება.

კავკასია მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია. დროა გამოვავლინოთ, რომ ჩვენი წინაპრების ენერგია მხოლოდ შორეული წარსულის კუთვნილება არაა და გვაქვს რაღაც, რისი მიცემაც ჩვენი შვილებისა და მსოფლიოსათვის შეგვიძლია.

დროა შვწყვიტოთ ბრძოლა და ერთმანეთის დასუსტება. ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთიანობაშია.

ქალბატონებო და ბატონებო, გაერთიანებისა და მშვიდობის დროა.

დროა შვწყვიტოთ წარსულის ტყვეებად ყოფნა და საერთო მომავლისაკენ დავიძრათ.

წარსულში ქართველებს ოსმანთა იმპერიასთან საზღვარი აბსოლუტურ საფრთხედ მიაჩნდათ. დღეს ჩვენ პასპორტებისა და ვიზების გარეშე შეგვიძლია ერთმანეთთან მიმოსვლა. თურქეთთან დღეს გვაქვს საერთო აეროპორტი, თავისუფალი ვაჭრობა და ძალზე მეგობრული ურთიერთობა. ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები შეძლებენ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას პასპორტების გარეშე. თუმცა, პროცედურა დღესაც ძალზე გამარტივებულია და მათ მანქანების დატოვებაც არ უწევთ.

ცოტა ხნის წინათ, ერთმა უცხოელმა დიპლომატმა, როდესაც რუსეთთან ჩვენი ერთადერთი ლეგალური საზღვარი გადმოკვეთა, მითხრა, რომ უამრავი საგუშაგო გაიარა, რომლებზეც ადგილობრივი, გაუპარსავი შეიარაღებული მილიციელები და ფსბ-ს აგენტები გზების ბლოკირებას ერთი ველიდან მეორეზე და ერთი სოფლიდან მეორეზე ახდენდნენ.  ისინი აგრესიულად უშლიან ხალხს საკუთარ ქვეყანაში გადაადგილებას.

დროა მავთულხლართები და ჯებირები -  ღია საზღვრებითა და პასპორტისაგან თავისუფალი საბაჟოებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკები -  გაერთიანებული სკოლებითა და უნივერსიტეტებით, კალაშნიკოვი - კომპიუტერებით, ჭურვები კი წიგნებით, რადიოებითა და ტელევიზორებით ჩანაცვლდეს.

2008 წელს ათასობით ტანკმა და ჯანვშანტრანსპორტიორმა, ჯარებმა და გასამხედროებულმა დაქირავებულებმა კავკასიის მთები გადაკვეთეს. მათ ნგრევა, სიკვდილი და სიძულვილი მოიტანეს.

ახლა კი დროა ხორცი შევასხათ თავისუფლებისა და ერთიანობის  იდეებს. იმ იდეებს, რომელთა განხორციელებაზეც ვლოცულობთ. ჩვენ გვსურს გადავლახოთ იგივე მთები, ოღონდ ამჯერად იმედის, სიცოცხლის და თვით სიყვარულის მოსატანად.

ახლა, როდესაც მე ვლაპარაკობ, ასობით ტანკი და იარაღის გადამზიდი კავკასიაში ბეტონდება.

თუკი ჩვენთვის ვიქნებით, ერთმანეთისაგან იზოლირებული და გათიშული, ისინი გვაჯობებენ.

თუკი ყველა ადამიანი მეზობელს ჩაჰკიდებს ხელს, თუკი ათობით მილიონი მშვიდობიანი ადამიანი ერთმანეთის მხარდამხარ დადგება ისე, როგორც კავკასიონის მთები, მაშინ ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ შეძლებს გაწყვიტოს ადამიანთა გაღვიძებული სულების ჯაჭვი და დააცხროს თავისუფლების დაუძლეველი წყურვილი.

დიდი მადლობა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)