Google+

გამოსვლები და განცხადებები

14.10.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები თანამემამულეებისადმი

მოგესალმებით!

მინდა, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და ყველა ჩვენს თანამემამულეს მივმართო, რომლებიც ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან.

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთში შეიმჩნევა და გამძაფრდა ტენდეცია, იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეების ეთნიკური ნიშნის მიხედვით უფლებების შელახვისა და ფეხქვეშ გათელვის - ახდენენ მათ დეპორტაციას, ართმევენ საბუთებს, ქონებას; ამას გარდა, მათ მიმართ იქ ბევრი ამაზრზენი ფაქტი განხორციელდა.

მთელმა მსოფლიომ შენიშნა, რომ, თავის მაშტაბებით, დევნა, რომელიც დღეს რუსეთში დაიწყო, 1990 წლებში ბალკანეთში განვითარებული მოვლენებისა და გასული საუკუნეში ევროპის კონტინენტზე განხორციელებული ცნობილი, ძალზე ცუდი მოვლენების შემდეგ, უპრეცენდენტოა.

მოხდა ამაზრზენი ფაქტები - რუსულ სკოლებში ქართველი ბავშვების გვარები მოითხოვეს, დააკავეს ფოლკლორული ჯგუფები, ეკლესიის გუნდიც კი; საქართველოს საელჩოს გარშემო აკავებენ მოქალაქეებს.

მინდა რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ვუთხრა: აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამბედაობით და ღირსებით!

ამის პარალელურად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები ცდილობდნენ იქ მყოფი ქართველებისაგან ერთი ინტერვიუ მაინც აეღოთ ისეთი, სადაც ისინი საკუთარ ქვეყანასა და მთავრობას გალანძღავდნენ, რომლის მეშვეობითაც, თავის მხრივ, მათი მდევნელების პოზიციას გაამაგრებდნენ.

პრაქტიკულად, ყველა ადამიანმა საკუთარი ქვეყნის პოზიცია გამოხატა.

ეს ხაზგასმით მიანიშნებს იმას, თუ რა ტიპის ქვეყანასთან აქვთ საქმე ამ თანამედროვე "პოგრომების" ინიციატორებს.

- მინდა გითხრათ, რომ თქვენ დატოვეთ ქვეყანა რთულ პერიოდში, თქვენი სახით საქართველოდან ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი წავიდა, რადგან თქვენი შრომა არც ფასდებოდა და არც მოთხოვნა იყო მასზე.

- თუმცა, მსურს მოგახსენოთ ის, რაც თავადაც კარგად იცით - საქართველო შეიცვალა, საქართველო სხვა ქვეყანაა და დღეს, აღმშენებლობის პროცესში, როგორც არასდროს, ისე სჭირდებით მას.

ორი-სამი წლის წინათ, როდესაც გზების მშენებლობა დავიწყეთ, ამ საქმის სპეციალისტები უკვე რუსეთში იყვნენ წასულები; როდესაც გვირაბმშენებლები მოვიკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ისინიც რუსეთს იყვნენ შეხიზნული; იგივე შეეხება ჩვენს საუკეთესო საინჟინრო კადრებს, ჩვენი ინტელიგენციის ჰუმანიტარულ სფეროს, ასევე სხვადასხვა დარგის კვალიფიციურ მუშაკებს.

დღეს თქვენ ისევ სჭირდებით საკუთარ ქვეყანას.

ამიტომ, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს მოვუწოდებ, დაბრუნდნენ სამშობლოში, და იფიქრონ იმაზე, თუ რა უნდა აკეთონ მათ საკუთარ საკუთარ მიწა-წყალზე.

- თქვენ აქ მთელი საზოგადოება გელოდებათ, ეს შეეხება არა მარტო ეთნიკურ ქართველებს, არამედ - ყველას, ვინც ამ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა; ვისაც ჰქონდა ან აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

- ჩვენ საქართველოს ყველა ეროვნების მოქალაქე გვჭირდება, რათა ერთად ვაშენოთ საქართველო და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ ბევრს მივაღწიეთ საქართველოს გასამთლიანებლად, ვემზადებით აფხაზეთში დასაბრუნებლად და ქართველებისგან დაცლილი, საქართველოს ამ უმშვენიერესი კუთხის ასაღონძინებლად და ფეხზე დასაყენებლად უამრავი ჩვენი თანამოქალაქე იქაც დაგვჭირდება.

- ამ საქმეში ჩვენ თქვენი მონაწილეობა გვესაჭიროება - ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.

ამავე დროს, მინდა საქართველოში მცხოვრებ რუსებს მივმართო.

ამას წინათ, თბილისის ერთ-ერთ რუსულენოვან სკოლაში ვიმყოფებოდი, სადაც ერთ-ერთმა პატარა რუსმა ბიჭმა მითხრა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, რაც ძალიან მომხვდა გულზე.

ჩემის მხრივ, მეც ავუხსენი, რომ ეს მისი ქვეყანაა და სადმე წასვლაზე არც უნდა იფიქროს; არაფერს ნიშნავს ის, რომ პატარა ბიჭი რუსულად მეტყველებს, პირიქით ეს კარგია, სწორედ ეს არის ჩვენი მრავალფეროვნებისა და ძლიერების ნიშანი.

იმავე სკოლაში მეორე ბავშვმა, პატარა გოგონამ მითხრა: "ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დაგეხმარებით ახალი ქვეყნის აშენებაში".

რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ამ ბავშვებმა, ყველა სხვა წარმომავლობის მქონე ბავშვებთან ერთად უნდა ააშენონ.

საქართველოში მცხოვრებ ყველა რუსს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი რუსული ბაზების ოფიცერთა ოჯახებს ვთავაზობთ საქართველოში დარჩენას, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები და ჩვენი ქვეყნის მომავლის ერთობლივად შემქმნელები.

საერთო ძალებით ჩვენ, მართლაც, განსაკუთრებულ ქვეყანას შევქმნით.

ამავე დროს მსურს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ვუთხრა:

- ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად გავამარტივოთ წესები და შევქმნათ პირობები, რათა თქვენ შეინარჩუნოთ რუსეთის მოქალაქეობაც, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოთ.

ამას ხელს არაფერი შეუშლის - საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა დაშვებულია და ქართული პასპორტის მისაღებად, თქვენ არანაირი დაბრკოლება არ შეგვხდებათ.

ათობით ათასმა ჩვენმა თანამემამულემ უკვე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ეს არა მხოლოდ რუსეთში მყოფებზე, არამედ ისრაელის, ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეებზეც შეიძლება ითქვას.

- თქვენ გაქვთ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა: ყველა, ვისაც საკუთარ ქვეყანასთან ემოციური, სამართლებრივი და სისხლით კავშირი აქვს, საქართველოს მოქალაქეობას და ყველა სამოქალაქო უფლებას, ყოველგვარი დაბრკოლებებისა და ბიუროკრატიული პრობლემების გარეშე აღიდგენს.

ეს დავალება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს საელჩოებსა და საკონსულოებს უკვე მივეცით, პასპორტებს გაცემის ქსელს ბევრად უფრო გავაფართოებთ, რათა ყველა ქართველს, რომელსაც ამ დღეებში განსაკუთრებით გაუმძაფრდა საქართველოსთან კავშირი და ეს კავშირი მტკივნეულად შეახსენეს, საქართველომ მისცეს პასპორტი და აქედან გამომდინარე, სამართლებრივი დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული ყველა საშუალება.

მსურს ქართველ ბიზნესმენებს მივმართო.

- თქვენ ნახეთ, თუ რა პრობლემები შეგექმნათ რუსეთში. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება თავისუფალია. ცუდ სიზმრად მოგეჩვენებათ ის კორუფცია, რომელსაც თქვენ იქ აწყდებით, სადაც ოპერირებთ. ჩვენთან ადმინისტრაციული წნეხი, პრაქტიკულად, არ არსებობს. აქ გადასახადები ბევრად უფრო დაბალია. დაბოლოს, თქვენი ბიზნესის აქ გადმოტანით გააძლიერებთ იმ ქვეყანას, რომლის კუთვნილებისათვისაც დღეს ასე გსჯიან.

ყოველმხრივ მივესალმები ყველა ბიზნესმენისა და კვალიფიცირებული სპეციალისტის, ნებისმიერი სამშობლოსმოყვარული ადამიანის დაბრუნებას საკუთარ ქვეყანაში.

- არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენმა შვილებმა განათლება საქართველოში უნდა მიიღონ. რა თქმა უნდა, ქართველობას ვერავინ წაგართმევთ, მაგრამ თქვენმა შვილებმა არა მარტო პასპორტი და მოქალაქეობა უნდა შეინარჩუნონ, არამედ ემოციური, საგანმანათლებლო, კულტურული ბმა - საკუთარ ქვეყანასთან.

ჩვენ ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ.

გელით ყველას აქ, თქვენს სამშობლოში!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)