Google+

ისტორია

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში - ავლაბარში მდებარეობს. მისი მშენებლობა 2004 წელს, ვარდების რევოლუციიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო და 2009 წელს დასრულდა. სასახლის პროექტის ავტორია ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მიკელე დე ლუკი, რომლის ავტორობით თბილისში შეიქმნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისა და „მშვიდობის ხიდის“ პროექტები. მალევე გაჩნდა სასახლის მუზეუმის შექმნის იდეაც. დროთა განმავლობაში მუზეუმის ექსპოზიცია ნელ-ნელა მდიდრდებოდა და იქ, დღესდღეობით, თავმოყრილია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და საქართველოს საპატიო სტუმრების მიერ ქვეყნის პრეზიდენტისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ნივთები.

სასახლის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა XI საუკუნის ხელნაწერი ბიბლია, მოოქროვილი და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ყდით, რომელიც ცენტრალურ ჰოლს ამშვენებს. უძველესი ბიბლია საქართველოს პრეზიდენტს ემიგრაციაში მყოფმა ბაგრატოვანთა შთამომავალმა ერთ-ერთი ვიზიტის დროს უსახსოვრა.

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტი მეორე სართულზე მდებარეობს. ის ორ სართულზეა განლაგებული და ბიბლიოთეკისა და კაბინეტის კომბინაციას წარმოადგენს. მეორე სართულზეა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზიც, რომელიც ოფიციალური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრებითვისაა განკუთვნილი.

სასახლის მესამე სართული გუმბათოვან დარბაზს უკავია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ და საზეიმო მიღებებს მართავს. სახელწოდებიდან გამომდინარე დარბაზს სამგანზომილებიანი მოხრილი შუშის გუმბათი ადგას, რომელიც ქართველი და იტალიელი არქიტექტორების - ვახტანგ ზესაშვილისა და ფრანკო ძაგარის ერთობლივი ნამუშევარია და გერმანიაშია დამზადებული.

სასახლის ეზოს ამშვენებს მოზაიკური კომპოზიცია - წყლის სარკე სახელწოდებით „ვინ ვართ, საიდან მოვდივართ“. ეს კომპოზიცია ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდებსა და პიროვნებებს თანმიმდევრულად და დასურათებულად წარმოგვიდგენს დასაბამიდან - საქართველოს სამომავლო გეგმებამდე.

  • მეფე აიეტი, მედეა, არგონავტები, ოქროს საწმისი;
  • პრომეთე - თავისუფლებისა და თავდადების სიმბოლო;
  • ფარნავაზი - ქართლის (იბერიის) სამეფოს პირველი მეფე, ქართველთა გამაერთიანებელი, ქართული მწიგნობრობის შემქმნელი.
  • წმინდა ნინო კაბადოკიელი - ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელი საქართველოში IV საუკუნის პირველ მეოთხედში, მეფე მირიანი, დედოფალი ნანა;
  • მეფე ვახტანგ გორგასალი - ქართლის მეფე V საუკუნეში, თბილისის დამაარსებელი;
  • ბაგრატ III - გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე (975-1014 წწ).
  • დიდგორის ბრძოლა - დავით აღმაშენებლის მეთაურობით ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის გადამწყვეტი გამარჯვება თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში 1121 წელს.
  • საქართველოს ოქროს ხანა. ტრიპიქსი - დავით IV აღმაშენებელი (1089-1125 წწ) და თამარი (1184- 1213 წწ) - ერთიანი საქართველოს მეფეები, შოთა რუსთაველი - XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე;
  • წმინდა მეფე დემეტრე თავდადებული და გიორგი V - ერისაგან ბრწყინვალედ წოდებული;
  • გიორგი სააკაძე - დიდი ქართველი მხედართმთავარი, მოზაიკურ კომპოზიციაში გამოსახულია, როგორც საკუთარ ჩრდილთან მებრძოლი ადამიანი;
  • წმინდა ქეთევან წამებული - მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის წამებული დედოფალი;
  • კრწანისის ბრძოლა. ერეკლე მეორის მეთაურობით ქართველების საბედისწერო ბრძოლა აღა-მაჰმად-ხანის მრავალრიცხოვან ლაშქართან 1795 წელს.
  • კომპოზიცია "თერგდალეულები". ლუარსაბი და დარეჯანი - ჩაძინებული საქართველოს სიმბოლოა, "თერგდალეულების" აქტიური მოღვაწეობით ქვეყნის გამოღვიძება გამოხატულია აკაკი წერეთლის ლექსით "ზარები";
  • საქართველოს კულტურის აღორძინება XIX საუკუნეში. გალაკტიონი - მგოსანთა მეფე, მისი უკვდავი ლექსი " მე და ღამე";
  • XX საუკუნის II ნახევარი, გარდამავალი პერიოდი, სამოქალაქო ომი, არეულობა, 9 აპრილის ტრაგედია;
  • ვარდების რევოლუცია - მომავლის იმედი;
  • "მომავლის ქუჩა" - საქართველო მიისწაფვის უკეთესი მომავლისკენ.

მოზაიკას აქვს კონცეფცია: "წყალი - ეს დროა... დრო მიედინება ჩვენს ძარღვებში და ამით ისტორიული პროტოტიპებისაგან დამოუკიდებელს ხდის ჩვენს მოგონებებს... დრო გამჭვირვალე მელნით წერს ისტორიას ჩვენი სულების ფურცლებზე. ის კუნძულებად გამოყოფს მნიშვნელოვან ფაქტებს... ის თავისი ძლიერი დინებით ამღვრევს და აფერმკრთალებს ყველა სხვა დანარჩენს... დრო წყლის მსგავსად ერთმანეთში ურევს ფერებს და აერთიანებს ტონებს. ისტორიის ნაკადი დაუსრულებელ ჭრელ საზღვრებად იქცევა, სადაც მკვეთრ სურათებს აბსტრაქტული ფრაგმენტები ანაცვლებენ. ძნელია ამ ფრაგმენტთა სილუეტების გარჩევა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ჩვენი მეხსიერების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს..." წყლის მოზაიკის ავტორი ქართველი მხატვარი ნატა ამირეჯიბია. მასვე ეკუთვნის სასახლის ფასადზე გაკეთებული მოზაიკური წარწერა, აფორიზმი „ვეფხისტყაოსნიდან“: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, რომელიც სასახლის ერთგვარი დევიზია. აფორიზმთან ერთად, ფასადზე საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული, რომელიც ჰერალდიკოს მამუკა გოგნაძის მიერაა შესრულებული.

სასახლის ეზოში დგას მოძრავი მონუმენტიც, რომელიც განასახიერებს ხელისუფლების სამი შტოს ერთობლიობას - აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას.

სასახლის ეზოს ასევე ამშვენებს ესპანელი მოქანდაკის, ალბერტო დომინგოს მიერ, გულის ფორმის, გამჭვირვალე 67 შუშისგან შექმნილი მონუმენტი-შადრევანი, რომელიც საქართველოს მრავალეთნიკურობას გამოხატავს.