Google+

გამოსვლები და განცხადებები

17.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა სტრასბურგში თვითმმართველობის სხდომაზე

ბატონო მერო,

დელეგატებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

ძვირფასო მეგობრებო,

ჩემთვის უდიდესი პატივი და სიამოვნებაა მოგმართოთ დღეს თქვენ.

1991 წლიდან მოყოლებული სტრასბურგში ყოველთვის უდიდესი სიამოვნებით ჩამოვდიოდი. მაშინ მე სტუდენტი გახლდით და ეს იყო დრო, როდესაც ჩემი ქვეყანა ის-ის იყო გათავისუფლდა საბჭოთა დომინაციისგან. სტრასბურგში იმისთვის ჩამოვედი, რომ რენე კასენის ინსტიტუტში გამეგრძელებინა სწავლა.

სტრასბურგში ყოფნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

აქ მე ხელით შევეხე ევროპულ ოცნებას, რომელმაც მთელი ჩემი პოლიტიკური ცხოვრება განსაზღვრა - დაწყებული ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით და დამთავრებული ქვეყნის პრეზიდენტობით.

სტრასბურგში მე შევხვდი არაჩვეულებრივ ჰოლანდიელ გოგონას სანდრა რულოვსს, რომელიც ჩემი მეუღლე გახდა. მახსენდება დრო, როდესაც ამ ძველი ქალაქის ქუჩებში მას ველოსიპედით დავყვებოდი და მისი გულის მონადირებას ვცდილობდი.

ბუნებრივია, დღეს აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ იმის მიუხედავად, რომ ამ მოგონებების წყალობით, მთელი ცხოვრება გულით სტრასბურგელად დავრჩები. 

აქ ჩამოვედი, რათა მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმ პატივისთვის, რომელიც ჩემს ქვეყანას ხვდა წილად. განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო სტრასბურგის მერს ბატონ როლანდ რიესს, რომელმაც საქართველოს შესთავაზა ევროპის უძველესი და ყველაზე პრესტიჟული საშობაო ბაზრობის მასპინძლობა.

საქართველოსთვის ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. ამით საშუალება მოგვეცა გაგაცნოთ ჩვენი კულტურა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ევროპული კულტურის ნაწილი იყო, გაგაცნოთ ჩვენი ტრადიციები და დავანახოთ ქალაქის მცხოვრებლებსა და მილიონობით სტუმარს, რომლებიც აქ ყოველწლიურად ჩამოდის, საქართველოს სამომავლო სურვილები.

ქალბატონებო და ბატონებო,

ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჩვენსავით სჯერა ევროპის პროექტის, სტრასბურგი უფრო მეტია, ვიდრე საფრანგეთის მნიშვნელოვანი ქალაქი.

სტრასბურგი არის ამ პროექტის გული და სიმბოლო და კრიზისის მიუხედავად, ის დიდი პოლიტიკური ცვლილებების ქალაქია.ევროპული ინტეგრაცია, ევროპის თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში დაბრუნება, რომელსაც საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდა რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, გახლავთ საქართველოს მოსახლეობის უმთავრესი პრიორიტეტი, მისი პოლიტიკური შეხედულებების, სოციალური და რელიგიური განსხვავებების მიუხედავად.

სწორედ ამ იდეით ვხელმძღვანელობდით 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური და მენტალური ტრანსფორმაცია წამოვიწყეთ.

ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა რეფორმა, რომელსაც მიესალმებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც ამ რეგიონის უნიკალურ მოვლენას, მიზნად ისახავდა კორუმპირებული და ავტორიტარული პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკის, დინამიკურ და ევროპული ტიპის ღია სახელმწიფოდ გარდაქმნას.

საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, რომელიც ახლახან  შეიცვალა საქართველოში, ისევე როგორც ეს ხდება ევროპის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, ვერაფერი აღუდგება წინ ჩემი ერის ევროპულ ენთუზიაზმს, მის სურვილსა და სწრაფვას შეუერთდეს ევროპას.

ვიცი, რომ კრიზისი ევროპის მოსახლეობას გარკვეულ ეჭვებს აღუძრავს; ვიცი, რომ ევროკავშირი ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი; ვიცი, რომ გარკვეული ეჭვები ჩნდება აქ, ისევე როგორც მთელ კონტინენტზე.

მაგრამ მე აქ ჩამოვედი როგორც იმედისა და რწმენის მატარებელი: ევროპა ეს არის ჩვენი, ყველას მომავალი.

მე მსურს მოგიწვიოთ საქართველოში, რათა ნახოთ ჩვენი ქვეყანა და დარწმუნდეთ, თუ რაოდენ დიდია ევროპის იდეალი დღეს, როგორც არასდროს, როგორ აერთიანებს ევროპის პროექტი იმ ხალხთა ოცნებებსა და ენერგიას, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირის გარშემო.

დღეს ვერ ვხედავ მსოფლიოში ვერც ერთ სხვა პროექტს, რომელსაც ასეთი მიზიდულობის ძალა ექნებოდა და დარწმუნებული ვარ, ასეთი პროექტი არც ხვალინდელ მსოფლიოში არ იქნება.

ძვირფასო მეგობრებო,

მისიონერების დროიდან მოყოლებული, საფრანგეთი ჩვენი ქვეყნის დიდი მოძმე ქვეყანაა.

საფრანგეთმა ეს დაამტკიცა უახლოეს წარსულშიც, კერძოდ, 2008 წელს, როდესაც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობა ეჭვქვეშ დადგა რუსული ტანკების შემოსვლისთანავე, რომლებიც ჩვენი დედაქალაქისკენ - თბილისისკენ მოიწევდნენ.

საფრანგეთი ამას ყოველდღიურად გვიმტკიცებს, როდესაც მხარს უჭერს საქართველოს ევრო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საფრანგეთში არ არსებობს ჩვენთვის უფრო სიმბოლური და გულთბილი ადგილი ვიდრე სტრასბურგია. ეს არის ქალაქი, რომელმაც უამრავი სისხლისმღვრელი ბრძოლა გადაიტანა, ვიდრე ჩვენი კონტინენტის მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლო გახდებოდა.

თითოეული ევროპელი სტრასბურგს გარკვეულწილად საკუთარ დედაქალაქად აღიქვამს და ჩვენც, როგორც ევროპული სახელმწიფო, სტრასბურგში ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში.

დიდი მადლობა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)