Google+

გამოსვლები და განცხადებები

17.10.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბანკ ”რესპუბლიკა”-ს პრეზენტაციას დაესწრო

დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის განსაკუთრებული, მართლაც, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ხდება, რადგან ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში პირველად ყველაზე დიდი დასავლური ბანკი საქართველოში შემოვიდა და ფინანსურ საქმიანობას იწყებს.

უწინარეს ყოვლისა, ეს ძალიან დიდი განაცხადია იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და მის თითოეულ მოქალაქეს ეკონომიკური მომავალი აქვს.

ეს მსოფლიო ბანკის ერთი თვის წინანდელი ნათქვამის დადასტურებაა იმის შესახებ, რომ ბიზნესის გაადვილების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანაა - მსოფლიოში არ არის სხვა ქვეყანა, რომელმაც ასეთ მოკლე დროში ბიზნეს-საქმიანობის გამარტივების მხრივ, ამდენად დიდ პროგრესს მიაღწია.

ეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განცხადების დადასტურებაა იმის თაობაზე, რომ ჩვენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა ვართ - საქართველო ევროპის სამ ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანას შორისაა.

მინდა გითხრათ, რომ ამ ბანკის შენობა, რომელიც დღეს გაიხსნა, რომელიმე ცენტრალურ ქუჩასაც მოუხდებოდა, რადგან მსგავსი შენობა პარიზის, ნიუ-იორკის, ლონდონის, ჰონ-კონგისა და სინგაპურის ცენტრებსაც დაამშვენებდა.

ეს შენობა ახალი ქართული ეკონომიკის და ახალი საქართველოს სახეა.

იგი სახეა არა დანგრეული და დაქცეული საქართველოსი, არამედ თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნის.

თავისუფლების პირობებში კი ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას გავაგრძელებთ, რადგან ნებისმიერი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი ფასეულობა თავისუფლება, ძლიერი სახელმწიფო და ხალხია, რომელსაც საკუთარი ქვეყნის მომავლის სჯერა.

უცხოელების მონაწილეობა ამ ბიზნესში იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს ბევრად მეტი მისასვლელი ექნებათ მსოფლიო კაპიტალიზმის ბაზარზე; ეს იმას ნიშნავს, რომ კრედიტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება; ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბევრად უფრო დიდი ინვესტორები შემოვლენ და საქართველოს ეკონომიკაში ბევრად მეტი ფული ჩაიდება, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

ყველაზე მიმზიდველი უცხოური ბანკის საქართველოში მუშაობა, უცხოელი ინვესტორისთვის აქ ჩამოსასვლელად, დამატებითი სტიმული და საბაბი იქნება.

დღეს ეს მართლაც ძლზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ უახლოეს კვირებში ჩვენ წინ უმნიშვნელოვანესი მოვლენების მთელი წყება გველოდება.

მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მონაწილეობით, საქართველოში ახალი, დიდი სასტუმრო-კომპლექსების მშენებლობა იწყება და საქართველოში ახალი, დიდი უცხოური კაპიტალი შემოდის.

ეს ყველასათვის სასიხარულო უნდა იყოს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს და ამ ქვეყნის მომავალს ენდობიან.

ბანკის ახალმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისინი აქ მუდმივად იქნებიან - ეს ერთია და ჩვენ სხვა მრავალი უნდა ვისურვოთ.

თუმცა ჩვენ გვინდა, რომ სხვა კომპანიებიც მსგავსი მასშტაბით შემოვიდნენ და სამუდამოდ დარჩნენ.

პირადად მე მოხიბლული ვარ და მადლობა მინდა გითხრათ - აი რას ნიშნავს კერძო ინიციატივა, რომელსაც სახელმწიფო არათუ ხელს არ უშლის, არამედ ძალღონეს არ იშურებს მის ხელშესაწყობად.

თუ გინდათ იხილოთ ქართული ეკონომიკის ახალი სახე, ამ ბანკის შენობას შეხედეთ და ნახეთ თუ რა შეძლებია თავისუფალ ქვეყანას, რომელმაც შენება ძალზე სუსტი პოზიციებიდან დაიწყო, თუმცა დღეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობისკენ მიდის.

ეს არის ჩვენი გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსათვის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)