Google+

გამოსვლები და განცხადებები

26.10.2011
მთავრობის სხდომაზე საქართველოს სტრატეგიული განვითარების 10-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა განიხილეს 

ბათუმში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი წარუძღვა. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სხდომას პარლამენტის წევრები და ქართული ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რადგან საქართველოს პირველი პირის თქმით, მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა მათი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

 „დღეს შევიკრიბეთ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების  მასაზრდოებლები, რადგან სწორედ თქვენ იხდით გადასახადებს. სამწუხაროა, რომ დღეს ცუდი ამინდია, მაგრამ ოქტომბრის დამლევისთვის, ვფიქრობ, ეს ნორმალურია. ისინი, ვინც დიდი ხანია ბათუმში არ ყოფილხართ, ალბათ, შეამჩნევდით ახალ მშენებლობებს. ბათუმი ახალი საქართველოს სიმბოლო და სახეა. მარტო ის რად ღირს, რომ საცხოვრებელი ფართები, დაახლოებით, მილიონ ორასი ათას კვადრატული მეტრზე შენდება. სწორი ეკონომიკური და ადმინისტრაციული ზომების შედეგად, აქ მშენებლობის ბუმია. ბათუმის მოსახლეობა დღეს 180 ათასია. პროპორციულად რომ გადავთვალოთ, ამ რაოდენობის სამშენებლო სამუშაოები 4 მილიონიან კიევში მიმდინარეობდა ორი წლის წინათ. სხვათა შორის მშენებლობათა უმეტესობა, რომელიც წარმოებს აქ არის წარმოებული ადგილობრივი ბათუმელი მშენებლების მიერ. სხვათა შორის, ამას წინათ, ლევან ვარშალომიძესთან ერთად ახალ კომპლექსში ვიყავი, რომლის თავზეც კარგად გაკეთებული და ლამაზად გაფორმებული მბრუნავი რესტორანია. თქვენ იცით, რომ ანბანის კოშკში, რომელიც სინამდვილეში ულამაზესი ანძაა, განთავსებულია ტელესტუდიები, რესტორნები, სხვადასხვა გასართობები და გარედან მას შემოვლებული აქვს  ქართული ანბანი.  თავდაპირველად ეს იყო სახელმწიფო პროექტი, რომელიც შემდგომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობაში გადაიზარდა. ვიდრე ჩვენ ამ პროექტის ხორცშესხმას დავიწყებდით, ბათუმელმა ბიზნესმენმა შარაშიძემ ააშენა. მან ულამაზესი დიზაინის 100-მეტრიანი შენობა, თუ არ ვცდები, სულ რაღაც 1 წელიწადში ააშენა. თანაც აღნიშნა: ტრაბზონის იქით უცხოეთში არასოდეს არ ვყოფილვარო. მან ერთი სახლით დაიწყო, შემდეგ მეორე სახლი ააშენა „მიქსის“ სახლით ცნობილი, შერატონის წინ რომ არის...

საქართველოს ყველგან აქვს პოტენციალი. ვინაიდან აქ ძირითადად თბილისელი ბიზნესმენები ხართ წარმოდგენილი, სულაც არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მხოლოდ თბილისის ბიზნესზე ვამახვილებთ ყურადღებას. ძალზე საინტერესოდ განვითარდა ადგილობრივი ბიზნეს-პოტენციალი, რომელიც მართლაც ეფექტიანად და კარგად მუშაობს.სხვათა შორის, ახლა იგივე ხდება კახეთშიც, სადაც მომავალ წელს ძალიან დიდი გეგმები გვაქვს განსახორციელებელი. იმის გამო, რომ აღმშენებლობა ბათუმით დავიწყეთ, ვთქვი, რომ ახალი საქართველოს სიმბოლო არის ბათუმი, თორემ ქუთაისიც დაეწევა ბათუმს და მას არც კახეთი ჩამორჩება. აქ შეიქმნა სტანდარტი, რომლითაც იგივე გაკეთდება დანარჩენ საქართველოშიც. მართლაც გასახარია, რომ ადამიანს უქმნი რაღაცის კეთების შესაძლებლობას, ის კი იჩენს ინდუსტრიულ და სამეწარმეო უნარს. თავისუფლების პირობებში საქართველოში გაიზარდა ახალი პლეადა ძალიან მოქნილი და ეფექტიანი ბიზენსთანამეგობრობით. დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა და მსურს, რომ ღია, გახსნილი დისკუსია გავმართოთ, რომელშიც ყველა თქვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მთავრობის სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოს მოდერნიზაციის საკითხს, ეკონომიკური ზრდის ტემპებსა და დასაქმების პრობლემას. ამ საკითხების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს ვრცელი ანგარიში წარუდგინა.

ნიკა გილაურმა, უწინარესად, 2011 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე გაამახვილა  ყურადღება და შემდეგ მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა განპირობებული ეკონომიკური მაჩვენებლის 6 პროცენტამდე ზრდით, რაც საშუალებას იძლევა ბიუჯეტი ამ მაჩვენებლის მიხედვით დაიგეგმოს. ამ ხედვას სავალუტო ფონდის წარმომადგენლებიც იზიარებენ, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი გუშინ შეხვდა. ნიკა გილაურს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის ფაქტი, რომ წელს სწორედ სავალუტო ფონდმა და საერთაშორისო ეკონომიკებმა შეამცირეს 20 ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.     

„რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც 2011 წელს ვზრდით ეკონომიკურ პროგნოზს და 6 პროცენტზე აგვყავს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ ეკონომიკური აქტივობა უფრო მეტია, რაც თავისთავად გამოიწვევს დასაქმების ზრდას. ამას გარდა, ეს დამატებითი რეკლამაა უცხოელი  ინვესტორებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებს ეძებენ. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში ყველგან სტაგნაციაა, ჩვენი მაკროეკონომიკის სტაბილური მაჩვენებლის გამო, უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ახალი ინვესტორების მოზიდვა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მეორე, რაზეც პრემიერმინისტრმა ილაპარაკა იყო საქართველოს სტრატეგიული განვითარების 10 პუნქტიანი გეგმა. მისი თქმით, ეს არის „ცოცხალი“ დოკუმენტი, რომელიც 6 თვეში ერთხელ განახლდება, დაიდება ინტერნეტ გვერდზე და, შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საკუთარი აზრისა და შენიშვნის გამოთქმის შესაძლებლობა. როგორც მან აღნიშნა, ეს გეგმა რეალურად არის სტრატეგია და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკა შემდეგი 5 წლის განმავლობაში. კონკრეტული ციფრებით გაწერილი გეგმა ასახავს კონკრეტულ მიზნებს, სხვადასხვა სფეროებში მისაღებ შედეგებს სამუშაო ადგილების შექმნისთვის. უმუშევრობის შემცირება მთავრობის მთავარი ამოცანაა. ამ დოკუმენტის შექმნის მთავარი მიზეზიც, ნიკა გილაურის განცხადებით, სწორედ ეს გახდა.

პრემიერ-მინისტრი ამ გეგმის დეტალებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ უპირველესი საკითხი არის მაკროსტაბილურობა, რაც ამჟამად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მსოფლიო ეკონომიკაში.

“დღესდღეობით, სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი სწორედ მაკროეკონომიკური პარამეტრებია, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ქვეყანაა. ჩვენი ვალი საკმაოდ დაბალია და მიზნად ვისახავთ ამ ვალების კიდევ უფრო შემცირებას. ჯამური ვალი შეადგენს 41პროცენტს და კლების ტენდეცია გვაქვს.  ჩვენი მიზანია, რომ სწორედ 10 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, ვალის წნეხი კიდევ უფრო შემცირდეს“, - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე განაცხადა, 2003 წელს საქართველოს უფრო მეტი ვალი ჰქონდა, ვიდრე დღეს. მისი თქმით, 2003 წლის შემდეგ აღებული ვალი ეფექტიანად დაიხარჯა და ქვეყნის განვითარებას მოხმარდა. წინა მთავრობის პირობებში კი, აღებულ ვალს ხელისუფლების წარმომადგენლები უცხოეთში სხვადასხვა კორუფციული ტრანზაქცებისთვის  იყენებდნენ ან სახლში მიჰქონდათ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ, რეალურად, ვალად აღებული ფული ერთიან ეროვნულ პროდუქტს უნდა ზრდიდეს, ვალის რაოდენობა უნდა მცირდებოდეს, რათ მომავალ თაობებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ 10-პუნქტიან გეგმაში სწორედ ეს არის გაწერილი.

ნიკა გილაურმა ამ გეგმის მეორე მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, რომლის თანახმად, საქართველო ე.წ ჰაბად, რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა გარკვეულწილად, უკვე ჩამოყალიბდა ტურისტულ ცენტრად.  

„მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით, წელს 41 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, გასულ წელს კი 40 პროცენტიანი ზრდა გვქონდა. სახელმწიფო აქტიურად  მუშაობს ამ მიმართულებით, რისი ნათელი მაგალითიცაა თუნდაც ბათუმის, ანაკლიის, მესტიის პროექტები. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ტურისტი, ყოველი ვიზიტორი ქვეყანაში, საშუალოდ, 250 დოლარს ხარჯავს და ეს თანხა საზოგადოებაზე ნაწილდება.  საქართველო უკვე ჩამოყალიბდა ლოჯისტიკურ და საინვესტიციო ცენტრად. კომპანიები ჩამოდიან საქართველოში, აქ აკეთებენ ბაზას და შემდეგ ვაჭრობენ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, და მიმდებარე სხვა ქვეყნებთან. ამის კარგი მაგალითია საავტომობილო ბიზნესი. მართალია, საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს, მაგრამ ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სწორედ ავტომობილებია. ძალიან ბევრი მწარმოებელი და დილერი ირჩევს საქართველოს, რათა პროდუქცია აქ შემოიტანოს და შემდეგ საქართველოდან გაყიდოს მეზობელ ქვეყნებში. ჩვენი მონაცემებით, პირდაპირ და ირიბად მარტო ამ ბიზნესით 8 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული. ჩვენი ქვეყნის ე.წ. ჰაბად  ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია ასევე ინდუსტრიული ზონების განვითარების თვალსაზრისითაც. ჩვენ უკვე გვაქვს ქუთაისისა და ფოთის ინდუსტრიული ზონები, რომლებშიც, ჩვენი ვარაუდით, მხოლოდ მომავალ წელს 1500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

10 პუნქტიანი გეგმის მესამე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის თაობაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, იყო ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს, მხოლოდ მშენებლობაზე ათობით ათასი ადამიანი საქმდება, ხოლო მშენებელობის შემდეგ, როდესაც ახალი კომპანიები და ინვესტორები შემოდიან, ბევრად უფრო მეტი სამუშაო ადგილი იქმნება. გილაურმა აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურაში ყოველ წელს 30 ათასი ადამიანი დასაქმდება; უახლოესი პერიოდის განმავლობაში ენერგეტიკაში - იმ კონკრეტული ჰესების მშენებლობაზე, რომელთა კონტრაქტებზეც უკვე მოწერილია ხელი და მშენებლობაც დაწყებულია, მინიმუმ, 13-15 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკვე 10 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს;  მაქსიმუმ 11 ჰესის მშენებლობა კი მომავალ წელს დაიწყება. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის, ბათუმი-თბილისის მოდერნიზაციისა და თბილისის შემოვლითი გზის პროექტები, დაახლოებით,  8 ათას ახალი სამუშაო ადგილს შექმნის. ამ პროექტებიდან გამომდინარე, ელექტროენერგია, გაზი, საგზაო ინფრასტრუქტურა, საჰაერო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, საბოლოოდ, ახალ, მოდერნიზებულ ლოჯისტიკურ ცენტრს ქმნის.

„ჩვენი მიზანია ახლავე დავიწყოთ მზადება იმისათვის, რომ 3-5 წელიწადში, როდესაც ეს პროექტები დასრულდება და საქართველოს ექნება ისეთი რაოდენობის ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და მათი გამტარუნარიანობა, რომ ქვეყანა  ჩამოყალიბდეს მულტიმოდალურ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კვანძად, ჩვენი ქვეყანა მოემსახუროს არა მარტო საკუთრ თავს, არამედ მთელ რეგიონს - კავკასიას, შუა აზიას, რომელთათვისაც საქართველო, გარკვეულწილად, კარიბჭეს წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.

10 პუნქტიანი გეგმის შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც პრემიერი შეეხო, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხი იყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მან რამდენიმე მიმართულება გამოყო, რომელთაგან უპირველესი შესანახი მეურნეობებია. კერძო სექტორმა, რომელსაც სახელმწიფომ გადასცა მიწა, უკვე ააშენა 5 შესანახი მეურნეობა, რომელიც ოცდათხუთმეტ ათას ტონაზეა გათვლილი. ამას დაემატება საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონალური ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც ბევრად დიდი იქნება და წელიწადში სრულად 200 ათასი ტონის შენახვის შესაძლებლობას შექმნის. ნიკა გილაურის თქმით, ეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების, დაფასოებისა და ექსპორტის გაზრდის საშუალებას მოგვცემს.

სოფლის მეურნეობის განვითარების მეორე და ასევე მთავარი საკითხი ქართული ღვინის ექსპორტს შეეხება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ, ამ მხრივ, საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია - ღვინის ექსპორტმა წელს უკვე 18 მილიონამდე ბოთლი შეადგინა, შარშან ეს მაჩვენებელი 14 მილიონამდე იყო. მთავრობის მიზანი ყოველწლიურად 27-30 მილიონი ბოთლის გაყიდვაა. ახალი ბაზრების მოძიებასა და ათვისებასთან ერთად, ესეც 10 პუნქტიანი გეგმის ნაწილია.

ამ პროგრამის ბოლო ნაწილი, რომელზეც ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე გაამახვილა ყურადღება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების განვითრების თემა იყო. მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე ბევრი რამ გაკეთდა, კერძოდ, მეთორმეტე კლასელთა გამოცდების, პედაგოგთა სერთიფიცირებისა და სერთიფიცირებულ მასწავლებელთა წახალისების მხრივ. მან ყურადღება დაუთმო მნიშვნელოვან პროექტს, რომლის განხორციელებაზე მილენიუმის კორპორაციასთან მუშაობა დაწყებულია და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ჯანდაცვის განვითრების პროგრამას, რომლის ფარგლებში 150 ახალი საავადმყოფო შენდება, მოხდება ექიმების გადამზადებაც.

ნიკა გილაურმა დასძინა, რომ მომავალი კვირიდან დაიწყება შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა პროფესიისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა მთავრობამ გაითვალისწინოს მათი იდეები, წინადადებები და შენიშვნები.  

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ბიზნესისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მოსაზრებები მოისმინა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ჩვენ გადავხედეთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს სხვადასხვა წლების მიხედვით. თავდაპირველად, ეს მაჩვენებელი 4,5-5 პროცენტი იყო, ახლა კი ის, მინიმუმ, 6 პროცენტია. ვვარაუდობ, რომ ნორმალური განვითარების პირობებში, შესაძლოა, ეს ციფრი შვიდსაც გაუტოლდეს (საშულოდ, 6-სა და 7 პროცენტს შორის მაინც იქნება). რუსეთში, რომელსაც ნავთობი და ბუნებრივი გაზი აქვს, ეს მაჩვენელი ერთი თუ ორი პროცენტია; წინა წლებში კატასტროფული ეკონომიკური ვარდნის გამო, იგივე მდგომარეობაა უკრაინაშიც. ამის მიუხედავად, ამ ქვეყნებში ეკონომიკური მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენთან. ზრდის პროგნოზი  თურქეთშიც 10-დან 5 პროცენტამდე დაიწია. ეს ნამდვილად არ მახარებს, რადგან ამ ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორობა გვაქვს. ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ თვალსაზრისით, საქართველო გამონაკლისს წარმოადგენს, რაც იმ პროექტების დამსახურებაა, რომელთა განხორციელებაც წინა წლებში დავიწყეთ. ეს ერთი.

მეორე საკითხია ის, თუ რა მოხდება მომავალ წელს. თუკი მომავალ წელს მსოფლიო ეკონომიკაში თუნდაც მცირე პოზიტიური განვითარების ტრენდი ჩამოყალიბდება, ჩვენ რეალური შანსი გვაქვს, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი დაბრუნდეს და 10 პროცენტს მივაღწიოთ. ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის შესაძლებელი, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს - ჰესების მშენებლობა და ის ინვესტიციები, რომლებიც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში იდება; საკმაოდ მაღალი მაჩვენებლი გვექნება ტურიზმის სფეროშიც - მომავალ წელს, დაახლოებით, 4 მილიონამდე ტურისტს ველოდებით.

დღესდღეობით, ჩვენი ეკონომიკა დაუბალანსებელია და წლების მიხედვით, სავაჭრო დეფიციტი ორსა და სამ მილიარდს შორის  მერყეობს. წინა წლებში მისი გარკვეული ნაწილი, გარკვეულწილად, რემიტენციის ხარჯზე ბალანსდებოდა, ანუ უცხოეთში წასული ქართველების მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხით. მეორე დამაბალანსებელი ფაქტორი ინვესტიციები და სესხები იყო. ტურიზმის განვითარებამ ერთიანად შეძლო დაბალანსება, მაგრამ მთავარია ისეთი წარმოების შექმნა, რომელიც ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.  ეს არის მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის. ჩვენ უნდა ავამაღლოთ პროდუქტიულობა, დამატებითი ღირებულების კოეფიციენტი. თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ აღარც უცხოეთიდან გამოგზავნილი ფული დაგვჭირდება და საქართველოს ეკონომიკაც დაბალანსდება. სწორედ ეს არის 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის ერთ-ერთი მთავარი საკითხი - შევქმნათ პროდუქტიულობის ისეთი დონე, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ დეფიციტის ჩანაცვლებას წარმოების ხარჯზე. იმ პირობებში, როდესაც ამდენად დაბალი გვაქვს წარმადობა სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში, ეს სავსებით რეალურია. 

ბევრი საინტერესო რამ გაკეთდა თავდაცვის მხრივ - განვითარდა მაღალი ტექნოლოგიები, ცოტა ხნის წინათ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი ლაბორატორიებიც ჩამოყალიბდა. ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ გარკვეული დონის ტექნოლოგიების შექმნა შეგვძლებია. ახლა მთავარია, რომ ტექნიკური უნივერიტეტების და ტექნიკური სკოლების შექმნა ამის  კეთების სტიმული გახდეს.

ერთია, ზოგადად ზრდის ციფრები და რაც ჩვენ შევქმენით (რამდენიმე პროცედურა ჩვენთან ყველაზე სწრაფად ხდება, ვიდრე სადმე სხვაგან მსოფლიოში) და მეორე, თუ რა სოციალური ეფექტი მოჰყვა ამას. აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტ საბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც პოზიტიული მიგრაციის ბალანსი აქვს, სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს უნიკალურობა - საქართველოში უფრო მეტი ბრუნდება, ვიდრე მიდის. ასეთი ბალანსი არ აქვს არც პოლონეთს, არც ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სლოვაკეთს, უკრაინას ან  რუსეთს. სხვათა შორის, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობის 24 პროცენტს ქვეყნის დატოვება  სურს. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ახალგაზრდობას ქვეყნიდან წასვლა აღარ უნდა, რადგან მათ  კარგი განათლების მიღების, დასაქმების, კარიერული წინსვლის პოტენციალი საქართველოშივე გაეხსნათ. ჩვენ მერიტოკრატიულ სახელმწიფოს ვქმნით, სადაც ადამიანებს თავიანთი ნიჭისა და უნარის მიხედვით ეძლევათ ცხოვრებაში წინსვლის საშუალება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ხელს აძლევს ახალგაზრდობას.

ჩვენი ყველაზე დიდი ჩავარდნა 80-იანი წლების ბოლოს  დაიწყო და 90-იანებში ყველაზე ცუდ მდგომარეობამდე მივიდა. დაკარგულ თაობაზე საუბრისას, ვგულისხმობ არა იმას, რომ ეს თაობა აღარ არსებობს, არამედ იმას, რომ მათ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის შანსი დაკარგეს. ეს მათი ბრალი არ იყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ სახელმწიფოს სოციალური და განათლების  სტრუქტურა პრაქტიკულად ჩამოიშალა, დანაშაულის დონე მაღალი იყო. ეს ადამიანები ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეები, მეგობრები და ახლობლები არიან, მაგრამ მათ ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ. ჩვენ სახელმწიფო აპარატის რადიკალური რეფორმირება მოვახდინეთ, რამაც ყველაზე დიდი გავლენა სწორედ გარკვეული ასაკის ადამიანებზე მოახდინა. მე არ ვლაპარაკობ ღიპიან „გაიშნიკებზე“, რომლებიც მოსახვევებში იყვნენ ჩასაფრებული - ისინი იმსახურებდნენ სამსახურიდან გათავისუფლებას. მე ჩვეულებრივ, პატიოსან ადამიანებზე ვსაუბრობ, რომლებიც დილით სამსახურში მიდიოდნენ, 30 წლამდე სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ და, ალბათ, არც არაფერს იპარავდნენ. კუპონების პერიოდიდან მოყოლებული, ბოლოს საერთოდაც უხელფასოდ მუშაობდნენ, რადგან ეს მათი სოციალური ფუნქცია იყო. დიდი ტრაგედიაა, რომ ამ ხალხის უმეტესობა სამსახურის გარეშე დარჩა. ამიტომ, მათი დასაქმება ჩვენი სოციალური გამოწვევაა.

მაქვს წინადადება, რომელიც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. თუ ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი თვენგანი სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, გარკვეულ ფარგლებში გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან. ჩვენ უამრავი განათლებული ადამიანი გვყავს და მათ უბრალოდ არ გაუმართლა. ბიზნესისთვის პირველი მასტიმულირებელი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება - საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება. იმისათვის, რომ კერძო სექტორში ასეთი ხალხის დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდოს, ჩვენ კიდევ მოვიფიქრებთ მასტიმულირებელ პაკეტს, თუ როგორ შეგიწყოთ საამისოდ ხელი. პარალელურად, თქვენთვის სტიმულის მომცემი იქნება ისიც, რომ ჩვენ ამ ხალხის გადამზადებაში მოგეხმარებით, რათა თითოეული მათგანი შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

განათლების სამინისტროში უკვე შექმნილია მეთოდოლოგია მუდმივი განათლების სისტემასთან დაკავშირებით. ეს ისეთივე მეთოდოლოგიაა, როგორიც სამხრეთ კორეამ შექმნა. ამ სისტემის მიხედვით, ყველა ასაკის ადამიანი მუდმივად იღებს განათლებას და ყოველთვის აკმაყოფილებს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან არც ერთი ადამიანის ნიჭი და უნარი საქართველოში გამოუყენებელი არ უნდა დარჩეს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ სოციალური ოპტიმიზმის მაღალი დონე, რომელიც ჩატარებული გამოკითხვების თანახმად საქართველოში ნამდვილად არის, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. აქ ხალხს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა, ამ მხრივ, განსხვავება შეინიშნება ასაკობრივ კატეგორიებში და ეს ძალიან მადარდებს.

სხვათა შორის,  როცა  სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ ჩვენ მიერ განხორციელებული სიმინდის პროგრამა, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან კარგი პროგრამაა და უმეტეს შემთვევაში გაამართლა კიდეც. ცოტა ხნის წინათ, მონაცემებს ვეცნობოდი, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ კახეთში სიმინდის პროგრამას 90-პროცენტიანი წარმატება მოჰყვა.

თუმცა, იყო რეგიონები, სადაც ეს პროგრამა ჩავარდა - უმეტესად იმ ადგილებში, სადაც მცირე ტერიტორია იყო, მიწის დამუშავება შედარებით მოძველებული ტექნოლოგიებით ხდებოდა და აგრეთვე, ხალხს არასაკმარისი ცოდნა ჰქონდა მიზნის მისაღწევად.   

ეს მხოლოდ მათი ბრალი არ იყო, ჩვენი ბრალიც იყო ის, რომ ალბათ, კარგად ვერ ავუხსენით მათ რა უნდა გაეკეთებინათ, საკმარისად ვერ დავალაგეთ ეს ტექნოლოგიები, საკმარისად ვერ მოვამზადეთ ხალხის ის 20 პროცენტი, რომელმაც დიდი მოსავალი ვერ მიიღო. მართალია წინა წლებთან შედარებით, მათ გაცილებით მეტი მოსავალი მიიღეს, მაგრამ არა იმდენი, რამდენსაც ვვარაუდობდით. თუმცა, რა თქმა უნდა, 80 პროცენტიანი წარმატების ფონზე, ასეთი ხალხი ცოტაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, აკაკი ბობოხიძე პარლამენტში ინიციატივით გამოვიდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ჯიშის თესლის ყიდვით ნავარაუდევი მოგება ვერ ნახეს, გადასახადი აღარ გადავახდევინოთ და მომავალშიც წავახალისოთ, რათა კარგად შეისწავლონ ამ ჯიშის სიმინდის სწორად დათესვა და დამუშავება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. პირადად მე, ძალიან კარგი ხალხისგან ვიყიდე ვენახი, მაგრამ იქ ყველაფერი ძველებურად არის მოწყობილი. იქვე, გვერდით ყურძნისა და მეღვინეობის ახალი წარმოება ფუნქციონირებს და როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ჩემი და მათი ვენახები. ეს არის ამის ერთი, პატარა მაგალითი.

როცა ვამბობ, რომ სავაჭრო დეფიციტი არ უნდა გვქონდეს, სწორედ ამ წარმოების ამაღლებას ვგულისხმობ. ამ მხრივ, გვჭირდება თქვენი ხელშეწყობა, თქვენი რჩევები, რადგანაც ბევრი თქვენგანი ამ ბიზნესშია ჩართული. მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რათა ეს საქმე გავაუმჯობესოთ.

მე და ზაზა გოროზიამ გადავწყვიტეთ, რომ ყველგან სადაც სოფლის მეურნეობაა, შევქმნათ საცდელი მეურნეობები, ლოჯისტიკისა და შესანახი ცენტრები. პროდუქტის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შენახვა. პირველადი პროდუქტი უნდა იქმნებოდეს უფრო დიდი რაოდენობით და ის უნდა იყოს მეტად ხარისხიანი. აგრეთვე უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ბაზარზე გასვლა.

ძალიან უკმაყოფილო ვარ “სამტრესტის“ მუშაობით და მისი ხელმძღვანელი გათავისუფლებულია სამსახურიდან. ჩვენ მიერ საერთაშორისო ბაზრის ათვისების პროცესი კუს ნაბიჯებით მიდის. ამ ადამიანს რამდენიმე წელი ჰქონდა იმისთვის, რომ რაიმე ღირებული გაეკეთებინა. გარკვეული რამ შევძელით, რაღაცები შეიცვალა, მოვიგეთ სასამართლო პროცესები, რაც ძალიან კარგია, მაგრამ, რეალურად, ჩვენს ღვინოს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს და სხვებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. კიდევ კარგი, ამ მდგომარეობაში აღარ ვართ, მაგრამ კითხვაც აღარ უნდა ჩნდებოდეს გავალთ თუ არა რუსულ ბაზარზე.  მოლდაველებს ველაპარაკე, რომლებიც, თითქოს, შეუშვეს რუსებმა თავიანთ ბაზარზე, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ მომხდარა - სიცოცხლე აქვთ გამწარებული. ჩვენი ღვინის ექსპორტის საკითხი ვინმე ონიშენკოზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მოლდოვასგან განსხვავებით, ჩვენ შედარებით მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი ღვინო წარმოუდგენელი ხარისხისაა და მის გასაყიდად უამრავი ბაზარია, რომლებიც უკვე ათვისებული იქნებოდა „სამტრესტს“ რომ ცოტა უკეთ ემუშავა.  

ამიტომ, ზაზა [გოროზიას მიმართავს], თქვენა ადგილას, ტურიზმის დეპარტამენტის მაგალითით ვიხელმძღვანელებდი - ვერა ქობალიამ კონკურსის საფუძველზე, სკაიპით იპოვა მაია სიდამონიძე და დღეს ეს დეპარტამენტი ძალიან კარგად მუშაობს. თქვენც უნდა გამოაცხადოთ საერთაშორისო კონკურსი და იპოვოთ ყველაზე კარგი ქართველი მენეჯერი, რომელიც გარკვეულია საერთაშორისო ბაზრის საკითხში, იცის ამ ბაზრებზე გასვლა და ფლობს უცხო ენებს, რათა ეფექტიანად ავამუშაოთ ეს სტრუქტურა.

ისევე როგორც უნდა ვითანამშრომლოთ მეორე კერძო ფონდთან, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს  პარტნიორია და რომელშიც, ალბათ, ბაკურ კვეზერელი გააგრძელებს მუშაობას. ბაკური ძალიან კარგი სპეციალისტია და მასთან ერთად დავგეგმოთ რას გავაკეთებთ ამ მიმართულებით, რათა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა ზუსტად იყოს განსაზღვრული, კარგად გაანგარიშებული და ეფექტიანი. ზედმეტ ჩარევას არ ვემხრობი და თამაშის არათანაბარი წესების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ თუკი შეგვიძლია კერძო სექტორს რაიმე მიმართულებით დავეხმაროთ, მონაწილეობა აუცილებლად უნდა მივიღოთ, თუმცა წინ ბიზნესი უნდა წავიმძღვაროთ.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)