Google+

ბრიფინგები

21.06.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის სახელით მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მეგობრებს. როგორც მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი დეტალურად არის ინფორმირებული რა ხდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში, როგორ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო და გაწმენდითი სამუშაოები.

„თქვენ გქონდათ საშუალება  გენახათ გუშინ პრეზიდენტთან გამართული  შეხვედრა, მოგესმინათ საქართველოს  მთავრობის სამოქმედო გეგმა. რა ღონისძიებები  ტარდება და იგეგმება სტიქიასთან გამკლავების მიზნით" - დასძინა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივ კავშირზეა  რეგიონების ხელმძღვანელებთან. საგანგებო რეჟიმში მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ასევე შინაგან საქმეთა სამინსტროს საგანგებო დავალებათა სამსახური და რეგიონებში არსებული სამაშველო სამსახურები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქიდან გაგზანილი სპეციალური ჯგუფებიც აწარმოებენ.

„ბუნებრივია, უმთავრეს ამოცანად ამ პირობებში რჩება მოსახლეობის უსაფრთხოების  საკითხი" - განაცხადა პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძის თქმით, სტიქიური მოვლენით დაზიანებულ ყველა ადგილსა და ობიექტზე მიმდინაროებს აღდგენითი სამუშაოები. ხელისუფლების მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე კოორდინირებული  მუშაობაა, მოვლენათა  შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით.  

პრესსპიკერმა პრეზიდენტის სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახსა და ახლობლებს. როგორც მან აღნიშნა, ქართველი სამხედრო, რიგითი გია გოგუაძე, მე-3 ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF -ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა, თუმცა, სამწუხაროდ, ჭრილობების სიმძიმის გამო ჯარისკაცის  გადარჩენა ვერ მოხერხდა. პრესსპიკერის თქმით, მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს  სახელმწიფო გაიღებს.

კიდევ ერთი თემა, რომელზეც მანანა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა იყო ის ვიზიტები და შეხვედრები, რომლებიც უახლოეს პერიოდში საქართველოშია დაგეგმილი. დღეს  პრეზიდენტი პოლონეთის სეიმის მარაშალს გჟეგოჟ სხეტინას უმასპინძლებს, ივნისის დამლევს კი თბილისში ამერიკის შეერთებული შტატეების კონგრესმენთა კიდევ ერთი ჯგუფის ვიზიტი იგეგმება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code