Google+

გამოსვლები და განცხადებები

20.11.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ზუგდიდში

დღეს ზუგდიდში, სამეგრელოს გულში ვიმყოფები და დადიანების ისტორიული სასახლის წინ ვდგავარ.

ეს ის ადგილია, საიდანაც ორი წლის წინათ, თბილისისკენ ეროვნული ღირსების, სამშობლოსა და პიროვნული თავისუფლების დასაცავად, ხალხი მარშით დაიძრა.

ის ხალხი, ვინც წალენჯიხაში პირველ ავტობუსში ჩაჯდა, საკუთარი კმაყოფისთვის, თანამდებობისა და ქონებისთვის არ იბრძოდა.

მათ მიიჩნიეს, რომ საქართველოს ბედის ბორბალის უკუღმა ტრიალი უნდა შეეჩერებინათ და ამაზე პასუხისმგებლობა თავად ეკისრათ.

მათ შეუერთდნენ იმერლები, კახელები, გურულები, ქართლელები, აჭარლები, რაჭველები...

ასე ფიქრობდა მთელი საქართველო - უშველებელ კოლონაში საქართველოს ყველა კუთხის პატრიოტები თბილისისა და ქვეყნის გასათავისუფლებლად გაერთიანდნენ.

მაშინ არც ჩვენ ვიცოდით და არც ამ ადამიანებმა, რომ ამ მარშს ისტორიული მნიშვნელობა არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის ექნებოდა და გამოძახილსა და გაგრძელებას უკრაინასა და ყირგიზეთში ჰპოვებდა.

უკრაინის ლიდერები ამბობდნენ, რომ ვარდების რევოლუციის გარეშე, ნარინჯისფერი რევოლუცია არ მოხდებოდა.

ჩვენს რევოლუციას გამოძახილი ჰქონდა ლიბანში, ბელარუსში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში.

ის, რომ ჩვენი მოძრაობა ისტორიაში ევროპის გათავისუფლების მეორე ტალღის სახელით შევიდოდა, ძალიან ბევრს არ ეგონა.

პირველი ტალღა იყო ხავერდოვანი რევოლუცია პრაღასა და ვარშავაში, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა ჩვენს მოძრაობას "მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მომენტი" უწოდა.

გუშინ ჩვენი რევოლუციის ორი წლისთავი გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მოგვილოცა.

22-23 ნოემბერს თბილისში მსოფლიოს ბევრი ცნობილი მოღვაწე და ზოგიერთი მეგობარი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბება.

ის, რასაც ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოს დაბადების დღეა.

სრულიად თამამად შეიძლება ითქვას (თუ კარგად დავუკვირდებით ეს ასეცაა), რომ ჩვენს ქვეყანას ორი დაბადების დღე აქვს - პირველი, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ ფორმალური თავისუფლება მოიპოვა და მეორე, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის დღეს, როდესაც საქართველომ ნამდვილი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა.

ამის შედეგად საქართველო მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

მანამდე ჩვენს ქვეყანას ჰყავდა პრეზიდენტი, რომელსაც ბევრგან იცნობდნენ, როგორც სხვა ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწესა და თანამდებობის პირს, მაგრამ საქართველოს თითქმის არავინ იცნობდა.

დღეს კი ასე არ არის - საქართველოს, პრაქტიკულად, ყველგან და ყველა იცნობს.

საქართველოს იცნობენ, როგორც ვარდების რევოლუციის სამშობლოს.

ჩვენს ქვეყანასთან ასოცირდება მსოფლიოს სამი მთავარი სიმბოლო - თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჯვარი, რომელიც ჩვენს ისტორიულ დროშაზეა გამოსახული, წმიდა გიორგი, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდა ჩვენი ქვეყნის სახელს და ყველაზე ლამაზი ყვავილი ვარდი.

ჩვენს ხალხს კარგად ახსოვს, თუ როგორი იყო საქართველო ორი წლის წინათ.

ეს იყო ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავდა ჯარი, პოლიცია, არ ჰქონდა არც ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებოდა, არ ჰყავდა არც ერთი სახელმწიფო მოხელე, რომელსაც ისეთი ხელფასი ექნებოდა, რომ აღარ დასჭირდებოდა მოპარვა.

ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ ფორმალურად ვიყავით.

დღეს, იმ დღიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს ყოველივე ეს უკვე აქვს.

ორ წელიწადში ჩვენ განვლეთ ის გზა, რომლის გავლისთვისაც გერმანიასა და ჰოლანდიას ომის შემდეგ 10-15 წელიწადი დასჭირდა.

დღეს ჩვენ გვაქვს კარგად მომუშავე სახელმწიფო უწყებები, ძლიერი სამართალდამცავი სისტემა, ხუთჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, რისთვისაც ასე მცირე პერიოდის განმავლობაში არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია, გვაქვს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი და სიმბოლიკა, რომლებიც ხალხს უყვარს და მთელ მსოფლიოში ყველა პატივს სცემს.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია ის, რომ კორუფცია დავძლით.

ამას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეშიც ვერავინ წარმოიდგენდა და ეს თითოეული ამ ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითია.

ჩვენ სახალხო მთავრობა გვყავს.

ჩვენი მთავრობის თითოეული წევრი ხალხის წიაღიდანაა გამოსული.

ის ხალხიც კი, რომელიც ყოველთვის მზადაა აქილიკოს და ლანძღოს ჩვენი ხელისუფლება, ვერ ახერხებს, რომ მათ კორუფციაში დასდონ ბრალი, რადგან ჩვენ ამ სენს ვებრძვით.

თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენს მიერ მოყვანილი თანამდებობის პირები დავაპატიმრეთ, რამდენი ილაპარაკეს იმის თაობაზე, რომ ეს მხოლოდ შურისძიება იყო.

ამაზე სათქმელი უკვე არავის არაფერი აქვს.

ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ კორუფციის ბრალდებით დააკავეს, განაცხადა, რომ ის ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული იყო.

პრეზიდენტის ერთგულება ხალხისა და კანონის ერთგულებას ნიშნავს.

ცალკე პრეზიდენტის ერთგულება, ჩვენი მთავრობის პირობებში, არ არსებობს და ყველა, როგორი ახლობელი და მეგობარიც არ უნდა იყოს, კორუფციისთვის ბოლომდე პასუხს აგებს.

ეს ჩვენი მთავარი სიძლიერეა და ამ საკითხში "ჩვენი" და "სხვისი" არ ვიცით.

მეგობარი, ახლობელი და ნათესავი განსაკუთრებით მკაცრად განისჯება და პასუხი მას განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვება.

სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასის ერთ ნაწილს სახელმწიფოებრიობის განცდა აკლია - არა აქვს ეროვნულობისა და ქვეყნის სიამაყის განცდა.

ამ დღეების განმავლობაში თითქმის მთელი საქართველო შემოვიარე, მაგრამ ბოლო პერიოდში სამეგრელოში ვიმყოფები და მინდა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

მართლაც საოცრება იყო, როდესაც გზაში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებოდი სახელმწიოებრიობის გამოვლინების ფაქტებს ვხვდებოდი.

მაგალითად, იმ სახლების წინ, სადაც პრეზიდენტის კორტეჟმა გაიარა და იქ, საიდანაც რეზერვისტები არიან, ფორმიანი ადამიანები იყვნენ გამოსული და მხედრულ სალამს იძლეოდნენ.

ეს მათთვის არავის დაუვალებია, ამაში ისინი ხელფასს არ იღებენ, მათ უბრალოდ მოთხოვნილება აქვთ (ათობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ გაიარა მომზადება რეზერვისტთა ბანაკებში), რომ სახელმწიფო სიმბოლოებისადმი საკუთარი დამოკიდებულება ამგვარად გამოხატონ.

ყველგან არის პატრიოტთა ბანაკები და "პატრიოტთა" ფორმებში გამოწყობილი ადამიანები ყველა სოფელში ვნახე.

წელს ამ ბანაკებში 15 ათასი ახალგაზრდა დავასვენეთ, ხოლო მომავალ წელს ეს რიცხვი 30 ათასს გადააჭარბებს.

საბჭოთა დროს საქართველოში ჯარში სამსახური ყველას სძულდა და კარგად მესმის რატომ ხდებოდა ასე, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც იგივე გრძელდებოდა.

დღეს საქართველოს ჯარში სამსახურზე გრძელი რიგი დგას და ერთ ადგილზე რამდენიმე კაცი მოდის.

ცოტა ხნის წინათ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თანაც ერთმანეთზე უკეთეს ახალგაზრდებს აქვთ საკუთარი ქვეყნის არმიასა და ჯარში მსახურის სურვილი.

ეს ეროვნული სიამაყისა და ღირსების საოცარი გამოვლინებაა.

იცით, რომ წელს აჭარაში პირველად ჩავატარეთ ექსპერიმენტი და ბავშვებს სკოლის ფორმები შევუკერეთ, მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ ბათუმში მოხდა (შემდეგში ამას მთელი საქართველოს მასშტაბით ვაპირებთ).

ამ ოთხი დღის წინათ, როდესაც სოფელ მუხურში მივდიოდი, სოფლის ცენტრში ძალიან ლამაზ ფორმებში გამოწყობილი ბავშვების ჯგუფი შევნიშნე.

დავინტერესდი და შევიტყვე, რომ ეს მუხურის ისტორიული საშუალო სკოლის ფორმა იყო, რომელიც სკოლის დირექტორის მედეა ხუბულავას ინიციატივით, საკუთარი სახსრებით შეიკერეს.

ამით საოცრად მოვიხიბლე.

ამ დღეებში მოსახლეობას აქ საღებავები დაურიგეს და სენაკში ვნახე ქალბატონი ვალია ფანცულაია, რომელიც საკუთარ სახლს გულმოდგინედ ღებავდა.

აქ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ არც ერთ მათგანს უფასო საღებავი ბაზრობაზე არ გაუყიდია.

თითოეულმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ მათი ღირსება, საკუთარი თავისა და ქვეყნის პატივისცემა საკუთარი კარმიდამოს მოვლით იწყება.

ამას წინათ ონში ვიყავი და ადგილობრივი ფოლკლორული გუნდის შესრულებული სიმღერა მოვისმინე.

ეს გუნდი, შესრულების ხარისხით, ბევრი ქვეყნის ნებისმიერ აკადემიურ კოლექტივს აჯობებს.

სწორედ ონიდან პროცენტულად ყველაზე მეტი ახალგაზრდა მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში.

ონში რეპეტიტორის ფული არავის აქვს და მოსახლეობას ელექტროენერგია წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა და ყველაზე უკეთ ეროვნული გამოცდები სწორედ აქაურმა ბავშვებმა ჩააბარეს.

ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რა შეიცვალა საქართველოში და საით მიდის ქვეყანა.

ასევე მოვდიოდი სოფელ ლესიჭინეში, სადაც გზაზე შეკრებილ ხალხს პლაკატი ჰქონდა გაშლილი: "ბატონო პრეზიდენტო! თუ შეიძლება ერთი წუთით შეჩერდით".

რა თქმა უნდა გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და ლამაზად გამოწყობილი, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეს ბავშვთა გუნდი დამხვდა.

როგორც აღმოჩნდა, მათი პრობლემა იყო ის, რომ მუსიკის მასწავლებელი, რომელსაც ხელფასი ვერ გადაუხადეს, სოფლიდან წავიდა და მისი დაბრუნება და ხელფასით უზრუნველყოფა მთხოვეს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყველა მსგავსი გუნდისთვის სპეციალური ეროვნული პროგრამა ავამოქმედოთ და თითოეულ სახალხო კოლექტივს (მინიმუმ ასს), მომავალ წელს გამოვუყოთ ფული, რათა პირველ წელს ფორმებისა და ინსტრუმენტების (ასევე სარემონტო სამუშაოებისთვის) განახლება შეძლონ.

შემდეგი წლიდან დავიწყებთ დაფინანსებას, რათა ქართული ფოლკლორი, როგორც ყოველთვის, ისევ უნიკალური და საამაყო იყოს.

მეტი ეროვნული ღირსების გამოვლინება შეუძლებელია, ვიდრე ის, რაც ამ ცოტა ხნის წინათ კახეთში, სოფელ ნაფარეულის მცხოვრებლებმა გააკეთეს - მოსკოვის ვაი-კინემატოგრაფისტების ჯგუფი ჩამოვიდა, რა თქნა უნდა, კონკრეტული შეკვეთით, ჩუმად გადაიღეს ფილმი, რომელშიც ფეხქვეშ ითელებოდა არა მარტო პრეზიდენტის, არამედ მთელი ქვეყნის ღირსება.

თბილისში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ჩვენდამი მტრულად განყობილ ელემენტებსაც კი სიამოვნებით დაეხმარებიან - ერთ-ერთმა ასეთმა ადამიანმა შესთავაზა ამ კინემატოგრაფისებს ნაფარეულში ჩასვლა და დაპირდნენ, რომ გამგებლისთვის მიცემული გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოსახლეობა მათ კარგად შეხვდებოდა და ქართველების მიერ მათი ეროვნული ღირსების ფეხქვეშ გათელვის ფაქტებს ფირზე აღბეჭდავდნენ, რომელსაც შემდეგ მთელი რუსეთის დასაცინად, ტელევიზიით აჩვენებდნენ.

თუმცა, თუ რა პასუხი გასცა მათ ნაფარეული მოსახლეობამ (რომელიც სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა) ეს მთელმა საქართველომ და რუსეთმაც ნახა.

იმ ხალხს, ვინც ეს კინემატოგრაფისტები თბილისიდან გააგზავნა, ღირსების განცდა არ გააჩნია, ნაფარეულის მკვიდრთ კი აქვთ და საკადრისი პასუხი მათ ყველას დასანახად გასცეს.

სახელმწიფო თვითშეგნების ძალიან ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია.

თუნდაც, როგორ გამოეხმაურენ ქართველი ბიზნესმენები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას უფასო სასადილოების გახსნასთან დაკავშირებით.

დღესაც ზუგდიდში ახალი სასადილო გავხსენით იმ ძალზე დამსახურებული ხალხისთვის, ვისაც საკუთარი გამოკვების საშუალება არა აქვს.

უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 100 ასეთ სასადილოს გავხსნით.

ცინიკოსების ქილიკის მიუხედავად (და ჩვენ გვყავს ხალხი, რომელიც ეროვნულ ჰიმნს აბაიბურებს და პაროდიებს აკეთებს, დროშასა და ეროვნული სიმბოლოების გამოვლინებას დასცინის) მთელმა საქართველომ, პატარა ბავშვმაც კი, იცის თავისი ჰიმნი.

ასეთი ქვეყანა მსოფლიოში ძლიან ცოტაა.

თქვენ გახსოვთ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ პრეზიდენტ ბუშის ვიზიტისას, როდესაც ამერიკელების მიერ ჩამოტანილი ხმის აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა, ასი ათასზე მეტმა ადამიანმა აიტაცა და მსოფლიოს ყველა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ერთხმად იმღერა.

ძალიან ცოტა ერის ისტორიაში თუ ყოფილა ასეთი ლამაზი და ამაღელვებელი წუთები და მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ჩვენი ერის განსაკუთრებული ღირსება და თვისება.

ამ ზოგადი ფასეულობების გარდა, ორი წლის წინათ, რევოლუციის დროს დაწყებული და დღეს მიღწეული მონაპოვრები, კონკრეტულ შედეგებშიც გამოიხატება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, მოდით მაინც ჩამოვთვალოთ რას მივაღწიეთ.

ჩვენმა ხალხმა მართლაც შეძლო, რომ ქვეყნის ბედის ბორბალი წაღმა დაეტრიალებინა.

ჩვენი ხალხის გამარჯვების შედეგია ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ხუთჯერ გაიზარდა.

გაორმაგდა და დროულად გაიცემა პენსიები, მრავალწლიანი საპენსიო და სახელფასო დავალიანებები კი, თითქმის, მთლიანად გავისტუმრეთ.

პირველად, დამოუკიდებლობის შემდეგ, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა ყველა მოსამსახურის ხელფასი, ბოლო მასწავლებელთა კატეგორია იყო, რომელსაც ეს არ ჰქონდა, მაგრამ დღეს მათიც და სხვათა ხელფასები საარსებო მინიმუმს აღემატება.

ჩვენ უკვე ვართ სახელმწიფო, რომელიც ყველა დაქირავებულ პირს იმ ოდენობის ხელფასს უხდის, რომ აღარავინ მოიპაროს.

ჩვენ დავდეთ პირობა, რომ პენსიების ზრდა გაგრძელდებოდა და ამ პირობასაც ვასრულებთ - ჩვენს პარლამენტარებს მალე საკუთარი პენსიის ცოტათი შემცირება, ხოლო მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასების ზედა ზღვარის დადაბლება მოუწევთ, მაგრამ სანაცვლოდ, ასობით ათას ყველაზე დაუცველ ადამიანს მომავალი მარტიდან ისევ გავუზრდით პენსიას და მთელი წლის განმავლობაში ეს ზრდა 28-დან 38 ლარამდე გაგრძელდება.

ვიცი, რომ ეს ბევრი არ არის, მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენ სიღარიბის დაძლევის პროგრამას ავამოქმედებთ.

ამისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარია გათვალისწინებული და ჩვენს ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც სხვა შემოსავლის წყარო არა აქვთ და, თეორიულად, არც შეიძლება, რომ ჰქონდეთ, ამ პროგრამის ფარგლებში, პენსიას 38 ლარიდან საარსებო მინიმუმამდე გავუზრდით.

ჩვენი ხალხის გამარჯვების შედეგია ის, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უფასო სასწრაფო დახმარების სამსახური გვაქვს.

აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა, რომელიც 70 წელს არის გადაცილებული, მითხრა - მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად ვგრძნობ და ჯანმრთელობას არ ვუჩივი, ჩემის სახლის წინ რამდენჯერმე ჩავლილ სასწრაფოს მანქანას რომ ვხედავ, სიმშვიდეს მეუფლება და იმედი მეძლევაო.

თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრ, ჩვენზე გაცილებით მდიდარ ქვეყანასაც კი, უფასო სასრაფო დახმარების ფუფუნება არა აქვს.

ჩვენ ეს მაინც გავაკეთეთ.

შენდება ახალი სამედიცინო დაწესებულებები, უფასო ამბულატორიები, მთელი რიგი, მათ შორის, მძიმე დაავადებების (ტუბერკულოზი, ინფექციური და ფსიქიატრიული დაავადებები) მკურნალობა უფასოა.

საქართველოში დიაბეტით დაავადებულთათვის, რაც ადრე არ იყო, სახელმწიფოს ხარჯზე 12 ათასი ადამიანისთვის, ვისაც ინსულინი სჭირდება, მკურნალობა უფასოა.

15 წლამდე ბავშვებისა და 75 წელს გადაცილებულთათვის პოლიკლინიკებში მკურნალობა უფასოა.

სამ წლამდე ბავშვებისათვის სტაციონარული მკურნალობა უფასოა.

ბავშვებისთვის კარდიოქირურგიული ოპერაციები უფასოა.

საქართველოში მშობიარობა არის უფასო.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველად, გლეხები მიწისა და დამატებითი ღირებულების გადასახადებისგან გავათავისუფლეთ.

ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ კახეთში უკეთესი რთველი ყოფილიყო - მართალია, იდეალური არ იყო და უკეთესს ვამჯობინებდი, მაგრამ, ამ მხრივ, ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა.

ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ 1970-იანი წლების შემდეგ, პირველად სწორედ ჩვენ დავიწყეთ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ის პირები, რომლებიც ყალბ საბუთებს გასცემდნენ სისხლის სამართლის პასუხიგებაში მივეცით.

ჩვენს გლეხებს ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა გავუხსენით და წელს, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტ ღვინოს გავყიდით.

ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადამამუშავებელი ქარხნები იხსნება.

ამას წინათ, აგარაში ახალი გადამამუშავებელი ქარხანა გავხსენი და კიდევ ერთი ქარხანა ახლო მომავალში გაიხსნება.

აჭარაში ციტრუსების გადამამუშავებელი ქარხანა შენდება, სხვათა შორის, მანდარინზე ფასი მკვეთრად გაიზარდა.

ეს ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და დასაქმების პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს.

ორი დღის წინათ, ფოთში წისქვილკომბინატი მოვინახულე, რომელიც წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველად ამუშავდა. იქ შესული ხორბლის 70 პროცენტი ქართული წარმოებისაა.

ბიზნესის განვითარებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეს საქართველოში ბიზნესმენებს წილში ვერავინ ჩაუჯდება და თუკი ასეთი რამ მოხდება, ამის გამკეთებელი ჩემი მოწინააღმდეგე და საქართველოს მტერი გახდება.

მთავარი პრობლემა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უმუშევრობაა და პირადად მე, განათლების მინისტრს დავავალე, რომ მომავალი წლისთვის ხალხის გადამზადების ცენტრების შექმნას.

ეს ცენტრები არა მარტო ახალგაზრდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, არამედ ყველა ასაკის ხალხისთვისაც.

ამ ცენტრების შესაქმნელად რამდენიმე თვე დაგვჭირდება, რადგან უპირველეს ყოვლისა პედაგოგები უნდა მოვამზადოთ (საქართველოში პროფესიონალების აღარ დარჩა).

ჩვენ ასობით ათასი მუშახელი დაგვჭირდება, სერვისისა და მშენებლობის სექტორში, დაგვჭირდება გზებისა, ხიდებისა და გვირაბების სპეციალისტები, ასევე კომპიუტერის სპეციალისტები, ამისათვის კი ხალხი ხელახლა უნდა მოვამზადოთ.

საქართველოში პროფესიული განათლება დიდი ხანია განადგურდა და აუცილებელია ამის აღორძინება.

როგორც ეროვნული გამოცდები ჩავატარეთ კარგად, ესეც მაღალ დონეზე უნდა გაკეთდეს.

ეს დავალება განათლების სამინისტრომ უკვე მიიღო და სიტყვას გაძლევთ, რომ მომავალ წელს ყველა ადამიანს, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლებისა და კვალიფიკაციის მიღების სურვილი ექნება, ყველა პირობას შევუქმნით.

პარლამენტში ახალი კანონპროექტი შემაქვს, რომლის მიხედვითაც, ძალიან ბევრი ნორმის სრული ლიბერალიზაცია მოხდება, რაც ბიზნესის ლეგალიზაციას შეუწყობს ხელს.

წელს, პირველად, საქართველოში მთელი პოსტ-კომუნისტური სივრცისთვის სამაგალითო, განათლების რეფორმა განხორციელდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში ჩაწყობისა და კორუფციის გარეშე უმაღლეს სასწავლებელში ვინმე ჩაირიცხებოდა.

ამ წლიდან კი, ვეღარავინ წარმოიდგენს, რომ ჩაწყობითა და კორუფციით უმაღლეს სასწავლებელში როდესმე ვინმე მოხვდება.

ეს უკვე სულ სხვა ფასეულობებზე აღზრდილი ახალგაზრდა თაობაა.

ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია და მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული გამარჯვებაა.

რევოლუციის შემდეგ 28 ახალი სკოლა აშენდა, ხოლო კაპიტალურად გარემონტდა 180 სკოლა.

მინდა მომავალი წლისთვის სკოლების შეკეთების ახალი პროგრამა შევიმუშავოთ, 300-მდე სკოლის მაღალ დონეზე შეკეთებას და ინვენტარის გამოცვლასაც ვგეგმავთ.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ყველა სკოლის სრული კომპიუტერიზაცია და ინტერნეტიზაცია მოხდეს და ჩვენ ამასაც გავაკეთებთ.

ეს პროგრამა უკვე დაწყებულია - წელს აჭარაში ეს პროცესი დასრულდება.

მომავალ წელს ასეთივე პროგრამის დასრულებას სამეგრელოსა და კახეთის უმთავრეს ნაწილებში ვაპირებთ.

მთლიანობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ეს პროგრამა სამ წელიწადში დასრულდება.

ამას წინათ, შატილის ახალ სკოლაში კომპიუტერები ვნახე და მინდა ვთქვა, რომ კომპიუტერთან მჯდომი ბავშვი შატილსა თუ ბათუმში, იგივეა, რაც კომპიუტერთან მჯდომი ბავშვი ჰონკონგში, ან ნიუ-იორკში.

აქ უკვე ტალანტისა და ინტელექტის შეჯიბრი გაიმართება და ამ შეჯიბრში ქართველები ტოლს არავის დავუდებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში სრულიად ახალი შესაძლებლობები გაგვეხსნება.

მე ვნახე ის ხის სკოლა, რომელიც შატილში ავაშენეთ და მსგავსი სოფლებისთვის 100 ახალი ხის სკოლის აშენებას ვაპირებთ.

თუ ქართული ბიზნესი ამას დაძლევს, შეკვეთას მივცემთ და თუ პროგრამა კარგად იმუშავებს, ყოველწლიურად 100-150 თანამედროვე ხის სკოლას ავაშენებთ.

გვინდა სპეციალური ავტობუსებიც დავნიშნოთ და იქ, სადაც ბავშვებს სკოლაში მისასვლელად 2-4 კილომეტრის ფეხით უწევთ გავლა, სკოლის ავტობუსებით ვატაროთ - თქვენ ამის მოწმეც გახდებით.

ვამაყობ, რომ პირველად, რევოლუციის შემდეგ, წელს განხორციელდა ის, რომ არა უცხოელებმა და საქველმოქმედო ფონდებმა, არამედ ქართულმა სახელმწიფომ ქართველები საზღვარგარეთ სასწავლებლად საკუთარი ხარჯით გაუშვა.

ესეც ჩვენი ერთ-ერთი დიდი გამარჯვებაა.

მთელ ქვეყანაში აღმშენებლობის არნახული პროცესი მიმდინარეობს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში საგზაო მშენებლობა ისეთი ტემპით არ გაჩაღებულა, როგორც წელს.

საქართველოში 500 კილომეტრი ახალი გზა დაიგო, ხოლო 4 ათასი კილომეტრი - კაპიტალურად შეკეთდა.

რემონტდება ხიდები, ხოლო ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად აშენდა გვირაბი.

ჩვენი მთავარი ქალაქები შენდება, ნათდება და ლამაზდება.

ნახეთ როგორი ლამაზია თბილისი!

ვინც დასავლეთში გამოივლის, ყველას ვთავაზობ, რომ შეიაროს და ღამის სენაკი ნახოს.

ვერავინ წარმოიდგენს, რომ საქართველოს რომელიმე ქალაქის მსგავსი სახეცვლილება შესაძლებელი იყო.

ასობით ახალი სკვერი, სათამაშო მოედანი და სპორტული მოედანი აშენდა.

ბორჯომის პარკი ბოლომდე განადგურებული, დანგრეული და პროფკავშირების მიერ "პრიხვატიზირებული" და მიტაცებული იყო.

ეს პარკი ამ ორგანიზაციას ჩამოვართვით და ისეთი პარკი ავაშენეთ, როგორიც ამერიკელებს, ფრანგებს და სხვა განვითარებულ ქვეყნებსაც კი შეშურდებათ.

ჩვენი პოლიციის რეფორმას ისტორიული მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტ-კომუნისტური სივრცისთვის.

ამერიკელების მიერ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, დღეს ქართული პოლიციის ნდობის რეიტინგი 75 პროცენტია.

ასეთი რეიტინგი მხოლოდ სკანდინავიის ქვეყნების პოლიციას თუ აქვს, ევროპაში არსად სხვაგან, მსგავსი არ ყოფილა.

მინდა გითხრათ, რომ მათ ეს ნდობა დამსახურებულად მოიპოვეს - ეს არის ზრდილობიანი, გამართული, მოწესრიგებული, წესიერი და მოტივირებული პოლიცია.

ეს არის პოლიცია, რომელმაც, მაგალითად, გუშინ ცხინვალის ციხიდან ორი პოლიტ -პატიმრის გათავისუფლების უნიკალური ოპერაცია განახორციელა.

ეს არის პოლიცია, რომელმაც ამავე რეგიონში ზაფხულში ორი ტერორისტი დააკავა და ძალიან ბევრ საშიშ დამნაშავეს პასუხი მოთხოვა.

ეს არის პოლიცია, რომელმაც საქართველოში ორგანიზებული დანაშაული დაამარცხა - ჩვენს ქვეყანაში ვერც ერთი სერიოზული კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფლად ვერ გადაადგილდება.

მსგავს შედეგს ვერც ერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ვერ მიაღწია.

ჩვენ ამას მივაღწიეთ და ამ გზაზე უკან დახევას არ ვაპირებთ.

ვინც რა არ უნდა თქვას, დამნაშავეობასთან, კანონის ფარგლებში ძალზე ულმობელი ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

ჩვენი ხალხის გამარჯვების შედეგია ის, რომ საქართველოში ნამდვილი, ძლიერი ჯარი ჩამოვაყალიბეთ.

გუშინ სამეგრელოს ტერიტორიაზე, პირველად, ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, სენაკის დიდი სამხედრო ნაწილი გავხსენით.

ძალზე გამახარა იმ ფაქტმა, რომ ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე, კოპენჰაგენში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო ამ ორგანიზაციის წევრობის კანდიდატად პირველად დაასახელა.

ადრე ეს საჯაროდ არასოდეს არ თქმულა.

საქართველოსთვის კი, ნატო-ს წევრობა, რაც უახლოეს წლებში შეიძლება განხორციელდეს (არ დაგიმალავთ, ორი წლის წინათ, ეს პირადად მეც წარმოუდგენელ ოცნებად მიმაჩნდა), ყველაზე ძლიერი პოლიტიკური სამხედრო ბლოკის მიერ საქართველოს საზღვრების ურღვეობის დაფიქსირებას ნიშნავს.

წელს ჩვენ რუსეთის ბაზების გაყვანა დავიწყეთ, დავდეთ დიდი პოლიტიკური ხელშეკრულება, რაც მრავალი თაობის ოცნება, მათ შორის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ანდერძის ნაწილიც იყო.

ვამაყობ, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოცნებისა და ანდერძის აღსრულების დღეს, შემიძლია მის სულს და გმირის შთამომავლებს მოვახსენო: ანდერძის არა მარტო ის ნაწილი შესრულდა, რომ ქაქუცას ნეშტი თავისუფალი საქართველოს მიწას დაუბრუნებოდა, არამედ ისიც, რომ საქართველო უცხოური შეიარაღებული სტრუქტურებისგან გათავისუფლებულიყო.

ჩვენი ხალხის გამარჯვების შედეგია ის, რომ არა მხოლოდ დავიბრუნეთ აჭარა, არამედ მისი აღმშენებლობის არნახული პროცესიც დავიწყეთ.

ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც კი, დღეს გაჩუმებული არიან, რადგან სათქმელი არაფერი აქვთ.

აჭარაში, წარსული პრობლემების მიუხედავად, მშენებლობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოუდგენელი ტემპით მიმდინარეობს.

ბევრად უფრო მეტის ჩამოთვლა შეიძლება: მაგალითად, რამდენად წინ წავიდა ქართული კულტურა; როგორ აღორძინდა ქართული ბალეტი, რომელიც სულ რაღაც ერთ წელიწადში მსოფლიო არენაზე გავიდა; როგორ განახლდა ჩვენი თეატრები და კულტურის სახლები; პირველად, მრავალი წლის შემდეგ, მასიურად იხსნება კინოთეატრები.

კინოთეატრი დღეს ზუგდიდშიც გავხსენით, მეც იმ ბავშვებივით ბედნიერი ვიყავი, რომლებთან ერთადაც მულტიპლიკაციური ფილმი ვნახე და უნდა ვთქვა, რომ თავი პარიზში, ლონდონში, ან სხვა ნებისმიერ მსგავს ქვეყანაში მეგონა.

დღეს ზუგდიდში პროკურატურა გავხსენით, რომელიც მართლაც, საუკეთესო გერმანულ, ჰოლანდიურ პროკურატურას ჰგავს.

სხვათა შორის, ზუგდიდის პროკურორი და სამხარეო პროკურატურის ხელმძღვანელი როლანდ ახალაია ნამდვილი გმირია, რადგან მან 2-3 წლის წინათ შევარდნაძის რეჟიმს გამოწვევა ესროლა - პოლიციისა და პროკურატურის რეფორმის ჩემეულ ვარიანტს მხარი დაუჭირა და ამისათვის სამსახურიდან გააგდეს, თუმცა მას უკან არ დაუხევია.

შედეგად ჩვენ ახალი პროკურატურა, ახალი პოლიცია მივიღეთ და დღეს ის სამხარეო პროკურორია.

მიმაჩნია, რომ იმ კადრების დაფასება, რომლებმაც ყველაზე რთულ წლებში რეფორმატორული და წესიერი სულისკვეთება შემოგვინახეს, ჩვენი ერთ-ერთი მიღწევა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანაა.

ყველა ეს წარმატება, რომლითაც რევოლუციის ორი წლისთავზე თქვენს წინაშე წარვსდექი, მთავრობის სატრაბახო და დასაკვეხნი, ჩემი ან მთლიანად ხელისუფლების მიღწევა არ არის.

ეს ქართველი ხალხის საერთო გამარჯვებაა და ეს არის ის, რისთვისაც ვარდების რევოლუციის მონაწილეებს მრავალი საუკუნის შემდეგაც ეტყვიან მადლობას.

არსებობენ ცინიკოსები, რომლებიც ჩვენს გამარჯვებებს მუდმივად აქილიკებენ და ტალახში სვრიან.

ვიცი, რომ ტალეარხებით მუდმივად მიმდინარეობს დებატები და მათი უმეტესი ნაწილი საკმაოდ კრიტიკულია, მაგრამ ამ დებატების დროს სულ მახსენდება დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები.

ასეთ ხალხს ილია შემდეგნაირად ახასიათებდა: "ჩვენში იმსთანები არიან, რომ სახელად მიაჩნიათ გამოვიდნენ და იყვირონ - დღისით დღე არ არის და ღამით ღამეო; თითქოს მარტო იმისათვის, რომ ბალღებს მოაწონონ თავი და ტაშის ცემით ათქმევინონ - აი უარმყოფელი და, მაშასადამე ბრძენი! თორემ გონებაში ჩავარდნილი კაცი ამ უარმყოფელს უმალ მიუჩენდა საკუთარ ადგილს".

ასეთი ხალხი ხომ მრავლად არის და რა უნდა ვქნათ?

ისევ ილიას დავესესხები: "ბრიყვსა და სულელს რომ შენი ჭკუა უჩვენო, მხოლოდ ერთი გზა გაქვს - ხმა არ გასცე და საქმე აკეთო. ენა ყველასა აქვს, ჭკუა ცოტას. ერიდე დავას მოლაყბეებთან!"

ეს არის ჩემი რჩევაც ყველა ჩემი თანამებრძოლისთვის მიცემული.

ამ ხალხისათვის და სხვა ქვეყნებში ჩვენი არაკეთილმოსურნეთათვის ჩვენი პასუხი კი ის იქნება, რომ ჩვენს თაობებს და შვილიშვილებს ვათქმევინოთ - თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციის პერიოდში ცხოვრობდა ის თაობაა, რომლის დროსაც საქართველო ნამდვილი სახელმწიფო გახდა; ეს არის თაობა, რომლის დროსაც თანამედროვე ქართული პოლიცია შეიქმნა; ეს ის თაობაა, რომელმაც საქართველოში ძლიერი ჯარი ჩამოაყალიბა; ეს არის თაობა, რომლის დროსაც ჩვენი ქვეყანა უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთებისგან გათავისუფლდა; ეს არის თაობა, რომლის დროსაც საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდა (ჩვენ ამას რამდენიმე წელიწადში მივაღწევთ); ეს არის თაობა, რომლის დროსაც ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დადგა; ეს არის თაობა, რომლის დროსაც სოფლის მეურნეობა განვითარდა და მოწინავე გახდა; ეს არის თაობა, რომელმაც სამართლიანი განათლების სისტემა და სამართლიანი სოციალური მოდელი შექმნა; ეს არის თაობა, რომელმაც მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები შექმნა.

და რაც მთავარია, ჩემო ძვირფასებო, ყველა ვინც დღეს მიყურებთ, მინდა დაფიქრდეთ - ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ისტორიაში შევიდეთ, როგორც თაობა, რომლის ძალისხმევითა და უშუალო მონაწილეობით, პირველად, დავით აღმაშენებლის ეპოქის შემდეგ, საქართველო ხელახლა გაერთიანდა.

ამ გზაზე ბევრი სირთულე შეგვხვდება, ამას გულწრფელად გეუბნებით.

როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენი შემოსავალი, ერთ სულ მოსახლეზე, იგივე იყო, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ეხლა ისინი 4-5-ჯერ გვისწრებენ, ხოლო რუსეთი 2-3-ჯერ გვისწრებს.

იმისათვის, რომ ეს ჩამორჩენა უკან მოვიტოვოთ და მათ გავუთანაბრდეთ, ყოველწლიურად დიდი ტემპით უნდა ვიზრდებოდეთ.

ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ვინგრეოდით, და ამის გამოსწორებას დრო დასჭირდება.

წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, თითქმის, 9 პროცენტს შეადგენს.

რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი (უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას ნავთობი აქვს და ამის გამო უფრო სწრაფად უნდა ვითარდებოდეს) მხოლოდ 5 პროცენტია, უკრაინის ანალოგიური მაჩვენებელი, სამწუხაროდ, მხოლოდ ნულსა და 2 პროცენტს შორისაა.

ნავთობის გაძვირების მიუხედავად, რაც დიდ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ თითქმის 9 პროცენტს მივაღწიეთ.

თუმცა იმისათვის, რომ ლიტვას, ლატვიას, ესტონეთსა და თუნდაც რუსეთს დავეწიოთ, ყოველწლიურად, 6-7 წლის განმავლობაში, ასეთი, ან უფრო მეტპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება.

ჩვენნაირი ეკონომიკის პირობებში მეტი ზრდა წარმოუდგენელია, რადგან 100 პროცენტიანი ზრდა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ეკონომიკაში არ მომხდარა და ამ მხრივ, არც საქართველო იქნება გამონაკლისი.

ე.ი. ჩვენ რამდენიმე წლიანი სტაბილური, თანმიმდევრული ზრდა გვჭირდება.

ამას კი, მოთმინება, ურთიერთთანადგომა, დიდი სიბრძნე და საქმისადმი შორსმჭვრეტელი მიდგომა გვესაჭიროება.

ჩვენ უკიდურესად მომთმენნი უნდა ვიყოთ, რადგან წინ ძალიან ბევრი სირთულე გველოდება.

ჩვენზე დიდი ზეწოლა განხორციელდება, რადგან ყველა მიხვდა, მათ შორის, ჩვენი არაკეთილმოსუნეებიც, რომ შეგვეძლია ჩვენი ქვეყანა წარმატების მოდელად ვაქციოთ.

საქართველოს მთელი მსოფლიო, მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცე უყურებს.

ვეღარავინ ამბობს ჩვენზე, როგორც ერთი წლის წინათ ამბობდნენ, რომ ჩავფლავდებით, რადგან ჩვენი ქვეყანა ფეხზე დგება.

თუმცა ჩვენი არაკეთილმოსურნე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო წელში ვერასდროს გაიმართოს, რადგან მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცესა და მეზობელ ქვეყნებში (ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებს ვგულისხმობ) ეს თავისუფლების ერთ დიდ ტალღას გამოიწვევს.

ამისათვის დიდი გამძლეობა და მოთმინება გვჭირდება.

რევოლუციის ორი წლისთავზე, მსურს, სწორედ ამისკენ მოგიწოდოთ.

ჩვენ უნიკალური შანსი გვაქვს, მაგრამ, სხვაგვარად, ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ.

მთავარი, რასაც ეკონომიკური ზრდის პირობებში გპირდებით არის ის, რომ ყველა შემოსავალი თანაბრად განაწილდება, მთელი ფული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ჩვენი ბავშვების განათლებას, მოხუცებულთათვის უკეთესი პირობების შექმნას მოხმარდება.

იმისათვის, რომ საქართველო რეალურად გახდეს განვითარებული ქვეყანა, იმისათვის, რომ ჩვენი მილიონნახევარი მოქალაქე დავიბრუნოთ, გავმთლიანდეთ და ჩვენი მთავარი სანუკვარი ოცნება ავისრულოთ, თითოეულ ჩვენგანს მუხლჩაუხრელი შრომა მართებს.

ჩვენი სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება და ჭეშმარიტი არსი კი, სწორედ ეს არის.

მსურს გითხრათ, ბოლო დღეების განმავლობაში სამეგრელოს რეგიონში დავდივარ და ჩემი მეგობრებმა და ჟურნალიტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ზუგდიდიდან ჩავჯდებოდი ავტობუსში და თანამებრძოლებთან ერთად ორი წლის წინანდელ მარშრუტს გავიმეორებდი.

ვფიქრობ, რომ მსგავსი თეატრალური ჟესტები სხვა პოლიტიკოსებს უნდა დავუტოვოთ, მით უმეტეს, რომ ამის მსურველი და მოყვარული ბევრია.

ჩვენ ერთხელ უკვე წავედით ზუგდიდიდან თბილისში და საქართველოს დედაქალაქი გავათავისუფლეთ.

თბილისის გათავისუფლების გარეშე, ბათუმს ვერ გავათავისუფლებდით, მაგრამ დღეს აქ უკვე სხვა მარშრუტი გვაქვს - შემდეგ ჯერზე სამეგრელოდან ჩვენი მესამე დიდი ქალაქის, სოხუმისა და ჩვენი აფხაზეთის გასათავისუფლებლად წავალთ.

ეს ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება და მიზანია.

ჩვენი აღქმული მიწა აქდან რამდენიმე კოლომეტრშია და მას აფხაზეთი ჰქვია.

ჩვენი სახელმწიფოს დანიშნულება აფხაზეთისა და აფხაზების დაბრუნებაა.

მთელი ჩვენი ძალების მობილიზაცია რომ დაგვჭირდეს, ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, მთელი შიდა რეზერვი უნდა გამოვიყენოთ, შეუძლებელი შევძლოთ და ეს გავაკეთოთ.

ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგან ამის წინააღმდეგი ძალზე მძლავრი ძალა იქნება, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა და საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეროვნების წარმომადგენელმა ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოვახერხეთ სასწაულის მოხდენა.

წმიდა გიორგის მფარველობითა და ქართული ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ თავისუფლებისა და წარმატების ტალღას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აუცილებლად გავავრცელებთ, ისევე, როგორც ეს ევროპის საგრძნობ ნაწილზე მოვახერხეთ.

ჩვენი აღქმული მიწა, ჩვენი აფხაზეთი ჩვენგან შველას ითხოვს.

საქართველო ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ იქნება და ვერც აფხაზეთი იქნება წარმატებული, თუ ის საქართველოს სრულფასოვანი თანასწორი სუბიექტი არ გახდება.

ჩვენ ბევრი ადამიანი გვყავს თბილისშიც და სხვაგანაც, ვისთვისაც ყოველდღიური კინკლაობა, ერთმანეთის ლანძღვა და პირადი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასი აფხაზეთი.

მართალია, ასეთები სრულ უმცირესობაში არიან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, ტელევიზიით ისინი უფრო ჩანდნენ.

ჩვენ, საქართველოს პატრიოტები, ჩვენ, ვისაც ჩვენი სამშობლო გვიყვარს, ვისაც ღირსება და თავმოყვარეობა გვაქვს, აუცილებლად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს - თავისუფლებისა და დემოკრატიის ტალღა, რომლის გავრცელება ზუგდიდიდან დაიწყო და თბილისსა და ბათუმს მიაღწია, აუცილებლად გადაედება სოხუმს და საქართველო მთლიანი, თავისუფალი, ბედნიერი და წარმატებული იქნება.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)