Google+

ბრიფინგები

24.07.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიცული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბირფინგზე გასული კვირის მოვლენები შეაჯამა და უპირველესად, საქართველოში ცოტა ხნის წინათ მომხდარი სტიქიის შედეგების დაძლევის შესახებ ისაუბრა. პრესსპიკერის განცხადებით, პარლამენტში საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია საკომიტეტო შეხვედრები,  რიგგარეშე სხდომა კი, რომელზეც საბიუჯეტო ცვლილებები დამტკიცდება, ხვალ გაიმართება. საბიუჯეტო ცვლილებები ითვალისწინებს როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი და გადაუდებელი დახმარების პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება საკომპენსაციო თანხის დარიგებას, მოსახლეობა მას, სავარაუდოდ, აგვისტოს თვის პირველ ნახევარში მიიღებს.

"სავარაუდოდ, 15 აგვისტოსთვის კომპენსაციების დარიგება უნდა დასრულდეს. სულ საბიუჯეტო ცვლილებებით გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარის მობილიზება-გადანაწილება. ბიუჯეტის ფარგლებში შეიქმნა, ფაქტობრივად, ახალი პროგრამა - სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსახორციელებელი და გაუდებელი ღონისძიებები, მათ  შორის, დაზიანებული  სახლების  რეაბილიტაცია 50 მილიონი ლარით დაფინანსდება. იზრდება  ბიუჯეტის  ასიგნება კახეთის  რეგიონის  სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით - 110 მილიონი ლარის ოდენობით და ის 110 მილიონ ლარს აღწევს", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სტიქიის შედეგად, მხოლოდ კახეთში სამი ათასი სახლია დაზიანებული, საგულისხმოა ისიც, რომ დაზიანებული სახურავების 80 პროცენტი უკვე შეკეთებულია.

მანანა მანჯგალაძემ ასევე აღნიშნა, რომ კახეთში სასურსათო დახმარება 28 ათასმა ოჯახმა უნდა მიიღოს, რომელთაგან ნახევარზე მეტმა ოჯახმა ეს დახმარება უკვე მიიღო. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს.

"რაც შეეხება  შხამ- ქიმიკატების დარიგებას,  შეიძლება ითქვას, რომ ეს დახმარება  უკლებლივ ყველა დაზარალებულმა მიიღო. იმ ოჯახთა რაოდენობა, რომლებსაც სასოფლო სავარგულები დაუზიანდათ, 13 ათასს უტოლდება.  ამას გარდა, პრაქტიკულად,  ყველა დაზარალებულმა ოჯახმა მიიღო თითო ჰექტარზე  10 ლიტრი საწვავის ტალონი.  საბიუჯეტო ცვილებები უზრუნველყოფს იმას, რომ დახმარება მიიღოს სტიქიით დაზარალებულმა უკლებლივ ყველა ოჯახმა. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ კახეთის რეგიონში გაზისა და  წყლის მიწოდება, ფაქტობრივად, სრულად აღდგა. რაც შეეხება ელექტროენერიის მიწოდებას, რეგიონი 60 პროცენტით უკვე დატვირთულია. დენის  მიწოდება რეგიონს სრულად, სავარაუდოდ, 26  ივლისისთვის აღუდგება", - დასძინა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ბრიფინგის დასასრულს, მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სახელით, ქართველ სპორტსმენებს ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ოლიმპიელები ბრიტანეთიდან ოლიმპიური მედლებითა და ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდებიან. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code