Google+

ბრიფინგები

14.12.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციული ბრიფინგი გამართა. უწინარესად, მან ყურადღება იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა, რომლებიც 2011 წლის ბიუჯეტში აისახა. მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე  კონსულტაციები,  პრაქტიკულად, მთელი შემოდგომის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ  პროცესში აქტიურად იყო ჩართული ოპოზიცია. ამჟამად, პარლამენტში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა და კენჭისყრა, სავარაუდოდ, კვირის დამლევს გაიმართება.    

„მინდა გამოვყო რამდენიმე პირიოტეტული სფერო და მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე შევჩერდე. 2011 წლის ბიუჯეტი 7 მილიარდ 100 მილიონით განისაზღვრა. 2010 წელთან შედარებით, დაფინანსება, დაახლოებით, 30 მილიონით არის გაზრდილი. ამ ეტაპზე, ხელისუფლებამ ყურადღება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე გაამახვილა - წელს  დეფიციტი 6,03 პროცენტს შეადგენდა, 2011 წელს დეფიციტი  4,3 პროცენტამდე დაიყვანეს. დეფიციტის  შემცირება ადმინისტრაციული ხარჯების შეცირებით მოხერხდა. წელს ბიუროკრატიული ხარჯები 10 პროცენტით შემცირდა, ამან კი, საშუალება მოგვცა იმ ძირითადი  პრიორიტეტების დაფინასება, რომლებიც ქვეყნისთვის მთავარ  პრიორიტეტად  რჩება.

ჯანდაცვის სფერო, მთლიანი ბიუჯეტის 25 პროცენტია და თანხა მილიარდ 570 მილიონით განისაზღვრა. ეს წელი შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკული და მნიშვნელოვანი წელია ამ სფეროსათვის, რადგან წელს უნდა დასრულდეს ახალი  სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა.

შემდეგი პრიორიტეტი განათლების სფეროა, რომლის დაფინასებაც  17 მილიონი ლარით გაიზარდა და  560 მილიონ ლარს მიაღწია. მასში  ასახულია ყველა  ინიცირებული  პროგრამა.

მესამე მიმართულება რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის  დაფინანსებაა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, დაახლოებით, 4-ჯერ იზრდება, რაც გასულ წლებთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდაა. ამ მხრივ, მსურს, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გამოვყო. უპირველესად, ეს არის ახალი სათესლე მასალის შემოტანა, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში ადგილობრივად წარმოებული მარცვლეულის რაოდენობის ზრდა და სასოფლო  სამეურნეო ტექნიკის   შემოტანა, მოსავლის დაბინავებისა და ხვნა-თესვის  ხელშეწყობის მიზნით.

ასევე გაზრდილია რეგიონული ინფრასტუქურის მშნებლობის დაფინანსება. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარება, რადგან ტურიზმის განვითარებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა საქართველოს ეკონომიკის განვითარება.  სწორედ ამიტომ აისახა 2011 წლის ბიუჯეტში ეს პროექტები და მათი დაფინანსება 42 მილიონი ლარით  გაიზარდა.   

საქართველოს პრეზიდენტმა 3 დეკემბერს ახალი კურსის თაობაზე განაცხადა. იგი იმ პრობლემებს გამოეხმაურა, რომლებიც ჯერ კიდევ ტვირთად აწევს კერძო მეწარმეებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს წინააღმდეგობები დაკავშირებულია  საგადასახადო ადმინისტრირების წნეხთან. 2010 წლის  განმავლობაში მთავრობა ამ  პრობლემების დაძლევაზე მუშაობდა, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი საგადასახადო კოდექსი, სათანადო  ინფრასტრუქტურა და მომზადდა კვალიფიციური კადრები. სწორედ ამ მიმართულებების ერთობლიობა წარმოადგენს ახალ  კურსს. ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალაში 1 იანვრიდან შევა, ხელს შეუწყობს ახალი კურსის განხორცილებას. ეს კურსი კი, თავის მხრივ,   ბიზნესისა და სახელწიფოს, მათ შორის,  საგადასახადო ორგანოების დამოკიდებულებას შეცვლის და უფრო მეტად იქნება დაფუძნებული პარტნიორულ პრინციპებზე", - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძე ეკონომიკურ პროექტებსაც შეეხო. მისი თქმით, დასკვნით ეტაპზე გადადის მესტიის განვითარების პროგრამის განხორციელება. მან ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ხელისუფლება დანაპირებს ასრულებს და 2010 წლის დამლევამდე ის რამდენიმე ობიექტი შევა ექსპლუატაციაში, რომლებიც პრეზიდენტის პატრონაჟით ხორცილებოდა. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ სვანეთის აეროპორტი და ახალი ინფრასტრუქტურა ამ რეგიონს სამთო-სათხილამურო კურორტად აქცევს და მის განვითარებას შეუწყობს ხელს. რეგიონებზე საუბრისას, პრესსპიკერი ანაკლიიის თავისუფალ  ტურისტულ ზონას შეეხო. მისი თქმით, დაინტერესება საკმაოდ დიდია და ინვესტორების განაცხადები უკვე შესულია როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ისე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში.

შემდეგი თემა, რომელსაც მანანა მანჯგალაძე გამოეხმაურა, იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაგირება საგარეო უწყების მიერ გავცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„როგორც იცით ქართულმა მხარემ  შესაბამისი რეაგირება მოახდინა იმ უკანონობასა და სამართალდარღვევებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განხორცილდა და რომელთა ინიციატორიც რუსეთის მხარეა. ამის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ინფორმირებულია. მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე კონკრეტულ ფაქტზე. კერძოდ, ეს შეეხება ახალგორში    ცხინვალის  რეჟიმის  ე.წ.  ბრძანების  საფუძველზე  საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით  აღრიცხვასა და ქართველებისათვის  კუთვნილი ქონების ჩამორთმევას. ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წელს დაწყებული ეთნიკური  წმენდის პოლიტიკის გაგრძელება.

როდესაც გასული კვირის მოვლენებზე ვლაპარაკობთ, გვერდს ვერ ავუვლით ქართველი სამართალდამცველების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, გახსნილ საქმეებსა და აღკვეთილ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და დაგეგმილი იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონში. რა თქმა უნდა, ყველა ვერსია სასამართლოს ძალით უნდა განმტკიცდეს, მაგრამ, შეგვიძლია ვთქვთ, რომ საქართველომ  სერიოზული ტერაქტების თავიდან აცილება შეძლო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშროლოს რუსეთის ფედერაციის შესაბამის უწყებებთან. საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის იმ სამართლდამცველებს, რომლებმაც შეძლეს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ამ საფრთხეების თავიდან აცილება", - განაცხადა პრესსპიკერმა.   




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code