Google+

გამოსვლები და განცხადებები

13.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა მესტიაში ახლადგახსნილ იუსტიციის სახლთან შეკრებილ საზოგადოებას
მიმართა

მოგესალმებით ყველას.

მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ.

ზუგდიდი-მესტიის ახალი საავტომობილო გზით, აქ ამოსასვლელად საათი და ორმოცდახუთი წუთი დამჭირდა.

ეს არის არა მხოლოდ მესტიისკენ მიმავალი გზა, არამედ მომარაგების, გადაადგილების საშუალება თითოეული თქვენგანისთვის და სწავლისკენ მიმავალი გზა.

თქვენთვის და დანარჩენი საქართველოსთვის ეს არის გზა მომავლისკენ, რომელიც თქვენთან - მესტიაში, საქართველაოს ულამაზეს კუთხეში მოდის.

მსურს ეს ყველას მოგილოცოთ.

ის, რასაც თქვენ ხედავთ, მრავალწლიანი ფიქრისა და დაგეგმარების შედეგია.

როდესაც აქ მოვდიოდი, გზად მშენებლები მხვდებოდნენ. მინდოდა თითოეულ მათგანთან შევჩერებულიყავი, თითოეული მათგანისათვის ხელი ჩამომერთვა, თვალებში ჩამეხედა, რადგან ვიცი, რომ ჯერ კიდევ ათი წუთის წინ აქ მშენებლობა მიმდინარეობდა.

ეს ქვაფენილი კი გუშინ ღამით დააგეს, როდესაც ტემპერატურა მხოლოდ +2 გრადუსი სითბო იყო.

ყოველივე ამას ნაჩქარევად ან უხარისხოდ კი არ ვაკეთებთ, არამედ სწრაფად, მაგრამ ხარისხიანად. ჩვენ დრო არ გვაქვს.

ამ ხნის განმავლობაში ქართველებმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შენება ვისწავლეთ - ქვეყანის მრავალწლიანი ნგრევის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ სწრაფად უნდა გავაკეთოთ.

ხალხი ამ მშენებლობებზე უნდა დასაქმდეს, მათ სახლში შემოსავალი, ლუკმა-პური უნდა შეიტანონ, რათა ბავშვებს განათლება მისცენ, საკუთარი ოჯახის წევრებს მოუარონ, გაჭირვება დაძლიონ, მკურნალობის, გადაადგილების, არსებობის, სუნთქვის და, ზოგადად, ყოველდღიური პრობლემები მოეხსნათ.

სწორედ ამიტომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი.

ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყოველივე ამას მხოლოდ იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ გვსურს საქართველო საფოსტო ბარათებზე უფრო ლამაზად გამოსახოთ, არამედ გვინდა, ვიამაყოთ იმით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ხშირად ამბობენ: რა პრეზიდენტის საქმეა არქიტექტორობა, „პრარაბივით" აქეთ-იქით სირბილი, გზის შემოწმება, ყველა ორმოზე ფიქრიო... აბა ვისი საქმეა? აბა რაზე ვიფიქროთ? არ შეიძლება, რომ მხოლოდ მაღალ მატერიებზე ვლაპარაკობდეთ - ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ გავალამაზოთ ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად.

მთავარია ის, რომ როდესაც ეს ადგილი უკვე გალამაზებული და კეთილმოწყობილი იქნება, ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვა.

წელს სვანეთს შარშანდელთან შედარებით უკვე ორჯერ მეტი ტურისტი ეწვია. მომავალ წელს, ვფიქრობთ, ეს მაჩვენებელი 3-4-ჯერ გაიზრდება. 2015 წელს კი მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით, ამ რეგიონში, დარწმუნებული ვარ, ნახევარი მილიონი სტუმარი ჩამოვა და ტურისტთა რაოდენობა მესტიის მოსახლეობას 30-35-ჯერ გადააჭარბებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ სვანები მშობლიურ კერებს უნდა დაუბრუნდნენ. აქ უნდა შექმნან თავიანთი კეთილდღეობა. აქ არა მხოლოდ უნდა ირჩინონ თავი, არამედ თავადაც გამდიდრდნენ და მთელი საქართველო გაამდიდრონ.

აქ ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს.

რამდენი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ინტელექტუალი, ხელოვნების მუშაკი, მშენებელი, უბრალოდ სახელმწიფო მოღვაწე, ან ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქე არის სვანეთიდან.

აქ განსაკუთრებული კულტურაა და განსაკუთრებულად ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. ეს ნიჭი მხოლოდ სვანურ სიმღერებსა და ცეკვებში არ გამოიხატება, რომელთაც, სხვათა შორის, მიხედვა და განვითარება სჭირდება.

ამისთვის აუცილებლად უნდა შევქმნათ კლუბი, ქორეოგრაფიული სკოლა, რადგან სვანეთში უნიკალური ფოლკლორი და ქორეოგრაფიაა.

ამას გარდა, აქ არის უნიკალური მხატვრობა, უნიკალური სამშენებლო ტექნიკა და, რაც მთავარია, უძველესი, ყველაზე მაღალი დონის ევროპული საქართველო.

ზოგიერთები ანეგდოტებს ყვებიან სვანეთზე და აქ ამოსვლის შემდეგ გაუკვირვებული დარჩებიან, მაგრამ ჯობს იჩქარონ, სანამ ჯერ კიდევ არის ფეხის დასადგმელი ადგილი.

ეს არის მართლაც ყველაზე დიდი სიურპრიზი დანარჩენი საქართველოსთვის, ყველაზე ლამაზი მხარე, რომელიც ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე სტუმართმოყვარე და განსაკუთრებული ევროპელებით დასახლებული ადგილი.

ხშირად გაკვირვებულიც დავრჩენილვარ - ახალგაზრდები აქ რამდენიმე უცხო ენას ფლობენ.

აქ სწრაფად აითვისეს სასტუმროს საქმეც, უცხოელებთანაც მარტივად ურთიერთობენ, ამ მხარის კულტურასა და ისტორიაზეც ხატოვნად უამბობენ მათ და, უბრალოდ, აგრძნობინებენ, რომ განსაკუთრებულ ადგილზე მოვიდა ადამიანი.

ეს ადგილი ხომ საქართველოს სავიზიტო ბარათია.

დღეს კამათობენ იმის თაობაზე, უნდა იყოს თუ არა საქართველო ევროპაში, უნდა ვიყოთ თუ არა ევროკავშირის წევრი, უნდა ვიყოთ თუ არა უფრო მეტად დაცული... ამ შეკითხვების პასუხად, საკმარისია ადამიანი აქ ამოიყვანო და აჩვენო, რომ ეს არის უფრო მეტი ევროპა, ვიდრე დასავლეთ ევროპის უმეტესი ნაწილი და უფრო მეტი ევროპა, ვიდრე, თითქმის, მთელი აღმოსავლეთ ევროპა.

აქ 7 საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი აღმშენებლობა, როგორიც ახლა დაიწყო.

ეს მხოლოდ დასაწყისია.

სვანეთში შენდება სასტუმროთა მთელი კომპლექსი. ნახევარი მილიონი დამსვენებელი იმის გარანტია, რომ ნებისმიერს, ვინც აქ სასტუმროს ააშენებს, წელიწადის ოთხივე სეზონზე დატვირთული მუშაობა და, შესაბამისად, მოგება ექნება.

ასევე, ნებისმიერს, ვინც გახსნის თუნდაც პატარა კაფეს, წელიწადის ოთხივე დროს ექნება შემოსავალი.

თუკი სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ პატარა საწარმოს შექმნის ვინმე, ისიც სამუშაო ადგილების გაზრდას შეუწყობს ხელს, რადგან აქ სოფლის მეურნეობის უნიკალური პროდუქტები მოდის.

აქ ყველაფერს ოქროს ფასი აქვს. რამაზ ნიკოლაიშვილსა და ვერა ქობალიას ვეუბნებოდი კიდეც გზაში, აქ ისეთი მოცხარი იზრდება, მთებში ისეთი სპეციფიკური სუნელები მზადდება, მეცხოველეობის ისეთი განსაკუთრებული პროდუქტები აქვთ, იმდენად განსაკუთრებულია ყველაფერი, რომ არ შეიძლება არ მივხედოთ და არ განვავითაროთ.

ყოველივე ეს უზრუნველყოფს დასაქმებას, წესრიგს, უკეთეს ცხოვრებას და, საბოლოოდ, განაპირობებს სიმდიდრეს.

ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, სვანეთი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გათავისუფლდეს სიღარიბისგან და უნდა გახდეს ყველაზე მდიდარი მხარე.

აქ უნდა ცხოვრობდეს ყველაზე შეძლებული ხალხი და ნახავთ, რომ ეს ასეც იქნება.

ვიდრე ამას მივაღწევთ, უნდა დავძლიოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გაჭირვება და რაც მთავარია, უიმედობა.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა რამაზ ნიკოლაიშვილს, რომელსაც დღე და ღამე აქვს გასწორებული.

როგორც კი სვანეთში მოხვდები, აქაური ჰაერით სამ დღესაც რომ ისუნთო, მაშინვე სვანი ხდები და აქაურ ქუდს იხურავ.

ალბათ, გამოიცანით, უკვე დიდი ხანია მეც სვანი ვარ, თქვენსავით ვაზროვნებ და ვუყურებ ცხოვრებას. ამით კმაყოფილი ვარ და ნამდვილად ვამაყობ.

მინდა, მადლობა ვუთხრა ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, ტურიზმის დეპარტამენტს - მისი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე სვანეთში, ფაქტობრივად, გადმოსახლდა და ძალიან ბევრი იმუშავა. ასევე მადლობას ვუხდი კახა კვიციანს, რომლის მეთვალყურეობით დაიგო გზის ყველაზე რთული მონაკვეთი. იგი აქაური კაცია, იცის აქაურობა და არაფერი არ შეეშლება.

მადლობას იმსახურებს სხვა კომპანიებიც. სვანეთში ყოველთვის იყვნენ საუკეთესო მეგზევეები, მაგრამ არასოდეს არ იყო კარგი გზა; სვანეთში ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი, კარგი მშენებლები, მაგრამ, პრაქტიკულად, მრავალი წლის განმავლობაში არაფერი აღარ შენდებოდა.

აქ ყოველთვის იყო ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი, მაგრამ იყო დრო, როდესაც სვანეთს არავინ სტუმრობდა.

ის, რაც ახლა ხდება, ამ რეგიონის ჩვეულ, ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებაა.

ყოველივე ეს თქვენ გქონდათ, უბრალოდ, დანარჩენმა საქართველომ ეს არ იცოდა.

ახლა საქართველო გააქტიურდა სვანეთის დასახმარებლად და როგორც ყოველთვის, ეს კუთხე კვლავაც გახდება ქვეყნის მთავარი ბურჯი, გამაძლიერებელი, სიმტკიცის მარაგი - როგორც ეს ისტორიულად იყო.

როდესაც ყველგან დამპყრობელი იყო შემოსული, როდესაც ქართველის ხსენება აღარსად იყო, როდესაც იძირკვებოდა ყველაფერი ქართული და ეროვნული, სვანეთი, ამ მხრივ, ყოველთვის ხელშეუხებელი რჩებოდა, უძველესი დროშიც, თამარის მეფობის პერიოდშიც.

მაშინაც, როდესაც რუსებმა დაანგრიეს ერთ-ერთი ბოლო მწვერვალი - ხალდე, რომელიც წინააღმდეგობისა და გმირული შეტაკების ბოლო ფორპოსტი იყო, ქართველებმა ჩვენი ქვეყნის დამპყრობელს უდიდესი სიმამაცისა და თავგანწირვის მაგალითი აჩვენეს.

გაუმარჯოს ახალ სვანეთს!

გილოცავთ დღევანდელს დღეს!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)