Google+

გამოსვლები და განცხადებები

25.04.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენერგეტიკული კომისიის სხდომა გამართა

საქართველოს მთავრობას უახლოეს პერიოდში ორი ძირითადი დავალება ექნება შესასრულებელი.

პირველი არის ის, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ვამზადებთ ტენდერს და ჩვენი ამოცანაა, საქართველოში წელს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყება მოვახერხოთ.

უნდა გვესმოდეს, რომ ენერგეტიკის განვითარების მთავარი მიმართულება ჰიდროელექტროენერგიის რესურსების შექმნაა.

დანარჩენი ყველაფერი, ამასთან შედარებით, დამხმარე და მეორეხარისხოვანია.

ჩვენი პირველი ამოცანა იყო დისტრიბუციის სისტემის აწყობა და შესაბამისად მისი პრივატიზაცია, ხოლო დღევანდელი ამოცანაა, რომ ეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე გავრცელდეს.

ჰიდროელექტროსადგურები საქართველოს მომავალია, ამიტომ ყველა დამატებითი სტიმული აქეთ უნდა მივმართოთ, ხოლო ამასთან დაკავშირებიული ყოველგვარი დაბრკოლება კატეგორიულად და პრინციპულად უნდა მოიხსნას.

ყველა ინვესტორთან საუბრისას, ყურადღებას საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხებზე ვამახვილებთ.

მეორე საკითხი ელექტროენერგიის ტარიფებს შეეხება.

თქვენ იცით, რომ დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთვის მოწოდებული ბუნებრივი გაზის ფასი გააორმაგა.

ძალიან დიდი საბიუჯეტო სუფსიდიის შედეგად, ზამთარში ელექტროენერგიის თითოეული მომხმარელისთვის დენის ფასის უცვლელად შენარჩუნება მოვახერხეთ.

თუმცა, ბუნებრივია, ეს მუდმივად არ გაგრძელდება, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ენერგეტიკის ფასების მიმართ სწორი პოლიტიკა ჩამოვაყალიბოთ.

სრულიად გასაგებია რუსეთის მოტივაცია - თითოეულ ქართულ ოჯახს უფრო მეტი პრობლემა შეუქმნას.

ღვინისა და ხილის ბლოკადით, ვიზების გაცემის შეზღუდვით, საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული ყველა სხვა ეკონომიკური ზომებით, ასევე, ბუნებრივი გაზის ფასის მატებით, ნათელი ხდება რუსეთის სრულიად კონკრეტული მიზანი - ყველა ქართულმა ოჯახმა იგრძნოს, რომ ის ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ქვეყნის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების სურვილის გამო ისჯება.

ჩვენი ეკონომიკური განვითარების პროცესი კიდევ უფრო დიდი ტემპებით უნდა გავაგრძელოთ, ასევე უნდა გავაგრძელოთ დემოკრატიული სისტემის განვითარება ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.

იმ ხალხმა, რომელიც ეკონომიკური სანქციების პაკეტს ადგენს, უნდა იცოდეს, რომ ამით საქართველოს განვითარება არ შეჩერდება.

რაც შეეხება ენერგეტიკას, აქ საქმე ძალზე კონკრეტულადაა - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთში გარკვეული ხალხის მიერ ქართულ ოჯახებზე გამიზნული დარტყმა მაქსიმალურად შევამციროთ და თავიდან ავიცილოთ.

ტარიფის ზრდა ძირითადად რეგიონებს შეეხება, რადგან თბილისში ტარიფი ბევრად უფრო მაღალია ვიდრე რეგიონებში.

მთავრობას სპეციალურ დავალებას ვაძლევთ: ის ვინც ნაკლებს ელექტროენერგიას მოიხმარს, მისთვის ტარიფი ყველაზე ნაკლები რაოდენობით უნდა გაიზარდოს, რადგან ლაპარაკია შედარებით დაუცველი ოჯახებზე.

საქართველოს ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს დენის საფასური საერთოდ არ უნდა გაუძვირდეთ, მაგრამ ამისათვის, ამ მიმართულებით, ბიუჯეტიდან მიზანმიმართული, სწორი სუფსიდია უნდა შევიმუშავოთ.

მათ რუსეთის მიერ გაზრდილი გადასახადი უნდა გავუნულოთ და განსხვავება ბიუჯეტიდან უნდა დავუფაროთ.

ეს არის ჩვენი ამოცანა.

მთავრობამ ამ დღეებში უნდა ყველაფერი უნდა დაითვალოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

ერთი რამ სრულიად ნათელია - დარტყმასთან ერთად, ჩვენ სტიმულს და შანსს ვიღებთ, რომ საქართველო თვითანაზღაურებადი ენერგეტიკის მქონე ქვეყანა გახდეს.

ახალი ტარიფები ბევრად მეტ ინვესტიციასაც ნიშნავს და იმასაც, რომ ჩვენი ჰიდროელექტროენერგიის განვითარების საქმეში ბევრად მეტი ინვესტორის დაინტერესება შეგვეძლება.

საბჭოთა იმპერიამ ჰიდროელექტროსადგურების აშენება შეგნებულად არ დაუშვა, რადგან ამ შემთხვევაში, საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდებოდა და სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ბუნებრივ გაზსა და იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული.

ის, რაც რუსეთის საბჭოთა იმპერიამ არ დაუშვა, ჩვენ დამოუკიდებლად უნდა გავაკეთოთ.

ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე საქართველოს ჰიდროელექტრორესურსებით უზრუნველყოფის საკითხი ძირითადად გადაწყვეტილი უნდა იყოს, ხოლო უახლოეს წლებში ეს პრობლემა მთლიანად უნდა გადაიჭრას.

მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ იმას, რომ აღარ ვიყოთ დამოკიდებული ცვლილებებზე, პოლიტიკურ ზემოქმედებასა და, მთელ რიგ შემთხვევებში, შანტაჟზე.

დღეს სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)