Google+

შეხვედრები და ვიზიტები

21.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ საკითხებში დეივიდ ლიდინგტონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ საკითხებში დეივიდ ლიდინგტონს შეხვდა. საუბრის ძირითადი თემა საქართველოში ჩატარებული არჩევნები და მთავრობის მშვიდობიანი გადაბარების პროცესი, ასევე მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იყო. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტად ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება რჩება. მისივე თქმით, ის მზად არის ამ მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ახალ მთავრობასთან. შეხვედრისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ნატოში ინტეგრაციის პროცესში ბრიტანეთის აქტიური მხარდაჭერისთვის.

„გაერთიანებული სამეფო და, განსაკუთრებით, პრემიერ მინისტრი დევიდ ქემერონი 2008 წელს დაგვიდგა გვერდით მაშინ, როდესაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ის ყოველთვის ინტერესით ეკიდებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. თქვენი მხარდაჭერა ნატოს საკითხში და არაღიარების პოლიტიკაში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ  პატარა ქვეყანა ვართ და  ჩვენი მეგობრების დახმარების გარეშე  შეუძლებელია საერთაშორისო სამართლის დაცვა.  ბევრმა ქვეყანამ აზრი შეიცვალა ბრიტანეთის ძლიერი პოზიციის გამო და ამისთვის ჩვენ მადლიერი ვართ. ჩვენი ტერიტორიისა და სამართლებრივი სტატუსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის. ჩვენ ველოდებით თქვენთან ერთობლივ მუშაობას და, რა თქმა უნდა, დიდ პატივს გცემთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ  ავღანეთშიც  მხარდამხარ ვდგავართ  როგორც პარტნიორები. ამ მიმართულებით  ჩვენ დიდი გამოცდილება მივიღეთ თქვენს ჯარისკაცებთან ერთად...  წარმატებას გისურვებთ“. - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

თავის მხრივ, დეივიდ ლიდინგტონმა დადებითად და დემოკრატიულად შეაფასა საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის გადაბარების პროცესი. მან იმედი გამოთქვა ,რომ არსებულ დემოკრატიულ პროცესებს დეკემბერში ნატოს მინისტერიალზე დადებითი შეფასება მოყვება. შეხვედრის დასასრულს, დეივიდ ლიდინგტონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ბრიტანეთის მთავრობის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
საუბრისას მან ასევე ყურადღება გაამახვილა, საქართველოს როგორც ნატოს მნიშვნელოვან პარტნიორზე და იმ წვლილზე, რომელიც ქვეყანას საერთო უსაფრთხოების გამყარების მიზნით შეაქვს ISAF-ში მონაწილეობით.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)