Google+

გამოსვლები და განცხადებები

10.09.2004
საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე

ჩვენ აფხაზეთში სიყვარულით დავბრუნდებით და არა ომით.

ეს შეხვედრა, ალბათ, დიდი ხნის წინათ უნდა გამართულიყო, მაგრამ იმდენი პრობლემა დაგვატყდა თავს, რომ აქამდე ეს არ მოხერხდა.

თუმცა არ ჩათვალოთ, რომ თქვენზე არ ვფიქრობთ და აფხაზეთის თემამ ჩვენი პრიორიტეტების ნუსხაში უკანა პლანზე გადაიწია.

ჩემთვის და ყველა ნამდვილი ქართველისათვის აფხაზეთი მთავარი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება.

ეს ყველას უნდა გვესმოდეს.

ამ ისტორიულ ეტაპზე ქართული სახელმწიფოს მთავარი დანიშნულებაა ქვეყნის გამთლიანება, გაძლიერება, აფხაზეთის დაბრუნება და მასზე კონტროლის აღდგენა.

აფხაზეთზე კონტროლი მხოლოდ შევარდნაძის მთავრობისა და ხელისუფლების დაკარგული არ არის, ის მთლიანად საქართველომ დაკარგა.

შესაბამისად ის არა მარტო სააკაშვილმა, მისმა მთავრობამ და არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელმა საქართველომ უნდა აღადგინოს.

საამისოდ, ყველაზე მოკლე გზა ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტაა - საქართველოს მოდერნიზაცია, ეკონომიკური პროგრესი და ქვეყნის გაძლიერება.

ეს ყველაზე მოკლე და, ამავდროულად, სწორი გზაა.

მაშინ, როცა 1992 წელს ჩვენი მოსახლეობა 5,5 მილიონი იყო, დღეს კი 4 მილიონზე ცოტა მეტია, მაშინ, როცა ჩვენს გარშემო გაძლიერდა მტრული ძალები, ამ ვითარებაში თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნისა და მოდერნიზაციის გარეშე ყველაფერი კვლავ სრული კრახით დასრულდება.

აქედან გამომდინარე, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შექმნა და მოდერნიზაცია ჩვენი ამოცანაა.

საქართველო ყველა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს - ეს საქართველოს ბიუჯეტსაც ეხება.

წელს შარშანდელთან შედარებით ბიუჯეტი გაორმაგებულია, მომავალ წელს იგი მილიარდ 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტს შეადგენს, მაშინ როდესაც შევარდნაძის ხელისუფლების დროს ბიუჯეტის რეალური შესრულება ყოველ წლიურად მხოლოდ 300 მილიონი დოლარი იყო.

გარწმუნებთ, რომ ჩვენი ბიუჯეტის ნამატის დიდი ნაწილი ჩვენი მთავარი მიზნის განსახორციელებლად იხარჯება.

ჩვენი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, საზოგადოების მორალის ასამაღლებლად და საგარეო აგრესიის მოსაგერიებლად, აუცილებელია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს არმიას სხვადასხვა მხრიდან შესაძლო შემოჭრის აღსაკვეთად ვქმნით და ვაძლიერებთ, რადგან საქართველოს უსაფრთხოებას სწორედ ეს ემუქრება.

ჩვენ არ ვაპირებთ ომის წარმოებას ჩვენს მოსახლეობასთან.

არასოდეს გვიომია ოსებთან და არც ახლა ვაპირებთ ამას.

თქვენ ნახეთ, რომ ზაფხულში ჩვენ კომუნიკაციების დაცვის ოპერაცია განვახორციელეთ, მაგრამ დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე შეიარაღებული ნაწილების შეყვანის ბრძანება საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს არ გაუცია.

ამას კონკრეტული მიზანი ჰქონდა - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მას არ ვესვრით და არ ვეომებით, ჩვენი სამიზნე სულ სხვა რამ არის.

ზუსტად ასევე თითოეულმა აფხაზმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ მტრებად არ აღვიქვამთ.

აფხაზებს, სომხებს და ყველას მათ, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს ჩვენი საზოგადოების ნაწილად მივიჩნევთ და მათთან ომს არ ვაპირებთ, იმის მიუხედავად, თუ რას ეუბნებიან მათ ადგილობრივი პოლიტიკოსები.

ეს გაკვეთილია, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

თუმცა, ჩვენ საქართველოს გამთლიანებას ვაპირებთ და კარგი იქნება თუ ეს ორმხრივად მოხდება, ამ მხრივ ყველა მოგებული დარჩება.

ეს არის ჩვენი მთავარი კონცეფცია, რაც აფხაზეთს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება.

ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ვგმობ იმას, რაც ტერორისტებმა რუსეთში გააკეთეს.

ისინი არა მარტო რუსეთის, არამედ ჩვენი და მთელი კაცობრიობის მტრებიც არიან.

ამ ხალხის დიდ ნაწილს ჩვენ და თქვენ სახელებით, გვარებით და სახეებითაც კი ვიცნობთ - პირველად მათ თავის სახე გაგრის სტადიონზე, სოხუმში, გალში გამოაჩინეს ...

რუსეთში მათ იმ დროს ცუდად არ უყურებდნენ, მაგრამ ჩვენ მათი სახე უკვე ვიცოდით.

ამ მხრივ, ტერორისტების სახით საქართველოს და რუსეთს საერთო მტრები გვყავს.

ამავე დროს, მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში რუსეთში დაიწყო კამპანია, რასაც არა მარტო პრესისა და დუმის წარმომადგენლები, არამედ ზოგიერთი ოფიციალური პირიც აჰყვა, რომ არსებობს კავშირი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ბესლანში მომხდარ ტრაგედიას შორის.

მე მოგახსენეთ, რომ კავშირი არსებობს მხოლოდ იმ მხრივ, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომელიც ადრე თავს საქართველოს ესხმოდა.

ჩვენ ისინი მოვაშორეთ, სხვათა შორის, ყველა ზომა მივიღეთ იმისათვის, რომ არც ერთმა მათგანმა საქართველოს საზღვარი არ გადმოლახოს და მაშინ, როცა ცხინვალში შემოდიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები, იმ პერიოდშიც კი ჩვენ ჩეჩნეთის საზღვარი ჩაკეტილი გვქონდა, რადგან კარგად ვიცით რა ნაძირლებთან გვაქვს საქმე ბასაევისა და მისი "ძმების" სახით.

იმ ადამიანებს, ვისაც რუსეთის გეოგრაფია ეშლებათ ზოგიერთი დუმაშია, ეტყობა სახელმწიფო აპარატშიც არიან ასეთები და არიან პრესაშიც, მსურს ვუთხრა, რომ გროზნო და ვლადიკავკაზი რუსეთია, ხოლო თბილისი, სოხუმი და ცხინვალი კი, საქართველო.

ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ძლიერი და მთლიანი იყოს რუსეთში, მაგრამ ხელები შორს საქართველოსგან!

სოხუმი, ცხინვალი და თბილისი საქართველოა და თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება, ჩამობრძანდით როგორც ტურისტები.

სხვათა შორის თებერვალში მოსკოვში ვიზიტისას პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დამეთანხმა, რომ ჩეჩნების გარკვეულმა ჯგუფებმა, მათ შორის ბასაევის ხალხმა პირველად აფხაზეთში დაღვარეს ქართველების სისხლი და მან ეს მშვენივრად იცის.

იმედია, რომ იმას, რაც რუსეთის პრეზიდენტმა იცის, გაიაზრებს რუსეთის სახელმწიფო კიბის ყველა დონე.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი და პრეზიდენტ პუტინის მიღწეულ შეთანხმებებს, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და შეიარაღებული ხალხის საზღვარზე მოძრაობას ეხებოდა, დავიცავთ ორივე მხარე.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ისტორიულად, უძველესი დროიდან, იყო დაინტერესებული, რომ რუსეთმა თავის ტერიტორიაზე დაამყაროს წესრიგი, მათ შორის საქართველოს საზღვრებთან.

რუსეთში წესრიგის დამყარება, ჩვენთვის ძალზე დადებითი პროცესია.

თუმცა წესრიგის დამყარებისას, ასევე მნიშვნელოვანია გესმოდეს სად მთავრდება რუსეთის ტერიტორია და სად იწყება მეზობელი ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან მეგობრობა სურს.

ეს არის ის, რაზეც მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ.

ჩვენ გვყავს საერთო მტერი ტერორისტების, კონტრაბანდისტებისა და ყველა უკონტროლო შეიარაღებული ელემენტების სახით და საქართველოში არ გვყავს არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც, კლოუნი ჟირინოვსკის მსგავსად იტყვის, რომ მეზიზღება რუსეთი ან ერთი რუსი მაინც.

ქართველებს უყვართ რუსეთი, ქართველებს რუსების მიმართ არ გააჩნიათ მტრული გრძნობები და ეს ჩვენი სიძლიერეა.

თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად საქართველო გვიყვარს და ყველაზე მეტად მისი გაერთიანება გვინდა.

ამიტომ ჩვენი და რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას, ამოსავალი სწორედ ეს უნდა იყოს.

კიდევ ერთი, რაც მიმაჩნია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ამ განსაცდელის პერიოდში ;საქართველო რთულ საერთაშორისო გარემოებაში იმყოფება , ჩვენი საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია გვჭირდება.

აქ აღარ არის ლაპარაკი პოლიტიკურ შეხედულებებზე.

რა თქმა უნდა ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დებატები უნდა გაიმართოს, მას-მედია უნდა იყოს თავისუფალი და ეს მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ძირითად საკითხებზე კამათი არ შეიძლება.

კერძოდ კამათს არ ექვემდებარება ის, რომ საზღვრები უნდა იყოს დაცული, შეიარაღებული ძალების სამსახური თითოეული მოქალაქის უწმინდესი მოვალეობაა, საზოგადოება გაერთიანებული უნდა იყოს.

წარმოიდგინეთ, დღეს საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი იმის გამოა, რომ ჩვენი მთელი მთავარი ენერგოსიმძლავრეები გალის რაიონის ტერიტორიაზეა განლაგებული.

იქ მდებარე ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარს მოიხმარს აფხაზეთი, ე.ი. იმდენს, რამდენსაც მოიხმარს დანარჩენი საქართველო.

ამ ელექტროენერგიას აფხაზეთი ყიდის რუსეთში და შემდეგ ჩვენ ვყიდულობთ უკან.

როდესაც აფხაზი სეპარატისტები, ჩეჩნები და თუნდაც რუსული შეიარაღებული ფორმირებები გალს მოადგნენ, მათ დიდხანს არ სჯეროდათ, რომ ქართველები წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, მაგრამ იმ დროს საქართველო იყო დაცლილი, დაქუცმაცებული და ერთმანეთზე გადაკიდებული.

ასე, რომ ჩვენ ჩავაბარეთ ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი ბასტიონი, სადაც მთელი ქვეყნის ენერგეტიკული სიმძლავრეების 90 პროცენტი იყო კონცენტრირებული.

ბოლო 12 წლის განმავლობაში, კორუფციის გარდა, ვიწვნევთ იმას, რომ ვერ ვიპოვეთ ელემენტარული ერთიანობის გრძნობა და ამის გამო, ამ ხნის მანძილზე მთელი ქვეყანაა ჩაბნელებული.

ეს საკითხი არ არის უბრალოდ რაღაც კონკრეტულ პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებული.

მაშინ თბილისიდან თვითმფრინავის საშუალებით დავდიოდით სოხუმში იმის გამო, რომ ვერ გავდიოდით არამარტო სამეგრელოში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ასე იყო, რადგან იმ დროს სამოქალაქო ომი იყო.

სწორედ ამან დაგვამარცხა.

ჩვენ ეს აღარასოდეს აღარ უნდა დავუშვათ.

გადამწყვეტ მომენტში, როცა ცხინვალში, პრაქტიკულად სამხედრო კრიზისი შეიქმნა, როდესაც ჩვენს სოფლებს დაცლის სრულიად რეალური საფრთხე დაემუქრა, მთელმა საზგადოებამ თქვა, რომ ეხლა ერთმანეთის "ჭამის" დრო აღარ არის და მე ყველას მადლობელი ვარ.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უკვე დადგა ფეხზე, ე.ი. უკვე სხვა დონის სიმწიფეა საზოგადოებაში.

ეს ჩემთვის ყველაზე მთავარი იმედის მომცემი იყო.

თუ საქართველო არის ერთიანი, ჩვენი დამარცხება ძალიან რთულია.

ამაში მე დარწმუნებული ვარ.

თუმცა, ვიმეორებ, ამაზე კიდევ მოგვიწევს მუშაობა.

თქვენს გარეშე აფხაზეთი არ იარსებებს, ეს ჩვენთვის ტერიტორია არ არის, აფხაზეთი არის ჩვენი ხალხი.

ზუსტად ისე, როგორც თქვენ, აფხაზეთს მეც სიზმარში ვხედავ და ჩემთვის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა ეს არის.

მე არ მოვითმენ, საქართველოში იყოს ტერიტორია, სადაც ქართველებს არ უშვებენ, მაგრამ მეორეს მხრივ, მე კარგად ვიცი თითოეული თქვენგანის გრძნობა.

აფხაზეთში არასოდეს მქონია სახლი, თუმცა წარმომავლობა იმ რეგიონიდან მაქვს, რომელიც აფხაზეთის მახლობლად მდებარეობს.

არც ხშირად მიმოგზაურია იქ, მაგრამ ის, რომ აფხაზეთი ხშირად მესიზმრება იმის ნიშანია, რომ ყველა ქართველისათვის ის თავის სულის შემადგენელი ნაწილია.

გუშინწინ ეუთოს ელჩებთან შეხვედრისას ერთ-ერთმა ხუმრობით მითხრა" სოხუმში მივდივართ და ხომ არ გსურთ ვარდები გაგვატანოთო.

ეს თითოეული ქართველის ოცნებაა.

რაც შეეხება თქვენს მიერ წამოყენებულ საკითხებს.

პირველი - მსურს განვაცხადო, ჩვენი ამოცანა, დღეს, ერთია - არ დავუშვათ უკანონო ქმედებების განხორციელება ჩვენი ტერიტორიების და, კერძოდ აფხაზეთის მიმართ. აფხაზეთში ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები სრულიად უკანონო და მიუღებელია.

აქედან გამომდინარე, მასში მონაწილეობაც უკანონოა და ამ არჩევნების შედეგად არჩეული ხელმძღვანელობა არ შეიძლება იყოს რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი.

ეს საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოზიციაა, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო არენაზე დავიცავთ.

მეორე - ნებისმიერი ქონება, რომელსაც შეისყიდის იქ ნებისმიერი თანამდებობის თუ არა თანამდებობის პირი, თუ ეს ქონება არ დარეგისტრირდება და არ იქნება შესაბამისობაში საქართველოს კანონებთან, ამ ქონების უდიდესი ნაწილი არის მიტაცებული და მოპარული ქონება, არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ შენაძენად.

ეს უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა თანამდებობის პირმა - ლუჟკოვი იქნება ეს თუ სხვა, ეს ქონება არ იქნება მათი, ისე, როგორც ლუჟკოვს არაფერი შერჩა ბათუმში.

მას შეძენილი ჰქონდა საცხოვრებელი კომპლექსები, უზარმაზარი ტერიტორიები ზღვისპირა პარკში, ამ ქონებიდან არც ერთი არ იყო შეძენილი თბილისში დარეგისტრირებული ქონების შესაბამისად და ეს ქონება აღარ არის მისი საკუთრება.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში უცხოელებსაც ;მაგალითად თურქებს, რუსებს ჰქონდათ შეძენილი ქონება, რომელიც დარეგისტრირებული იყო საქართველოს ყველა კანონის დაცვით და ის ტერიტორია დღესაც იმ უცხოელებს ეკუთვნის.

და მესამე - აუცილებელია დიალოგი აფხაზ ხალხთან, ხიდების გადება - ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

ჩვენ აფხაზეთში სიყვარულით დავბრუნდებით და არა ომით, დავბრუნდებით აფხაზებთან დასამეგობრებლად და დასამოყვრებლად, თუმცაღა ბევრი მათგანი არის კიდეც ჩვენი მეგობარი და მოყვარე.

და მაშინ ვეღარავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას.

სწორედ ეს არის ჩვენი კონცეფცია.

ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი გზით გვსურს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, მათ შორის თქვენი სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შოვინისტები არ ვართ და გახსნილნი ვართ სხვა ერების მიმართ.

საქართველო ჩვენთვის წარმოუდგენელია აფხაზის, აზერბაიჯანელის, სომეხის, ოსის, რუსის და მათ გარეშე ვინც აქ ცხოვრობდა ოდითგან.

ჩვენი ერის სიძლიერე და ერთობლიობა სწორედ ეს არის.

ჩვენ დავზარალდით იმით, რომ ვყოფდით ერთმანეთს ქართველებად და არაქართველებად, ვყოფდით ერთმანეთს გურულებად, მეგრელებად და კახელებად.

ბოლოს იქამდე მივედით, რომ ერთმანეთის დაყოფა ვერელებად, ვაკელებად და საბურთალოელებად დავიწყეთ.

ჩვენ საქართველოს ვაწყობთ არა ეთნიკური, არამედ სახელმწიფოებრივი ნიშნებით - ჩვენ სახელმწიფოებრივი იდეოლოგია გვაქვს.

მსურს გითხათ, რომ თქვენ მოქმედი, ბრძოლისუნარიანი ორგანო, რომელსაც სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ.

ეს ორგანო ჩემი პირადი მოკავშირეა იმაში, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა საკითხის სახელმწიფოებრივი ლოგიკიდან გამომდინარე გადაწყვეტა.

საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი აფხაზური სტრუქტურის ლეგიტიმურობა არათუ არ უნდა შესუსტდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს და, მეტიც, მიმაჩნია, რომ მშვიდობიანი პროცესის ასაგებად თქვენი გამოყენებაა აუცილებელი.

თქვენ მშვიდობის წარგზავნილები ხართ.

მშვიდობა ადამიანური კონტაქტებით თქვენი მეშვეობით უნდა დავამყაროთ და მხოლოდ ამ გზით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული საკითხები.

თუ გვსურს, რომ სოხუმში ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა აფრიალდეს აფხაზურ დროშასთან ერთად, რომელიც, ასევე, ქართული სიმბოლიკის მატარებელია, აუცილებელია მოვნახოთ გზა თითოეული ადამიანის გულისკენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)