Google+

გამოსვლები და განცხადებები

04.03.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაკურიანში სათხილამურო ტურნირის „სუხია 2006-ის“ დახურვის ცერემონიას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაკურიანში სათხილამურო ტურნირის „სუხია 2006-ის" დახურვის ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტმა თავადაც ისრიალა და სათხილამურო ტრასაზე პროფესიონალ და მოყვარულ სპორტსმენებს შეხვდა. ტურნირის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეებსა და იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

"ჩვენ მალე ევროპული კურორტი გავხდებით.

მსოფლიოში სათხილამურო კურორტები ძალიან ცოტაა.

ამ კურორტების სახით, საქართველო ნამდვილი ოქროს საბადოა.

ჩვენ კი, ეს საბადო ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. საქართველო ტურიზმის ქვეყანაა. რამდენიც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ხვალ აქ ომი დაიწყება და უბედურება მოხდება, ეს ასე მაინც არ იქნება.

ჩვენ ნორმალური, მხიარული, ჭკვიანი ხალხი ვართ, რომელსაც კარგი ცხოვრება უყვარს.

როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ფეხზე დავაყენებთ. ჩვენს კურორტებს, რაც კი მე საერთოდ მინახავს, არც ერთი სხვა კურორტი არ ჯობია. წელს აპრილის თვეში, გუდაურში მეორე საბაგირო გზა, ხოლო ბაკურიანში მეორე, ორჯერ უფრო გრძელი საბაგირო გზა გაკეთდება. ბაკურიანში ჩვენ ევროპული დონის საბაგიროებს გავაკეთებთ. სექტემბრის თვეში, ბაკურიანში სავალი გზა გაკეთდება და მე ამის პირობას გაძლევთ.

ჩემი სურვილია ქართველებმა, რუსებმა, უკრაინელებმა, ყაზახებმა ნორმალური გზით იარონ, რათა მიხვდნენ, რომ საქართველო თავისი სათხილამურო ტრასებითა და საბაგირო გზებით ევროპაში ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა.

კომუნისტებმა 80 წლის განმავლობაში მხოლოდ სამი ტრასა გააკეთეს. ჩვენ კი, ბოლო ორ წელიწადში გუდაურსა და ბაკურიანში გაცილებით მეტი ტრასები გავაკეთეთ.

ორი დღის წინ მე ჩვენი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი მივიღე.

ას კაცში ჩვენმა მოთხილამურემ აბრამიშვილმა 29-ე ადაგილი დაიკავა. ეს ძალიან ცოტაა, იგი ჯერ ჩვიდმეტი წლისაა.

ჩვენი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი რუსეთში ემზადებოდა. რუსებმა მას კარიერის გასაგრძელებლად რუსეთის მოქალაქეობის მიღება შესთავაზეს.

ჩვენ კი, მას ამერიკელი მწვრთნელი და უცხოეთში სწავლის გაგრძელება შევთავაზეთ, რათა მან შემდეგ ოლიმპიადებში საქართველოს სახელით ოქროს ან ბრინჯაოს მედალი მოიპოვოს.

ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც ჯანსაღი სული და სპორტული ჟინია. ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ, იმიტომ რომ ყველაზე ჭკვიანი და გაბედული ხალხი გვყავს, რითაც ყველაზე მეტის მიღწევა შეგვიძლია. წელს საქართველოს ხელისუფლება ბიზნესმენებთან ერთად რამოდენიმე სათხილამურო ტრასას გააკეთებს.

ჩვენ ოლიმპიადის საქარველოში ჩატარებისთვის ვიბრძოლებთ.

ჩვენთვის ოლიმპიური ჩემპიონების გაზრდა კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ საღად მოაზროვნენი, მხიარულნი, ბედნიერნი და საკუთარ ძალებში დარწუმებულნი ვიყოთ.

ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ, ვერავინ ვეღარასოდეს დაგვჩაგრავს და დაგვცინებს. ვერავინ შეძლებს ჩვენი ჩემპიონების გადაბირებას.

ყველას დავუმტკიცებთ, რომ სპორტულები, წარმატებულები და ევროპელები ვართ.

თქვენი პრეზიდენტი ამ ქვეყნის მთავარი სპორტსმენი არ არის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ოცი პროცენტი თუ ისრიალებს ისე, როგორც სრიალებს ქვეყნის პრეზიდენტი, ირბენს ისე, როგორც მე ჩვენს ჯართან ერთად დავრბივარ და კალათბურთს ითამაშებს ისე, როგორც მე ვთამაშობ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სპორტული და საინტერესო ხალხი ვართ.

მე არ მაქვს ჩემპიონობის პრეტენზია, თუმცა ჩემი პრეზიდენტობის დროს ბევრი ჩემპიონი უნდა გაიზარდოს. თქვენთან ერთად მე ამის პრეტენზიაც და დასახული მარშრუტიც მაქვს.

ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ, ამიტომ ასპარეზზე არ უნდა გამოვიდეთ იმისათვის, რომ წავაგოთ.

თავისუფლება დასახული მიზნის ბოლომდე მიღწევას და მთელი მსოფლიოსთვის ქართველობის და შეუპოვრობის დამტკიცებას ნიშნავს.

გპირდებით, რომ შემოდგომაზე ბაკურიანში ხელოვნური თოვლის მანქანები, ახალი სათხილამურო ტრასები, ხოლო გუდაურში ახალი საბაგირო გზა იქნება.

ჩვენ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ხოლო დანარჩენი თქვენ - ყველაზე მაგარმა ქარველებმა უნდა შეძლოთ.

მომავალი გამარჯვებისაკენ მოგიწოდებთ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)