Google+

გამოსვლები და განცხადებები

17.01.2012
მიხეილ სააკაშვილმა მარტვილის სამედიცინო ცენტრთან შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა

მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ საავადმყოფოს გასახსნელად და ჩემთან შესახვედრად მობრძანდით.

აქ სოფელ ნოქალაქევიდან მოვედი, სადაც ულამაზესი სკოლა გავხსენით მათ შორის, რომელიც ოდესმე სადმე გამიხსნია.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი სკოლაა მოსაწესრიგებელი, გასარემონტებელი და თავიდან ასაშენებელი; ისიც ვიცი, რომ კარგი საავადმყოფო ჯერ კიდევ ბევრგან არ გვაქვს; მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრი კარგი საავადმყოფო ჯერ კიდევ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი.

თუმცა, ნახეთ, როგორი იყო ჩვენი ქვეყანა რამდენიმე წლის წინათ და როგორია დღეს; რა მოლოდინი გვქონდა და რამხელა პროგრესს მივაღწიეთ ყველა მოლოდინთან შედარებით.

ვფიქრობ, მთავარი, რის გამოც ჩვენი ქვეყანა წინ მიდის ისაა, რომ ყველაფერი ხალხის მონაწილეობით ხდება. ყველაფერს ჩვენი მთავრობა კი არა, თქვენ აკეთებთ.  

მაგალითად, გუშინწინ საკუთარი თვალით ვნახე როგორ შენდება ობიექტები წარმოუდგენელი თოვლის და ქარბუქის პირობებში.

თანასწორობის იდეა ყველაზე მეტად აღიზიანებს ჩვენს მტერს. მე ვყოფილვარ კერძო სკოლაში, სადაც მილიონრებისა და უცხოელი დიპლომატების შვილები სწავლობენ. მინახავს, როგორ არის ეს სკოლები მოწყობილი.

საქართველოში ჩვეულებრივი სოფლები არ არსებობს, ყოველი მათგანი განსაკუთრებულია, მაგრამ თუკი შეიძლება ასე ითქვას, ნოქალაქევის სკოლა, არის ერთი ჩვეულებრივი სოფლის არაჩვეულებრივი სკოლა და ის ბევრად სჯობს იმ სასწავლებლებს, სადაც მილიონერების შვილები იღებენ განათლებას.  

აი, ეს არის თანასწორობის იდეა.

საავადმყოფო, სადაც თითოეული ოთახი ისევეა აღჭურვილი თავისი სათავსოებით, გათბობის, ვენტილაციის, კანალიზაციის სისტემებით, როგორი გარემონტებული პალატებიც საქართველოში ადრე მხოლოდ 5-6 თუ იყო, თანაც საზოგადოების ძალიან ვიწრო წრისთვის იყო ხელმისაწვდომი.

სწორედ ეს აღიზიანებს ზოგს  ყველაზე მეტად.

უწინ, როდესაც ქვეყანა ტალახში იყო ჩაფლული, ასეთ ადამიანებს შეეძლოთ ხალხისთვის ზემოდან ყურება, რათა საკუთარი თავი სხვაგვარად წარმოეჩინათ.

დღეს ხალხი ახდენს ამ სასწაულს. ყველაფერი კეთდება ხალხის სახელით,  კეთდება ხალხისთვის და იმისთვის, რომ, საბოლოოდ, უკეთესი ქვეყანა გვქონდეს.  

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ არის ძვირადღირებული ოპერაციები, რომლის გასაკეთებლად, საზოგადოების დიდ ნაწილს ფული არ გააჩნია და იმის გამო, რომ არც სამედიცინო დაზღვევა აქვთ, ჯერ არც საპენსიო ასაკისთვის მიუღწევიათ და, შესაძლოა, ვერც სოციალურად დაუცველთა რომელიმე კატეგორიაში ხვდებიან, მკურნალობაზე უარის თქმა უწევთ.

როდესაც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ვლაპარაკობთ, მოდით, ჯერ ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტები შევქმნათ და ამის პარალელურად, ის ხელმისაწვდომი გავხადოთ. თორემ, იმის ხელმისაწვდომობაზე ლაპარაკს, რაც არც კი გაგვაჩნდა, აზრი არ აქვს. 

ზოგიერთი ამბობს: ძველი საავადმყოფოები იხურება და დიდი ამბავი თუ ახალი იხსნებაო. ეს მართლაც ძალიან დიდი ამბავია, რადგან ძველ საავადმყოფოებში პაციენტები აღარ დადიოდნენ, ამას ექიმებიც დამიდასტურებენ.

ახლადგახსნილ საავადმყოფოებში, ძირითადად, ისევ ძველი ექიმები მუშაობენ, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, ამ კლინიკებს 5-10-ჯერ უფრო მეტი პაციენტი ჰყავს, ვიდრე ძველ საავადმყოფოებს.

ეს სრულიად ახალი სისტემაა, ახალი სისტემა კი წარმოშობს ახალ ხარისხს, ახალ პერსპექტივას, ახალ მოლოდინს.

ნახეთ, როგორ ვითარდება საქართველო.

ცოტა ხნის წინათ (5-7 წელიწადი ისტორიისთვის ბევრი არ არის), გზის 5-6 კილომეტრიანი მონაკვეთის დაგება გვიხაროდა, მაგრამ ახლა ცენტრალური გზების უმეტესობა დაგებულია. რა თქმა უნდა, ყველა გზა დღესაც არ არის მიყვანილი ბოლომდე, მაგრამ უახლოეს პერიოდში ყველა სოფელში მივალთ კარგი გზით.

ყველა სოფელში მიმდინარეობს მექანიზაცია; ყველგან იხსნება საავადმყოფოები; სოფლის მეურნეობა წარმოუდგენლად ვითარდება, პრაქტიკულად, ყველა დასახლებულ ადგილზე.

როდესაც აქაურობას ვერტმფრენით გადაუფრენ, კარგად ჩანს დამუშავებული მიწის ნაკვეთები და მიხარია, რომ ამ მხრივ, უკვე შეგვიძლია ჰოლანდიას შევედაროთ. ეს ძალიან მაღალი კულტურის მაჩვენებელია. ადრე კი, მხოლოდ ბუჩქნარი ჩანდა.  

ჰოლანდიაში სტუმრობისას, ვფიქრობდი-ხოლმე, რომ ჩვენი ქვეყანა ასე არასდროს მოეწყობოდა. ახლა კი გადაიფრინონ ჰოლანდიელებმა საქართველოს ცაზე და ნახონ, ბევრად უფრო ნაკლები რესურსით როგორ მოვაწყეთ აქაურობა. 

აქ ძალზე შემოქმედი ხალხი ცხოვრობს. ნახეთ, როგორ ვითარდება ფოთი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ფოთში არსებული ამა თუ იმ პრობლემის შესახებ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, აქ, დღეს, დასასაქმებელი ხალხის დეფიციტია. უმუშევრობა, ნაწილობრივ, ისევ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ბიზნესმენი ვერ პოულობს დასასაქმებელ ხალხს - ახალი ხალხია საჭირო.

შენდება ფოთის აეროპორტი, რომელიც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებით კავკასიის ნებისმიერ აეროპორტზე უფრო თანამედროვე იქნება.

მოკლედ, ძალიან დიდი პროცესები მიმდინარეობს.

ყველა რაიონული ცენტრი ლამაზდება. მალე შეუდარებელი გახდება ზუგდიდი, რადგანაც იქ ძალიან დიდი სამუშაოები სრულდება.

ანაკლიასთან ერთად, მის გაგრძელებაზე ვიწყებთ ლაზიკას მშენებლობას. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ამბობენ: ტვინი წაიღო თავის ტრაბახითო. თუკი არ სჯერათ, თავიანთი ნებაა, მაგრამ შედეგებს მალე ნახავენ - ამ დღეებში იქ შევდივართ ტექნიკით და დაჭაობებული ადგილების დაშრობას ვიწყებთ.

გეგმები უკვე გაწერილი გვაქვს. პარალელურად, არქიტექტორები მუშაობენ, მათ შორის,  მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები.

ლაზიკა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის. შეუძლებელია ასეთი ნიჭიერი, შრომისმოყვარე, განათლებული ხალხის პირობებში ვერ განავითარო შენი სავაჭრო გზები, სხვა კომუნიკაციები და არ გქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პორტი.

შავი ზღვისპირეთში რამდენიმე ათეული კილომეტრი გამოუყენებული გვაქვს. ის უნდა გამოვიყენოთ და ავამუშავოთ სამეგრელოს თითოეული ოჯახისა და ე.ი. დანარჩენი საქართველოს საკეთილდღეოდ. ამას ჩვენ თქვენთან ერთად გავაკეთებთ. ასეთია ჩვენი გეგმები.

ეს არის ჩვენი ამბიცია.

 მტერს ყველაზე მეტად ჩვენ აღმშენებლობა არ სიამოვნებს, რადგან მას ჩვენი ტერიტორიების ძალიან ძვირფასი ნაწილი აქვს დაკავებული, თუმცა კი - დროებით.

ისინი ჩვენთან მთავარ, იდეოლოგიურ ბრძოლაში მარცხდებიან. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ ვაშენებთ ქალაქებს, რომლებაც ისინი ვერ აშენებენ.

ჩვენ არ გვაქვს მათი სამხედრო ძალის მეათასედიც კი, მაგრამ გვაქვს იდეების, განათლების, კულტურისა და ცივილიზაციის ძალა. სხვა თუ არაფერი, კოლხეთის შთამომავლები ვართ.

დღეს გავხსენი სკოლა და შეუძლებელია, რომ იმ ადგილზე, სადაც ასეთი კულტურაა ხელახლა არ აღმოცენდეს ცივილიზაცია და მას ჩვენს ეპოქაში ვქმნით.

ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, არც ერთ ეპოქაში მე-12 საუკუნის შემდეგ, საქართველოში არ აშენებულა იმდენი, რამდენიც ჩვენს ეპოქაში - ერთ ცალკე აღებულ ეპოქაში შენდება.

დღეს აქ შეკრებილი ვართ ისეთი ხალხი, ჩვენი საზოგადოების თითოეული ის წევრი, ვისაც მუშაობა უნდა და თავის ქვეყნის მომავალის სჯერა. ჩვენ ვქმნით ახალ სიდიადეს, ახალ სილამაზეს, რომლითაც ჩვენი შვილთაშვილები იამაყებენ, რომელსაც შენატრის ხალხი ჩვენი სამეზობლოდან და შუააზიდან, რუსეთის განათლებული და ინფორმირებული ნაწილი, უკრაინელები, მოლდაველები...

საქართველომ ყველფერს იმის გამო მიაღწია, იმიტომ შენდება ეს საავადმყოფოები და სკოლები, რომ საქართველოში არ არის კორუფცია. ეს არის პირველი ხელშემწყობი ფაქტორი.

მეორეა ის, რომ საქართველოში განვითარდა სადაზღვევო სისტემა, რომელიც ამ საავადმყოფოებს ხალხისთვის ხსნის.

ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს საავადმყოფოების აშენების სტიმული.

მინდა ყველას გავახსენო რა ხდებოდა 90-იან წლებში.

უკვე ყველას დაგვავიწყდა ტერმინი „ჰუმანიტარული დახმარება“. 90-იან წლებში კი ეს ყველაზე პოპულარული ტერმინი იყო  მთელ საქართველოში. ჰუმანიტარული დახმარებით შემოდიოდა თუნდაც სამედიცინო აპარატურა, თუმცა ისეთი, რომელიც მათთან უკვე ამოღებული იყო სისტემიდან - ფაქტორბრივად, ანტიკვარი. ამისთვის მაინც ძალიან ბევრი მადლობა უნდა გვეთქვა.

ახლა ეკონომიკა ქმნის ყოველივე ამას, ახლა საქართველოში ბევრი ისეთი რამ კეთდება, რის გაკეთებასაც სხვა ქვეყნებში ვერ ახერხებენ. ე.ი წავედით წინ; ე.ი ვერავინ ვერასდროს ვერ  დაგვაბრუნებს წარსულში.

ჩვენ გვიყალიბებდნენ ფსიქოლოგიას, რომ შრომას და ხელის განძრევას აზრი არ აქვს, მთავარია,  ხელი სამათხოვროდ გააწვდინო, ვინმეს წყალობის იმედად.

დღეს ჩვენი ბავშვები სულ სხვაგვარად იზრდებიან, იზრდებიან ისე, როგორც ჩვენმა ბებიებმა და ბაბუებმა გაგვზარდეს - საკუთარი შრომით, საკუთარი ნიჭით, გამბედაობითა და გამძლეობით მოიპოვონ ყველაფერი ცხოვრებაში.

ჩვენ ვქმნით საზოგადოებას, რომელიც ეფუძნება პრინციპს - ის, ვინც მეტს იშრომებს და უფრო ნიჭიერია, უფრო მეტს მიაღწევს, შორს წავა და გამოადგება თავის თავსაც და საკუთარ ქვეყანასაც.

აი, ეს არის ის, რაც ყველამ ერთად უნდა შევქმნათ.

მინდა ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)