Google+

გამოსვლები და განცხადებები

26.08.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

ჩემო თანამემამულენო!

როგორც უკვე იცით, რუსეთმა დღეს მიიღო ცალმხრივი გადაწვეტილება საქართველოს შემადგენელი ორი რეგიონის მიმართ.

ნაცისტური გერმანიისა და სტალინისტური საბჭოთა კავშირის შემდეგ, ეს არის პირველი მცდელობა ევროპაში, როდესაც დიდმა სახელმწიფომ ერთპიროვნულად, ძალის გამოყენებით სცადა ჯერ მთლიანად დაეჩოქებინა და გაენადგურებინა მეზობელი ქვეყანა, ხოლო ახლა მისი რეგიონების ანექსიას ცდილობს - ე.ი. შიდა ევრპული საზღვრების შეცვლას.

მას შემდეგ, რაც, როგორც მათ ჰქონდათ ჩაფიქრებული, საქართველო სამხედრო აგრესიით ვერ დააჩოქეს; მას შემდეგ, რაც ვერ შეძლეს ჩვენი ხალხის გატეხვა, საქართველოს მთავრობის განდევნა, საქართველოს ფუნდამენტური ფასეულობების შერყევა და საქართველოს რუკიდან გაქრობა; მას შემდეგ, რაც ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, მთლიანად ქართველმა ხალხმა და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ წარმოუდგენელი გმირობა და ერთიანობა გამოიჩინეს, როგორც ამ არგესიის ბოლო იმედი რაიმეს შენარჩუნების, რუსეთმა დღეს გამოაცხადა წარმოუდგენელი უკანონობა, წარმოუდგენელი თავხედობა.

მინდა, ერთი რამ გვესმოდეს, რუსეთის დღევანდელი ნაბიჯი არის მთლიანად უკანონო, მას არც საქართველოსთვის და არც დანარჩენი სამყაროსთვის არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

დღეს, გუშინ და ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ დაუშვა წარმოუდგენელი სტარტეგიული შეცდომები, მან წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ პოზიციას მსოფლიო თანამეგობრობის თვალში, თანამედროვე მსოფოლიო ისტორიისა და თანამედროვე მსოფლიო ურთიერთობების მხრივ.

მთელი ჩემი პრეზიდენტობა აქამდე ეძღვნებოდა იმას, რომ საქართველო მსგავს გადამწყვეტ მომენტში მარტო არ ყოფილიყო.

რუსეთის ქმედებები აქამდე მიმართული იყო იქით, რომ იმ მომენტში, როცა ის გადაწყვეტდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბოლოს მოღებას, საქართველოს გადაყლაპვას, როგორც ეს ერთხელ 1921 წელს გააკეთა, ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლოდა დამხმარე, თანამდგომი და დანარჩენ მსოფლიოს ვერ გაეგო რა ხდება.

ეს თემა და გეგმა რუსეთის ფედარაციას ბოლომდე ჩაუვარდა.

საქართველო ანალოგიურ სიტუაციაში 1992-93 წელს იყო სრულიად მარტო, მაშინ მას არ ჰყავდა ჭირისუფალი და გვერდზე მდგომი; საქართველოს სახელი და ადგილმდებარეობა არ იცოდა მსოფლიოს მოქალაქეთა, თითქმის, 100 პროცენტმა.

ბოლო კვირების განმავლობაში კი, საქართველომ მიიღო იმდენად დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და სოლიდარობა მთელი თავისუფალი სამყაროს საზოგადოების მხრიდან; იმდენად ბევრი ქვეყანა დაირაზმა ჩვენი თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ირგვლივ, რომ მარტო ამას ორასი წელიც ვერ შევძლებდით, რომ არა რუსეთის მხრიდან დაშვებული შეცდომები.

ბოლო წლების მთელ ჩვენს მოქმედებას - არ დავრჩენილიყავით მარტო - რუსეთმა თავისი აგრესიით მისცა არსი.

რაც ამ წლებში დავთესეთ, ასმაგად მოვიმკეთ ჩვენი შეკავშირებულობის, ურთიერთსოლიდარობისა და რუსეთის მიერ დაშვებული შეცდომების წყალობით.

მინდა იცოდეთ, რომ რუსეთის ხელისუფლების დღევანდელ გადაწვეტილებას ერთხმად გმობს ევროპის კავშირი, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები და უკლებლივ ყველა ცივილიზებული ქვეყანა მსოფლიოში.

მინდა იცოდეთ, რომ ყველა ამ ქვეყნის განაცხადებთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აბსოლუტურად ხელშეუხებელია.

თუ აქამდე ჩვენ გვიხდებოდა იმის მტკიცება, რომ ეს არ არის საქართველოს შიდა კონფლიქტები და ამაში ჩარეულია რუსეთი; რომ რუსეთი არ არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა და არ არის მშვიდობის დამყარების მიუკერძოებელი მონაწილე, უნდა იცოდეთ, სამწუხაროდ, უმეტესობას ამას ვერ ვუსაბუთებდით, რადაგნ ყველას თავის საზრუნავი და საკუთარი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი.

ახლა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას აღდგენის და საქართველოს თავისუფლების დაცვის საკითხი არც შიდა ქართული ამოცანა აღარ არის და არც თუნდაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა.

ეს საკითხი რუსეთსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის უნდა გადაწყდეს.

საქართველოს დამოუკიდებლობა და შემდგომი გაძლიერება აღვირახსნილ რუსეთსა და მთელ თავისუფალ სამყაროს შორის განსახილველი საკითხია.

ქართველი ხალხის შემდგომი გაძლიერება, შემდგომი ეკონომიკური წარმატება, ჩვენი დემოკრატიის ფესვგადგმა, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია არა საქართველოსა და რუსეთის, არამედ რუსეთის ამ უკანონო ხელისუფლებასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის მსჯელობის საგანია.

საქართველოს მომავალი, რომელიც, რასაკვირველია, ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების ხელით უნდა შეიქმნას, უკვე მხოლოდ საქართველოს მომავალი არ არის, ეს დემოკრატიის, თავისუფლების და ე.ი. მთელი ცივილიზებული კაცობრიობისა და მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის მომავალია.

რუსეთმა სცადა დაეკანონებინა კონტროლი თუ მთელ საქართველოზე არა, ორ რეგიონზე მაინც, მაგრამ ამის ნაცვლად, მან მსოფლიოში თავისი მდგომარეობისათვის უზარმაზარი, გრძელვადიანი პრობლემა მიიღო და როგორც არასდროს, ამ კონფლიქტებთან მიმართებაში საკუთარი პოზიციები შეარყია.

პრაქტიკულად, მან გაანულა თავისი როლი საქართველოს შიდა საკითხებთან მიმართებაში და მიიღო სწორედ ის, რისი თავიდან აცილებაც უნდოდა ბოლო ამ წლების განმავლობაში.

დღეს საქართველოს ამოცანა სახელმწიფოებრიობის, ერთიანობის, სიმშვიდის, ცივილიზებულობის, გმირული, მშვიდობიანი წინააღმდეგობისა და განვითარების ტემპის შენარჩუნება და ქვეყნის ფეხზე დაყენებაა.

საერთაშორისო წესრიგის მიმართ ამ თავხედურ გამოწვევაზე, იმაზე, რაც სტალინისა და ჰიტლერის შემდეგ ევროპას ვერავინ ვერ უბედავდა, რუსეთი მიიღებს პასუხს იმ ევროპისაგან და თავისუფალი სამყაროსგან, რომელსაც კარგად ახსოვს წარსულის ძალიან მწარე და შემაშფოთებელი გაკვეთილები.

მინდა ყველას კარგად გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხი რუსეთის წარმოუდგენელ თავხედობაზე, აგრესიასა და უკანონობაზე, არის სიმშვიდე, ერთიანობა, გაერთიანება, განვითარება და გაძლიერება.

ჩვენი ამოცანაა, უკვე მივმართე კიდეც ყველა იმ ლიდერს, ვისაც ეს ეხება, საქართველოს დაჩქარებული ინტეგრაცია ნატო-ში და ევროპის კავშირთან, რათა არ განმეორდეს წარსული შეცდომებდი.

ჩვენ დემოკრატიული სამყაროს ნაწილი ვართ და დემოკრატიულმა სამყარომ ბოლომდე უნდა ჩაიხუტოს საქართველო და მისი საზოგადოებრიობა.

ჩვენ უკვე გვაქვს სერიოზული სიგნალები ამ მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური აღორძინების, მისი ფეხზე დაყენების და უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, უკვე მივიღეთ სერიოზული დაპირება და რამდენიმე კონკრეტული პროგრამა.

საქართველო იქნება ძლიერი არა მხოლოდ ეკონომიურად, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ვიყოთ ძლიერი, როგორც არასდროს; ვიყოთ მშვიდი და შეკავშირებული; ვიყოთ ცივილიზებული და ევროპული ქვეყანა, რათა იმ ხალხს, ვინც ჩვენი ცივილიზაციის ჩამოშლა, პოლიტიკური არჩევანის შერყევა, საქართველოს დაქუცმაცება და ფეხქვეშ გათელვა მოინდომა, ერთი წამითაც არ დაუტოვოთ იმედი , რომ ეს შესაძლებელია და ამ მიზნებიდან რომელიმე ერთი მაინც შესრულდება.

საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, მაგრამ საქართველო არის დიდი კულტურისა და ისტორიის, მრავალეთნიკური ქვეყანა, სადაც ცხოვრობს განსაკუთრებული საზოგადოება, რომელმაც თავისი განსაკუთრებულობა, გამბედაობა ცივილიზებულ სამყაროს კარგად აჩვენა ამ დღეებში, რასაც დღესაც აგრძელებს.

დღეს ჩვენიამოცანაა, რომ ვუშველოთ დაზარალებულებს, გავუმართოთ ხელი ყველას, ვინც დაკარგა სახლ-კარი, დაკარგა სამსახური და ბიზნესი.

თუმცა, მთავარი, რაც არ უნდა დავკარგოთ არის იმედი, სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდზე დგომა და, საბოლოოდ, ჩვენი ნათელი მომავალი.

რა არის საქართველოს მომავალი? საქართველოს მომავალი არის დამოუკიდებელი, წარმატებული, თავისუფალი, მდიდარი და, რაც მთავარია, ერთიანი ევროპული სახელმწიფო.

ჩვენ, როგორც არასდროს, თავისუფლებისთვის ბრძოლის წინა პლანზე უნდა ვიყოთ და ეს არის ჩვენი მომავალი.

რუსეთის დღევანდელი მოქმედებებით, არა მხოლოდ არ ახდა რუსული იმპერიალიზმის აღორძინების საუკუნოვანი ოცნება, არამედ დღეს საქართველოში რუსული იმპერიალიზმის ხელახლა აღორძინების დასაწყისის დასასრული დაიწყო.

ჩვენი ამოცანაა და მათ ეს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს არა მხოლოდ ვერ გაასწორებენ მიწასთან, არა მარტო ვერ აიხდენენ საკუთარ ოცნებას, არამედ რაზეც ისინი საქართველოსთან მიმართებაში ლაპარაკობენ, არაფერი არ მოხდება - ახალ იმპერიაზე, ახალ სივრცეზე, საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა ინსტიტუტების აღორძინებაზე, ხალხის ხელახლა დამონებაზე, მათი უფლებების, თავისუფლებების შეზღუდვასა და ღირსების შელახვაზე, ფეხქვეშ გათელვასა და ყოველივე ამის ხელახლა დაწყებაზე - ეს არ მოხდება!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში დაიწყება ყოველივე ამის დასასრული.

დღეს და ბოლო კვირების განმავლობაში მათ დაუშვეს ძალზე მძიმე შეცდომა - მათ მოინდომეს თავისუფლებისმოყვარე, მაღალი ღირსების მქონე ერის გატეხვა და მთელი მსოფლიოსთვის ამის ჩვენება.

სინამდვილეში მათ მიიღეს გაუტეხელი, არ კომფორმისტი, ევროპული ცივილიზაციის და ევროპული გზით მიმავალი, წინააღმდეგობის გამწევი ქართველი ერი, მრავალეთნიკური ქართული საზოგადოებრიობა.

მათ მიიღეს ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ - თავისუფალებისა და არათავისუფლების შეტაკებაში, არათავისუფალმა ძალამ უკან დაიხია.

არათავისუფალი ძალები უშვებს შეცდომებს და ვერასდროს ვერ აღწევენ იმას, რისი მიღწევაც სურთ.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს განვითარებისა და საქართველოს გაერთიანებისთვის.

საქართველო, რა თქმა უნდა, იქნება მთლიანი, მაგრამ ამ ბრძოლას დავასრულებთ არა მარტონი, არამედ ყველა კეთილი ნების მქონე საზოგადოებასთან და ადამიანთან ერთად მსოფლიოში.

ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბოროტებას!

აუცილებლად გავაგრძელებთ ბოროტების შევიწროებას ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ჩვენს გზებზე, თბილისის მისადგომებთან, გორში, სამეგრელოში, საქართველოს შავი ზღვისპირეთში.

ბოლო კვირების განმავლობაში, პირველად ჩვენი ისტორიაში, მთელი მსოფლიო შეჰყურებდა ჩვენს ქვეყანას და საქართველო ყველამ სრულიად ახალი კუთხით გაიცნო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, ჩვენს გზას ჩვენი მომავალი თავისუფლებისთვის და ევროპული არჩევანისთვის აღარ გავივლით მარტო - მას ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად გავივლით.

ევროპასა და მსოფლიოში ადგილს ჩვენს მეგობრებთან ერთად დავიმკვიდრებთ.

რაც მთავარია, საქართველოს უკლებლივ ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ცხინვალში, სოხუმში მოვახდენთ საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას და საქართველოს აღორძინებას.

საქართველოში ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს დემოკრატიისა და თავისუფლების ნაყოფით, დემოკრატიისა და თავისუფლების სიკეთით.

ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ყველა ეთნიკური წარმომავლობის თანამოქალაქენო!

მთავარი, რაც ჩვენმა არაკეთილმოსურნემ ამ დღეებში ვერ დაინახა, არის შეშინებული საქართველო; მთავარი, რაც მათ ვერ დაინახეს არის სხვა ქვეყნებისგან მიტოვებული საქართველო; მთავარი, რაც მათ ვერ დაინახეს არის გაქცეული და მტერზე ზურგშექცეული საქართველო; მთავარი, რაც ვერ დაინახეს არის დაშლილი ქართული მთავრობა და დაშლილი ქართული სახელმწიფოებრიობა.

მთავარი, რისი დანახვაც მათ ყველაზე მეტად სურდათ იყო გატეხილი ქართული სული და დაბეჩავებული და დაჩაჩანაკებული საქართველო, რომელიც მათ ფეხქვეშ დაუწვებოდა და კეთილგანწყობის სანაცვლოდ, მორჩილებას და სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებდა.

მაგრამ მსგავსი რამ საქართველოში მათ ვერ დაინახეს და ამიერიდან, ამას ვერც ვეღარასდროს დაინახავენ!

საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო, როგორც თავისუფალი ქვეყანა და საქართველო თავის არჩევანს ბოლომდე გაიტანს!

1921 წელი საქართველოში ვეღარ განმეორდა და და არც აღარასდროს განმეორდება.

საქართველო გადარჩა!

ამ ვითარებიდან საქართველო ათჯერ უფრო გაძლიერებული და ბევრად უფრო წელგამართული გამოვა.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველო აღარასდროს დაიჩოქებს და საქართველო აუცილებლად მოახერხებს ყველა მიზნის მიღწევას მშვიდობიანი გზით, მათ შორის, ქვეყნის სრულ გაერთიანებას.

ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და თითოეული ჩვენი ოჯახის მფარველი!

გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)