Google+

გამოსვლები და განცხადებები

21.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავის მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით. 

დღეს აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში თათბირი გამემართა. მინდოდა ჩვენს გუბერნატორს, რუსთავის მერს, ასევე სხვა ხელმძღვანელ და პასუხისმგებელ პირებს ქალაქის განვითარების საკითხებზე დავლაპარაკებოდი, მაგრამ გადავწყვიტე მანამდე ეზო-ეზო შემომევლო რუსთავი, ხალხის აზრი გამეგო და შემდეგ  ჩამეტარებინა თათბირი. მიმაჩნია, რომ ეს უფრო სწორია.

ვფიქრობ, უპირველესად, ყველაზე მნიშვნელოვანია იმ საკითხების წამოჭრა, რომლებიც უშუალოდ თქვენ, რუსთავის მოსახლეობას გაწუხებთ, ხოლო შემდეგ ის საკითხები, რომელთა შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მომახსენებენ.

ამიტომ მინდა თქვენ მოგისმინოთ, მაგრამ მანამდე რამდენიმე სიტყვით მოგმართავთ.  

როგორც ვხედავთ, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი: პირველი -  მუნიციპალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები; მეორე - ზოგადად სოციალური დაცვა; მესამე, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი - დასაქმება; მეოთხე, ასევე ძალზე მნიშვნელოვანი - განათლების სფერო და შემდეგ ის საერთო პოლიტიკური საკითხები, რომლებიც ყველას გვაწუხებს - მაგალითად, ჯანდაცვა, რომელიც სოციალურ სფეროში შედის და ა.შ.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი უკვე მოგვარებულია. კერძოდ, ოთხი - ხუთი წლის წინათ, როდესაც რუსთავში წყალმომარაგების საკითხებზე მუშაობას ვიწყებდით,  მოსახლეობას წყალი გრაფიკით, ერთი-ორი საათის განმავლობაში მიეწოდებოდა. ახლა კი ამ ქალაქის მოსახლეობას ოცდაოთხ საათიანი წყალმომარაგება აქვს. ამ საკითხზე მუშაობის დაწყებამდე, თავადაც მხოლოდ იმის იმედი მქონდა, რომ წყლის მიწოდების ხანგრძლივობას ორი საათიდან ექვს-შვიდ საათამდე გავზრდიდით, რადგან უამრავ პრობლემას გვისახავდნენ.

ეს თქვენი საზრუნავი ნამდვილად არ უნდა იყოს, ამიტომ ამ თემაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ.

ახლა მთელ რუსთავს წყალი ოცდაოთხი საათის განმავლობაში მიეწოდება და ყოველივე ამან პირადად მე, მართლაც ძალიან დიდი შვება მომგვარა.

მოსაგვარებელი იყო გზების საკითხიც - ძირითადი ქუჩები თითქმის ყველგან გაკეთებულია და ახლა ეზოების კეთილმოწყობაას ვიწყებთ. ყველა ეზო ძალიან კარგად უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, თუ ეს მოსახლეობას სურვილი ექნება და ყველა დაეთანხმება, მოსახლეობის ოთხმოცდაათი პროცენტი მაინც, ავტოფარეხები უნდა ავიღოთ და მათ ნაცვლად საბავშვო მოედნები და სათამაშო კუთხეები უნდა მოეწყოს. თუმცა მსგავსი საკითხები ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

მეორე საკითხი საავდმყოფოების მშენებლობას შეეხება. რუსთავში ძალიან დიდი საავადმყოფოები შენდება, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ დაზღვევის სისტემას.

წელს დაზღვევა ექნება ხუთ წლამდე ასაკის ყველა ბავშვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დაზღვევით ისარგებლებენ, ასევე, სამოც წელს გადაცილებული ადამიანები.

ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამკურნალოდ რუსთავიდან თბილისის რომელიმე კლინიკაში წასვლა აღარავის დასჭირდება. რუსთავში გექნებათ საუკეთესო საავადმყოფოები, სადაც მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება და უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას სადაზღვევო პოლისების საფუძველზე მიიღებთ.

მესამე თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ - განათლებაა. ვინაიდან რუსთავის აღმშენებლობას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ, მინდა, რომ ამ ქალაქის ყველა სკოლა სანიმუშო იყოს დანარჩენი საქართველოსთვის.

ახლა მთავარია ახალგაზრდების ისე მომზადება, რომ მშობლიურ ბაზარზე მარტო დასაქმების საშუალება კი არ ჰქონდეთ, არამედ  საუკეთესო, მაღალშემოსავლიანი და უფრო საინტერესო სამსახურის შოვნა შეძლონ. ამიტომ, რუსთავის ყველა სკოლა გარემონტდება, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაკეთდება და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.

შემდეგი დასაქმების საკითხია.

ცოტა ხნის წინათ რუსთავიდან წერილი მივიღე და მინდა წაგიკითხოთ:

„ბატონ პრეზიდენტს რუსთავის მოსახლეობისგან

„რუსთავი არის, პრაქტიკულად, გაჭირვებული ადამიანებით დასახლებული ქალაქი. ქალაქის ხელმძღვანელ პირებს მეტი ყურადღება და მეტი გულისხმიერება მართებთ. ძირითადი პრობლემა დასაქმება და შესაბამისი ანაზღაურებაა. ძალიან ძნელია მცირე შემოსავლებით ოჯახური პრობლემების მოგვარება. მიუხედავად ცოტ-ცოტა წინსვლისა ქალაქის კეთილდღეობისთვის, მაინც უკიდურესი მდგომარეობაა მოსახლეობაში, საშუალო შემოსავლები არ აღემატება 200 ლარს, რაც უმცირესია არსებობისთვის“.

მე ვეთანხმები ამ წერილის ავტორს, და ვფიქრობ, რომ ხელმძღვანელ პირებს ყოველთვის მართებთ მეტი გულისხმიერება, ვფიქრობ, ეს ჩვენმა ხელმძღვანელებმა იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის დასკვნას გავაკეთებთ და საკადრო გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ. ესეც ხელისუფლების ყველა დონეზე იციან და მეც ვიცი ეს.      

როდესაც ორას ლარზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა ხელფასისთვის ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ სამი - ოთხი წლის წინათ სამუშაო ადგილები საერთოდ არ არსებობდა. ნელ-ნელა ჩვენ იმ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც დაბალანაზღაურებადი სამსახურები ჩნდება.

2008 წელს ჩვენმა მტერმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს, როგორც ქვეყანას არსებობა უნდა  შეეწყვიტა, მაგრამ ამის შემდეგ რუსთავში ხუთი ქარხანა და ერთი დიდი სავაჭრო კომპლექსი ავტომანქანების ბაზრობის სახით. ასევე, შეიქმნა თხუთმეტი ათასი სტაბილური და ხუთი ათასი სეზონური სამუშაო ადგილი.

ე.ი. ოცი ათასი სამუშაო ადგილი დაემატა ქალაქს, რომლის მოსახლეობა ასი ათასზე ოდნავ მეტია. საქართველოს არც-ერთ ქალაქში, დასაქმების თვალსაზრისით, ამხელა პროგრესი არ ყოფილა.  

სხვათა შორის, რუსთავის მეტალოკონსტრუქციების ქარხნის გაკეთებულია პრეზიდენტის სასახლის გუმბათი, ბათუმის იუსტიციის სახლი, ბათუმის საბაჟო, ტყავის ქარხანა, რომლის პროდუქციაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება. ადრე პირველადი პროდუქცია გაჰქონდათ, მაგრამ ახლა ახლა რამდენიმე შემდგომ ეტაპად გადამუშავებას იწყებენ, რათა აქვე შექმნან მზა პროდუქცია.  

აზოტის ქარხანა, რომელიც მთლიანად დატვირთეს, მალე ორჯერ დიდი იქნება.

ასევე გაიხსნება ცემენტის უფრო დიდი ქარხანა.

ქართული ცემენტის ქარხანა, რომელიც ომის შემდეგ გაიხსნა, უკვე იმაზე მეტ პროდუქციას  აწარმოებს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს აწარმოებდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად,  ბაზარზე დიდი დეფიციტი გვაქვს და ცემენტი მაინც უცხოეთიდან შემოდის.

ასევე ახლა ინვესტიციები იდება რუსთავის მეტალის წარმოებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქარხანა ამუშავდება სრული დატვირთვით.

ვიდრე აქ მოვიდოდი, მე-8 მიკრორაიონშიც შევხვდი მოსახლეობას. იქ რამდენიმე ბიჭი იყო, რომლებსაც, შესაძლოა, სახელებით და გვარებით არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მეცნობოდნენ. მათი სახეები ხშირად „ბირჟაზე“ მინახავს, როდესაც რუსთავში გამივლია. ახლა კი, თითქმის, ყველა ოსტატებად მუშაობს ავტომობილების ბაზრობაზე - მანქანის შემომტანს დღეს იმაზე ნაკლები ფული რჩება, ვიდრე ოსტატს აქვს.

ბოლო ერთ წელიწადში, მხოლოდ ამ ბაზრობაზე ექვსი ათასი ადამიანი დასაქმდა.

ვიცი, რომ, მინიმუმ, 100 აშშ დოლარი რჩება მანქანიდან და, რა თქმა უნდა, 500 აშშ დოლარი რომ რჩებოდეს, უფრო გაუხარდებოდა. საკმაოდ მძიმე შრომის პირობებში ხელფასი 400-500 ლარის ნაცვლად, 700-800 ლარი რომ ჰქონდეს ყველა ბევრად კმაყოფილი ვიქნებოდით. მაგრამ ცოტა ხნის წინათ ადამიანი დილით იღვიძებდა და წასასვლელი არსად არ ჰქონდა, შესაბამისად საკუთარ შვილებსაც ვერაფერს ვერ უკეთებდა. ახლა ამ ადამიანებს აქვთ სამსახური, შესაძლოა, შემოსავალი იმდენი არ აქვთ, რამდენიც შვილებსა და ოჯახს სჭირდება, მაგრამ, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ყველაფერი, მათ შორის ეს პროცესიც  პროგრესირებადია.

პირადად მე, ვცდილობ, თქვენთან ერთად ვიფიქრო ამ მიმართულებით.

ერთ-ერთი გზა არის ის, რომ ამ მიმართულებით წავიდეთ წინ და თან საკმაოდ სწრაფი ტემპით, ისე, როგორც ჩვენი ქვეყანა ვითარდება - შარშან, თითქმის, შვიდპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. მაგალითად, რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ორიდან - სამამდე მერყეობდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ნავთობი და გაზი.

ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს მეტი, თუ გვინდა რომ ამ გარემოში გადავრჩეთ.

აქ ძალიან განათლებული და მოაზროვნე ხალხი ცხოვრობს და რადგან პოლიტიკაზე გადავედით, იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო დროს რუსებმა ბორის აკუნინი საქართველოს აგენტად გამოაცხადეს, რადგან მას ქართული წარმოშობა აქვს და გვარად ჩხარტიშვილია.

ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, დიმიტრი შაშკინი კრემლის აგენტი გამოდის, რადგან ეთნიკური წარმომავლობით რუსია, შესახედაობითაც და აქცენტითაც, მაგრამ დიმიტრი შაშკინი საქართველოს ძალიან დიდი პატრიოტია.

მათ ქვეყანა თავზე ენგრევათ და ჩვენზე სალაპარაკოდ მაინც იცლიან. იცლიან იმისათვისაც, რომ აფრიკაში წავიდნენ, ასობით მილიონი დახარჯონ ისეთ რამეზე, რაც მათთვის სრულიად საწინააღმდეგო შედეგის მომტანი იქნება. იცლიან იმიტომ, რომ  ქვეყანა, რომელიც განადგურებული, მიწასთან გასწორებული ეგონათ, უცბად, წარმატებული აღმოჩნდა.

მაგალითად, მანქანებს ყველა ჩვენთან ყიდულობს: ამისთვის ჩამოდიან შუა აზიიდანაც, სომხეთიდანაც, აზერბაიჯანიდანაც, სამხრეთ რუსეთიდანაც... ავტომობილის შეძენა აქ ბევრად ადვილია - არც კორუფციაა, გაფორმებაც მალე ხდება და თანაც, ჩვენი ბიჭები ყველაზე კარგად აკეთებენ ყველაფერს. ამიტომ, კლიენტს ურჩევნია შუა აზიის დედაქალაქიდან აქ ჩამოვიდეს მანქანის საყიდლად, ვიდრე იქ, ადგილზე გაუშრონ სისხლი.

დღეს, საასტუმროს მშენებლობა ვნახე - თამაზ გელუკაშვილი 70-ნომრიან სასტუმროს აშენებს. თუმცა აქ იმდენი ხალხი ჩამოდის, რომ 70-იანი კი არა, ბევრად დიდი სასტუმრო უნდა ააშენონ, იმდენი ხალხი ჩამოდის.

ეს მხოლოდ მანქანის ყიდვა-გაყიდვას არ უკავშირდება, რადგან ჩამოსული ადამიანი ან საჭმელად წავა, ან სუპერმარკეტში შევა, ან უამრავი სხვა რამ დააინტერესებს  და ყველგან ფულს ტოვებს. ადრე ასე  ჩავდიოდით გერმანიაში და ანალოგიურად ვტოვებდით იქ ფულს. ახლა კი, ეს ფული რჩება რუსთავში.

დავფიქრდეთ, როგორი ვითარებაა დღეს - დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობს ის ხალხი, ვინც დღეს ფაშისტური ლოზუნგებით გამოდის; სამართლიან არჩევნებზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც მუდმივად აყალბებდა არჩევნებს; კორუფციაზე გველაპარაკება ის ხალხი, ვინც მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში მთელი საქართველო გადაჭამა; ის ხალხი გვეუბნება ჰესები არ ააშენოთო, რომელმაც 90-იან წლებში ჩაგვაბნელა და გაგვაუბედურა. ყველა ეს ადამიანი ახლა შეიკრიბა და სურთ, რომ წარსულში დაგვაბრუნონ....

ეს ხალხი გვასწავლის ჭკუას.

პირადად მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ პოლიტიკაში ახალი ხალხი მოდიოდეს; მომხრე ვარ, რომ ახალგაზრდობაც წამოვწიოთ წინ და ძველი თაობის საინტერესო ხალხიც და, რა თქმა უნდა, ასეთები ყველა თაობაში მოიძებნება.

მაგრამ ახლა, ის ხალხი იკრიბება და ცდილობს ძველი დროის დაბრუნებას, რომლებმაც სიბნელეში გვაცხოვრეს, სხვა ადამიანების ღირსება ფეხქვეშ გათელეს და კორუფციის სიმბოლოს წარმოადგენენ.

ვფიქრობ, ჩვენი პასუხი მათ ქმედებაზე არის ძალიან კონკრეტული და ისეთივეა, როგორიც ჩვენმა დამპყრობელმა მიიღო - ჩვენ განვვითარდებით, ჩვენ ავაშენებთ და გავაუმჯობესებთ პირობებს. თუკი ჩვენი განვითრება ასე გაგრძელდება, პირველი ეტაპი ჩვენთვის იქნება უმუშევრობის სრულად დაძლევა, რაც სავსებით შესაძლებელია, ხოლო მეორე ეტაპზე, ამის პარალელურად, შემოსავალი გავზარდოთ ისე, რომ უკეთესად ვიცხოვროთ.

მე ასე წარმომიდგენია...

ასე რომ, მშვენივრად მესმის თქვენი გასაჭირი უმუშევრობასთან დაკავშირებით.

ადრე, მაგალითად, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე შემადგენლობა დაეპატრონებოდა და გაძარცვავდა. წარმოიდგინეთ, რამხელა პოტენციალი ჰქონდა ქარხანას, მძარცველების 10 ჯგუფს გაუძლო და კიდევ რაღაც დარჩა.

ბოლოს ისევ ცდილობდნენ, რომ ცოტა კიდევ გაეძარცვათ, ხან საერთაშორისო არბიტრაჟი შემოდიოდა, ხან ერთი კლანი და ხან მეორე და, პრაქტიკულად, გაანადგურეს კიდეც. თავადაც მოვიყვანე ინვესტორები, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა ინვესტიციის მოზიდვა.

ძალიან ძნელი იყო იმის გარჩევა ვის უნდოდა ქარხნის რეალურად ამუშავება და ვის - ჯართის ხელახლა გატანა. ყველა ოქროს მთებს გვპირდებოდა და შემდეგ არაფერი არ ხდებოდა.

ახლა ვხედავთ, რომ მართალია, ნულიდან, მაგრამ ნელ-ნელა წამოიწია და წარომოებამ ამაღლება დაიწყო. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ საქართველოში გაჩაღდა მშენებლობა და ქვეყანა ვითარდება.

მაგალითად, ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობისთვის მასალები გვჭირდება და ვთქვათ, განათების სისტემები, ან მეტალის კონსტრუქციები ავსტრიიდან და ბელგიიდან უნდა შემოგვეტანა. თუმცა, რატომ უნდა შემოვიტანოთ ეს მასალა უცხოეთიდან, თუკი შეიძლება რომ იგივე ფასად - ცოტა ძვირად ან იაფად ადგილზე, საქართველოში დავამზადოთ? ამის გაკეთების პოტენციალი ხომ აქაც გვაქვს.

ამიტომ, კარგად მესმის თქვენი, როდესაც ახალგაზრდების უმუშევრობაზე წუხხართ. თუმცა ისიც მინახავს, რომ ძალიან გამოცდილი სპეციალისტები, რომელსაც მუშაობის 50-წლიანი სტაჟი ქონდათ, იმის გამო, რომ 10 წელი არ უმუშავიათ, დაბრუნდნენ მთელ რიგ საწარმოებში და 70-80 წელს მიტანებული ადამიანები ახლა ახალგაზრდებს ასწავლიან, რადგან ძალზე უაზროდ დაიკარგა გარკვეული პერიოდი.

ჩვენი ქვეყანა შრომის რიტმიდან ამოვარდა და თითქმის მთელი თაობა, პრაქტიკულად, დაკარგული აღმოჩნდა.

თუმცა, ჯერ ერთი, ის, რისი დაბრუნებაც შეიძლება, ბოლომდე დაკარგული არ არის. ამას ვაკეთებთ კიდეც - უნდა დასაქმდეს ის, ვინც არის სპეციალისტი; და მეორე - ხალხს უნდა მივცეთ ახალი პროფესიის ათვისების საშუალება, როგოც ახალგაზრდებს, ისე ასაკოვან ადამიანებს. ამისთვის ვქმნით გადამზადების ცენტრებს  და უკვე ყველა ასაკის ადამიანს ვუქმნით კვალიფიკაციის ამაღლების პირობებს და ვასწავლით სამსახურის ძებნას.

კარგად მესმის მათი გულისწყრომა, ვისაც დაბალანაზღაურებადი სამსახური აქვს, რადგან, მაგალითად, 200 ლარი საკმარისი არ არის, მაგრამ ზოგს საერთოდ არ აქვს სამსახური. 

მაქვს პრეტენზია, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რუსთავი საქართველოს სანიმუშო ქალაქად ვაქციოთ. ეს ითვალისწინებს იმას, რომ აქ ყველგან უნდა იყოს საუკეთესო გზები, კეთილმოეწყოს ეზოები, აშენდეს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზი, ძალიან დიდი სპორტული სპორტული კომპლექსი და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს ჰქონდეთ შესაბამისი აბონიმენტები, რომლის საშუალებითაც შეძლებენ სხვადასხვა სპორტულ სექციებში ჩაბმას.

აქ არის უნიკალური პარკია, რომლის რეაბილიტაციის პროექტი ესპანელებმა უკვე შეადგინეს და აუცილებლად დაიწყება სარეკონსტრუქციო სამუშოებიც. 

ამას გარდა, შენდება თბილისი-რუსთავის ავტობანი, რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისიდან რუსთავში ჩამოსასვლელად, მინიმუმ, ორჯერ ნაკლები დრო დაგვჭირდება.

საბოლოოდ, რუსთავი ძალზე კომფორტული და განსაკუთრებულად მიმზიდველი ადგილი გახდება არა მარტო რუსთაველებისთვის, არამედ თბილისის მცხოვრებლებისთვის.

როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ზურაბ ადეიშვილი იყო ჩემი თანაშემწე. მაღალი ხელფასი თავადაც არ მქონდა და, მით უმეტეს, მას არ ექნებოდა. მართალია იმ დროისთვის ეს თანხა უფრო მეტს ნიშნავდა, მაგრამ მის უმეტეს ნაწილს გზაში ხარჯავდა. ამის მიუხედავად, მაინც უღირდა რუსთავში ცხოვრება, რადგან თბილისთან შედარებით, ბინების ფასი აქ გაცილებით ნაკლები იყო. ზურაბ ადეიშვილი დღემდე ამ ქალაქის უდიდეს პატრიოტად დარჩა.

რუსთავს აქვს ეს თვისება, ყველა კუთხის შვილი მიიღოს, სითბო აჩვენოს, ერთმანეთთან დააკავშიროს და აქაურობა შეაყვაროს.

ყოველივე ამას იმიტომ ვყვები, რომ როგორც კი რუსთავში მომავალი გზა იქნება და   ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ბინებს აქ უფრო დიდი ფასი დაედება, ვიდრე თბილისში აქვს.

სწორედ ამას უნდა მივაღწიოთ, რადგან ეს მეტ შემოსავალთან არის დაკავშირებული.

ბინების ფასის მატებასთან ერთად, შემოსავალიც გაიზრდება, მაგრამ ამ პროცესში თქვენც უნდა ჩაერთოთ.

მათ შორის, აუცილებელია ქალაქი გამწვანდეს - ცხოვრების ხარისხი ყველგან სიმწვანით იზომება. სხვათა შორის,  ერთი, რასაც კომუნისტები, გარკვეულწილად, კარგად აკეთებდნენ სწორედ გამწვანება იყო. ამ საქმის სპეციალისტები ყველგან ჰყავდათ, განსაკუთრებით 50-60-იან წლებში. მერე ხელი ჩაიქნიეს, რაღაც-რაღაცები აერიათ და ყველაფერს იპარავდნენ.

ასე რომ ვიმუშავოთ ამ მიმართულებითაც.

წელსვე უნდა მივხედოთ პარკს, უნდა მივხედოთ პარკში არსებულ ტბას და, კიდევ ვიმეორებ - ეს უნდა იყოს ადგილი, რომელსაც ყველა შენატრის.

მე მჯერა, რომ რუსთავი, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი გახდება და ამაზე ყველანი ერთად ვიმუშავებთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.  

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)