Google+

გამოსვლები და განცხადებები

09.10.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

დღეს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, პარლამენტის უმრავლესობაში შემავალი ორი ფრაქციის პირველი შეხვედრა გვაქვს.

ნინო ბურჯანაძე ამჟამად ჩეხეთში იმყოფება, სადაც ძალზე მნიშვნელოვანი მისია აქვს შესასრულებელი.

ამიტომ, დღეს ორივეს ფუნქციის შესრულება მიწევს.

მინდა ვთქვა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგებით ძალიან ვამაყობ.

ვამაყობ იმით, რომ, უპირველეს ყოვლისა, წინასწარი პროგნოზის მიუხედავად, და ეს აბსოლუტური ციფრებია, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, არც ერთ არჩევნებზე ამდენი ამომრჩეველი არ მოსულა, რამდენიც ამ არჩენებზე გამოცხადდა, თუ არ ჩავთვლით საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ გაიმართა.

5 ოქტომბერს მოვიდა ბევრად უფრო მეტი ხალხი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე, ბევრად მეტი, ვიდრე ყველა წინა არჩევნებზე, რომელთა დროსაც დიდი რაოდენობით ბიულეტენებს უკანონოდ ყრიდნენ და ამიტომ მონაცემები რეალობას არ შეესაბამებოდა.

მე ყველას მათ, ვინც ამბობს, რომ ხალხი არჩევნებზე არ მოვიდა, მინდა ვუთხრა, რომ იმაზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, ნიდრე ჩვენ მოველოდით.

ეს ქართველი ხალხის განსაკუთრებული ორგანიზებულობის, დისციპლინისა და განსაკუთრებული ღირსების ნიშანია.

ვამაყობ, რომ ჩვენ გვყავს ისეთი საზოგადოება, რომელმაც რთულ ვითარებაში არა მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორი არჩევანის გაკეთება მოახერხა (ამას საქართველო ყოველთვის ახერხებდა), არამედ

არამედ ორგანიზებულობის, სიმშვიდის, ძალისა და სიძლიერის დემონსტრაცია.

ეს არის თითოეული ადამიანის დამსახურება.

მადლობა მინდა ვუთხრა საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებმაც ორგანიზებულობის მხრივ, უნიკალური შედეგი აჩვენეს.

ეს, მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები იყო.

ეს საქართველოსა და მთლიანად ჩვენს რეგიონში პირველი არჩევნები იყო, რომელშიც ხალხმა ადგილობრივი თვითმარველობა სრული მოცულობით აირჩია და ასევე, საქართველოსა და დსთ-ს ისტორიაში ყველაზე კარგად ჩატარებული არჩევნები.

ეს დასკვნა ყველა საერთაშორისო დამკვირვებლმა ერთხმად გააკეთა.

არჩევნების შემდეგ, საერთაშორიოს დამკვირვებლებთან შეხვედრაზე ვიყავი, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

არჩევნების წინა დღეს, მისიის ხელმძღვანელსაც შევხვდი, რომელმაც მითხრა: იმის მიუხედავად, რომ თქვენ იმედს გვაძლევდით, მოლოდინს ყველაფერს გადააჭარბა, ჩვენ ყველანი ვართ კმაყოფილი.

ეს მნიშვნელოვანი შედეგია.

მეორე ფენომენალური შედეგი არის ის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გაცილებით მეტი ხმა მიიღო, რაც დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება მიიღოს.

თბილისში ჩვენ რამდენიმე ათეული ათასი ხმით მეტი მივიღეთ, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს.

ჩვენ მივიღეთ ბევრად მეტი ხმები საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ამას ჩვენი არაკეთილმროსურნე ყველაზე მეტად არ მოელოდა.

მაგალითად, კახეთში - თელავში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმათა 93 პეოცენტი, საგარეჯოში წინასწარი მონაცემებით ხმათა 95 პროცენტი დავაგროვეთ, იმერეთში ძალიან მაღალი შედეგი გვქონდა და ასევე დანარჩენ საქართველოში.

საბოლოოდ ამ არჩევნებში, დაახლოებით 10-15 პროცენტით მეტი ხვა დაგვიგროვდა, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს.

ეს იმის შემდეგ, რაც ჩვენს კრიტიკოსებს სურდათ უცხოური პუბლიკაციებისათვის მოეთხროთ, თითქოს უკრანის რევოლუციის შემდგომი მოვლენები, საქართველოშიც განვითარდებოდა.

საქართველომ საპირისპირო შედეგი აჩვენა და როგორც ყოველთვის, გააწბილა ზოგიერთი ჩვენი შიდა არც თუ კარგად განწყობილი ადამიანი და გარე ცუდად განწყობილი ადამიანი.

საქართველომ ზუსტად საპირისპირო შედეგი აჩვენა და საპირისპირო რეაქცია ჰქონდა ყოველივე იმაზე, რაც ხდება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ასეთი შედეგი იმიტომ კი არ მივიღეთ, რომ ვინმე გვაშანტაჟებს, ან ჩვენზე ზემოქმედებას ახორციელებს, ეს ჩვენი ორწელიწადნახევრიანი მუშაობის შედეგია.

ჩვენმა ხალხმა შრომისა და ღვაწლის დაფასება იცის, რადგან ჩვენი საზოგადოება მშრომელი და ქმედითი ადამიანებისგან შედგება.

ჩვენმა ხალხმა შესაძლოა გაგვაკრიტიკოს, ბევრი რამ, შესაძლოა, ხშირად, სამართლიანადაც დაგვიწუნოს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც იცის, რომ ყველაფერი მის არჩევანზეა დამოკიდებული, აქტიურობას, გადამწყვეტ და გამბედავ პოზიციას იჩენს.

ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა.

დღეს მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციის კატასტროფული დამარცხება სრულიადაც არ მახარებს.

სიმართლე რომ ვთქვათ, ამაზე უფრო დიდი კრახი და დამარცხება, ბუნებაში არ არსებობს.

ვიცი, რომ თქვენს უმეტესობას ეს უხარია და ეს კანონზომიერიცაა, მაგრამ მე სხვა მოსაზრების გამო არ მიხარია.

მე მახარებს ჩვენი კარგი შედეგი, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი და ქმედითი ხელისუფლებაც კი, საკუთარი ქმედითობისა და ეფექტიანობის რაღაც ნაწილს კარგავს, თუკი მას ორგანიზებული, კონსტრუქციული, სამართლიანად მაკრიტიკებელი ოპოზიცია არ ჰყავს.

შარშან, პარლამენტის გამოკლებული წევრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციას დღევანდელზე უკეთესი შედეგი ჰქონდა, ზუსტად იგივე ვუთხარით: ჩვენ არ გვიხარია, რომ ამდენად სუსტები ხართ, ჩვენი სურვილია, რომ გაძლიერდეთ; მართალია, ამ შემადგენლობით, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლა ჩვენს სურვილი არა არის, რადგან ამას კარგი არაფერი მოყვება, მაგრამ ვისურვებდით, რომ უფრო ძლიერად, კონსტუქციულად და ორგანიზებულად ოპონირება შეგეძლოთ; თუმცა ამისათვის საჭიროა ხალხს დაანახოთ, რომ ლანძღვის, ოჯახების შეურაცხყოფისა და ლაფში ამოსვრის გარდა, რაიმეს კეთება შეგიძლიათ.

მათი პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს.

წინასაარჩევნო კამპანიისას, ამ თემასთან დაკავშირებით, ერთი კომენტარიც არ გამიკეთებია და, ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ბინძური, დაბალი დონის, მდაბიო ადამიანების გამოხტომებითვის ყურადღებაც არ მიმიქცევია.

თუკი ოპოზიციას წარმატების მიღწევა სურს, უპირველესად, პოზიტიური პროგრამა უნდა ჰქონდეს, სოლიდარობის, სიმტკიცის გამოჩენა უნდა შეეძლოს და ხალხი იმაში უნდა დაარწმუნოს, რომ ამ საკითხების გადაწყვეტისას, ის უკეთესი იქნება, ვიდრე სააკაშვილი, ვაშალომიძე, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი.

სამწუხაროდ, ამ ხალხმა პირადი შეურაცხყოფების, უაზრო მარგინალური თავდასხმების გზა აირჩია, რითაც მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა; მათ სიმართლის გზა არ აირჩიეს.

ჩვენი ამომრჩეველი კი ძალზე გონიერია.

შესაძლოა ამომრჩეველმა ყველა ფაქტი არ იცოდეს, მაგრამ ძალიან კარგად ხვდება სიმართლეს ეუბნებიან, თუ ტყუილს.

ტყუილით კი ჯერ არავის გაუტანია თავი - ყველანაირ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

ნამდვილად არ მინდა, რომ კონკრეტულად ვინმე გავაკრიტიკო, ან ვინმეს ვაწყენინო და თუკი ზოგიერთი ჩემს ლაპარაკს საკუთარ თავზე მიიღებს, მისი პრობლემაა.

სამწუხაროდ, ნაწილი სწორედ ასე იქცევა.

მინდა დღევანდელ ოპოზიციაში მყოფებს, რომლებსაც დარწმუნებული ვარ ქართულ საზოგადოებრიობაში უფრო კონსტრუქციული როლის შესრულებაც შეუძლია, დიალოგის გაგრძელება შევთავაზო, მოვუწოდებ მათ დაბრუნდნენ პარლამენტში, რადგან პარლამენტიდან გასვლა ყველაზე უფრო არაკონსტრუქციული ნაბიჯია.

მათ, ალბათ, მსოფლიოს აღშფოთებისა და საერთაშორის მხადაჭერის იმედი ჰქონდათ, თუმცა ყველა ჩვენი უცხოელი მეგობარი და მეთვალყურე გაოგნებული დარჩა, რადგან არავის სმენია ადამიანი იმ ტოტს ჭრიდეს, რომელზედაც ზის.

ისინი პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩაებან, კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით ოპონირება მოახდინონ, საკუთარი წინადადებები შემოიტანონ და ვისაც ადამიანურად ლაპარაკი, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, პოზიციის გამოხატვა და სოლიდურად ოპონირება შეუძლია, მზად ვართ, ყველანაირად მხარი დავუჭიროთ.

ჩვენ ამას მივესალმებით, ხოლო პირადად მე, მზად ვარ, რომ ამ საქმეში სრულად ჩავერთო.

სხვათა შორის, არჩევნების თარიღის დანიშვნის წინ, ყველას არა, მაგრამ რამდენიმე ჯგუფს შეხვედრა შევთავაზე, მაგრამ ეს არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.

ამ თარიღის გამოცხადების შემდეგ კი, ძალიან ეწყინათ, თუმცა მინდოდა, რომ ეს საკითხი მათთან შეთანხმებული ყოფილიყო.

ეხლა რაც შეეხება შემდგომ ვითარებას - მინდა გითხრათ, რომ აღმშენებლობის პროცესი გაგრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის გარედან დიდი სურვილი აქვთ პრობლემები შეგვიქმნან, ჩვენს თითოეულ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებთ.

რაც შეეხება ჩვენს საერთაშორისო სიტუაციას - მსოფლიოში მიმდინარე ბევრი მოვლენის მიუხედავად, დღეს საქართველო გარე სამყაროს ყურადღების ცენტრში უფრო მეტად მოექცა, ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს.

დღეს უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველოს დიდი შედეგები აქვს.

მარტო დღევანდელი პუბლიკაციები, რამდენიმე ათეული სტატია მაქვს, რომლებიც მსოფლიოს წამყვან გაზეთებში საქართველოს წარმატებების შესახებ დაიბეჭდა.

ამავე დროს, თქვენ იცით, რაც დღეს რუსეთში ხდება და ეს მხოლოდ საქართველოს პრებლემა არ არის.

ეს მთელი მსოფლიოს და, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის პრობლემაა.

კეთდებოდა განცხადებები, რომ რუსეთი საქართველოს აიძულებდა, პატივისცემით მოპყრობოდა მას.

პატივისცემის იძულება შეუძლებელია - პატივისცემა შეიძლება მხოლოდ დაიმსახურო.

ვშიშობ, რომ ზოგიერთი ქმედებებით, ჩვენი პარტნიორები არა მარტო ჩვენს თვალში, არამედ ბევრი სხვა ნორმალური სახელმწიფოსა და ადამიანის თვალში, შესაძლოა რაღაც კაპიტალს კარგავდნენ და ეს კარგი არ არის, რადგან ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვსურს.

პირადად მე, მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში წავიდე და პრეზიდენტ პუტინს შევხვდე (რაც არაერთხელ შემითავაზებია კიდეც), მასთან დღესვე ჩავფრინდებოდი, თუნდაც ხვალ, ან ზეგ.

ჩვენი თითოეული მინისტრი, პრემიერ-მინისტრი მზად არის დიალოგი ამ წუთასვე განაახლოს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობას შეეხება.

ამავე დროს, ჩვენ მათ ნათლად ვუთხარით - ამაზრზენია, ის, რომ ბავშვებს სკოლიდან აგდებენ, ამაზრზენია ის, რომ ხალხი საბარგო თვითმფრინავებით გადმოჰყავთ, ამას ნორმალურ პირობებში არავინ აკეთებს.

ასეთი თვითმფრინავით ადამიანების კი არა, მხოლოდ ნახირის გადაყვანა თუ შეიძლება.

მე მქონდა ამის შესახებ საუბარი და საამისოდ, ეხლა უკვე ნორმალურ თვითმდრინავს გამოყოფენ.

სხვათა შორის, აქედან მიჰყავთ რუსი ხალხი, რომლებსაც საქართველოში ჩამოსასვლელი და წასასვლელი ბილეთები ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკუთარმა მთავრობამ მათ უკან წასასვლელი გზა ჩაუკეტა.

დღეს რუსულენოვან სკოლაში ვიყავი და ძალიან გულისამაჩუყებელი იყო ის, რასაც ბავშვები ტელეკამერების წინ და ტელეკამერების გარეშე გვეუბნებოდნენ.

ვიცი, რომ საქართველოდან წასვლაზე ბევრი რუსი ოფიცრის ოჯახმა უარი თქვა.

ისიც მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას ამ კონკრეტულ ფაქტებზე - ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მიმართოს, თუმცა ჩვენი თვითმიზანი ეს არ არის.

ჩვენ ვაპირებთ, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, არსებული პრობლემები გადავჭრათ.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს საკუთარი კანონიერი, ლეგიტიმური ინტერესები აქვს.

ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო გააკეთებდა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი რუსი დიპლომატი შპიონაჟისათვის ლიტვიდან გააძევეს, რომელიც, სხვათა შორის, საქართველო-ლიტვის ურთიერთობების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას.

მიმაჩნია, რომ ბევრად უკეთესად შეგვიძლია ერთმანეთთან ლაპარაკი და არა ჯაშუშების მეშვეობით.

რუს ხალხთან გასაყოფი არაფერი გვაქვს - ჩვენ კონსტრუქციული დიალოგი გვსურს.

უახლოეს წარსულში საქართველოდან რუსეთში არანაირად არ წასულა ერთი მილიონი ადამიანი, როგორც ამას საპირისპირე მხარე ამბობს, მათი რაოდენობა 250-300 ათასს არ აღემატება, ქართველები იქ მანამდეც ცხოვრობდნენ და ზოგს მხოლოდ ქართული გვარი (ბებია-ბაბუისგან, ან მეუღლისგან) შერჩა.

ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხოლოდ იმის გამო იდევნება, რომ ქართული გვარი აქვს, თუმცა ბევრ მათგანს შეიძლება საქართველსოთან შეხებაც არ ჰქონდეს, მზად ვართ საქართველოს მოქალაქეობა და აქ ცხოვრების საშუალება მივცეთ - თუნდაც ისინი წარმოშობით, სისხლით, ენით და კულტურით ჭეშმარიტი რუსები იყვნენ.

თუ ადამიანების დევნა უკვე ამ ნიშნით იწყება, საქართველო ამ ხალხს შეიფარებს და ბოლომდე დაიცავს.

განსაკუთრებული აღტაცება მინდა გამოვხატო, რუსეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მიმართ, მათი გამბედაობის, თავმოყვარეობისა და ღირსების გამო.

ამ ზომების გატარებით ძალიან შეეცადნენ იმისათვის მიეღწიათ, რომ ამ ხალხს საკუთარი სამშობლო გაელანძღათ, მაგრამ ამის ნაცვლად მათ სრულიად საპირისპირო, ძალზე ღირსეული განცხადებები მიიღეს.

აღტაცებას გამოვხატავ ასევე იმ რუსების მიმართ, რომლებიც რუსეთში, მოსკოვის ქუჩებში დადიან წარწერით: „ჩვენ ქართველები ვართ".

ასეთი რუსეთი ჩემში აღტაცებას იწვევს.

ადრე ბევრს აღიზიანებდა, რომ ორ და სამ რუსეთზე ვსაუბრობდით.

მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილი რუსეთი, ეს არის ის ხალხი, ვისთან ერთადაც ათასწლეულების განმავლობაში უნდა ვიცხოვროთ და ვიცხოვრებთ კიდევაც!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)