Google+

გამოსვლები და განცხადებები

17.08.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

მსურს მივესალმო კანცლერ მერკელის მიერ განხორციელებულ მისიას.

მისი მხრიდან ეს ძალზე გაბედული დიპლომატიური მოქმედებაა.

მადლობელი ვართ გერმანიის ამგვარი მიდგომისთვის, რომელიც თვეების განმავლობაში შუამდგომლობდა და ცდილობდა დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემდა თავიდან აგვეცილებინა ვითარების გართულება.

ასევე, მადლობელი ვარ გერმანიის პოზიციისთვის უმალ ჩაბმულიყო პროცესში და შეეწყვიტა ომით გამოწვეული ის სისასტიკე და უბედურება, რაც ახლა ხდება.

ვფიქრობ, კანცლერი მერკელი ძალიან გაბედული პოლიტიკური მოღვაწეა, ღრმად არის ჩახედული სიტუაციაში და კარგად იცის რეალურად რა ხდება როგორც აქ, ისე, ზოგადად, რეგიონში.

ასევე მსურს მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს მისი ძალისხმევისთვის, ევროკავშირის სახელით ეშუამდგომლა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

წინ მრავალი გამოწვევა გველოდება.

ახლაც, ჩვენის საუბრის დროს, არ წყდება ეთნიკური წმენდის, ძალადობისა და მარადიორობის ფაქტები.

მსოფლიომ არასდროს არ უნდა დაუშვას ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონება.

ჩვენ გვყავს ათიათასობით იძულებით ადგილნაცვალი პირი.

მე არ მსურს ვხედავდე უსახლკარო ბავშვებს, რადგან ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ასე უნდა იყოს.

რუსული ჯარი დაუყონებლივ უნდა გაიყვანონ.

ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტისა და ჯარის გაყვანის დადასტურება, სასურველია, გაეროს ან ეუთოს დამკვირვებლების მიერ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარული დახმარება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

დაბოლოს, ჩვენ გვჭირდება კონფლიქტურ ზონებში მშვიდობისმყოფელები და კონფლიქტის რეალური გადაწყვეტა ყველა ჩვენი ეთნიკური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით.

ჩვენ გვჭირდება მე-20 საუკუნის კონფლიქტების 21-ე საუკუნის შესაფერისი მეთოდებით გადაწყვეტა და არა მე-19 და მე-18 საუკუნის წესებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ კანცლერთან ერთად, ამჟამად ჩემს ქვეყანაში მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხები განვიხილეთ.

მივიღე ინფორმაცია, რომ ახლაც, ჩვენი საუბრის დროს, ინაღმება შენობები, გზები და ხიდები, ხოლო მთავარი სარკინიგზო მაგისტრალი ააფეთქეს.

ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას ისინი მიზანმიმართულად აჩანაგებენ და ანადგურებენ, მაგრამ ევროკავშირის დახმარებით, გერმანიისა და სხვა დიდი ქვეყნების თანადგომით, აღვადგენთ და ფეხზე დავაყენებთ საქართველოს, გავხდით ისეთივე წარმატებულს, როგორიც აქამდე იყო.

საქართველო კვლავ იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, ხოლო ამ ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, ეთნიკური წარმომავლობის განურჩევლად, ექნება თავისუფალი მომავალი.

ერთი რამ უნდა იყოს ნათელი - რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო არასდროს დათმობს საკუთარი ტერიტორიის ერთ კვადრატულ კილომეტრსაც კი, ჩვენ ვერასდროს შევეგუებით საქართველოს ანექსიას ან მის დანაწევრებას, ეთნიკური წმენდის დაკანონების, საქართველოს დაჩოქებისა და ჩვენი დემოკრატიული სისტემის რღვევის მცდელობებს.

ჩვენ მადლობელი ვართ, რომ გამბედავი კანცლერი აქ, ჩვენს შორის იმყოფება.

მადლობელი ვარ იმ პოზიციისათვის, რომელსაც იგი ბოლო რამდენიმე დღეა გამოხატავს.

ბუნებრივია, მრავალი თვის განმავლობაში გერმანია ცდილობდა მდგომარეობა არ მისულიყო აქამდე.

ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო კანცლერო.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი:

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო.

მე დღეს სიამოვნებით ჩამოვედი აქ, რათა მხარდაჭერა გამომეხატა ქართველი ხალხის მიმართ.

მე აქ ჩამოვედი, რათა მხარი დავუჭირო საქართველოს მთავრობას იმ ამოცანების გადაჭრაში, რომლებიც მის წინაშე დგას.

ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომლის ტერიტორულ მთლიანობას ისევე უნდა ვცეთ პატივი, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ ერთიანობას.

ჩვენ მხარი დავუჭირეთ ექვსპუნქტიან გეგმას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ უკვე ხელმოწერილი გეგმა, სისრულეში დროულად იქნება მოყვანილი.

დოკუმენტს გუშინ მოეწერა ხელი და ჩვენ მოველით რუსეთის ჯარის სწრაფ გაყვანას ქვეყნის ტერიტორიიდან.

ჩვენ მოველით პროცესს, რომელიც, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ-ჯერობით, ჩვენი მოლოდინის შესაბამისად არ წარმართულა.

ჯარის გაყვანა უპირველეს ნაბიჯს წარმოადგენს, რის შემდეგაც საერთაშორისო დამკვირვებლები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ჩამოვიდნენ რეგიონში.

ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მედვედევის თანხმობა არის, თუმცა ეს ის მომენტია, რომელიც არანაირად არ უნდა გაჭიანურდეს.

ჩვენ უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ დევნილებს, ეს, განსაკუთრებით, ეხება სამხრეთ ოსეთის რეგიონს, თუმცა, ამავე დროს, მათ უნდა მიეცეთ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა.

შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენს მოლაპარაკება იმის თაობაზე, თუ რა სახით ამოქმედდება რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ჯარი.

ფედერალურმა მთავრობამ არაერთხელ გამოხატა როგორც ევროკავშირის, ისე თავად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მზადყოფნა, ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

თუმცა ეს, ბუნებრივია, მრავალმხრივი მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ქვეყნის აღდგენისათვის აუცილებელ ღონისძიებებზე.

ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ, ევროკავშირის წინაშე განსაკუთრებული ამოცანა დგას, რომელსაც იგი შეასრულებს. გერმანიაც, თავის მხრივ, მზადაა კონკრეტულ პროექტებში ჩაერთოს და, რაც მთავარია, დროულად.

ვფიქრობ, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურებულია.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რაც სოჭში უკვე განვაცხადე.

ბუქარესტის გადაწყვეტილებები ნატოსთან დაკავშირებით კვლავ ძალაში რჩება, ანუ ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა - საქართველოს, თუკი მას ამის სურვილი აქვს, შეუძლია გახდეს ნატოს წევრი.

ამას გარდა, კარგი წინაპირობაა იმისათვის, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას საქართველოსთან უფრო ინტენსიური სახე მიეცეს; იგივე ეხება, ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ყაზახეთი, თურქმენეთი.

ვფიქრობ, საქართველოს წინაშე მდგომი ამოცანების ფონზე, შესაძლებელი უნდა იყოს, აქ, საქართველოში შეხვედრის ორგანიზება, ევროკავშირისა და ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებს შორის.

ერთი სიტყვით, მომავალ კვირებში ჩვენ გვექნება აქტიური კონტაქტის საშუალება, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია პირველადი ამოცანების გადაწყვეტა.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ამოცანა ქვეყნიდან რუსული ჯარის გასვლაა.

ტელეკომპანია „რუსთავი2":

კითხვა მექნება ქალბატონ კანცლერთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ უკვე ხელმოწერილია სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსული ჯარი უნდა გასულიყო საქართველოს ტერიტორიიდან, შეთანხმება ჯერ-ჯერობით არ სრულდება და რუსული ჯარი კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიაზე. ხომ არ ფიქრობთ, რომ უნდა დასახელდეს რაიმე კონკრეტული ვადა, რომლის ფარგლებშიც ამ ჯარმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და რა მექანიზმი აქვს ევროპას, იმისთვის, რომ ეს პროცესი გააკონტროლოს?

ანგელა მერკელი:

პარასკევს პრეზიდენტ მედვედევს შევხვდი. ამ შეხვედრის დროს იგი ზემოხსენებული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ჯარის გაყვანის პროცესის დაწყებას დათანხმდა. ორმხრივი ხელმოწერა უკვე გვაქვს, ახლა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა და ველით, რომ ეს მოხდება არა რამდენიმე კვირის, არამედ რამდენიმე დღის განმავლობაში.

უკან დაბრუნებისთანავე ჩვენ ვისარგებლებთ შესაძლებლობით, კიდევ ერთხელ დაველაპარაკოთ რუსეთის მხარეს და მოვთხოვოთ მათ დადებული პირობის შესრულება. ამ გეგმის შემუშავების შემდეგ, ვფიქრობ, არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო ელოდება იმას, რომ ჯარს გაიყვანენ. აქ რამდენიმე მხარის ნდობის ფაქტორი მოქმედებს.

ასე რომ, ველოდები, რომ რუსული ჯარი საქართველოს დატოვებს.

სამშაბათს გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა. ამ მომენტამდე ნათლად უნდა იყოს გამოკვეთილი, რომ რუსული ჯარის გაყვანის პროცესი რეალურად ხორციელდება.

კიდევ ერთხელ - მართლაც შესაძლებელია და აუცილებელიცაა, რომ ეს ყოველივე დაუყოვნებლივ მოხდეს.

მიხეილ სააკაშვილი:

გუშინ კონტაქტი გვქონდა რუს გენერლებთან და გუშინვე, მას შემდეგ, რაც მედვედევმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტს, ისინი თბილისისკენ მომავალ მთავარ გზაზე გამოვიდნენ. გენერლები გვითხრეს, რომ მათ ორი ვარიანტი აქვთ: წამოსულიყვნენ თბილისზე ან უკან დაეხიათ, რადგან ისინი კვლავ ელოდებიან ბრძანებებს. ეს იყო გუშინ, გვიან ღამით. მათ დღესაც დანაღმეს ახალი ხიდები.

რუსული სამხედრო წყაროებიდან ჩვენ კიდევ გვესმის, რომ აქვთ დავალება გაანადგურონ საქართველოს ეკონომიკური ინსტრასტრუქტურა იმ დონემდე, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყოს. ეს არის ის, რასაც ჩვენ მოვისმინეთ. ვერ დავიწყებ სპეკულირებას იმის შესახებ, რომ ეს იყო რუსეთის ხელმძღვანელობის პირდაპირი დავალება. ეს არის ის, რასაც ადგილზე მყოფნი გვეუბნებიან. სამწუხაროდ, ის, რასაც ადგილზე მყოფნი ამბობენ, რეალურად ხორციელდება.

ახლა მთავარი უბედურება თავიდან უნდა ავიცილოთ და რუსულმა ჯარმა უნდა დაიწყოს გასვლა. ვიმედოვნებ, რომ დედაქალაქზე შეტევას ვერ დაიწყებენ. მინდა, მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ დედაქალაქის დასაცავად - ჩვენი სამხედრო ძალების უმეტესი ნაწილი, ისევე როგორც იარაღი, მზადყოფნაშია.

იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა და ისინი შეთანხმების პირობებს დაემორჩილებიან. ვფიქრობ, მსოფლიომ თვალი უნდა ადევნოს ამ პროცესებს. კონსტრუქციული დიალოგი გვექნება ყველასთან და, მათ შორის, რუსებთანაც. მაგრამ ახლა, რასაკვირველია, ჩვენ უნდა გამოვძებნოთ გზა და გამოვიდეთ ამ ჩიხიდან.

გერმანიის ტელევიზია, პირველი არხი, „ARD":

ქალბატონო კანცლერო, რამდენად უშვებთ შესაძლებლობას, რომ ევროკავშირის პრეზიდიუმის მიერ შემუშავებული ექვსპუნქტიანი გეგმის ფორმულირებებს, ეს განსაკუთრებით მეოთხე და მეხუთე პუნტქებს ეხება, გარკვეული სიზუსტე აკლდა, რამაც, თავის მხრივ, რუსულ მხარეს ერთგვარი „თავისუფალი მოქმედების სივრცე" მისცა?

ბატონო პრეზიდენტო, თქვენს ქვეყანაში დადის ხმა, რომ თქვენც მიგიძღვით წვლილი ამ კონფლიქტის ესკალაციაში და რომ თქვენ უნდა იტვირთოთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა ცხინვალზე იერიშის მიტანის გამო. რას იტყვით ამის შესახებ?

ანგელა მერკელი:

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალზე მნიშვნელოვანი და სწორი იყო ამ ექვსპუნქტიანი გეგმის შემუშავება, რაშიც ფრანგ კოლეგებს მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენც აღმოვუჩინეთ. ეს არის გეგმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არ მოიცავს გარკვეული პოლიტიკური ასპექტების გადაწყვეტას. ამ გეგმას თან ახლდა დანართი, რომელსაც დაეთანხმა როგორც რუსული, ისე ქართული მხარე. ამ გეგმის პოლიტიკური ნება აბსოლუტურად ნათელია. რუსეთის პრეზიდენტთან რამდენჯერმე საუბრისას გამოიკვეთა, რომ ჯარის გაყვანის საკითხი ეჭვს არ იწვევს.

ამას გარდა ძალზე დეტალურად ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს და როგორ უნდა გამოიყურებოდეს უსაფრთხოების ზონები. როგორც გავიგე, ამათან დაკავშირებითაც არსებობს შეთანხმება, იმ პერიოდამდე, ვიდრე რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვლენ.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ყველა სათანადო შეთანხმება მიღწეულია და შეუძლებელია რაიმე სახის გაუგებრობებზე ლაპარაკი. ბუნებრივია, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა წამოიჭრება, როდესაც საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებამდე მივა. რაც შეეხება პირველ ნაბიჯებს, იმას თუ რა უნდა გაკეთდეს დღეს, ვფიქრობ, სრულიად ნათელია.

მიხეილ სააკაშვილი:

უპირველეს ყოვლისა, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მედია თავისუფლად მუშაობდა. ბუნებრივია, ადამიანებს აქვთ მოსაზრებები, რომლებიც ოფიციალური პოზიციისგან განსხვავდება. ჩვენ გვაქვს გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს ხელისუფლების პოზიციას. დემოკრატიაა ის, რომ ხალხს, ასევე პოლიტიკოსებსაც აქვთ შესაძლებლობა, საჯაროდ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები.

აბსოლუტურად ნათელია ის, რომ მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით მსოფლიოს, რომ რუსეთი საქართველოს წინაამღდეგ აგრესიისათვის ემზადებოდა. მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე ვამბობდით, რომ რუსეთი ბომბავდა საქართველოს და რომ ისინი პირდაპირ გვემუქრებოდნენ. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთი დაიწყებდა საქართველოზე თავდასხმას, მათ მოახდინეს ცხინვალის და მიმდებარე ტერიტორიების სამოქალაქო მოსახლეობის სრული ევაკუაცია. ეს თქვენ რაღასაც უნდა მიგანიშნებდეთ. ეს ის დრო იყო, როცა შვებულებაში ვიყავი, ჩვენი მინისტრების უმრავლესობაც შვებულებაში იყო. მე მხოლოდ მაშინ შევწყვიტე შვებულება და დავბრუნდი, როცა მივხვდი, რომ საქმე მართლაც ცუდად იყო. გამოვიძახე ქვეყნის ხელმძღვანელი პირები, მაგრამ მათი უმრავლესობა ვერ დაბრუნდა. და იცით რა? ყოველთვის, როცა დიდი მეზობელი, დიდი რუსეთი თავს ესხმის რომელიმე მეზობელს, ამაში მეზობელსვე ადანაშაულებს. დამისახელეთ თუნდაც ერთი მაგალითი ისტორიიდან, როცა რუსეთი არ ამტკიცებს, რომ მისი თავდასხმა არ იყო პროვოცირებული. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს პროვოცირებული იყო - ეს პროვოცირებული იყო ფინეთის მიერ, ეს პროვოცირებული იყო ჩეხოსლოვაკიის მიერ, ეს პროვოცირებული იყო უნგრეთის მიერ, ეს პროვოცირებული იყო ავღანეთის მიერ.

გადახედეთ, როგორ გაძლიერდა რუსეთის სამხედრო ძალა ბოლო თვეების განმავლობაში. ნახეთ, რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო სპეციალისტის ბატონ პაველ ფელგენგაუერის სტატია, რომელიც რუსულ პრესაში რამდენიმე დღის წინ დაიბეჭდა და "რადიო თავისუფლებითაც" გადაიცა. მან ნათლად განაცხადა, რომ მრავალი თვის განმავლობაში რუსები ემზადებოდნენ აგვისტოში საქართველოზე თავდასხმისთვის. ეს მას არ უთქვამს პოსტ-ფაქტუმ, ამას ამბობდა თავდასხმამდე სამი თვით ადრე.

არც ერთმა თქვენგანმა ყურადღება არ მიაქციეთ ამას. ახლა გვიბრუნდებით და გვადანაშაულებთ? არცერთმა ევროპულმა წამყვანმა მედია საშუალებამ ამას ყურადღება არ მიაქცია, ხოლო რუსები ამტკიცებენ, რომ ეს ჩვენი ნამოქმედარია. ამის დამადასტურებელი ყველა ნიშანი იყო. ახლა ვინმეს შეუძლია დასვას კითხვა, თუ ვინ გაისროლა პირველმა? თუ ასობით ტანკი შემოდის შენს ქვეყანაში, ორი არჩევანი გაქვს: იბრძოლო ან დანებდე. მე მკაფიოდ განვაცხადე - რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო არ დანებდება. თუ ტანკები განაგრძობენ სვლას, ჩვენ არც მაშინ დავნებდებით. ეს ჩემი ქვეყანაა და მისი მრავალეთნიკური მოსახლეობის დაცვა ჩემი ვალდებულებაა. ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ყველაზე მრავალეროვნული და მრავალეთნიკურია რეგიონში. ჩვენი ღრმა წმენით ეს ერი ეკუთვნის ყველა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანს. ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავიცვათ ყველა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფი მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება უიმედოდ მიაჩნიათ; როცა გაქვს ინფორმაცია მინიმუმ 1200 ტანკის შემოსვლის შესახებ შენს ტერიტორიაზე (ჩემი ბოლო ინფორმაციის თანახმად, 2000 საბრძოლო ერთეულია).

რასაკვირველია, ვერანაირი ქართული ჯარი ვერ შეაჩერებს ამას, მაგრამ გვაქვს თუ არა ვალდებულება შევეცადოთ მაინც? დიახ, გვაქვს. და უნდა გვექნა ეს? დიახ, უნდა გვექნა. დავმარცხდით? არამგონია, რადგანაც ხალხი ერთად დადგა, და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, ისინი გავლენ ჩემი ქვეყნიდან და მისცემენ ხალხს მშვიდობიანი განვითარების საშუალებას.

ჩვენ მზად ვართ ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმაზე, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი. ჩვენ ვითხოვდით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დაუყოვნებლივ შეშვებას ადგილზე; ეს ჩვენ ვიყავით, ვინც ითხოვდა გამჭვირვალობას, ვინც წინასწარ ითხოვდა კონფლიქტის თავიდან აცილებას, ვინც სთავაზობდა წინადადებებს ავტონომიის შესახებ; მაგრამ ეს მხოლოდ სეპარატიზმი არ არის, ეს თქვენ უნდა გაიგოთ, ეს არის უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებული და გამოწვეული სეპარატიზმი.

ცხინვალში, სეპარატისტულ მთავარობაში ძირითადად რუსეთის ოფიციალური პირები ეთნიკური რუსები იყვნენ. ასე რომ საქმე არ გვაქვს უბრალოდ სეპარატიზმთან, ეს არის სეპარატიზმის სხვა სახე; ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ბალკანეთში მოხდა. ეს იყო სხვა დიდი ქვეყნის შემოჭრა და რა რაოდენობის ფულიც არ უნდა შეგვეთავაზებინა ჩვენ სამხრეთელი ოსებისთვის, ისინი ათჯერ მეტს მისცემდნენ საკუთარი შემოსავლიდან. მნიშვნელობა არ ქონდა, რა ტიპის ავტონომიას ვთავაზობდით სამხრეთ ოსეთს, არავინ არ იხილავდა ამ საკითხს; მნიშვნელობა არ ქონდა, რამდენი სკოლა, დისკოთეკა თუ კინოდარბაზი ავაშენეთ იქ. მათ ბევრი იარაღი შემოქონდათ და ამბობდნენ, რომ საქმე არა დისკოთეკებს, არამედ იარაღს და ბრძოლას შეეხება. ვინ ეწეოდა იქ სამხედრო გაფართოებას? ვინ აშენებდა ინფრასტრუქტურას? ჩვენ? ნამდვილად არა! გადახედეთ ისტორიას! ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას, თუ რუსეთი დართავს ამის ნებას.

რუსულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს სიცრუე, რომ ცხინვალში 2000 კაცი მოკლეს. ახლა ყველამ იცის, რომ ეს ტყუილი იყო, ისევე როგორც ტყუილია ის, თითქოს ქართველებმა დაიწყეს, თითქოს ქართველები ხაფანგში გაებნენ, რადგანაც, გულწრფელად გეტყვით, მოვინდომებდით თუ არა მახეში გაბმას, ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ეს გადაწყვეტილი ამბავი იყო და ის მოხდა. გაება თუ არა მახეში ჩეხოსლოვაკია? გაება თუ არა მახეში უნგრეთი? გაება თუ არა მახეში ავღანეთი? არა! როცა ვინმე გადაწყვეტს ამის მიღწევას, საჭიროა ორივე მხარის სურვილი, რომ თავიდან აიცილონ კონფლიქტი. თუ კონფლიქტი ერთ მხარეს სურს, მისი შეცერება მეორე მხარეს შეუძლია.

ბოდიშს გიხდით ხანგძლივი განმარტებიბისთვის, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ღია, ჩვენ ვართ გამჭვირვალე, დაბოლოს: ყოველთვის იქნებიან ქართველები, რომლებიც იტყვიან, რომ ხელისუფლებამ დააშავა რაღაც, მაგრამ ამაშია დემოკრატიის ხიბლი. თქვენ არ უნდა ელოდოთ, რომ ამ ქვეყანაში ყველა ერთ ხმაში ილაპარაკებს პრეზიდენტთან. მე მივიღე ჩემი ხალხის მანდატი წელს რთული არჩევნების შედეგად. სამწუხაროდ, როცა საქართველოს ხელისუფლების მოცილების ყველანაირი საშუალება - კანონიერი, არჩევნების გზით, ემბარგოს მეშვეობით, ამოიწურა, მათ ბოლო საშუალება გამოიყენეს. მე ვიწინასწარმეტყველე, რომ ეს ბოლო საშუალება სამხედრო ძალა იქნებოდა. მე ვიწინასწარმეტყველე, მაგრამ იმედი მქონდა, რომ მე ვცდებოდი.

სამწუხაროდ, მე უფრო მართალი აღმოჩნდი, ვიდრე ვფიქრობდი.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი:

თქვენ თქვით, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა და თუ მისი სურვილი იქნება მხარს დაუჭერთ მის გაწევრიანებას ნატოში. თუმცა ფაქტია, რომ ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვერ მივიღეთ ევროპის ისეთი მხარდაჭერა, როგორი მოლოდინიც იყო. უახლოეს სამიტზე, როდესაც საქართველოს საკითხი კვლავ იქნება განხილული, დაუჭერს თუ არა მხარს გერმანია საქართველოსთვის MAP-ის მიცემას?

ანეგლა მერკელი:

საბჭომ უკვე დაუჭირა მხარი საქართველოს, თქვენ ეს შეგიძლიათ ბუქარესტში მიღებულ დოკუმენტებშიც ამოიკითხოთ. იქ ცალსახადაა აღნიშნული - რაც, სხვათა შორის, არც ისე ხშირად ხდება - რომ როგორც საქართველო, ისე უკრაინა გახდება ნატოს წევრი. საკამათო გაწევრიანებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. თუ როდისთვის გადაიდგმება ეს ნაბიჯი, დღეს ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რაც თავის დროზე ითქვა ბუქარესტში, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ვფიქრობ, დღევანდელ სიტუაციაში ეს ცალსახა ოფიციალური განცხადება საკმაოდ მნიშვნელოვანია, კერძოდ კი ის, რომ საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. ნებისმიერ დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოს კი ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ როდის და როგორ მიიღებენ მას ალიანსში.

ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებული ვითარების პირველი განხილვა დეკემბრისთვისაა დანიშნული და, ვფიქრობ, ნატოში ინტეგრაციისთვის სწორ გზას ვადგავართ.

მიხეილ სააკაშვილი:

უნდა ავღნიშნო, რომ დამატებითი ჩანაწერის ინიციატორი - საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები - იყო ქალბატონი კანცლერი.

ანგელა მერკელი:

შემიძლია ვთქვა, რომ აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში, მაგრამ არ ვიყავი ერთადერთი. თქვენ შეგიძლიათ იგივე ქების სიტყვები უთხრათ სხვა სტუმრებსაც, რომლებიც ეწვევიან თქვენს ქვეყანას, მაგრამ, კიდევ ერთხელ - იყო საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. თუმცა პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანი ვიყავით. სწორედ ამას უნდა დავუკავშიროთ ის ოფიცილური განცხადება, რომელიც ბუქარესტში მივიღეთ.

გერმანიის ტელევიზიის მეორე არხის მოსკოვის ბიურო "ZDF":

თქვენ ალბათ ისაუბრეთ უსაფრთხოების ზონებზე, რომლებიც ალბათ, ან ნამდვილად იარსებებს ოსეთის გარშემო. რამდენად წარმოგიდგენიათ, ბატონო პრეზიდენტო, რომ საქართველოში შეიქმნება ამგვარი ექვსკილომეტრიანი ან ათკილომეტრიანი ზონები, სადაც განთავსდება დსთ-ს ჯარი რუსეთიდან ?

ქალბატონო ფედერალურო კანცლერო, შენიშნეთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტის მზაობა, გადადგას ეს ნაბიჯი?

მიხეილ სააკაშვილი:

ამის თაობაზე დასტური გვაქვს სარკოზისგან და შეთანხმებაში ნათლად წერია, რომ მათ არ აქვთ უფლება შევიდნენ ქალაქის ცეტრებში, მათ არ შეუძლიათ დაიკავონ გზები, როგორც ამას ახლა აკეთებენ. ამას გარდა, შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არ არის საბოლოო შეთანხება რომელიმე საკითხზე. ჩემი პოზიციაა და ის არ შეიცვლება, რომ ცნება - "რუსი მშვიდობისმყოფელი" საქართველოში არ არსებობს. შეუძლებელია არსებობდეს რუსი მშვიდობისმყოფელი, რადგან არიან მხოლოდ რუსული ძალები, რომლებმაც ახლახან დაესხნენ თავს და დაიპყრეს ჩემი ქვეყანა. რუსული მედიატორობა არ იქნება - მომავალში იქნება კარგი დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის და ეს ჩვენ გვჭირდება.

რუსეთი არის კონფლიქტის მთავარი მხარე - ამ კონფლიქტში ოსური მხარე არ არსებობს, რადგანაც ყველა ადამიანი ცხინვალში რუსეთის ოფიციალური პირია:

ცხინვალის თავდაცვის მინისტრი იყო ბატონი ბარანკევიჩი, რუსეთის ოფიციალური პირი; შინაგან საქმეთა მინისტრი იყო რუსეთის ოფიციალური პირი; პრემიერ-მინისტრი, ბატონი მაკაროვი იყო რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ფრადკოვის ბიძაშვილი;

კიდევ მეტყვით, რომ ჩვენ პრობლემები სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებთან გვაქვს? იქ მსხდომი რუსები რამდენჯერმე დაესხნენ თავს და ერთხელ კინაღამ ააფეთქეს სამხრეთ ოსეთის მთავარი სეპარატისტი ბატონი სანაკოევი, რომელიც ამჟამად მათი ნომერ პირველი სამიზნეა.

ასე რომ აღარ არის მასკარადი - საქართველო ოსეთის წინაამღდეგ. ეს არის საქართველო რუსეთის წინაამღდეგ! აქედან გამომდინარე რუსი მშვიდობისმყოფელები იქ ვეღარ იქნებიან - რუსების ნებისმერი სახით იქ ყოფნა შეიძლება მხოლოდ გარდამავალ ხასიათს ატარებდეს.

როგორც შეგვიძლია იქიდან, სადაც ვართ, წავიწიოთ იმ მიმართულებით, სადაც უნდა ვიყოთ? - მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური პროცესის მეშვეობით. ამიტომაც იყო ჩასული ქალბატონი კანცლერი სოჭში. ამასვე აკეთებს ნიკოლა სარკოზი. იგივეს თვალისწინებდა ნატო-ს საქმიანობა, ჩაერთო რუსეთი და მოეძებნა საშუალებები ნამდვილი საერთაშორისო პროცესის მისაღწევად. ამ შემთხვევაში, საეჭვო აღარ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დავუბრუნდებით იმ ინიციატივებს, რომლებიც ავტონომიის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

ახლა, რაც შეეხება, უსაფრხოების ზონას: რუსები იყენებენ ამ შეთანხმებას, რათა არ დაუშვან იძულებით ადგილნაცვალი პირების დბრუნება თავიანთ სოფლებსა და სახლებში, რომლებიც არც არასოდეს ყოფილა სამხრეთ ოსეთის ნაწილი და არასდროს არ კონტროლდებოდა ცხინვალიდან. ეს იქნება გაჭიანურებული პრობლემა და გაჭიანურებული საკითხი,რომელსაც ჩვენ ვერ შევეგუებით. ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმება, რათა ხალხი დაუბრუნდეს საკუთარ სახლებს.

თუ ამ ინტერვენციის შედეგად რუსეთი მოიპოვებს კონტროლს საქართველოს უფრო მეტ ნაწილზე და თუ შემდეგ ისინი მოთხოვენ ნებისმიერი დაკავებული ადგილის თაობაზე მოლაპაკებების გამართვას, რადგან ეს მათი კონტროლის ქვეშ იქნება, მაშინ მათ მიაღწიეს საწადელს.

ახლა თქვენ ხვდებით, თუ რატომ იყო მათთვის ამ ტერიტორიის დაპყრობა უპირველესი საკითხი. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.

მე ვთავაზობ მსოფლიო მედიას იმსჯელოს ამ საკითხებზე, რადგანაც ეთნიკური წმენდა სპეციალურად ხდება და არ არის მხოლოდ პროტესტი.

ვწუხვარ, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირების სიკვდილის გამო ორივე მხარეს. ქართველებს არასდროს ჩაუდენიათ ეთნიკური წმენდა და ქართველებს არასდროს ჩაუდენიათ განზრახული მკვლელობები. მაგრამ, ახლა, რასაც ისინი აკეთებენ არის განზრახ დაგეგმილი ეთნიკური წმენდა, კონტროლის მოპოვების მიზნით. ამის დაშვება არ შეიძლება. ეს არის სამართლის ფუნდამენტური პრინციპი. თუ არ არის სამართალი, არ იქნება ჭეშმარიტი მშვიდობაც. ჩვენ უნდა ვიაროთ დიალოგის, მოლაპარაკების, მიმტევებლობის, ძალიან მჭიდრო დიპლომატიური პროცესის გზით.

ანგელა მერკელი:

მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო პრეზიდენტის სიტყვები - ჩვენ შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების ზონების შექმნა, როგორც ერთგვარი დროებითი ღონისძიება, კამათის საგანი არ იქნებოდა. მით უფრო მნიშვნელოვანია რეგიონში საერთაშორისო მეთვალყურეების დროული ჩამოსვლა, რათა ადგილზე ვითარება შეიცვალოს იმ თვალსაზრისით, რომ აქ მხოლოდ დსთ-ს ჯარი არ იყოს განთავსებული. თუმცა ეს დროებითი ღონისძიება (უსაფრთხოების ზონების შექმნა) არ უნდა იქცეს იმის საბაბად, რომ რუსეთმა საქართველოდან საკუთარი ჯარი არ გაიყვანოს.

გერმანული ტელეკომპანია:

kvlav arsebobs Tu ara Sexeduleba Tqvens mTavrobaSi, romelic gamoxata sagareo saqmeTa ministrma konfliqtis dasawyisSi, rom germaniam ar unda daakisros valdebuleba romelime mxares arsebuli konfliqtis wamowyebis gamo da SegiZliaT Tu ara Zalian mokled agviRweroT is gasxvavebuli Sexedulebebi, romelic SeiZleba arsebobdes evrokavSiris wevr-qveynebs Soris, an SesaZloa germaniis mTavrobaSi, am konfliqtTan dakavSirebiT?

ანგელა მერკელი:

სხვის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ამ კონფლიქტის გენეზისზე ლაპარაკისთვის არ დრო უნდა დავხარჯოთ და არც ენერგია. ამის გაკეთება მხარეებს მოგვიანებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოუწევთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა შევასრულოთ ის კონკრეტული პუნქტები, რომლებთან დაკავშირებით ცალსახა შეთანხმება არსებობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგივე პოზიციას იზიარებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც. ევროკავშირის ფრანგი პრეზიდენტის მიერ შემუშავებული და მხარეების მიერ მხარდაჭერილი ექვსპუნქტიანი გეგმა უნდა წარმოადგენდეს საფუძველს, რომელსაც ევროკავშირი შემდგომი მუშაობისას დაეყრდნობა. განსხვავებული მოსაზრება არ არსებობს სხვა პუნქტებთან დაკავშირებითაც. ნებისმიერმა ქვეყანამ საკუთარი აზრი თავად უნდა გამოხატოს. მე მხოლოდ გერმანიიის სახელით შემიძლია ლაპარაკი, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მთელმა ევროკავშირმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად (ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო), მინიმუმ, ის მაინც შეძლო, რომ შეემუშავებინა ეს ექვსპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელსაც, შედეგად, ცეცხლის შეწყვეტა და შემდგომ ყველა დანარჩენი ნაბიჯი მოჰყვება.

ეს აუცილებლად უნდა შესრულდეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)