Google+

გამოსვლები და განცხადებები

17.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა დევნილებს ფოთში ახალსახლობა მიულოცა

 „ჩემო ძვირფასებო, მე უკვე ვნახე ეს ბინები. შეიძლება ეს არ არის ძალიან მდიდრული ბინა, მაგრამ ეს თქვენი და თქვენი ოჯახის ბინაა, რომელიც თქვენი იქნება მანამ, სანამ არ დაბრუნდებით აფხაზეთში და დაბრუნების შემდეგაც თქვენ დაგრჩებათ. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ყველანი აფხაზეთში, ჩვენს სახლებში, ჩვენს საცხოვრებელში დავბრუნდებით.

მინდა ვთქვა, რომ აქ 4500 ადამიანი გადმოვიდა საცხოვრებლად და პრაქტიკულად ახალი დასახლება შეიქმნა. 2007-ში მე ვნახე წყალტუბოს სანატორიუმები, გავაღე ძალიან ბევრი პალატის კარი, შევედი ოჯახებში და ძალიან მძიმე, დამთრგუნველი შთაბეჭდილება შემექმნა. ძალიან ცუდ ხასიათზე გამოვედი იქიდან და ვთქვი რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში, ეს ჩემი ცხოვრების მთავარი ამოცანაა, მაგრამ მანამდე საცხოვრებელი პირობები უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ და ჩვენ დავიწყეთ მუშაობა.

მინდა ევროკავშირს დიდი მადლობა ვუთხრა, რადგან ჩვენ მუშაობა მათთან ერთად დავიწყეთ და ეს სახლები გავაკეთეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია. ჩვენ ერთად მოვიფიქრეთ, რომ ახალი საცხოვრებელი უბანი სწორედ ფოთში უნდა აგვეშენებინა. მე ეს სრულიად შეგნებულად გადავწყვიტე, რადგან ფოთში არის პრესპექტივა, რომ თითოეული თქვენგანი იყოს დასაქმებული.

აქ იხსნება საწარმოები. ზოგჯერ ვიღაც შემცირებაში მოყვება, ვიღაც შეიცვლება, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო მეტი ახალი საწარმო იხსნება, ვიდრე იხურება. უფრო მეტ ხალხს იყვანენ სამსახურში, ვიდრე უშვებენ.  საბოლოო ჯამში ფოთი უნდა გახდეს 100%-იანი დასაქმების ქალაქი.

ამ ქალაქში არის ზღვისპირეთი, საქართველოს უმნიშვნელოვანესი პორტით, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი  ლოჯისტიკური, ინფრასტრუქტურული ცენტრები, ასევე კარგი სკოლები. აქვეა  აჭარა, ანაკლია, ქუთაისი - ჩვენი საპარლამენტო დედაქალაქი და რაც მთავარია გევრდით ჩვენი აფხაზეთია.

მე მინდა თითოეულ თქვენგანს გითხრათ, რომ ეს არის პერსპექტივა, გვქონდეს სახლი, წყალი, გათბობა, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამას გარდა, დილას როდესაც გაიღვიძებთ უნდა გქონდეთ სადღაც წასასვლელი, იმისათვის რომ იმუშავოთ, რადგან ეს მთავარია. უნდა გაგვიჩნდეს პერსპექტივა ჩვენ შვილებს მივცეთ უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფო დახმარება, ან ვთქვათ მინიმალური სოციალური ხელგამართვაა.

თქვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართ. როდესაც რუსეთმა პირველად აფხაზეთში შემოგვიტია, ეს იმას ნიშნავდა, რომ დაარტყა საქართველოს ყველაზე პერსპექტიულ, იმ დროისთვის ყველაზე განათლებულ, ყველაზე წელში გამართულ, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა. აქ საუბარი მხოლოდ მიწის კონტროლზე არ არის, მთავარი ისაა, რომ მათ გადაწყვიტეს საქართველო თავიდანვე ყოფილიყო დაინვალიდებული, რადგან, სწორედ იმ ქართველებს წაართვეს ყველაფერი, რომელთაც შეეძლოთ საქართველოს ფეხზე დაყენება. მათ მომავალი ჩაუკეტეს.

იმ დამპყრობლების, რომლებიც დღეს დროებით ბოგინობენ და ყველა დანარჩენის გასაგონად, მინდა ვთქვა, რომ  მათ ეს გეგმები არ გამოუვიდათ, რადგან თქვენ მაინც არსებობთ.

რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ამას გადაყვა, მაგრამ თქვენ აქ ხართ, თქვენ სუნთქავთ. აქ არიან ბავშვები, რომლებიც ჩვენი მომავალია, ასევე აფხაზეთის და ესეიგი საქართველოს მომავალი. ჩვენ გვყავხართ თქვენ - ის ადამიანები, რომელთაც ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლიათ საქართველოსთვის.

სიტუაცია რა თქმა უნდა იცვლება. ამას წინათ ვატიკანის არქივიდან ამოვიღეთ წერილები: საქართველოს თითქმის ყველა მეფე ხუთ და ექვს წერილს წერდა რომის პაპს. ერთ-ერთი ქართველი მეფე წერს - ჩვენ ქრისტიანი მოძმეები ვართ, თქვენ კი ევროპაში ძლიერები. ჩამოდით, დაგვეხმარეთ, საქართველო საფრთხეშია. შემდეგ კი ხელს აწერს როგორც დამონებული ქვეყნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

თქვენ გახსოვთ მუხრან მაჭავარიანის ლექსი - ,,ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და რიგით მეთოთხმეტე კაცად მიიღეს’’. ერთი კვირის წინ დღევანდელი დროის ლუდოვიკო მე-14 თბილისში ჩამოვიდა და ცენტრალურ მოედანზე მოგვმართა, დაგვპირდა მეგობრობას, მხარდაჭერასა და თანადგომას. აი ეს განსხვავებაა დამონებულ, წელში გატეხილ და გაუბედურებულ ქვეყანასა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელსაც პერსპექტივა აქვს. არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვართ ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევასთან, არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვართ ნატოსა და ევროკავშირთან. მართალია, დამპყრობელი ბოგინობს ჩვენს მიწაზე, არ გიშვებთ საკუთარ სახლებში, ასევე მუდმივ პროვოკაციებს გვიწყობს ქვეყნის შიგნით და გარეთ. მიუხედავად ამისა ჩემი მთავარი მიზანია, საქართველო გაძლიერდეს, თითოეული ჩვენი ოჯახი წელში გაიმართოს და ჩვენ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია და მასზე სხვისი კონტროლი დროებით ხორციელდება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი მიწების დაბრუნება მშვიდობიანი გზით.  ეს არის ჩვენი ტერიტორია, იქ არის ჩვენი წინაპრების საფლავები, დგას ჩვენი სახლები, სადაც დავიბადეთ და სკოლები, რომლებშიც დავიზარდეთ. ყველა ის ადგილი ჩვენი დასაბრუნებელია. მანამ, სანამ თითოეული თქვენგანი ცხოვრობს, თუნდაც, აი, ამ ადამიანური პირობების მქონე სახლებში, მაინც გვეთქმის, რომ ჩვენ ვართ დევნილები. ხოლო სანამ თითოეული თქვენგანი არის დევნილი, ყველა ქართველი პატრიოტი საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ჩემი ჩათვლით, ყველა ქართველი თავს იგრძნობს დევნილად. მე ვიქნები დევნილი, მანამ, სანამ ჩვენი მიწა არ დაბრუნდება.

კარგად მესმის, ის რომ ადამიანური პირობები უნდა ჰქონდეს ყველას, მაგრამ ამას განსაკუთრებით იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც გასულ წლებში დაიჩაგრენ. ჩვენ ყველანი თქვენს წინაშე ვალში ვართ. ეს ბინები, კი არის ამ ვალის მცირე ნაწილის გადახდა, რომელსაც ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად ვაბრუნებთ. კარგი პროგრამაა და სოციალურადაც გამართლებულია, მაგრამ ამ ვალის სრულად გადახდა იქნება ის, როდესაც ჩვენ, საბოლოოდ, გადავწყვეტთ ჩვენს პრობლემებს.

დაბოლოს, მე მინდა, ბავშვებს მივმართო.

თქვენ იცით, რომ მე ყველაზე მეტად ჩვენი ბავშვები მიყვარს, იმიტომ რომ მათ, მთლიანად ესმით ჩემი. ხშირად მეც მათსავით მიყვარს ფანტაზია და ლამაზი რაღაცების დახატვა, ოღონდ მერე ამას ვასრულებ ხოლმე. მე ვისურვებდი, რომ ყველა ამ ბავშვის ყველაზე თამამი ფანტაზიაც კი ასრულებულიყოს. მე მინდა, ყველა მათგანს ჩვენ შთავაგონოთ, რომ საქართველო თითოეულ ჩვენგანს გვეკუთვნის.

სამწუხაროა, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ის უსამართლობა, რომელიც 1993-94 წლებში თქვენ მიმართ ხორციელდებოდა მაშინდელი ძალიან ცუდი მთვარობის მიერ. მახსოვს, დევნილების დამცირება. ისიც მახსოვს, როცა დევნილი ბავშვი სკოლაში მივიდოდა, როგორ ახსენებდნენ მას, რომ ის დევნილი იყო. ამცირებდნენ იმ ადამიანს, რომელიც მცირეოდენ გასამრჯელოს შოულობდა ჯიხურში ვაჭრობით და შეახსენებდნენ, რომ ის დევნილი იყო. ზოგიერთი დასცინოდა კიდეც თქვენს აქცენტს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი ქართული დიალექტია. მოდით, ახლა ეს ყველაფერი გადავდოთ გვერდით იმიტომ, რომ ეს ყველაფერი წარსულშია, იმიტომ, რომ ეს არის ახალი საქართველო, სადაც ვერავინ ვერავის დაამცირებს, სადაც ვერავინ ვერავის ვეღარ შეურაცხყოფს, ვერავინ ვერავის გადახედავს ზემოდან და ვერ ვერასდროს წამოგაძახებთ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ თქვენ ყველაზე მეტს იმსახურებთ საქართველოში, თქვენ ყველაზე მეტი დაკარგეთ, ყველაზე მეტი გეკუთვნით და ამიტომაც ყველაზე მეტი უნდა მიიღოთ მომავალში. კარგი დღე არის და ამ დღეს ყველანი ერთად ველოდით. უახლოეს კვირებში ბათუმში ვხსნით ზუსტად ასეთ რაიონს, შემდეგ წყალტუბოში,  გაგრძელდება სამუშაოები თბილისშიც, ბათუმშიც, ფოთშიც, წყალტუბოსა და ქუთაისშიც.

ეს აღმშენებლობა ,რასაც ვქმნით დღეს, საბოლოო ჯამში ერთ მთლიან აშენებულ საქართველოდ შეიკვრება.

საქართველო აშენდება და საქართველო გამთლიანდება!

დიდი მადლობა!

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)