Google+

გამოსვლები და განცხადებები

09.04.2011
საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტებს უმასპინძლა

უპირველესად, მოგესალმებით.

მიხარია თითოეული თქვენგანის ნახვა.

20 წლის წინათ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა, რომ დამოუკიდებლობა, რომელიც 1921 წელს ბოლშევიკური ოკუპაციის შედეგად შეჩერდა, აღდგა.

ეს დღეს ასევე იყო ორი წლისთავი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისა, როდესაც საბჭოთა იმპერიამ ახალ გარემოებებში შეგვახსენა თავისი დამანგრეველი სახე.

სამწუხაროდ, ეს არ იყო არც პირველი შეხსენება და, რა თქმა უნდა, არც ბოლო.

ყველაზე ბოლოს მან თავი 2008 წლის აგვისტოში შეგვახსენა, თუმცა ეს ძალები პერიოდულად ისევ ცდილობს, არასდროს დაგვავიწყდეს მათი არსებობა.

მაგრამ, მინდა დღეს ვისაუბრთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის დამოუკიდებლობა. მინდა გესაუბროთ თქვენ, საქართველოს სტუდენტობის წარმომადგენლებს; მინდა გესაუბროთ ჩემ გამოცდილებაზე, როგორ ვხედავ ამას და როგორ წარმომოდგენია ჩვენი უახლოესი პერსპექტივები; სად ვიმყოფებით ამ დიდ ბრძოლაში.

ჩემს ახალგაზრდობაში (არც ახლა არ ვარ ბებერი, მაგრამ თქვენი ასაკის რომ ვიყავი) ვმონანწილეობდი-ხოლმე გაეროს საქმიან თამაშებში, საერთაშორისო კონფერენციებში.

ვიცით, რომ ახლა არის გაეროს საერთაშორისო თამაშები, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის მოდელები, ასევე საერთაშორისო სასამართლოს ვთამაშობდით ხოლმე...

ალბათ ბევრი თქვენგანი ნამყოფია ამ მოდელირებულ სხდომებზე. თავის დროს, ვიყავი მარტო მე და ალბათ ამ მხრივ, პირველმა მე გაგიკვალეთ გზა.

1989 წელს საბჭოთა გაზეთმა „კამსამოლსკაია პრავდამ" გამოაცხადა კონკურსი გაეროს სისტემის საუკეთესო ცოდნაზე ყველა საბჭოთა სტუდენტს შორის. კონკურსში მონაწილეობა  მიიღო რამდენიმე ათასმა სტუდენტმა მთელი საბჭოთა კავშირიდან. გაიმართა აკადემიური შეჯიბრი, რომელშიც მეც მივიღე მონაწილეობა. რამდენიმე ტურის შედეგად, დავიკავე პირველი ადგილი და ჰააგაში, ამ საქმიან თამაშებზე საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელად წავედი. თუმცა მოგეხსენებათ, რომ იქ ვიქნებოდი არა როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი. ამ საქმიან თამაშში მე წარმოვადგენდი საფრანგეთის ელჩს უშიშროების საბჭოში.

რატომ გიყვებით ამას? იყო ასეთი საბჭოთა მოღვაწე - გიორგი არბატოვი, საბჭოთა კავშირის ამერიკის ინსტიტუტის დირექტორი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი. 1989 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ მოვხვდი მოსკოვში. გიორგი არბატოვი საბჭოთა კავშირის ასოციაციის თავმჯდომარე იყო გაეროში, მე ვიყავი ამ კონკურსის გამარჯვებული, კონფერენციის მსგავსი იმართებოდა და იქ, რა თქმა უნდა, არ                            გავჩერებულვარ, რადგან იმ წლებში ბევრი მოვლენა ხდებოდა. მაშინ მე 21 წლის სტუდენტი ვიყავი. მას არა მარტო 1989 წლის მიტინგის ბრუტალური დარბევის საკითხი დავუსვი, არამედ ვუთხარი: პოლიტბიუროში  ყველა უნდა შეეგუოთ იმას, რომ საბჭოთა კავშირი იშლება და ჩვენი ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი.

მე გავიზარდე ოჯახში, რომელშიც წინააღმდეგობის იდეა პასიურად, მაგრამ მაინც  ყოველთვის არსებობდა. ჩემი დიდი ბაბუა - ნიკოლოზ წერეთელი გადასახლებული იყო 10 წელის ციმბირში, მისი ძმა ალექსანდრე წერეთელი იყო სოციალ-ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში, ე.ი. პარტიისა, რომელიც დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა და მისი აღდგენისთვის აგრძელებდა ბრძოლას. მე კარგად მახსოვს ღამღამობით, ძილის წინ როგორ იწერდა პირჯვარს ნიკუშა ჩუმად, რადგან ის დეკანოზის შვილი იყო. მე კარგად მახსოვს სწორედ ეს მომენტი, როდესაც 1991 წელს ზვიად გამსახურდიამ უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ბებიაჩემის დედა თამარ აბაშიძე, რომელიც იყო ჭიათურ-მანგანუმის ყოფილი მფლობელის ქალიშვილი, იჯდა ტელევიზორის წინ და ტიროდა ცხარე ცრემლებით.  რა თქმა უნდა, ბავშვობიდან მქონდა მეც გამჯდარი მქონდა ის აზრი, რომ საბჭოთა კავშირი არ იყო მაინც და მაინც კარგი ადგილი, რადგან ჩვენ ოჯახში ეს ქვეყანა და ეს სახელმწიფო არ გვიყვარდა.

კარგად მახსოვს, როგორ დაგვიჭირა მილიციამ მე და ჩემი კლასელები 1993 წელს სიონიდან გამოსვლისას, მიგვიყვანეს სიონის მახლობლად მდებარე ქვეგანყოფილებაში, დაკითხვა მოგვიწყეს და ახსნა-განმარტებითი ბარათები დაგვაწერინეს.

კარგად მახსოვს ისიც, აღდგომის წინ გვიან ღამემდე ტელევიზიით რომ უშვებდნენ ფილმებს. ასევე მახსოვს პირველი მიტინგი, რომელშიც მონაწილეობდა მივიღე. მაშინ პირველად ვნახე დამოუკიდებელი საქართველოს ძველი, 1918 -1921 წლების დროშა. ეს იყო მიტინგი ჟურნალისტთა სახლთან, 1988 წლის 26 მაისს, მაშინ ჩვენ ცოტანი ვიყავით. დაახლოებით, ამავე პერიოდში შევედი ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში, ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პარტია იყო, რომელიც შეიქმნა. რა თქმა უნდა, ამ ემოციებით ვიყავი ძალიან დატვირთული. მაშინ კიევის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ ჩამოვდიოდი-ხოლმე. შემდეგ იყო  1988 წლის ნოემბრის აქციები  იპოდრომზე, ამ აქციებშიც ვიღებდი მონაწილეობას რუსთაველზე.

9 აპრილის აქციის დროს კიევში ვიყავი, მაგრამ იქ მომხდარი, რა თქმა უნდა, ჩემთვის უმძიმესი   დარტყმა იყო...

სწორედ ამის შემდეგ შევუტიე გიორგი არბატოვს. მან გადმომხედა კეთილგანწყობით -  ქედმაღლური, ტიპიური იმპერიული რუსული კეთილგანწყობით და მითხრა: „Молодой человек,  вам еще надо  на многое посмотреть трезво". ანუ ფხიზლად უნდა შეხედოთ ბევრ რამესო. მან თქვა: „საქართველოს და სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობა არის აბსოლიტურად გამორიცხული და მე თქვენ გეტყვით რატომ. გამორიცხულია იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც თქვენ გაქვთ, ჩვენი მოცემულია; ყველაფერი აგიშენეთ ჩვენ, საბჭოთა კავშირმა. ყველა ნავთობსადენი და გაზსადენი, ასევე ყველა ძირითადი კომუნიკაცია, რომელიც არის საბჭოთა კავშირში, გადის რუსეთზე. მაგალითად, თუ იცით, სად არის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ღილაკი? აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ზუსტად ასეა შუა აზიაში - ტურბინები ერთ რესპუბლიკაშია, ღილაკი მეორეში, ხოლო კაშხალი მესამეში. ასევეა ტრასებისა და რკინიგზების შემთხვევაშიც. ასე რომ, თქვენ თამასას ვერასდროს ვერ გააჩერებთ საქართველოს დონეზე. თუ თქვენ აქდან გასვლა გადაწყვიტეთ, შეეგუეთ, რომ ყველაფერი, რაც გაქვთ, ჩამოგეშლებათ. ახალს კი ვერაფერს ვერ შექმნით და საქართველო მარტივ მამრავლებად დაიშლება. არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე", - მითხრა მან - „არამედ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რეგიონები ძალზე განსხვავებულია, თქვენ რამდენიმე რეგიონალური ენა გაქვთ და, საბოოლოდ, კარგად რომ დავუკვირდეთ, ქართველი ერი ერთ მუშტად შეკრა მხოლოდ რუსეთმა. ეს არ არის ერთი ერი და, რა თქმა უნდა, თქვენ ვერ შეძლებთ ამ ქვეყნის ცალკე ერთეულად შენარჩუნებას".

ეს ჩემთვის იყო ნათელი გაკვეთილი - სახტად დავრჩი, როდესაც ყოველივე ეს თქვა. აღმოჩნდა, რომ პოლიტბიურო ბევრად უფრო მეტად ემზადებოდა საბჭოთა კავშირის დაშლისთვის, ვიდრე თუნდაც ის ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირი არ უყვარდათ. რა თქმა უნდა, იყო ერთი მუჭა ხალხი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, მაგრამ, მთლიანობაში, საზოგადოებაში ეს იდეა მაშინ არ იყო. ეს იდეა იყო პოლიტბიუროს წევრებში. ამიტომ, ბევრი რამ, რაც შემდეგ მოხდა, სწორედ მათი პროგრამით და ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა.

მერეც სულ მახდენდებოდა - არბატოვის წინაშე არბატოვის ვალში ავღმოჩნდით. მართლაც, რომ დააკვირდეთ, დამოუკიდებლობის შემდეგ წლების განმავლობაში საქართველოში ახალი, პრაქტიკულად, არაფერი არ შეგვიქმნია. ჩვენ ვიყენებდით ძველ გზებს, ძველ რკინიგზებს, ძველ აეროპორტებს, განათლების ძველ სისტემას, ჯანდაცვის ძველ სისტემას, ძველ ელექტროენერგიას, მოკლედ, ყველაფერს იმას, რაზეც ის გვეუბნებოდა, რომ მათ შეგვიქმნეს და მეტი არაფერი არ გვექნებოდა. პრინციპში, დარჩა პოსტსაბჭოთა რეჟიმი და თითქმის მილეული საბჭოთა რესურსები.

მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათ. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გავიდა 20 წელი. ამ 20 წელიწადში ჩვენ, როგორც ერმა, დავუშვით ყველა შესაძლო შეცდომა, ავფეთქდით ყოველ დადებულ ნაღმზე, თავი გავყავით თითოეულ დაგებულ ხაფანგში, მაგრამ, ამავე 20 წლის განმავლობაში, მოვახერხეთ  ყველა შეცდომის ისე გამოსწორება, როგორც შეუძლია ყველა ცალკეულ ერს. თავს იქით ძალა არ არის, ჩვენ პატარა ერი ვართ და  არის ფორსმაჟორული გარემოებებიც, როგორიც არის, მაგალითად, უცხოური ოკუპაცია, მაგრამ რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, პრაქტიკულად, ყველა შეცდომის გამოსწორება და ყველაფრის უკან შემოტრიალება მოვახერხეთ. ე.ი. 20 წელიწადში ჩვენ მოვახერხეთ შეცდომების დაშვებაც, რაც გარდაუვალი იყო - ეს მათ ჩაგვიდეს და ამ შეცდომების გამოსწორებაც. რომ დაფიქრდეთ, რამდენად პატარა მონაკვეთია 20 წელი ერის და მით უმეტეს, ჩვენისთანა ერის ისტორიაში, თუ გავითვალისწინებთ რამდენად ცოტა ერი ახერხებს ამას მსოფლიოში, მართლაც პრაქტიკულად  სასწაული მოვახდინეთ. მინდა გითხრათ, რომ მე ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად, მეც ამ ერის შვილი ვარ, ამ მრავალეთნიკური ერთობის, საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე და წარმომადგენელი.

და როგორ მოვახერხეთ ეს? როგორ და ჩვენ სწორ გზას დავადექით. ჩვენ დავიწყეთ საბჭოთა  მემკვიდრეობის გადალახვა. დამოუკიდებლობა - ეს მარტო ქაღალდი კი არ არის, რომელიც დოკუმენტის სახით მივიღეთ და რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო მაშინ, გრძელდება დღეს და ჩვენ ბევრად უფრო შორს ვართ ამ ბრძოლაში წასული, ვიდრე ნებისმიერი ყოფილი საბჭოთა ერი.

ჩვენ მოვახერხეთ წარმოუდგენელი დაბრკოლებების გადალახვა.

ჩვენ მოვახერხეთ მენტალიტეტის ფუნდამეტურად შეცვლა. რა თქმა უნდა, ეს არის იდეების ბრძოლა. თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოს და ერის სიძლიერე იზომება არა ტანკების ან ფულის რაოდენობით, არამედ ერთიანობით, სიჯანსაღით, თავისუფლებისა და შეკრულობის ხარისხითა და იდეებით.

ბოლო წლებში ჩვენ გვქონდა შეცდომები - შინააშლილობა,  ყველა პროვოკაციაზე წამოგება, ერთმანეთზე გადაკიდება, საკუთარი თავისთვის ძირის გამოთხრა, მაგრამ ყველაფერი უკან დატრიალდა. ასევე მოვახერხეთ ერთიანობის, ორგანიზების და, რაც მთავარია, ამ მემკვიდრეობის გადალახვის წარმოუდგენელი მაგალითის ჩვენება.

თავის დროს, სტალინმა რომის პაპთან დაკავშირებით ძალიან ირონიულად იკითხა: რომის პაპი ვინ არისო? რამდენი დივიზია ჰყავსო? არადა სტალინის მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირი აღმოსავლეთ ევროპაში დაამარცხა ერთმა კაცმა - პოლონელმა რომის პაპმა. ასეულობით საბჭოთა დივიზიას მან ყოველგვარი იარაღისა და ძალადაობის გარეშე ამოუკვეთა ფეხი ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და სხვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებიდან.

ჩვენ, საქართველოს, გვაქვს ასევე წარმოუდგენელი სიმბოლო - წმინდა გიორგი. წმინდა გიორგი სინამდვილეში არ იყო კბილებამდე შეიარაღებული გოლიათი დიდი შუბით და არც რომის იმპერატორი იყო ფიზიკურად გველეშაპი. წმინდა გიორგი იყო ერთი ფიზიკურად სუსტი, მაგრამ სულიერად ძალიან ძლიერი, თავისუფლების მოყვარე ადამიანი. საქართველოს ბრძოლა ჩემთვის სწორედ არის წმინდა გიორგის ბრძოლა, თავისუფლებისათვის ბრძოლა კი - დავითისა და გოლიათის ბრძოლა. ეს არის სიკეთის და ბოროტების ბრძოლა.

ამ სასახლის ფასადზე, იცით, რომ გამოსახულია ლოზუნგი არა მხოლოდ, როგორც მგონია, ჩემი პრეზიდენტობის, არამედ ყველაფრის, რასაც განასახიერებს საქართველო - „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". ეს მართლაც ასეა. ეს არის ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლა.

ამიტომ, ყოველი დღე, როცა წინ მივიწევთ კორუფციასთან ბრძოლაში; ყოველი დღე, როცა წინ მივიწევთ უკანონობასთან ბრძოლაში; ის დღე, როცა საქართველოს პოლიციის განყოფიილებებში შეწყდა ხალხის წამება, არის საბჭოთა კავშირიდან განთავისუფლება და ჩვენი დამოუკიდებლობის გაძლიერება.

ყოველი ასეთი დღე არის ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯი და დამშვიდობება იმ ჭაობთან,  რომლიდანაც  ყველანი ვცდილობდით და საკუთარი თავი ლამის საკუთარი ხელებით ამოვიყვანეთ.

თქვენ იცით რას ნიშნავს სოციალური სტრუქტურის შეცვლა. ვიდრე საბჭოთა მენტალიტეტი იარსებებს, ვერ ვიქნებით ბოლომდე დამოუკიდებელი. საბჭოთა მენტალიტეტს მიეკუთვნება, მაგალითად, ის, რომ ყველაფერი იზომებაარა იმითვინ ხარ შენ, არამედ იმით თუ სად მუშაობდა ბაბუაშენი და ბებიაშენი, რამდენი ფული აქვს მამაშენს, რომელ უბანში ცხოვრობ, „ძმაო"? და ა.შ. თუ მე ვცხოვრობდი უნივერსიტეტის მეორე მხარეს, უნდა გადამევლო ქუჩა და იქ უნდა მოვწყობილიყავი, რადგან ბაბუაჩემიც იქ სწავლობდა. მაგალითად, ბაბუაჩემი - მიშა სააკაშვილი სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებელი და რექტორი იყო, ამიტომ მე, ალბათ, იქ ჩაბარება მეკუთვნოდა.

ძველი სისტემით ყველაფერი ასე იყო, მაგრამ დღეს თითოეული თქვენგანი არის იმიტომ კი არ არის სტუდენტი, რომ მამიკომ ან დედიკომ თვალი ჩაუკრა ვიღაცას ან, მით უმეტეს, როგორც ძველად იყო, ვოლგა გაყიდა და ადგილი გიყიდათ რომელიმე უნივერსიტეტში, არამედ იმიტომ, რომ დაჯექით, ისწავლეთ და გააკეთეთ.

როდესაც თქვენ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეთ, თქვენ მაშინ უთხარით „ნახვამდის" საბჭოთა კავშირს, რადგან ეს თქვენი მიღწევაა და არა ვინმეს მიერ ვალდადებული.

ეს შეეხება ცხოვრების აბსოლიტურად ყველა სფეროს.

უნდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას ჯერ კიდევ ემუქრება საფრთხე. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ  გვემუქრება საფრთხე. მაგრამ ჩვენი მთავარი დაცვა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის ტანკები და თვითმფრინავები, თუმცა ყველაფერი ეს რაც შეიძლება მეტი უნდა გვქონდეს. ეს რომ არ გვქონოდა, 2008 წელს ზუსტად 6 საათში გაჩნდებოდა აქ ჩვენი დამპყრობელი ძალა.  

1921 წელს დამოუკიდებლობა წაგვართვეს იმის გამო, რომ იზოლირებული ვიყავით. ახლა ჩვენ მსოფლიოს ნაწილი გავხდით.  არა იმიტომ, რომ მთავრობა ან მე ვიღაცას ვხვდებით ან ვინმე აქ ჩამოდის,  არამედ იმიტომ, რომ თითოეული თქვენგანის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი მესიჯი, აქტიურობა ფეისბუქზე, სიარული საერთაშორისო კონფერენციებზე, უცხოეთში სასწავლებლად წასვლა, ჩვენი დამოუკიდებლობის გაძლიერების ახალი შანსია.

როდესაც ყველა ერთად ჩავებმებით ამ ფერხულში, რომელსაც დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც, დასახულ მიზნებსაც მივაღწევთ (დააკვირდით, ლიბიაში განვითარებული მოვლენების გამო,  მოიმატა ნავთობის ფასმა -  ყველას გაგვიძვირდა ბენზინი, სოფლად გაძვირდა დიზელი). რა თქმა უნდა, მსოფლიო პროცესები საგრძნობლად გვირტყამს, მაგრამ მათ ბევრი სარგებლის მოტანაც შეუძლია.

ეს არის თქვენი ძალა.

ჩვენთან თანდათან ჩნდება ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც არასდროს შეეგუება დამოუკიდებლობის დაკარგვას.  მთავარი გარანტია ხართ თქვენ. როდესაც თქვენ თვალებში გიყურებთ ვხვდები, რომ უკან ვეღარაფერი დაგვაბრუნებს, თორემ პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ აქვთ პრობლემები.

ჩვენ რამდენიმე სახის პოლიტიკოსი გვყავს. დღესაც არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ხალხი, რომელთაგან ზოგი შარვალშია და ზოგი ქვედაბოლოში, ზოგი ულვაშით და ზოგიც მის გარეშე. ისინი ფიქრობენ, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა არის - დაუძახონ მათ, ვინც დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას. მათ ხალხი გამოცხადებული ჰყავთ ფსიქიურად დაავადებულებად, საქონლებად... თუ ადამიანს საქონელს უწოდებ და შემდეგ ეტყვი, რომ ხმა მოგცეს, მისი იმედი აღარ უნდა გქონდეს. ამიტომ, ხალხის იმედი აღარ აქვთ და ერთადერთი ელოდებიან მათ, ვინც აქედან 40 კილომეტრში დგას.

უკვე 21-ე საუკუნეა და ისე აღარ ბნელა, როგორც მაშინ.

პოლიტიკური სპექტრში მეორე კატეგორიის ხალხი ტელევიზიის ღია ეთერში დღე და ღამე, იტერიულად ყვება, თუ როგორ ა უშვებენ მათ ეთერში; ამბობს, რომ ჩვენთან არ არის დემოკრატია; თავის არაპოპულარობას ხსნის იმით, რომ ტელევიზიით არ ალაპარაკებენ და არა იმით, რომ წინააღმდეგია რაიონებს ქვეყნის პარლამენტში საკუთარი მჟორიტარი დეპუტატები ჰყავდეს და ვინ იყოს პარლამენტში, ეს რამდენიმე პოლიტიკურ ოფისში უნდა გადაწყდეს. ჩვენი ხალხი რაიონებში ცხოვრობს - თბილისისა და რუსთავის რაიონებში, ასევე მხარეების რაიონებში და ა.შ. ამ წინადადების შემდეგ, შესაძლოა, მათ  მომხრეები აღარ ჰყავდეთ და ხმა აღარ მისცენ. 

ვიდრე აქ მოვიდოდი, ტელევიზიით მოვიმინე უცხოეთში, რაღაც კონფერენციაზე ერთ-ერთი ასეთი გამოსვლა: დროა გავიგოთ, რომ საქართველო სტრატეგიულად უმნიშვნელო ქვეყანაა, უნდა შევწყვიტოთ ჩვენი პრობლემების ევროპისთვის თავს მოხვევა და მიკვირს, რატომ გვაქვცევთ ყურადღებას. ამის შემდეგ ასეთი მოვა და გააპროტესტებს თუკი სამპროცენტიანი რეიტინგი ექნება.  თუმცა გუშინ ისიც გავიგე, რომ იჩემებენ, სამი კი არა 35-პროცენტიანი რეიტინგი გვაქვს და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე ვართო.  რას ვითხოვ მე? ვითხოვ, რომ გავაძლიეროთ ტექნიკური საგნების სწავლა - ამ ხალხს არითმეტიკა მაინც უნდა ვასწავლოთ. თუ ალგებრას და უმაღლეს მათემატიკას ვერ აითვისებენ იმას მაინც ისწავლიან, რომ 35 პროცენტით მესამე ადგილზე ვერაფრით ვერ აღმოჩნდები, მით უმეტეს, თუ 35 კი არა, რეალურად, სამი პროცენტი გაქვს.  

რატომ არ სვამ კითხვას რატომ გაქვს სამი პროცენტი? თუ გადიხარ და მთელ მსოფლიოს უცხადებ, რომ ჩვენ ერთი საშინელი და უბედური ქვეყანა ვართ, რომელსაც ყურადღება არავინ არ უნდა მიაქციოს, მეტს არც უნდა ელოდე. არადა თუკი ასეთი უმნიშვნელო ქვეყანა ვართ, ასე რატომ იბრძვის რუსეთი იმისათვის, რომ ამ ქვეყანას დაეუფლოს?

თუ ასეთი უმნიშვნელო ქვეყანა ვართ, რატომ არის, რომ მოლდოვაში, ყირგიზეთში, სომხეთში აზერბაიჯანში, უკრაინაში და თავად რუსეთში ყველა საქართველოს მნიშვნელობაზე ლაპარაკობს?

თურქეთში, ახლო აღმოსავლეთში, ეგვიპტეში, ტუნისში რევოლუციების დროს ძალიან ბევრ პარალელს ავლებდნენ ჩვენთან.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ამ პოლიტიკოსებს არ ექნებათ მომავალი. ეს ჩემთვის სამწუხაროა, რადგან მინდა, რომ პოლიტიკური კლასი განვითარებული და მრავალფეროვანი იყოს.

გაჩნდნენ ისეთი პოლიტიკოსებიც, რომლებიც ხალხისთვის საინტერესო ყველა საკითხზე ლაპარაკობენ და საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებენ მთავრობას. მინდა გითხრათ, რომ მმართველი მთავრობისთვის ეს, მესამე კატეგორია ყველაზე საშიშია ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით, მაგრამ ქვეყნისთვის ეს არის ყველაზე კარგი. კარგია, რომ გაჩნდა პოლიტიკური კლასი რომელსაც პრინციპების საერთო ჩარჩო აქვს, არ ეზიზღება საკუთარი ქვეყანა, არ დასცინის თავის ხალხს, არ არის შეკრული, მათ შორის ღია მტერთან და სურს, რომ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი, თუმცა არ ეთანხმება მთავრობას და უნდა რომ მთავრობა ჩაანაცვლოს. ეს არის სწორი ოპონირება.

პირადად მე ამითაც ვამაყობ, რომ ასეთი პოლიტიკური კლასი თანდათან ჩნდება საქართველოში, როგორც მთავრობის შიგნით, ისე მის გარეთ.

ჩვენი ბრძოლა არის იდეების ბრძოლა. ყოველი ახალი კომპიუტერი, რომელიც ჩნდება სკოლაში, ჩვენთვის ახალი იარაღია და ახალ სასწავლო წელს ყველა პირველკლასელი მთავრობისგან უფასოდ მიიღებს კომპიუტერს.

ყოველი განათლებული ადამიანი არის საქართველოს ახალი ჯარისკაცი. ყოველი ახალი სასტუმრო, მაგალითად, ანაკლიაში არის ჩვენი ქვეყნის ახალი დაცვის ზღუდე, რადგან ეს არის ჩვენი ახალი სახე და სხვაგვარი საქართველო, რომელიც მიბაძვის მაგალითი ხდება დანარჩენი ქვეყნებისათვის.

სტალინის, ბრეჟნევის, სუსლოვის, არბატოვის და ორჯონიკიძის მემკვიდეობით, საბჭოთა კავშირი იყო ის, რომ საქართველო, ვინაიდან მან ერთ-ერთმა პირველმა აიმაღლა ხმა ძველ წყობაზე,  ჩაფლავებული პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მაგალითი უნდა გამხდარიყო.  

ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს აქ 90-იან წლებში.

არასდროს არ დამავიწყდება ერთ-ერთი ქართველი გენერალი, როგორ ეხვეწებოდა რადიოსადგურით რუს პოლკოვნიკს თუ მაიორს გაგრაში შეშვებას, რადგან იქ ქართველების სისხლი იღვრებოდა და ქართველების ენიკურ წმენდას აწყობდნენ. ის კი არ ატარებდა, რადგან თავს გრძნობდა გულივერივით და როგორც უნდოდა ისე იქცეოდა. 

არასდროს არ დამავიწყდება, რომ შევარდნაძემ მათ ყველაფერზე მოუწერა ხელი, დაუნიშნა მათ მინისტრები (პირველი, რაზეც მე პურტინს უარი ვუთხარი სწორედ მინისტრების დანიშვნა იყო), შემდეგ მიიყვანეს ჩვენი დევნილები ენგურთან ვითომ შესაყვანად, მაგრამ ბოდიში მოუხადეს, და ყოველ დღე პირდებოდნენ შეშვებას. ასე იდგნენ ისინი იქ ორი კვირის განმავლობაში. დიდი კოვზით გვაჭმევდა იმას, ჩვენც დოყლაპიებივით პირდაღებული ყველაფერს ვიღებდით, რისი ჭმევაც ჩვენთვის იმპერიას უნდოდა.

ეს დამთავრდა და სწორედ ამას ვერ ეგუებიან ისინი. რუსეთი ვერ ეგუება იმას, რომ საქართველო აღარ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ჩაფლავდე. ყველაფრის მიუხედავად, საქართველო მაინც არის სირთულეების დაძლევის და წარმატების მაგალითი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან გვიჭირს და აქ იმისთვის არ ვარ, რომ თავი მოვიწონო.  დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წლის თავზე ჯერ კიდევ არის სიღარიბე, ბევრს მკურნალობის ფულიც კი არ აქვს, ბევრი დაუსაქმებელია ან იქ არ არის დასაქმებული, სადაც საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა შეუძლია.

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველო სამ საკითხში იყოს ბოლომდე სუფთა, რაც ბევრისთვის იქნება მისაბაძი.

  • 1. საქართველო ბოლომდე უნდა გაიწმინდოს კორუფციისგან, რაც დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად შესრულებულია. საქართველო სუფთაა კორუფციისგან და ეს არის ის, რაზეც ოცნებაც არ შეუძლია ბევრ ქვეყანას ჩვენს გარშემო.
  • 2. საქართველო სუფთა უნდა იყოს დანაშაულისგან. ტელევიზიით ყოველდღე აჩვენებენ რომ ვიღაცამ ვიღაც მოკლა, მაგრამ თუ ციფრებს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ჩვენ ბევრად ნაკლები დანაშაული გვაქვს, ვიდრე გერმანიას, საფრანგეთს... და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ ევროპაში. ჩვენი პოლიცია არაკორუმპირებულობითა და ეფექტიანობით მესამე ადგილზეა, თუ არ ვცდები შვედეთისა და ფინეთის პოლიციის შემდეგ და, რეალურად, ხალხს, თუნდაც თქვენს მშობლებს აღარ ეშინია, რომ გვიან ბრუნდებით სახლებში. მანქანის გაჩერება აღარ ეშინია არავის... ერთი სიტყვით, ტელევიზიით რას ვუყურებთ ერთია, და რა ხდება რეალურად, რა არის ჩვენი შეგნება - მეორე. რეალურად კი არის ის, რომ საქართველო სუფთაა კრიმინალისგან. ეს ასეც უნდა შევინარჩუნოთ.
  • 3. საქართველო ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანა უნდა იყოს. ჰიდროელექტროსადგურებით გამოვიმუშავებთ ჩვენი ენერგიის თითქმის 100 პროცენტს. განათება, რომელსაც თქვენ ხედავთ არის სუფთა ენერგია. მომავალ წელს ჯავახეთში ვდგამთ პირველ 100 მეგავატიან ქარის წისქვილებს, მაგრამ წელს, ალბათ უკვე დაიწყება ხუდონის ძალიან დიდი კაშხლის მშენებლობა, ამისთვის დიდი ხანია ვემზადებოდით. ეს არის თაობების ოცნება. წლის ბოლოს იწყება მეორე დიდი ჰიდროელექტროსადგურის ნესკრას მშენებლობა. ასევე ხრამჰესის მშენებლობა. მთელი ძალით შევუტევთ ჰიდროელექტროსადგურების თემას.

ასევე დღის წესრიგში დგას ელექტრომობილების თემაც. მე არა მარტო ელექტრომობილების ყიდვა მსურს, რათა დავზოგოთ საწვავზე (ბოლოს და ბოლოს რუსებს მაინც რომ არ ვუხდიდეთ ბენზინის ფულს, რომლითაც საწვავს აღარ ასხამდნენ აქ შემოსაჭრელად საკუთარ ტანკებში და არ უხდიდნენ საუკუაპციო ჯარებს ხელფასს - თუნდაც ამიტომ), არამედ უნდა ვისწავლოთ ელექტრომობილების საქართველოში გამოშვებაც. რთული  და ფანტასტიკური  ამაში არაფერი არ არის.

ერთი სიტყვით ამ სამი სისუფთავით - დანაშაულისგან, კორუფციისგან გაწმენდისა და, ზოგადად,    ეკოლოგიურის დაბინძურებისგან თავის არიდებით,  ჩვენ უნდა შევქმნათ სრულიად ახალი მოდელის, მისაბაძი ქვეყანა დანაჩენი   რეგიონისთვის.  

აი ეს არის  ჩემო ძვირფასებო ჩვენი დიდი ბრძოლა. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა რომელიც ყველასთან ერთად, თქვენს თაობას უკვე აქვს. ჩვენი ქვეყანა დგას არა ცალკეული ლიდერების სიმაგრეზე,  ნერვიულობასა და სიმშვიდეზე, ნიჭსა თუ უნიჭობაზე, არამედ ახლა უკვე - ახალ თაობაზე, რომელიც აქ წარმოიქმნა, მთლიანად  საბჭოთა გავლენისგან გათავისუფლებულ თაობაზე.

თქვენ ხართ ის ხალხი, პირველები საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილ რესპუბლიკასა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის,  რომელიც მთლიანად გათავისუფლდა კომუნისტური საბჭოთა ინფექციისა და გავლენისაგან.  

ჩვენ შევქმენით  თვისობრივად ახალი ქვეყანა და ამიტომ იქნება ის ყველაზე წარმატებული  მთელი ამ რეგიონის ქვეყნებს შორის, ყველა უბედურების მიუხედავად. სხვათა შორის, ეს  ყველა თაობის ადამიანს ესმის საქართველოში, რადგან თქვენი თაობა ვერ წარმოიშვებოდა თქვენი მამების, ბაბუების, ჩემი მშობლების, ბებიაჩემის თაობას რომ ყოველთვის არ  ქონოდა  ამისგან გათავისუფლების მისწრაფება.

მათ უმეტესობას ამის შანსი არ მიეცა. მთელი ცხოვრება ისე გაატარა, რომ თავისუფლება არ უნახვს, მაგრამ ეს თაობა  ინსტიქტურად დადგა ჩვენ მხარეს, როდესაც რეფორმებს ვატარებდით და დგას თქვენ მხარეს, რომლებმაც უნდა შექმნათ ახალი საქართველო.

9 აპრილი ჩემთვის და მთელი ერისთვის, რა თქმა უნდა, არის პატივის მიგების დღე  ჩვენი გმირებისადმი. ეს მსხვერპლი არც პირველი იყო და არც ბოლო, მაგრამ დღევანდელი დღე ასევე იმედისა და მომავლის  დღეა და არა მარტო გლოვისა და ცუდი მოგონებების დღე.

ეს არის იმ იმედის დღე, რომლითაც ჩვენ ვცოცხლობთ, რომ საქართველოს ვერასდროს  ვეღარ  დააბრუნებენ წარსულში.

ეს არის იმ იმედის დღე, რომ საბოლოოდ და ბოლომდე გავათავისუფლებთ ჩვენ ქვეყანას. 

ეს არის დამოუკიდებლობის გადარჩენის დღე  იქ, სადაც   საქართველოს   სუვენერიტეტი ფაქტობრივად  ვრცელდება და ხვალ - დანარჩენი საქართველოსი.

რა თქმა უნდა, ის ძალა, რომელიც გვემტერება, აუცილებლად ისევე დაიხევს უკან, როგორც აღმოსავლეთ ევროპიდან დაიხია, როგორც ერთ დროს თბილისიდან დაიხია და ის აუცილებლად დაიხევს უკან დანარჩენი პოსტსაბჭოთა სივრციდან.

ჩვენი იდეა, ჩვენი მოდელი,  ჩვენი მომავალი  თქვენთან ერთად  აუცილებლად გაიმარჯვებს.

დიდი მადლობა.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)