Google+

გამოსვლები და განცხადებები

28.05.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის პედაგოგები და სამხედრო მოსამსახურეები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

პატივცემული ოფიცრებო, ბატონო რექტორო, ქალბატონებო და ბატონებო!

უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ ამ აკადემიის 20 წლის იუბილე.

ეს აკადემია ცარიელ ადგილზე თავისით არ აღმოცენებულა. საქართველოს აქვს ოფიცერთა, სამხედროების უზარმაზარი, სასახელო, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.

ქართველი ოფიცრები მეთაურობდნენ  მრავალი ძლევამოსილი იმპერიის არმიებს და ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული საქართველოსთვის, ასევე იმ არმიებისთვის, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობდნენ

მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ირანის არმიებს, სპარსეთის სამეფოს დიდების ზენიტში, ხელმძღვანელობდა ალავერდ უნდილაძე.

მამლუქების მრავალრიცხოვანი რაზმებისა და ჯარების ძირითადი შემადგენელი რგოლი საქართველოდან წასული მებრძოლები იყვნენ და ამ რაზმებს, ტრადიციულად, ქართველები  მეთაურობდნენ.

მარტო ის რად ღირს, რომ ერაყის სახელმწიფო დააფუძნა ქართველმა - მანველიშვილმა.

ნაპოლეონმა, ძლივს, გაჭირვებით მოახერხა მამელუქების წინააღმდეგობის დაძლევა, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში ეგვიპტის არმიას მეთაურობდნენ. პირველი დიდი დამარცხება მან სწორედ ქართველ გენერალთან, ბაგრატიონთან განიცადა რუსეთში.

გენერალ პილსუცკისთან ერთად, პოლონეთის დამოუკიდებლობა ქართველმა ოფიცრებმა გადაარჩინეს.

ბევრი ქართველი ოფიცერი, რომელმაც პოლიტიკური მიზეზების გამო ვერ შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა, წავიდა პოლონეში,  პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლა და იქიდან გამოდევნა ბოლშევიკები. პოლონეთში მათ შეძლეს ის, რაც ვერ გააკეთეს 1921 წელს საქართველოში.

უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის წინ, გენერალი სუპატაშვილი და ბევრი  ქართველი ოფიცერი იყო ვარშავის ანჯაყების აქტიური მონაწილე.

სტალინის ბრძანებით კატინში სწორედ ქართველი ოფიცრების გაანადგურეს, როგორც პოლონეთის არმიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

ესპანეთის სამოქალაქო ომში, კომუნისტების წინააღმდეგ, გენერალ ფრანკოს მხარეს იბრძოდნენ ქართველი ოფიცრები.

მთავარ ბრძოლას, რომელშიც გენერალმა ფრანკომ დაამარცხა რესპუბლიკელები, ქართველი პოლკოვნიკი მეთაური. ამ ბრძოლაში ქართველი ოფიცრების ჯგუფმა  გაამარჯვებინა იმ მხარეს.

შორს რომ არ წავიდეთ, ისიც საკმარისია გავიხსენოთ, რომ  მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილ არმიას 20-ე საუკუნეში აშშ-ის გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა ქართველი გენერალი ჯონ -მალხაზ შალიკაშვილი. იგი პოლონეთის არმიის გენერლის შთამომავალი იყო, რომელიც, თავის დროს, წავიდა საქართველოდან, როგორც ემიგრანტი.

ეს არის წარმოუდგენლად შორის მიმავალი ტრადიცია, ეს არის მნიშვნელოვანი და სასახელო ისტორია. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ.

ამ აკადემიის აღდგენა უშუალოდ ჩემი გეგმა იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ჩემი დამსახურება ძალიან მცირეა.

მთავარი არის ის, რასაც აკეთებდნენ ამ აკადემიის ხელმძღვანელები, რასაც აკეთებენ დღევანდელი ხელმძღვანელი და დღევანდელი პედაგოგები. ჩვენთვის იმაზე მნიშვნელოვანი საქმე, თუ არა ქართველ ოფიცერთა ტრადიციის აღორძინება, პრაქტიკულად, არ არსებობს.

მინდა განსაკუთრებით მივულოცო მათ ეს დღე.

ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ჩვენი დამოუკიდებლობის უმაღლესი გამოვლინებაა საქართველოს შეიარაღებული ძალები. ამასთან დაკავშირებით, არაერთხელ მისაუბრია.

ერთხელ, როდესაც ვთქვი, რომ საუკეთესო ქართველები არიან ჩვენი სამხედროები, ერთმა უცხოელმა ელჩმა მომწერა წერილი, ცოტა არ იყოს საპროტესტო: რატომ მარტო ოფიცრები, ნუთუ იურისტები, ეკონომისტები, ბალერინები არ არიან საუკეთესოებიო...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები სწორედ ჩვენი ოფიცრები არიან, რადგან პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება არის ის, რომ თავს წირავ ან მზად ხარ სიცოცხლე გაწირო სამშობლოსთვის.

ეს არის არა მხოლოდ თეორიული მოსაზრება, არამედ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ეს დაამტკიცა პრაქტიკულადაც.

2008 წლის აგვისტომ ეს ნათლად დაგვანახა.

2008 წელს გამეორდა ის, რაც საქართველოს მრავალი საუკუნის განმავლობაში არაერთხელ უნახავს. ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა ძლიერი მტერი, მაგრამ წინა საუკუნეების ფაქტებისგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფო არ დაეცა, არ განადგურდა და არ  გაცამტვერდა. ჩვენ მაშინ მოვახერხეთ მთავარი რამ - ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა ისევ ფრიალებდა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი სახელმწიფოებრივი ტრადიცია გაგრძელდა.

2008 წლის ომი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.

აგვისტოს დამდეგი გავიხსენოთ - მსოფლიოს ისტორიაში, პირველი კიბერ შეტევა საქართველოზე განხორციელდა. დღეს ამას სწავლობს ნატო და ბევრი სხვა სამხედრო ხელმძღვანელობა.

სამთავრობო უწყებების ყველა კომპიუტერი, ომამდე რამდენიმე დღით ადრე, დაბლოკა რუსეთის სპეციალურმა სამხედრო ორგანიზაციამ და ეს იყო ომის დაწყების უტყუარი ნიშანი.

ომი 7, 8 ან 9 აგვისტოს კი არ დაიწყო, დაიწყო სწორედ ამ კიბერშეტევით - ეს არ არის ჩემი სიტყვები. ეს დადასტურებულია ნატო-ს და, მათ შორის, რუსეთის  სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ.

ამას გარდა, რამდენიმე დღით ადრე, სანაპიროები დატოვა უკრაინის სამხედრო ფლოტმა და მთელი სამხედრო მანქანა - 200 თვითმფრინავი, ასი ათასზე მეტი მებრძოლი, არა მხოლოდ რუსეთის 58-ე არმია, არამედ რეზერვები ე.წ. მოხალისეები, დაქირავებული, ყველანი მთელი ძალით შემოიჭრნენ საქართველოში.  

რომ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების გმირული წინააღმდეგობა 5 დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დღეს აღარ იარსებებდა.

ჩვენმა პატარა ჯარმა შეძლო ურზრუნველეყო მოსახლეობის გამოყვანა, თორემ, ხალხი, პრაქტიკულად, ხაფანგში იყო გაბმული - ქართლის მოსახლეობამ ეს მშვენივრად იცის.

რუსებმა მოსახლეობა გაიყვნა, მათ შორის, ციხნვალიდან, მაგრამ გარშემო დარჩენილი იყო საქართველოს სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი მრავალეთნიკურ ჩვენი მოსახლეობა.

ამ ვერაგი შეტევის შედეგად მოსახლეობა მაინც გამოვიყვანეთ, ეს, უპირველესად, ჩვენი ჯარის დამსახურება იყო.

ჩვენ მოვახერხეთ მთელი მსოფლიოს გამოვიძება და მსოფლიო ლიდერების აქ ჩამოყვანა.

შეტევისთვის დრო ძალიან სწორად იყო შერჩეული - აგვისტო, როდესაც ყველა დასასვენებლად იყო წასული. ამ დროს ძალიან ძნელი იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენა, რომ არა ჩვენი ჯარის თავდადება.

მტერი რომ თბილისზე მოდიოდა, ამას არავინ მალავდა და ამას აცხადებს იმ ომის ყველა მონაწილე. ამას აცხადებდა პრეზიდენტი სარკოზი, სხვათა შორის, პუტინი,  მედვედევი, რუსი გენერლები და ეს ვიცით ყველა ჩვენგანმა.

მათი ამოცანა თბილისის აღება და სახელმწიფოს დასრულება იყო.

ამგვარად, თქვენ გადაარჩინეთ და ნებისმიერი ლაპარაკი იმასთნ დაკავშირებით, რომ 2008 წელს ჯარმა შექმნა პრობლემები, ყოვლად მიუღებელი, ამორალური და მომავლისთვის ძალიან საშიშია.

მოწინააღმდეგე ასჯერ უფრო მრავალრიცხოვანი იყო.

როგორც წესი, ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც ასეთი ჯარი შევიდა, სახელმწიფოებრიობა რამდენიმე დღეში გაცამტვერდა.

მინდა შეგახსენოთ, რომ მეოცე საუკუნეში ასეთი ქვეყნები იყო ბალტიის ქვეყნები,  აღმოსავლეთ პოლონეთი, ასეთი იყო უნგრეთი 1956 წელს, ჩეხოსლოვაკია 1968 წელს, ასეთი იყო ავღანეთი 1979 წელს...

ყველგან რამდენიმე საათში დამთავრდა ყველაფერი.

ჩვენმა პატარა საქართველომ შეძლო 5 დღიანი სამხედრო წინააღმდეგობა და სწორედ ამის და შემდგომ დიპლომატიური საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით გადარჩა ჩვენი სახელმწიფო.

ეს არის თუ გნებავთ ჩვენი ისტორიის ნათელი გაკვეთილი და მაგალითი.

მიხარია, რომ ამის შემდეგ ჩვენი ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამ აკადემიის ხელახლა აღდგენა საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლო იყო. ისე სწრაფად გაკეთდა, რომ ამას ვერავინ ვერ მოახერხებდა ისე, როგორც ერთად გავაკეთეთ.

ორი დღის წინათ ავღანეთში ვიყავი და ვნახე როგორ მოქმედებენ ქართველი ოფიცრები ექსტრემალურ სიტუაციაში.

ახალი წლის ღამეს განხორციელდა თავდასხმა ჩვენს ესკორტზე, ვერტმფრენზე.

ფართომასშტაბიანი თავდასხმა განხორციელდა ბაზაზე.

იმ დროს ქართველ ოფიცრებთან, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად სიტუაციის მართვის ოთახში ვიყავი და ეკრანზე ვუყურებდით როგორ გვესროდნენ.

მანამდე არასდროს, არც ერთ სიტუაციაში არ მინახავს ასეთი მობილიზებული ქართველები.

თვალებს არ ვუჯერებდი, ისეთი ეფექტიანი იყო ჩვენი ოფიცრებისა და მებრძოლების მოქმედება ამ რთული ვითარების დროს.

ამერიკელი გენერალი მიულერი მიყვებოდა, ქართველთა მოქმედების შესახებ ამას წინათ, 13 მაისს მომხდარი კომბინირებული ტერორისტული თავდასხმის დროს.

ამ ბაზაზე შევიდა ტერორისტების ჯგუფი, რომელმაც შეანგრია კედელი და რამდენიმე კარგად მომზადებულ თვითმკვლელ ტერორისტს უნდოდა ჩვენი ოფიცრების განადგურება. ჩვენებმა კი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, რამდენიმე წამში გააუვნებელყვეს ისინი.

ჩვენმა ოფიცრებმა აღადგინეს ბაზის გარე პერიმეტრი, რომელიც დარღვეული და დანგრეული იყო, დაიწყეს გარშემო პატრულირება და დამხმარე ძალის მისვლამდე, გააკეთეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გაკეთებინა მსოფლიოში ყველაზე მომზადებულ ჯარს. ეს არ არის ჩემი სიტყვები - ვციტირებ ამერიკელ გენერალს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვადგავართ გზას, რომელსაც მივყავართ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის აღორძინებისკენ. 

საქართველო  ხშირად  დამოუკიდებლობას კარგავდა არა იმის გამო, რომ ჩვენი ჯარისკაცები საქმეს ვერ აკეთებდნენ და ჩვენ მტერს ვერ ვიგერიებდით. ხშირად,  მტერი მრავალრიცხოვანი იყო და მისი მოგერიება შეუძლებელი ხდებოდა. ჩვენ ვკარგავდით დამოუკიდებლობას იმის გამო, რომ ქართველები ვერ პოულობდნენ საერთო ენას. ქართველი ფეოდალები უფრო კარგად ეკვრებოდნენ მტერს, ვიდრე მზად იყვნენ ერთმანეთთან მოლაპარაკებისთვის.

ზიზღი, რომელიც ჩვენ ქვეყნის შიგნით ერთმანეთის მიმართ გვამოძრავებდა, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საერთო მტერთან ერთად დადგომა. ჩვენთვის ეს გაკვეთილი უნდა იყოს და ფეოდალური გადმონაშთები ჩვენი ცხოვრებიდან უნდა მოვაშოროთ.

დემოკრატიული სისტემა ნიშნავს იმას, რომ მთავრობა იცვლება, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ შეიარაღებული ძალები არ ეკუთვნის არც ერთ მათგანს ცალკე აღებულს.

შეიარაღებული ძალები ეკუთვნის საზოგადოებას და არის მისი დამცველია.

თუკი შეიარაღებული ძალები და საზოგადოება ერთიანია, ქვეყანა ყოველთვის გადარჩება.

1921 წელს ჩვენი დამოუკიდებლობა დაეცა იმიტომ, რომ მეორე მხარესაც ქართველები იყვნენ. მეორე მხრეს იყვნენ ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, დაბოლოს, იოსებ სტალინი, რომელმაც მე-11 არმია გამოაგზავნა.

ჩვენ გვყავდა საუკეთესო გენერლები - კვინიკაძე, მაზნიაშვილი, მაგრამ პოლიტიკურად საქართველო დახლეჩილი იყო და ჩვენ დამოუკიდებლობა დავკარგეთ.

2008 წელს ქართული საზოგადოება, მთავრობა, შეიარაღებული ძალები და საერთაშორისო საზოგადოება დადგა ერთად და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა.

ძალა ერთობაშია - ეს არის მთავარი გაკვეთილი.

შეიარაღებული ძალები მაშინაა ყველაზე ეფექტიანი, როდესაც საზოგადოება ერთიანობას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ამ საზოგადოების ნებისმიერი მოთამაშე - საკუთარ ამბიციებს.

დღეს საერთაშორისო მდგომარეობა ზოგადად იცვლება და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ჩვენი ნავსაყუდელია ძლიერი ალიანსები, ამიტომ, ამ მიმართულებით, ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო მისებში გადამწყვეტია.

ჩვენი სავიზიტო ბარათია ის, რაც ჩვენებმა ერაყსა და ავღანეთში გააკეთეს.

მახსოვს პრეზიდენტმა ბუშმა მაჩვენა გენერალ პეტრეუსის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკელების შემდეგ ერაყში საუკეთესო კონტიგენტი ქართველები იყვნენ.

გენერალი პეტრეუსი მეუბნებოდა, რომ ქართველებს აქვთ რაღაც განსაკუთრებული, ის, რაც მათ გამოარჩევს სხვა მებრძოლებისგან , რაც მხოლოდ ჯარისკაცმა შეიძლება ამოიცნოს ჯარისკაცში...

ვითარება იცვლება და ჩვენ არასდროს არ უნდა აგვერიოს ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე.

რუსეთის ფედერაცია არის ჩვენი მეზობელი და გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა მასთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ამოცანა არ ყოფილა ცალკე აღებულ რომელიმე არმიასთან ბრძოლა.

მათ არ მოსწონდათ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი; მათ არ მოსწონდათ საქართველოს არც ერთი ლიდერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაიცავს.

მათთვის ფუნდამენტურად მიუღებელია ქართული სახელმწიფო. ამ ეტაპზე ეს ასეა.

მათ ისევ აქვთ მცდელობა გადმოწიონ ოკუპაციის ხაზი, ეს იმ ფონზე, რომ რუსეთის მიმართ ჩვენი რიტორიკა შეიცვალა.

რუსეთს არ აინტერესებს, ჩვენ რა რიტორიკა გვაქვს.

პირველ წლებში ჩემზე მატად მათ არავინ მოფერებია, მარამ  მთავარი ისაა, რომ ქართული სახელმწიფო მათთვის ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს.

კავკასიიაში, რომელიც ყველა დამპყრობლისთვის ძალიან გემრიელი ლუკმა იყო, საუკუნეების განმავლობაში, პირველად გაჩნდა ამ ეპოქისთვის  თანამედროვე სახელმწიფო.

დავით აღმაშენებლის პერიოდით დაწყებული ლაშა გიორგის პერიოდამდე იყო აღმშენებლობის ხანა. მას შემდეგ, საქართველომ პირველად აწარმოა აღმშენებლობა ბოლო 8 წლის განმავლობაში.

იმის გათვალისწინებით, რომ იმპერია ხელს გვიშლიდა, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო ინსტიტუტები - ეს არის ჩვენი დამბყრობლის ყველაზე დიდი თავის ტკივილი.

დღეს რუსეთს პრობლემები აქვს ყველა მიმართულებით, რადგან რუსეთმა  ბოლო წლებში უარი თქვა მოდერნიზაციაზე.

მათი მთავარი იმედი იყო არქტიკაში არსებული სტოკმანის გაზის საბადო; მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ  გაზს ამერიკას მიყიდდნენ და მიიღებდნენ ტრილიონობით დოლარს, რომელსაც სამხედრო გადაიარაღებას და ამ ქვეყნების დაპყრობას მოახმარდნენ.

ფიქალის გაზი არის ის ფაქტორი, რომელმაც ამ ოცნებებს წერტილი დაუსვა.

აღმოჩნდა, რომ ეს გაზი არის ამერიკაში და 2016-2017 წლებში ამერიკა გახდება გაზის და ნავთობის მთავარი ექსპორტიორი მსოფლიოში.

ამერიკას და ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანას, ფაქტობრივად, რუსული გაზი აღარ სჭირდება.

ეს მთლიანად ცვლის ეკონომიკურ გათვლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს წლებში რუსეთს, როგორც იმპერიას, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება.

რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ჩვენი მეზობელი და მასთან კარგი ურთიერთობა აუცილებლად გვექნება და ამის პირველი მომხრე მე ვიქნები.

შარშან ცალმხრივად გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი, რადგან გვინდოდა და დღესაც გვსურს საქართველოში უფრო მეტი რუსი მოქალაქე ჩამოვიდეს.

ამას მივაღწიეთ, მაგრამ რუსეთი, როგორც იმპერია, რომელსაც აქვს რევიზიონისტული ინტერესები, საშიშია საქართველოსთვის.

ჩვენ უნდა გვესმოდეს როგორ ვითარდება მოვლენები.

იმ პირობებში, როდესაც ამ ქვეყანას დემოგრაფიული და სოციალური პრობლემები აქვს, რეალურად, მათ აღარ ექნებათ გარე ექსპანსიაზე, მათ შორის, კავკასიაზე  კონცენტრირების საშუალება. მას, როგორც იმპერიას, აუცილებლად მოუწევს კავკასიიდან გასვლა.

საქართველო ყველანაირი სცენარისთვის უნდა მოემზადოს, მაგრამ ეს არის ყველაზე რეალისტური სცენარი, რომელსაც ბევრი რისკფაქტორი და საფრთხე ახლავს. ეს რისკები და საფრთხეები ჩვენს სასიკეთოდ უნდა წარვმართოთ.

ეს წლები ჩვენთვის არის ტურბულენტური და ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა შეუქცევადი ზიანი არ მივაყენოთ საკუთრ თავს.

ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანი ჩარჩოების შენარჩუნება და ანტიოკუპაციური საკანონმდებლო რეჟიმი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევასუსტოთ.

გუშინ ითქვა, რომ რუსეთის იმპერიამ ჩვენი მიმართულებით საოკუპაციო ხაზები გადმოწია.

ამასთან დაკავშირებით, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, თუმცა მე საქართველოს მთავრობას არ ვადანაშაულებ. რუსეთს აქვს გეგმა და ის არ უყურებს როდის რა განცხადება გავაკეთეთ. ის საკუთარ გეგმას მიყვება.

იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ წინა კვირას, ამ მოვლენებთან კავშირი არ აქვს. ეს არ არის საქართველოს მთავრობის ბრალი.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მათ აქვთ დასახული გეგმა და უნდა ვიყოთ ფრთხილად სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ პასუხად. უპირველესად, არ უნდა შევასუსტოთ ოკუპაციის კანონი საზღვრებთან მიმართებაში, არ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან ტერმინი „ოკუპაცია“, რადგან ეს არის ჩვენი იურიდიული გასაღები.

თუ ვიტყვით, რომ ომში თავად ვართ დამნაშავე და ტერორისტებს ვამზადებდით, არაღიარების პოლიტიკაც, რომელშიც დიდი წარმატება გვაქვს, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

ამ მიმართულებით, რუსეთმა ვერ მოახერხა ქვეყნების მობლიზება; ამას წინათ, ვანუატუმ გააუქმა გადაწყვეტილება ჩვენი ტერიტორიების აღიარების შესახებ, რუსებმა ვერ მოახერხეს დსთ-ის სივრცეში ქვეყნების მობილიზება, მაგრამ თუ ჩვენი სამართლებრივი ბერკეტები შევასუსტეთ, უკუშედეგს მივიღებთ.

სამართლებრივი მდგომარეობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს გათავისუფლება გარდაუვალია.

მანამდე კი, არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა შევასუსტოთ ძალისხმევა, გავყვეთ გეგმას, რომელიც ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, სამართლებრივი სივრცის, დემოკრატიისა და შეიარაღებული ძალების განვითარებას გულისხმობს.

ჩვენი დემოკრატიისა და განვითარებისთვის არაფერს არ აქვს ისეთი მნიშვნელობა და არც ერთ ინსტიტუტს არ აქვს ისეთი ნდობა, როგორიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით.

ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს რომ ვუყურებდი, გული სიამაყით მევსებოდა. ეს არის რამდენიმეწლიანი შრომისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის შედეგი, ამას უკან ვერაფერი მოაბრუნებს.

მთავარია, არ დავიღალოთ ბრძოლით, შრომით და სწავლით და ყოველივე ეს მოგვცემს იმას, რომ ის, რაც გენებში გვაქვს, გაძლიერდება და წავა წინ.

გუშინ დავაჯილდოვე ქართველი ოფიცრები, მათ შორის, ერთი იყო ეთნიკურად სომეხი. საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, ამის წინათ ავღანეთში ვნახე დაჭრილი სამხედრო, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ყველანი საქართველოს შვილები ვართ - ამაშია ჩვენი სიძლიერე.

შეიარაღებული ძალები ამის საუკეთესო გამოხატულებაა და ვერც ეს უნდა შეარყიოს ჩვენმა არაკეთილმოსურნემ.

მე კარგად მახსოვს, 2008 წელს ჩამოვაგდეთ რუსული ბომბდამშენი, გავაქციეთ და დავჭერით გენერალი ხრულოვი, ჩვენი პრიმიტიული საშალებებით ჩამოვაგდეთ რუსების უფრო მეტი მფრინავი საშუალება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ვინმეს მოუხერხებია. ესეც ჩვენი გმირობის გამოხატულებაა და ეს შეძლეს ქართველებმა, რადგან ჩვენ ვიცავდით საკუთარ მიწას.

გასაყოფი არაფერი გვაქვს, რადგან ვიცავდით ქართლისა და აფხაზეთის მიწას.

ერთი წუთითაც არ გვავიწყდება, რომ ეს მიწა ოკუპირებულია , მაგრამ ნებისმიერ უკანდახევაზე, ჩვენი პასუხი უნდა იყოს გადაჯგუფება და წინსვლა; ნებისმიერ მარცხზე პასუხი უნდა იყოს გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ არის .

წინ ჩვენი საბოლოო გათავისუფლებაა.

კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული სამხედროების წინაშე.

13 მაისს ავღანეთში სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 23 დაიჭრა.

ისინი ისეთივე გმირები არიან, როგორიც იყვნენ სამასი არაგველი და ცრა ძმა ხერხეულიძე.

ჩვენ მარტო ისტორიით არ ვცხოვრობთ, დღევანდელ დღესაც ჰყავს გმირები.

გიორგი ანწუხელიძის მსგავსი გმირობა საქართველოს ათასწლეულების განმავლობაში გაყვება, რადგან გიორგი ანწუხელიძეს ურტყამდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აიძულებდნენ თავი დაეხარა და მიწისთვის ეკოცნა; ასევე ცდილობდნენ, ჩემთვის მოეყებინა შეურაწყოფა.

მან არც ერთი გააკეთა, არც მეორე და არც მესამე.

ამიტომ პირადად ვარ მასთან ვალში, ჩვენ ყველანი ვალში ვართ მის წინაშე და ქართულმა სახელმწიფომ მისი საქმე გააგრძელოს და არასდროს არ დახაროს თავი.

ჩვენი დროშა ამაყად იფრიალებს, ვიდრე თქვენ ხართ მედგრად და ბევრს მუშაობთ საქართველოს გაძლიერებისთვის, წინსვლისთვის, გადარჩენისთვის და  განსაკუთრებული ადგილის დამკვიდრებისთვის მსოფლიო რუკაზე.

მინდა დღეს, განსაკუთრებულად გამოვყო ეროვნული თავდაცვის აკადემიის რამდენიმე პედაგოგი, ოფიცერი, თანამშრომელი და ქართული სახელმწიფოს სახელით, მათ სახელმწიფო ჯილდოები გადავცე.

დიდი მადლობა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)