Google+

ბრიფინგები

20.12.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

ერთ-ერთი  საკითხი, რომელსაც მანანა მანჯგალაძე ტრადიციულ ბრიფინგზე შეეხო, საქართველოს  პარლამენეტში განახლებული კონსულტაციები იყო. მისი თქმით, საქართველოს   პრეზიდენტი მიესალმება კონსულტაციების დაწყებას, მით უფრო, რომ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის  წარმომადგენლები.

„კონსულტაციებში, რომლებიც  საარჩევნო კოდექსში ცვლილებების  შეტანას  უკავშირდება, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები,  რომლებიც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სწორედ დიალოგის საშუალებით შეიძლება მიღწეული იყოს ის შეთანხმებები, რომლებიც გაამყარებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების    დემოკრატიულ და თავისუფალი კონკურენციის პირობებში გამართვის შესაძლებლობას“, - განაცხადა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ ყურადღება იმ საკითხზეც გაამახვილა, რომელიც ბოლო თვის განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს. კერძოდ მან ჰოსპიტალური სექტორის  რეფორმის თაობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სფეროს განვითარების პროცესი მთელი  საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

„დაპირებისამებრ, საქართველოს  მთავრობა თვის დამლევამდე დაასრულებს დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში 30 საავადმყოფო გაიხსნება. უახლოეს მომავალში ახალი კლინიკები შეემატება ჭიათურას, წყალტუბოსა და სტეფანწმინდას, ასევე ჰოსპიტალი  ამოქმედდება  ბაკურიანსა და ცაგერში. ახალი საავდმყოფოები შევა  ექსპლუატაციაში ასვე აჭარაში“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.  

ამას გარდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ეს პროცესი მომავალი  წლის განმავლობაშიც გაგრძელდება. მისი თქმით, მთავარ ამოცანად  თავისთავად რჩება   ხელმისაწვდომობა,  ხარისხი  და კვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა.

პრესსპიკერი ბიუჯეტის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ 2012 წლის ბიუჯეტში    გაითვალისწინებულია პრეზიდენტის ინიციატივები. კერძოდ, 2012  წლის  სექტემბრიდან  ორი ძალზე მნიშვნელოვანი სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ამოქმედდება  სახელმწიფო დაზღვევის პაკეტები. ჯანმრთელობის დაზღვევას, ერთი მრივ, 67 წელს გადაცილებული ადამიანები მიიღებენ და ეს იქნება საპენსიო პაკეტის ნაწილი და, მეორე მხრივ, ეს არის მოზარდდთა ჯგუფი, რომლებიც ასევე სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებს. მანჯგალაძის თქმით, ამ ინიციატივის შედეგად,  ქვეყანაში ყოველი მეორე მოქალაქე, მოსახლოების, თითქმის, 50 პროცენტი დაზღვეული  იქნება.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ახალ პროგრამაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 21 დეკემბრიდან დაიწყება  სასოფლო სამეურნეო საგაზაფხულო სამუშაოებისთვის 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგება.

„ხელისუფლება შორის არის იმ აზრისგან, რომ ეს საკმარისი თანხაა სასოფლო სამეურნეო სამუშაობის წარმოებისთვის. თუმცა, ასეთ დროს, ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მცირედი დახმარება და თანდგომა, ვფიქრობთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანიც სწორედ ეს არის - შეიქმნას საფუძველი იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც, თავის მხრივ, ადგილობრივი წარმოების  განვითარების წინაპირობა იქნება“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ვაუჩერები დარიგდება  გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ამ ეტაპზე, ვაუჩერს 800 ათასამდე ოჯახი მიიღებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ევროპის  სახალხო პარტიის პრეზიდენტის  ვილფრიდ მარტენსის  საქართველოში ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან  აღნიშნა, ვილფრიდ მარტენსის განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და ევროპის დაახლოება შეუქცევადი პროცესია.

„ევროპის სახალხო პარტია წარმოადგენს ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ ოჯახს, რომელშიც ევროპული ქვეყნების ლიდერები და მმართველი პარტიებია გაწევრიანებული. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ევროპული ოჯახის წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრობაც“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერი ასევე გამოეხმაურა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ეს არის ნიშანი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აგრძელებს იმ ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, რომელიც მოჰყვა რუსეთის აგრესიას, ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას. იმედს  გამოვთქვამთ, რომ  ქართული მხარე,  საბოლოოდ,  შეძლებს მნიშვნელოვანი შედეგების მიღებას. ამ ეტაპზე ეს არის კონკრეტული წარმატება,    რომლის მიღწევაც სიმართლისათვის ბრძოლაში შევძელით. ევროპული  მართლმსაჯულება  მოწოდების  სიმაღლეზე აღმოჩნდა და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქმის არსებითი განხილვა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას რეაგირება მოახდინოს იმ ქმედებებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ – საოკუპაციო  ხელისულფლებამ  აგრესიის შედეგად განახორციელა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

დაბოლოს, მანანა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის სახელით მწუხარება გამოთქვა ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის - საქართველოს უდიდესი მეგობრის, ჭეშმარტად დიდი ევროპელის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დამცველის, უდიდესი  ჰუმანისტის გარდაცვალების  გამო.  

„საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ ვუცხადებთ  სამძიმარს ჰაველის ოჯახის წევრებს და თანავუგრძნობთ ჩეხ ხალხს“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code