Google+

გამოსვლები და განცხადებები

28.07.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ჩემო თანამემამულენო!

დღეს ქართულმა სახელმწიფომ მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა.

მრავალი წლის შემდეგ, ჩვენ აფხაზეთში -კოდორის ხეობაზე საქართველოს ხელისუფლების სრული კონტროლი აღვადგინეთ. პრაქტიულად, აფაზეთის ომის შემდეგ, ეს კონტროლი დაკარგული გვქონდა.

ჩემი წინამორბედის და მისი მთავრობის ყველანაირი მცდელობა კოდორში შესულიყვნენ და კონტროლი, ან არიმე სახის იურისდიქცია დაემყარებინათ, ადგილობრივი კრიმინალიზებული, გასამხედროებული ბანდის გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდებოდა.

მინდა შეგახსენოთ, ეს ის ბანდაა, რომელმაც რადენიმე წლის წინ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც კოდორში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდა, მძევლად აიყვანა, სასტიკად სცემა და კოდორის ხეობიდან გამოაგდო.

ეს ის ბანდაა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ელეტროგადამცემ ხაზებს რეგულარულად აგდებდა, ადგილობრივ ხელისუფლებას ფულს იმისათვის სძალავდა, რომ საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგია ჰქონოდა.

ეს ის ხალხია, ვინც წლევანდელ წელს, ყველაზე ცივ ზამთარში, საქართველოს მოსახლეობას ერთადერთი ელექტრომომარგების ხაზი მაშინ გაუთიშა, როცა რუსეთმა ელექტრობლოკადაში მოგვაქცია.

ბოლო დღეების განმავლობაში ეს ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ღიად აჯანყდა და საჯაროდ გამოთქვა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ საქართველოს იურისდიქცია ჩვენი ტერიტორიის ამ უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ ნაწილზე არ ვრცელდება.

ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თავხედურ გამოწვევად შეაფასა.

ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ძალიან სტრატეგიულ და მნიშვნელოვან ნაწილზე.

შემთხვევითი არ არის, როცა მოვლენების მთელ ჯაჭვზე ვსაუბრობთ, რომლის მთავარი ამოცანა საქართველოში შიდა სტაბილურობის შერყევა და საქართველოს ქაოსსა და უბედურებაში დაბრუნებაა, რომლიდანაც ჩვენ ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოვედით.

გავიხსენოთ რას აკეთებდნენ ჩვენს წინააღმდეგ ბოლო თვეების განმავლობაში: საქართველოს ეკონომიკური ემბარგო გამოუცხადეს, ქართული ღვინო იმ იმედით აკრძალეს, რომ ეს კახეთში არეულობებს გამოიწვევდა, ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და საკუთარ მთავრობას პრობლემებს შეუქმნიდა.

თუმცა მოსახლეობა ამ პროვოკაციას არ წამოეგო.

ჩვენ ციტრუსების და ქართული ჩაის სრული ბლოკადა იმ იმედით მოგვიწყეს, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მოაწყობდა.

სრული ენერგეტიკული ბლოკადა იმ იმედით მოგვიწყვეს, რომ საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდოდა და ამ ყველაფერში ქვეყნის ხელისუფლებას დაადანაშაულებდა.

ენერგობლოკადის დღეებში ჩვენმა ხალხმა არნახული სიმტკიცე და კონსოლიდაცია გამოიჩინა, რასაც ჩვენი არაკეთილმოსურნე არ ელოდა. ეს არის გეგმა, რომელსაც ის ხალხი ახორციელებს, ვისაც საქართველოს წელში გამართვა არ სურს.

ეს ის ხალხია, რომლის ფუნქცია იმის წარმოჩინებაა, რომ საქართველო არასტაბილური ქვეყანაა, მას სუსტი მთავრობა ჰყავს, არ აქვს პერსპექტივა, ქართველი ხალხი საკუთარ მთავრობას მხარს არ უჭერს და საკუთარი მომავლის არ სჯერა.

ან მაქსიმუმ, მათი მიზანია საქართველოში რეჟიმის შეცვლა, ისეთი მთავრობის მოყვანა და ისეთი რეჟიმის შექმნა, რაც საქართველოს მომავალს პერსპექტივებს მოუსპობს, ჩვენს ქვეყანას ნატოსკენ მიმავალ გზებს და ენერგეტიკის უმნიშვნელოვანეს მაცოცხლებელ ხაზს დაუკეტავდა, რომელიც საქართველოს მეშვეობით ევროპის მიმართულებით გადის.

ასეთი მთავრობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ხალხებს დემოკრატიისათვის და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის ხალისს დააკარგვინებდა და მაგალითად საქართველოს მოუყვანდა.

ეს ზეგავლენა რომ ვერ შეამჩნიო, ან ბრმა უნდა იყო, ან ბრიყვი, ან - საკუთარი ხალხის მტერი.

ჩვენ ვსაუბრობთ არანორმალურ წნეხზე, რომელსაც ძალიან მდიდარი და ძლიერი ძალები საქართველოს დასასჯელად ახორციელებენ.

ჩვენ იმიტომ არ ვისჯებით, რომ საქართველომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე რეზოლუცია მიიღო, თუმცა ამ პროვოკაციის დრო რეზოლუციის მიღების შემდგომ დღეებს დაემთხვა.

ჩვენ იმიტომ არ ვისჯებით, რომ მე ამერიკის პრეზიდენტს, ან სხვა ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს შევხვდი, რომლებიც ღია მხარდაჭერას გვიცხადებენ.

ვისჯებით არა იმიტომ, რომ ჩვენი სურვილი ნატოში გაწევრიანების თაობაზე ღიად დავაფიქსირეთ, არა იმიტომ, რომ ჩვენ ევროატლანტიკური სივრცის იმ გარანტიების ნაწილი გვინდა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების და დაცვის გარანტიებს მისცემს და ევროპულ ისტორიულ სახლში დააბრუნებს.

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ გადაწვეტილებასთან, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, რომ საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაცია პრაქტიკულად შეუქცევადი იყოს.

ეს იმ ხალხმა კარგად იცის და ადარდებს.

ჩვენ ვისჯებით მთავარი რამის გამო - საქართველომ გადაწყვიტა იყოს ნამდვილად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული ქვეყანა.

ამ პროვოკაციების მიზეზი კი, სწორედ ეს არის და მიზნად ისახავს გამოიწვიოს ყველაფრის უკან შემობრუნება, რასაც ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ.

რამდენიმე დღის წინ, როცა კოდორში ეს პროვოკაცია დაიწყო, რუსული საინფორმაციო გამოშვებები ყაჩაღების ღია დაუმორჩილებლობის გამოცხადების პირველივე დღიდან, ამ ფაქტს უფრო მნიშვნელოვნად აშუქებდნენ, ვიდრე საბრძოლო მოქმედებებს ლიბანში ან სხვა ცხელ წერტილებში.

ამიტომ დაყოვნება, დროის გადადება და რაღაც სახის კომპრომისებზე წასვლა, საქართველოში წესრიგის და თავისუფლების მტრებთან, ამ სიტუაციაში დაუშვებელი იყო.

ჩვენ ვიმოქმედეთ სწორად და ყოველთვის ასე მოვიქცევით, თუ ეს ჩვენს ქვეყანას და მის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას დაჭირდება.

ეს არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების, როგორც ჩვენი ქვეყნის პატრიოტების და მისი ერთიანობის რწმენით გამსჭვალული ადამიანების მოვალეობა.

ჩვენ კოდორის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმები გავაგზავნეთ.

იქაურ კრიმინალებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა ტერორში ჰყავდათ - იარაღის ჩაბარება და დანებება შევთავაზეთ.

ჩვენ შანტაჟის გამო უკან დახევას, ან ფულის გადახდას, როგორც ამას წინამორბედი ხელისუფლება აკეთებდა არ ვაპირებდით - კომპრომისი არ შეიძლებოდა.

ჩვენი ყველა მცდელობა, კოდორში დაგვეწყო სკოლების, ამბულატორიების რემონტი, აღგვედგინა ეაროპორტი, მოსახლეობისათვის ჩაგვეტანა პროდუქტები, რაღაც მომენტში შეგვაწყვეტინეს, თუმცა ჩვენ ეს დავიწყეთ.

ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ ჩვენს მიერ გაწეული დახმარების დიდი ნაწილი, ამ ბანდიტების ხელში ვარდებოდა და პრაქტიკულად მათი ნადავლი ხდებოდა.

როდესაც შენი იურისდიქცია არ ვრცელდება და პრაქტიკულად მოსახლეობა მძევლად არის აყვანილი, იქ საკუთარი მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა შეუძლებელია.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სათანადო დონეზე ვერ მოვახერხეთ.

დღედან კი, ეს ყველაფერი შეიცვალა, ვაპირებთ ამ ყველაფერს ხელი ძალიან სერიოზულად მოვკიდოთ.

მინდა დავუბრუნდე კოდორის ხეობაში ამ ოპერაციას.

დღეს წარმატებით და სათანადო დონეზე ყველა დასახლებული პუნქტი ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნდა ჩვენი სპეც-რაზმი, რომელიც კოდორის ხეობაში გადაადგილდებოდა, ხეობაში შესვლისთანავე ძალიან ინტენსიური ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. ყველა მხრიდან კრიმინალები ებრძოდნენ არა ვიღაც ჯგუფს, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ სპეციალურ სამართალდამცავ კონტიგენტს.

ბუნებრივია, იყო მკაცრი მითითება - სამართალდამცველებს არ გაეხსნათ ცეცხლი პირველებს და მხოლოდ ეპასუხათ კრიმინალების მიერ გახსნილ ცეცხლზე.

საქართველოს ძალებმა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თანამშრომელი მძიმედ დაიჭრა, საპასუხო ცეცხლი გახსნეს და კრიმინალების პირველი შემოტევა მოიგერიეს.

ამის შემდეგაც, მათ არაერთხელ შევთავაზეთ დანებებულიყვნენ და გაცლოდნენ იქაურობს, უფრო მეტიც, როცა მეორე დღეს ვერტმფრენებით ჩვენი შენაერთების გადაყვანა ვცადეთ, რათა გაგვეკონტროლებინა აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიასთან მდებარე საზღვარი, ამ ვერტმფრენებს ყველა მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს.

ორი მათგანი დაზიანდა და პირველ უსაფრთხო წერტილამდე - წალენჯიხამდე ძლივს მიატანა, სადაც უსაფრთხოდ შეიძლებოდა ამ ვერტმფერენების დაჯდომა.

ჩვენ წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც განვახორციელეთ სპეც-რაზმის გადაყვანა.

რა თქმა უნდა ამ სიტუაციაში ჩვენმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რათა საცეცხლე წერტილები ჩაეხშოთ.

მინდა განსაკუთრებული გულისტკივილით აღვნიშნო - ამ ცეცხლის გახსნის დროს დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრებელი.

ამ ადამიანის დაღუპვის გამო ჩემი ოჯახის სახელით მინდა განსაკუთრებული მწუხარება გამოვთქვა.

ამ ადამიანის დაღუპვა იმ ყაჩაღების და ნაძირლების სინდისზეა, რომლებმაც ქალები და ბავშვები ფარად აიფარეს და მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში გამაგრდნენ.

ისინი ამ ხალხის შუაგულიდან ჩვენს ფორმირებებს ცეცხლს უხსნიდნენ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავდა ამ ვერტმფრენების ჩამოგდება - ეს ნიშნავდა რამდენიმე ათეული ჩვენი თანამშრომლის გარდაუვალ დაღუპვას.

მინდა განვაცხადო, რომ ისინი ამას ღმერთის წყალობით გადაურჩნენ.

ეს სიკვდილი იმ ხალხის სინდისზეა, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ტელევიზიით გამოსულიყვნენ და ამ ადამიანებისათვის დანებებისაკენ და იარაღის ჩაბარებისაკენ მოეწოდებინათ, დღე და ღამე მათ წინააღმდეგობის ბოლომდე გაწევისაკენ მოუწოდებდნენ.

ეს ხომ არ იყო კონკრეტული ადამიანებისაგან შემდგარი ძალები, ეს ქართული სახელმწიფოს დამცველი საუკეთესო შენაერთებია.

იყო ხალხი, აბსოლუტურად თავზეხელაღებული, რომლებიც ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ ბოლომდე გაიბროლეთ, ეს მსხვერპლი სწორედ ამ ხალხის სინდისზეა.

მათ ამ ყველაფერზე სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს რა რეგიონში აღსდგა საქართველოს ხელისუფლების კონტროლი, კონსტიტუციური წესრიგი და იურისდიქცია.

ეს ჩვენი ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნაწილია.

კოდორის ხეობა აფხაზეთის შუაგულია.

კოდორის ხეობიდან და იმ ტერიტორიიდან, სადაც ჩვენ არ გვიშვებდნენ, უმთავრესი სიწმინდეები - ბედიის მონასტერი, ბიჭვინთის წმინდა ღვთისმშობლის ისტორიული ტაძარი, წმინდა გოიორგის სახელობის ეკლესია, რიცის ტბა და ბოლოს და ბოლოს ჩვენი აფხაზეთის დედაქალაქი - სოხუმი ძალიან ახლოსაა.

ყველაფერი ეს კოდორიდან ხელის გაწვდენაზეა.

ჩვენ რა თქმა უნდა არავის არ მივცემდით საშუალებას, რომ ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია არ გავრცელებულიყო. მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, ეს იყო ბრძოლა არა ტერიტორიისათვის, არამედ იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში დაუცველნი იყვნენ.

აფხაზეთის ომის შემდეგ, ამ რეგიონში ყაჩაღების ხელით გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა, ბევრად მეტი ტერორი და ძარცვა მოხდა, ვიდრე აფხაზეთის ომის განმავლობაში.

ამიტომ ამ ხალხის დაცვა ჩვენი მთავარი ამოცანაა.

სწორედ იმის გამო, რომ ისინი ქალებს და ბავშვებს ფარად იყენებდნენ, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ღამის ორის ნახევარზე მიიღეს გადაწყვეტილება - მიეცათ საშუალება ყაჩაღებისათვის გაცლოდნენ იქაურობას და გასულიყვნენ ტყეში.

ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ, რომ მათ ვეღარ გაწიონ წინააღმდეგობა და ვეღარსად შეძლონ ახალი მსხვერპლის გამოწვევა, განსაკუთრებით კი, კოდორის ხეობაში.

მინდა განსაკუთრებული აღტაცება გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ოპერაციის მონაწილეებს კეთილი გულით შეხვდა, შეიფარა სახლებში, საკვები გამოუტანა, თუმცა ჩვენ საკმაოდ მომარაგებული ჯგუფები გვყავს.

მსურს მადლობა მოვახსენო ადამიანებს, რომლებიც ყველანაირად თანამშრომლობდნენ სამართლდამცავ ორგანოებთან და აწვდიდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც მათ ბანდიტების ადგილსამყოფელის აღმოსაჩენად ჭირდებოდათ.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ კოდორელს და ამ რეგიონის მთელ მოსახლეობას, ასევე სამეგრელოს მოსახლეობას, რომელიც ოპერაციის დაწყების მომენტიდან ჩვენი კონტიგენტის მხარდასაჭერად, სამეგრელოს გავლით გადადგილდებოდნენ, ყველაფერს აკეთებდა. ასეთი რამ არ უნდა დავივიწყოთ.

ჩვენ გვყავს საოცრად კეთილშობილი, პატრიოტი საზოგადოება, ყველაზე შორეულ და მიუდგომელ ადგილებშიც კი.

მინდა გასაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი სპეციალური დანიშნულების რაზმების პროფესიონალიზმი და მოქალაქეობრივი შეგრძნება.

ეს არის ის ხალხი, ვინც ბოლო წლებში მომზადდა, ვინც ქართულ სახელმწიფო სასახურში წამოვიდა, ვინც გარისკა სიცოცხლე იმისათვის, რომ მსხვერპლი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვნილი.

ეს ის ხალხია, ვინც მიუხედავად დაჭრისა, უკან დასაბრუნებლად იწევდა.

ესენი არიან ის მფრინავები, რომლებმაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ვერტმფრენების დასმა, შემდეგ შეკეთება და უკან დაბრუნება მოახერხეს.

ერთ-ერთ მათგანს ორი ტყვია მოხვდა და მხოლოდ რევოლვერის ბუდემ დაიფარა გარდაუვალი სიკვდილისაგან.

ეს ის ხალხია, რომელთა მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ჩვენ ამ ქვეყნის მომავლის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ - იქნება თუ არა საქართველო დემოკრატიული მშვიდობიანი გზით გაერთიანებული და იქნება თუ არა საქართველო შემდგარი სახელმწიფო.

ჩვენ უკვე ვართ შემდგარი სახელმწიფო, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩავიბეჭდოთ.

ჩვენი რყევის და რაღაც სახის დესტაბილიზაციის, გატეხვისა და წაქცევის სურვილი არავის არ უნდა გაუჩნდეს, მით უფრო იმ საშინელ ძალას,

რომელიც ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

მინდა მადლობა ვუთხრა იმ ხალხს, რომელიც ამას შეგნებით ხვდება, ეს ეხება აბსოლუტურ უმეტესობას, პრაქტიკულად მთელ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი პოლიტიკური სპექტრის სერიოზულ ნაწილს.

თუმცა ეს ყველას არ ეხება, უფრო მეტიც, ზოგიერთი ადამიანის რეაქციამ ძალიან გამაკვირვა.

ასევე გამაკვირვა ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებების აბსოლუტურად უპასუხისმგებლო მოქმედებამ ჩვენი სამართლდამცავი ორგანოების გადადგილების დროს.

ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ტელევიზიით შეიძლება ყველაფერი თქვა და განიხილო.

თუმცა ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, რომლისთვისაც პრესისა და სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია, აქვს ნორმები, რომელიც არეგულირებს იმ მოქმედებებს, რომლებმაც შესაძლოა სრულიად დაუშვებელი შედეგები გამოიწვიოს.

ჩვენ გვაქვს ისეთი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც ჩვენი შენაერთების წარმომადგენლების გადაადგილების დროს პირდაპირ ეთერში გადასცემდა გადაადგილებული ჯგუფების ზუსტ რაოდენობას, მანქანის ნომრებს, აჩვენებდა რაზმების მონაწილეთა სახეებს, გადადგილების ზუსტ დროს.

მაშინ, როცა ხეობაში სატელეფონო კავშირი იმისათვსი გავთიშეთ, რომ ერთმანეთისათვის შეტყობინება ვერ გადაეცათ, კრიმინალებს ტელევიზიით ყველაფრის გაგების საშუალება ჰქონდათ.

ვფქრობ, რომ არსებობს თავმოყვარეობა, სიფრთხილე, პასუხისმგებლობა და ღირსების გარძნობა, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, რა მითითებაც არ უნდა გვქონდეს მოცემული და რა ძალებიც არ უნდა იდგნენ თითოეული ასეთი ტიპის ინფორმაციის და პროპაგანდის უკან.

პირველ რიგში ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და შემდეგ უკვე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.

ასევე მინდა გვესმოდეს რა ტიპის განცხადებები კეთდებოდა ბოლო დღეებში.

ჩვენ არავის მიმართ არ გვამოძრავებს არანაირი შურისძიება, მაგრამ ეს ბანდა, რომელიც კოდორში ახლაც გაბნეულია, მოქმედებდა პირდაპირ კოორდინაციასა და შეთანხმებაში სეპარატისტული რეჟიმის ყველაზე წამყვან წარმომადგენლებთან.

გუშინ მოვისმინე ბაღაფშის განცხადება, იმის თაობაზე, რომ ისინი კრიმინალებთან შეთანხმდნენ არაფერს დაუშავებდნენ, პრობლემებს არ შეუქმნიდნენ, სანაცვლოდ კი, საქართველოს ხელისუფლება იმ ტერიტორიაზე არ უნდა შესულიყო.

ეს სეპარატისტების მხრიდან ამ ბანდის ხელშეუხებლობის გარანტია იყო.

ის ადამიანი, ვინც პირადად ამარაგებდა ხალხით, იარაღით და პოლიტიკურ მხარდაჭერას აღუთქვამდა, იყო ვინმე კუპალბა.

მინდა გავიმეორო - საქართველოს ბოროტი მახსოვრობა არ აქვს, ქართველი ხალხი მიმტევებელია და მას შურისძიება არ ამოძრავებს.

თუმცა მინდა ყველამ გაიხსენოს - ეს ის კუპალბაა, რომელიც 1992 წლის შემოდგომაზე გაგრის სტადიონზე ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშობდა.

ეს ის კუპალბაა, რომელიც ამათი მთავარი მოკავშირეა.

რანაირად შეიძლება ასეთი კონტაქტების მქონე ადამიანი კარგი ეპითეტებით შევამკო და გამოვაცხადო რაიმე სახის სერიოზულ ერთეულად ან მისაღებ ფიგურად.

რანაირად შეიძლება დავუშვა ის, რომ ეს ხალხი განსაზღვრავდეს საქართველოს რომელიმე ადგილას წესრიგს და ის წყვეტდეს ვინ უნდა შემოუშვას, ვინ არა, როგორ მოეპყრას ადგილობრივ მოსახლეობას და რა რეჟიმი უნდა მოქმედებდეს იქ.

ეს დრო დასრულად და არასოდეს დაბრუნდება.

კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, მინდა რამდენიმე განცხადება გავაკეთო.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს მთვრობის სხვა წევრებთან შეთანხმებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კოდორის ხეობაში აფხაზეთის მთავრობა განვალაგოთ, რომელიც ამ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების სრულ იურისდიქციას გაავრცელებს, სრულ კონტროლს დააწესებს, ცხოვრებას ნორმალურ კალაპოტში მოაქცევს და აღმშენებლობით სამუშაოებს დაიწყებს.

მინდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით.

ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის შუაგულში, აფხაზეთის ტერიტორიის ძალზე მნიშვნელოვან ნაწილზე საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება და საქართველოს კონტიტუციურ წესრიგი დამყარდება.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ და ძალზე ფუნდამენტალური პოლიტიკური მოვლენაა.

პირადად მე აქამდეც მიმაჩნდა, რომ აფხაზეთის მთავრობის ადგილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე არ იყო, უბრალოდ ყაჩაღები იქ მათ არ უშვებდნენ და კონტაქტის ყველა მცდელობა აღკვეთეს.

ეხლა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა (იმ ხალხის მთავრობა, რომელიც ამ ტერიტორიიდან გამოაგდეს, შეურაცხყვეს და გაანადგურეს), კოდორში დაიდებს ბინას და კოდორი აფხაზეთის დროებით ადმინისტრაციულ ლეგიტიმურ ცენტრად გამოცხადდება.

იმის გამო, რომ საქართველოს აფხაზეთზე კონტროლი დაკარგული აქვს და ფაქტიური კონტროლი არ ხორციელდება, ზოგიერთებს იქ შექმნილი სიტუაციის დაკანონება სურდათ.

აქამდე ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აფხაზეთი ისევე უნდა გამოეყოს საქართველოს, როგორც კოსოვო - სერბეთს.

ამას მეზობელი რუსეთის ყველაზე მაღალი დონის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ.

დღესიდან ეს მდგომარეობა დამთავრდა - დღეიდან საქართველო პირდაპირ აკონტროლებს აფხაზეთის ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ნაწილს.

ვეღარავინ, მით უფრო ერთი ცალკე აღებული ჯგუფი, ვეღარ ილაპარაკებს აფხაზეთის ტერიტორიისა და იქ დარჩენილი ჩვენი მოქალაქეების სახელით/

იქ უკვე ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური მთავრობა განლაგდება, რომელიც ყველა საკითხის განმკარგავი იქნება და დანარჩენ მსოფლიოსთან საქართველოს სახელით ილაპარაკებს.

ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ აფხაზეთის დანარჩენი მოსახლეობის მიმართ, საქართველოს არავითარი აგრესიული განზრახვა არა აქვს.

საქართველო არ აპირებს კონფრონტაციაში გადასვლას, საქართველო აპირებს სამშვიდობო პროცესის გაგრძელებას და ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოსვლას.

უახლოეს დღეებში ჭუბურხინჯის ოთხმხრივი შეხვედრის გამართვაც გვსურს, სადაც ყველა საკამათო საკითხს განვიხილავთ.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართული სახელმწიფოს განზრახვა არის მშვიდობიანი და კონსტრუქციული.

ჩვენ როგორც არასდროს ისეთი კონსტრუქციულები, მოქნილები ვიქნებით და როგორც არასდროს ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ აფხაზეთში რაიმე კონფრონტაცია და, მით უმეტეს, ფართომასშტაბიანი კონფლიქტი არ განახლდეს, რათა ვითარების რაიმე სახის ესკალაცია არ მოხდეს.

ამავე დროს, მინდა ყველა სეპარატისტულმა ლიდერმა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, კარგად გაითვისოს, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებას, ნებისმიერი შეთანხმება ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი და საბოლოო აღდგენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ეს, რა თქმა უნდა, ყველა მხარის ლეგიტიმური, კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება, რა თქმა უნდა - აფხაზი ერისა და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანების ინტერესთა ზედმიწევნით გათვალისწინებით.

არავინ უნდა გრძნობდეს თავს საფრთხის ქვეშ, არც რაიმე დაუყოვნებელი რისკის ან გრძელვადიანი პრობლემების წინაშე უნდა აღმოჩნდეს ვინმე.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ დიდი მოთმინება გვაქვს, მაგრამ ამ მოთმინების უკან 300 ათსი დევნილი დგას და მათ შორის არა მარტო ქართველები, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებიც არიან, რომლებსაც წაართვეს სახლები, საკუთრება, ადამიანური ღირსება და მთავარი უფლება - იცხოვრონ იმ მიწა-წყალზე, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, სადაც ეს დოვლათი მათ საკუთარი ხელით შექმნეს.

მათ ეს უფლება და ღირსება წაართვეს და წაართვეს წინაპართა საფლავები.

მათ დაბრუნება და ამ ადგილებვის მონახულებაც კი არ შეუძლიათ.

ამიტომ, როდესაც ჩვენი აფხაზი ძმების ინტერესთა გათვალისწინებაზე ვლაპარაკობთ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ამ ინტერესების შემადგენელი ნაწილია ყველა იმ ადამიანის ინტერესების გათვალისწინება, რომელიც გააძევეს, დაამცირეს და შეურაცხყვეს.

თითოეული მათგანი საკუთარ მიწა-წყალზე უნდა დაბრუნდეს და ყველამ ერთად სამოქალაქო მშვიდობა და ეთნიკური და მოქალაქეობრივი თანამშრომლობის ახალი საერთო ქართული სახელმწიფოებრივი მოდელი ხერლახლა უნდა შევქმნათ.

ჩვენ ამ პოლიტიკას არ გადავუხვევთ.

ამ თემასთან დაკავშირებით არავითარ კომპრომისზე - არც ჩვენს საგარეო კრიტიკოს სახელმწიფოსთან და არც ჩვენს ზოგიერთ ძალზე უპასუხისმგებლო შიდა კრიტიკოსთან, არ წავალთ.

ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში იყოს წესრიგი, საქართველო იყოს ძლიერი, განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო, რომელიც სხვა ქვეყნებს და სხვა ერებს მშვიდობიანი თანაარსებობის, განვითარებისა და უკეთესი მომავლის შექმნის საუკეთესო მაგალითებს მისცემს.

გავეცი კანკარგულება და აფხაზეთის მთავრობის კოდორის ხეობაში გადასვლის პარალელურად, კოდორის ხეობაში დაუყოვნებლივ გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ასევე პირველი მოხმარების საგნები.

ეს საქონელი რომლებიც უკვე იტვირთება.

ეს ყველაფერი უნდა ჩავუტანოთ და კოდორის თითოეულ მცხოვრებელს უნდა დავურიგოთ, რომლებმაც ბოლო წლებისა და ბოლო დღეების განმავლობაში, ამდენი უბედურება გადაიტანეს.

გავეცი განკარგულება, რომ კოდორში მცხოვრებმა თითოეულმა ოჯახმა ამ პროდუქტების გარდა, საქართველოს მთავრობისგან ფულადი დახმარება მიიღოს, რათა ყოველმა მათგანმა სასწრაფოდ გადაწყვიტოს მათ წინაშე ამჟამად მდგარი უპირველეს ყოვლისა მოსაგვარებელი საკითხები.

გავეცი განკარგულება, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს კოდორის დიდი გზის აღდგენა და ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობამ რამდენიმე მილიონი ლარი უკვე მოიძია, რათა კოდორის ხეობას წლის ძირითადი დროის განმავლობაში გახსნილი, საიმედო გზა ჰქონდეს.

ამ გზაზე სატრანსპორტო საშუალებები - ავტობუსები უნდა გავუშვათ, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილება და დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა შეეძლება.

ამას გარდა, გავეცი განკარგულება, რომ ამ დღეებში დაუყოვნებლივ დაიწყოს კოდორის აეროდრომის მოდერნიზაცია და ამ პროცესს მაქსიმუმ, რამდენიმე თვე უნდა დასჭირდეს.

ასევე გავეცით განკარგულება, მეზობელი ქვეყნიდან დამატებით რამდენიმე თვითმფრინავის შეძენის თაობაზე, რათა კოდორში ფრენა რეგულარულად, ყოველგვარი ტექნიკური ხარვაზების გარეშე, გამართული საფრენი საშუალებებით შეგვეძლოს.

ასევე გავეცით განკარგულება და ამას აქამდე ვერ ვახერხებდით, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა სკოლის რემონტი, ყველა სოფელში შეიქმნას კულტურული ობიექტები და იქ არსებული ამბულატორიის აღდგენ და მოდერნიზება მოვახერხოთ.

კოდორში უნდა ჩავიყვანოთ ექიმები, რომლებიც იქ დაიდებენ ბინას და კოდორის მთელ მოსახლეობას მუდმივად მოემსახურებიან.

ეს არის ის ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო და რომლებსაც უახლოეს პერიოდში განახორციელებს.

მსურს ყველას ვუთხრა, რომ ეს გადაწყვეტილებები არ არის მიმართული არც კონფრონტაციისკენ და არც რაიმე სახის პრობლემების შექმნისკენ ნებისმიერი მხარის მიმართ უახლოეს პერიოდში.

ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც სიტუაციის სწორად აღქმას, გაგებას და შექმნილი სიტუაციიდან სწორი გამოსავლის, განვითარების გზის მოძიება, ასევე ამ გზით სვლას ეფუძნება.

ამავე დროს, ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებით კი, ჯერ კიდევ აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტს, თავი შეიკავონ იმ ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც ამ კონტიგენტის წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ და ვურჩევ, განსაკუთრებით შეიკავონ თავი რაიმე სახის პროვოკაციულ ქმედებებისგან.

მსოფლიოს არ სძინავს, ის ყველაფერს კარგად ხედავს და, ვფიქრობ ყველა მხარემ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს იმისათვის, რომ ნებისმიერი პრობლემა თავიდან ავიცილოთ.

ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ, ვაპირებთ გავაგრძელოთ გადამწყვეტი მოქმედებები რეგიონის რეაბილიტაციის მხრივ და ასევე ვაპირებთ, რომ უახლოეს დღეებში ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ - აღმოვაჩინოთ, განვაიარაღოთ და კანონის წინაშე წარვადგინოთ ტყეში გაქცეული კრიმინალები.

ამ ოპერაციას ჩვენ ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ.

დარწმუნებული ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ, როგორც აქამდე, ისე გაგებით, პასუხისმგებლობითა და მხარდაჭერით შეხვდებით საქართველოს მთავრობის გადამწყვეტ, კონსტრუქციულ და ძალზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებსა და მოქმედებებს.

დიდი მდლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)