Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.01.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გორის მოსახლეობას მიმართა

მოგესალმებით ყველას!

მივესალმები ამ საავამყოფოს გახსნას, რადგანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იმისა, რომ გორში გვქონდეს მაღალხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვა.

მოგეხსენებათ მეორე საავადმყოფო, რომელიც აქ არის, გადაკეთდება და გაუმჯობესდება.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროექტები გორთან დაკავშირებით - გორის ცენტრის გალამაზება და მისი პრაქტიკულად ახლიდან აშენება; გორის საქართველოს ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად გადაქცევა; გორიჯვრის გზის მშენებლობა - ეს ჩვენი დიდი ხნის ოცნება და თქვენი მოთხოვნაა; ასევე გორის სტადიონის აღდგენა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება.

თქვენ უკვე ნახეთ, რომ გორის გუნდმა წამოყო თავი და დაიწყო ემბლემის გაკეთება და იქნებ გოლების გატანაც ისწავლოს და ისწავლის კარგ სტადიონზე აუცილებლად, დარწმუნებული ვარ.

ამას გარდა, ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის ძალიან სერიოზული პროგრამები.

ჩვენი ამოცანაა, რომ გორის გარშემო არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რათა ხალხი გამოკვებილი იყოს და მას არსებობის საშუალება ჰქონდეს.

რა თქმა უნდა, ყველას ყველაფერს ვერ მოაწონებ - არის ხალხი, რომელსაც არ აქვს უნარი, რამე მოეწონოს, თუნდაც გორის ცენტრის რეაბილიტაციაზე საუბრისას. თუმცა ასეთი უმცირესობაა.

არის ხალხი, რომელსაც არაფერი არ მოსწონს, საკუთარი გაკეთებულის გარდა. ასეთებს მხოლოდ კარიერა აინტერესებს, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, მაგრამ ხალხის უმეტესობისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ზოგს ფასადის ფერი არ მოსწონს, ზოგს კი - მასალა. ისეთებიც გვხვდება, რომლებსაც ჩვენი მოწყობილი ღონისძიებები არ მოსწონს.

საახალწლოდ საქართველოს ყველა ქალაქში რაღაც გაკეთდა. ბევრს ეს არ მოეწონა, მაგრამ მსგავსი ღონისძიებები, რეალურად, ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ქვეყანაში 120 ათასი ტურისტი ჩამოდიოდა. შარშანწინ საქართველოში 2 მილიონი სტუმარი გვყავდა; შარშან ეს მაჩვენებელი თითქმის 3 მილიონამდე გაიზარდა, წელს 4 მილიონ ტურისტს ველოდებით...

ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ფული, რომელსაც ადრე იპარავდნენ, ჩვენ ხალხს დავუბრუნეთ. ეს ფული მათ აშენებული ქალაქების, გაკეთებული გზების, გამოსწორებული ინფრასტრუქტურის სახით დავუბრუნეთ. ყველაფერი ის გაკეთდა, რაც სტუმრებს იზიდავს.

რაც უფრო მეტი სტუმარი ჩამოვა ქვეყანაში, მით მეტ ფულს დახარჯავს, ხოლო რაც მეტ ფულს დახარჯავს, მით მეტი შემოსავალი ექნება ხალხს. გაიხსნება უფრო მეტი სასტუმრო, კაფე, პატარა რესტორანი და ა.შ.

გაზრდილი შემოსავალი ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საკუთარ შვილებს უფრო მეტი ასწავლონ, ჯანდაცვა უზრუნველყოფილი ჰქონდეთ და ყოველ მხრივ გაიუმჯობესონ პირობები.

როდესაც ჯანდაცვაზე ვლაპარაკობთ, ხშირად ახსენებენ, რომ საავადმყოფოები კერძო  ინვესტიციებითაა აშენებული. ჯერ ერთი, კერძო ინვესტორი ამაში ფულს დებს მხოლოდ იმის გამო, რომ ხალხი იქ ივლის.  

ეს ასეც იქნება, სხვაგვარად აზრი არ აქვს.

ახლა ყველა ჩვენს პენსიონერს აქვს დაზღვევა და ეს პაკეტი ძალიან ბევრ მომსახურებას ფარავს.

ასევე, საქართველოში დღეს დაზღვევა აქვს სოციალურად დაუცველებს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, მასწავლებებლებს.

გუშინ ვნახე პედაგოგი, რომელმაც დაზღვევის წყალობით, სრულიად უფასოდ გაიკეთა რამდენიმე ათეულ ათას ლარად ღირებული ოპერაცია. ყველა პედაგოგს აქვს დაზღვევა.

აქედან გამომდინარე, ის, რაც ადრე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მილიარდერებისთვის და წინა მთავრობის კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის, დღეს ხელმისაწვდომია თითქმის ყველასთვის - ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური  უმრავლესობისთვის. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, რომ თანამედროვე ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდეს თითოეული თქვენგანისთვის.

სწორედ ეს არის თანასწორობის იდეა.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის, ერთი და იგივე შესაძლებლობა აქვს. ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ.

2008 წელს მტერი გორში იყო შემოსული, ის ახლაც მომდგარია გორის კარს. რა თქმა უნდა, ძალიან გავწვალდით, მაგრამ შეხედეთ, ომიდან 4 წელიც არ გასულა და რამდენი რამ გაკეთდა აქ. შეადარეთ, როგორ არიან ისინი, რა ხდება მათ დედაქალაქში და როგორია მათი ეკონომიკური მდგომარეობა.

ნამდვილად მიკვირს, ამდენი ნავთი და გაზი აქვთ, მთელი მსოფლიო ინფრასტურქუტრა მათ წისქვილზე ასხამს წყალს - ძვირდება საწვავი და ამის მიუხედავად, ყოველი მეოთხე აპირებს იქიდან გაქცევას.

საქართველო კი დგება ფეხზე და დღეს, უკრაინაში, მოლდოვაში, შუააზიაში, კავკასიის ქვეყნებში ხალხი ოცნებობს არა რუსეთზე და რუსულ მოდელზე, არამედ იმაზე, რაც ხდება საქართველოში.

ჩვენ დამპყრობელ ქვეყანაში ის ხალხი, ვინც საქართველოსათვის იბრძვის და საქართველოს მისაბაძად მიიჩნევს, მტრად ჰყავთ გამოცხადებული.

მათთვის, ვინც გორის ქუჩებში დააბიჯებდა, იმაზე მეტი დამცირება არაფერი არ შეიძლება იყოს, რომ ჩვენ მძლავრად ვვითარდებით.

მათ გამოწვევაზე ჩვენი პასუხი არის გორის აღორძინება და საუკეთესო ქალაქად გადაქცევაა.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც გორის მიწისძვრამ დაანგრია.

ამ მიწისძვრამ მთელი უბანი მოსპო, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად უნდა გაკეთდეს ყველაფერი.

ადამიანის ინსტიქტია, რომ ყველაფერი ცუდი დაივიწყოს. მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, ჩემი მეხსიერებიდან გაქრა. ახლა ვიღაცამ ყველა ერთად შეკრიბა. ეს ადამიანები გაბოროტდნენ კიდეც, რადგან ამდენი წელია უყურებენ, რომ ქვეყნის საქმე წინ მიდის, ხოლო მათი საქმე სულ უკან და უკან იწევს.

ეგ ხალხი რამდენიმე წლის წინათ ქართველმა ერმა მოიშორა თავიდან და უკან ვეღარ  დაბრუნდებიან.

საქართველო წინ მიდის და ვიდრე თავისუფლების პირობებში ნელ-ნელა, ეტაპობრივად ვაშენებთ, ვაკეთებთ და ვქმნით, ჩვენს წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს.  

მე ყველაზე კარგად ვიცი, რომ ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა ქვეყანაში, მაგრამ ლანგარზე არავინ არაფერს არ მოგვართმევს და ჩვენ ნაცვლად არავინ არაფერს არ გააკეთებს.

ნამდვილად არ მსიამოვნებს, რომ კიდევ 150 სასადილოა, სადაც სოციალურად დაუცველი ხალხი სადილობს, მაგრამ ადრე ერთიც არ იყო.

განა ჩვენ არ ვიცით, რომ 100, თუნდაც 140 ლარი პენსია საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ოჯახმა გამართულად იცხოვროს, მაგრამ შვიდი ლარი რომ იყო და იმასაც გვამადლიდნენ?!

ახლა მას, ვინც ის შვიდი ლარიც ჯიბეში ჩაიდო, ხელისუფლებაში სურს დაბრუნება...

აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება ძალიან მარტივია - საქართველო ან გააგრძელებს წინსვლას, ან ყველაფერი შეიძლება გაფუჭდეს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს უკვე შეუძლებელია, რადგან ხალხს ლაგამს ვერ ამოსდებ და თავს ძალით უკან ვერ მიატრიალებინებ წარსულისკენ.

ჩვენი უახლოესი წარსული მეტად უსიამოვნო იყო. ხალხს, რომელიც იმ პერიდში ქვეყანას განაგებდა, ქვეყნის სათავეში აღარაფერი ესაქმება და ჩვენს მომავალში მათ ხელები არ უნდა აფათურონ.

ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი აღმშენებლობის პროცესი და თავისუფლების კურსი შეუქცევადია.

ჩვენ ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებამდე.

იმპერია აუცილებლად აემხობა. მისი დაცემა გარდაუვალია.

ჩვენ ახლა ისეთივე ეტაპზე ვართ, როგორზეც დავით აღმაშენებელი იყო. მას 32 წელი დასჭირდა თბილისის დასაბრუნებლად. მაშინდელ თბილისს დღესდღეობით ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს.

მინდა გვახსოვდეს, რომ სანამ დავით აღმაშენებელმა საქართველოს დედაქალაქი დაიბრუნა, მან ჯერ ძალიან ბევრი რეფორმა გაატარა,  ააშენა ბევრი რამ იქ, სადაც ტერიტორიებს ქართული მხარე აკონტროლებდა.   

დავითისა და თამარის ეპოქის შემდეგ, ერთად აღებულ არც ერთ პერიოდში არ აშენებულა იმდენი, რამდენიც აშენდა ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებით ომის შემდეგ.

მე არ ვიცი ჩვენი რეგიონის არც ერთი ქვეყანა, სადაც შენება ასეთი ტემპით მიმდინარეობს.

თუმცა ჩვენ სხვა ქვეყნებს არ უნდა შევედაროთ. ჩვენ უნდა შევედაროთ საკუთარ ისტორიას.

ჩვენ მართლაც აღმშენებლობის ეპოქაში ვცხოვრობთ და ეს ეპოქა მმართველის შექმნილი არ არის. პირველი სწორედ მე ვიტყვი, რომ ეს ასე არ არის.

ამას, ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ, იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის პირობებში ხალხმა ისწავლა მუშაობა და მოსახლეობამ იგრძნო, რომ ეს მათი ქვეყანაა და არა შევარდნაძის ბიძაშვილებისა და მამიდაშვილების.

მაშინ ჩვენ ფორმალური თავისუფლება გვქონდა და მათ ჰქონდათ აქაურობა პრივატიზირებული.

ეს არის თითოეული ჩვენგანის ქვეყანა.

დღეს ჩვენს ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ქრთამის გარეშე იღებენ. ზოგიერთები ამით უკმაყოფილოც კი არიან. ალბათ გახსოვთ რა ღირდა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება, რა ღირდა სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრა. რა ღირდა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში მოხვედრა.  ეს ყველას გვაქვს გამოცდილი... მთელ რიგ შემთხვევებში, ზოგიერთებს ჩაბარების გარეშე შეეძლოთ დიპლომის აღება.

ამიტომ განვიცდით დღეს, მაგალითად, აგრონომების ნაკლებობას; ამიტომ გვიჭირს სპეციალისტები ბევრ სხვა სფეროში.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ხალხს არ ჰქონდა თავისუფლების განცდა.

დღეს ბრუნდება მთავარი რამ - სამართლიანობის განცდა.

მართალია, ბოლომდე კმაყოფილი ჯერ არ ვართ ცხოვრებით, ჯერ არ ვართ ბედნიერები, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, მაგრამ დღეს არავინ გძარცვავთ, ხელიდან ფულს არავინ გგლეჯთ, არავინ გატერორებთ და არავინ არ გაშატნაჟებთ.

სამართლიანია, რომ ეს საავადმყოფოები შენდება.

სამართლიანია, რომ ჩვენს ბავშვებს პირველივე კლასიდან აქვთ კომპიუტერები და ითვისებენ უცხო ენებს, რადგანაც ეს მათთვის მომავალი წარმატების საგზურია.

სამართლიანია, რომ ჩვენი ქალაქები ლამაზდება. მრავალი საუკუნის განმავლობაში არაფერი კეთდებოდა და დიდი უსამართლობა იქნებოდა ამის ასე გაგრძელება.

სამართლიანია, რომ ხალხი მიჰყვება და სჯერა იმ პროგრამების, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის.

უსამართლობა იქნებოდა ყველაფერი, რაც არა ხალხის, არამედ ერთი მუჭა არამზადების ინტერესების შესაბამისობაში მოვიდოდა, იმ ადამიანების ინტერესების, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს ჩვენი ქვეყანა. ეს არის რეალობა.

90-იან წლებში ნორმალური მთავრობა რომ გვყოლოდა, ჩვენი პრობლემების 90 პროცენტს ჯერ კიდევ მაშინ ავიცილებდით თავიდან, როდესაც იმპერია ძალიან სუსტი იყო. ახლა ჩვენ ვძლიერდებით და ქართველი ხალხი ყველაფერს მიაღწევს. აი, ეს არის ჩვენი პროგრამა.

მე ხომ ძალიან ბევრი სტუმარი მყავს ხოლმე და უამრავი მათგანი გაოგნებულია ამ საავადმყოფოებით. ჰოლანდიის პარლამენტის წევრებმა გვითხრეს, რომ თქვენი გამოცდილების გასაზიარებლად, ჩვენს დელეგაციას გამოვგზავნითო.

გავიხსენოთ, 90-იან წლებში ყველაზე გავრცელებული ტერმინი იყო "ჰუმანიტარული დახმარება" - ეს ხომ დღეს დავიწყებული გვაქვს?

გამოგვიგზავნიდნენ თავიანთ ვადაგასულ ნემსებს, მესამე სამყაროდან შემოსულ არაეფექტიან წამლებს, მათი ბებიების დროინდელ რენტგენის აპარატებს, ჩვენ კი სანაცვლოდ  უამრავი მადლობა უნდა გადაგვეხადა. უნდა გვეთხოვა, რომ კიდევ რამეში დაგვხმარებოდნენ...

ყოველივე ეს დასრულდა, ჰუმნიტარული დახმარების სახით აქ არაფერი აღარ შემოდის. ეს კარგიცაა, რადგან დავრწმუნდით, რომ უფასო არაფერი არ არის კარგი, ყველაფერს თავის ფასი აქვს, მთავარია ისე გავიმართოთ წელში, რომ მისი გადახდა შეგვეძლოს. სწორედ ეს არის მთავარი.

დღესდღეობით, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ჩამოიშალა ჯანდაცვის სისტემა; აღმოსავლეთ ევროპაში ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანა ცდილობს 100 მილიონი დოლარი მოიპოვოს, რათა თავისი ჯანდაცვის სექტორი გადაარჩინოს. ეს ქვეყანა ჩვენზე რამდენჯერმე დიდია...

ჩვენს ჯანდაცვაში წლების განმავლობაში, საბოლოოდ, 2 მილიარდამდე ინვესტიცია იდება.  ეს იმიტომ ხდება, რომ აქ არავინ არ სძალავს ქრთამს ინვესტორს, აქ ყველაფერი ხალხისთვის კეთდება. ყველამ იცის, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხმა ამ საავადმყოფოებში იმკურნალოს. ხელისუფლება მხოლოდ საკუთრი ოჯახის წევრებზე რომ ზრუნავდეს ერთი პატარა კლინიკაც ეყოფოდა თბილისის ცენტრში ან ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში, სადაც მალე პარლამენტი გადავა.

სხვათა შორის, ლტოლვილთა სამინისტრო გორში გადმოდის და ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ ეს ქალაქი სულაც არ არის თბილისიდან შორს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)