Google+

გამოსვლები და განცხადებები

05.10.2005
ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მე მინდა მივესალმო ლატვიის პრეზიდენტს.

საქართველოში დიდი სტუმრიანობაა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.

ჩვენი მეგობრებისათვის საქართველო საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა გახდა.

ჩვენ გვახსოვს წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალბატონ ვაირას ვიზიტი, როცა მან მცხუნვარე მზის ქვეშ რამდენიმესაათიან აღლუმს მედგრად გაუძლო.

ამ ვიზიტს თან ახლავს საინტერესო მოლაპარაკებები, პრეზიდენტს ჩამოყვა ათეული ბიზნესმენი, პირველი კონკრეტული შედეგი სახეზეა, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას რიგა- თბილისი რეისის გახსნის შესახებ, ეს არის ის, რასაც მთავრობა მუდმივად უნდა უკეთებდეს ხალხს.

ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, ეს არის პირველი ბალტიის ქყევანა, რომელთანაც საქართველოს საჰაერო შეტყობინება ექნება.

საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს ჰქონდათ საინტერესო კონსულტაციები.

ჩვენ აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ხელი მოვაწერეთ "ბორჯომის დეკლარაციას", რაც ნიშნავს იმას, რომ დეკემბერში კიევში შევიკრიბებით, სადაც წარმოდგენილი იქნებიან: უკრაინა, საქართველო, რუმინეთი, ლიტვა და ლატვია.

ლატვია არის მნიშვნელოვანი მონაწილე და ლიდერი ევროპული ინტეგრაციის პროცესების მთელ რეგიონში.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ "სამს პლიუს სამი" ფორმატის ამუშავებას.

ეს არის ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, საქართველო, აზერბაიჯანი სომხეთი.

ჩვენ მზად ვართ თბილისში ჩავატაროთ სამიტი, რათა ხელი შევუწყოთ ევროპულ ინტეგრაციას და ამ ქვეყნების დაახლოებას.

ასეთ კონტაქტებს პირდაპირი მნიშვნელობა აქვს, როგორც დემოკრატიის განმტკიცების, ასევე კონფლიქტების მოგვარების კუთხით.

ჩვენ ვაპირებთ მომავალში ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელებას.

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქალბატონი ვაირა ვიკე-ფრეიბერგა

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო საქართველოში ჩამოვსულიყავი მაშინ, როცა ეს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდა. შესაბამისად მე მომეცა საშუალება შემეგრძნო რას განიცდიდა ქართველი ხალხი და საითკენ მიისწაფოდნენ ისინი.

აქედან გამომდინარე საფუძველი ჩაეყარა ყველა რეფორმის განხორციელებას, რომელიც საქართველოში დღეს მიმდინარეობს. დღევანდელ მსოფლიო პროცესებში საქართველო მნიშვნელოვანი მონაწილე გახდა.

ჩვენ მსგავსი გამოცდა ზაფხულში გავიარეთ, ამიტომ კარგად გვესმის იმ პროცესების, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

მინდა გითხრათ, რომ ლატვიის სახით თქვენ გყავთ ერთგული მეგობარი, რომელიც მხარს დაგიჭერთ ყველა იმ პროცესების განხორციელებაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს და საქართველოს აყვავებას და განვითარებას ითვალისწინებს.

ჩვენ ვიცით რამდენად რთულია განვითარების ეს გზა. ეს არ არის ის პროცესი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში შეიძლება მოგვარდეს. ჩვენი შემთხვევიდან გამომდინარე, როცა ჩვენ გავწევრიანდით ევროკავშირში და ვუახლოვდებით ნატოს, ეს არის ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალი ათწლეული პროცესი.

ჩვენ გვჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა. უპირველეს ყოვლისა, რამეთუ ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში ჩაიდოს დებულება, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის მეზობელი საზღვრების ქვეყნები არიან.

ჩვენ მზად ვარ იმისათვის, რომ საქართველოს ყველა ამ პროცესის განხორციელებაში ხელი შევუწყოთ, ვინაიდან მას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ამავე დროს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. შესაბამისად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ინსტიტუტების დახმარებით და სხვა ქვეყნების მონაწილეობით, თუ ეს საჭირო იქნება. ასეთი სახის პრობლემები ყველა მხარის ინტერესების დაცვით უნდა მოგვარდეს. არ შეიძლება, რომ ვადები ქრონიკულად მოუგვარებელი სახით დარჩეს, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელიც ბევრ სახელმწიფოს აწუხებს, შესაბამისად მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ რეგიონული კონფლიქტების მშიდობიან მოგვარებას ხელი შეუწყონ.

ჩვენ მზად ვრთ ვითანამშრომლოთ ყველა სფეროში, რაც კი შესაძლებელია. დელეგაცია, რომელიც მე მომყვა სხვადასხვა მინისტრებისაგან შედგება, ხელი მოეწერა სხვადასხვა შეთანხმებას. ჩვენი ბიზნესმენები მზად არიან ითანამშრომლონ თქვენს ბიზნესმენებთან.

აქ საუბარია ისტორიაში ახალი ფურცლის ჩაწერაზე.

მე ვარ ოპტიმისტი, მინდა ვთქვა, რომ განვითარების მხრივ, ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი წინაპირობები ეძლევა, რისთვისაც ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ.

შეკითხვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როდესაც თქვენ საქართველოს ევროკავშირისაკენ მისწრაფებას აფასებთ, შესაბამისად, ლაპარაკია იმაზეც, რომ ბევრი საკითხი საქართველოს კონტროლს გარეთ არის დარჩენილი. ეს ის საკითხებია, რომლებმაც, შესაძლოა, ევროკავშირთან ინტეგრაციას ხელი შეუშალოს. აქედან გამომდინარე, საქართველომ შესაძლოა, დაკარგოს კიდეც გარკვეული პოზიციები. მაინტერესებს თქვენი შეხედულება.

მიხეილ სააკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ძირითადი ეროვნული იდეაა არა ის, რომ რომელიმე სტრუქტურაში გავწევრიანდეთ, არამედ ის, რომ განვვითარდეთ, როგორც ევროპული ერი. ჩვენ, შესაბამისად, მივისწრაფით ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ, რადგან ყველა ერი, რომელიც კულტურულად და ისტორიულად ევროპულია, ნებისმიერი ევროპული ინსტიტუტის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს. ლაპარაკია ისტორიულ განვითარებაზე.

როდესაც თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება დაიწყო, ამით ძალზე მნიშვნელოვან პროცესს დაუდო სათავე, რომელსაც ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ და ხელიც შევუწყოთ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი ამ პროცესის ხელშეწყობით დაინტერესებულია და ამას ყოველთვის ერთიანი არჩევნებით გამოხატავს. თუმცა, ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი შედეგები მოჰყვა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმებს. საფრანგეთის მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტს ევროკავშირის გაფართოების თაობაზე შეკითხვა დაუსვეს (საფრანგეთში რეფერენდუმი გაიმართა, რომლის შესახებ ინფორმაცია წამყვანი საინფორმაციო საშუალებებითაც გადაიცა), ლაპარაკი იმაზეც იყო, რომ საქართველო, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. მოგეხსენებათ, საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის წევრი, ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს, გარკვეული სირთულეები, მაგრამ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ არსებობს ერთიანი, ფართო, ევროპული სცენარი, რომელიც პროცესების განვითარებაზე ლოგიკური მსჯელობის საშუალებას გვაძლევს. მაგალითად, როდესაც ლატვიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყო, არავის ჰქონდა იმედი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ სტრუქტურის წევრები გახდებოდნენ. ლატვია პირველი იყო, თუმცა ძნელი იყო იმის დარწმუნებით თქმა, თუ რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას. ლატვია ის მაგალითია, რომელიც შესაძლოა სხვა ქვეყანაშიც განმეორდეს.

ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: მსურს ერთი რამ დავამატო, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საბოლოო ფორმატი დამოკიდებულია არა იმდენად სტრუქტურათა კონკურენციაზე, არამედ ყველა შესაძლებლობის გამოყენებაზე. როდესაც ლატვია ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიისწრაფოდა, ჩვენ რეფორმების განხორციელება დავიწყეთ. ამ რეფორმების განხორციელება კი მანამდე დავიწყეთ, სანამ გაწევრიანებათან დაკავშირებული მოლაპააკებების დასაწყებად ოფიციალურად მოგვიწვევდნენ. 1999 წელს, სანამ ჰელსინკში ეს პროცესი დაიწყებოდა და ევროკავშირი გვეტყოდა, რომ მოლაპარაკებისთვის მისი კარი ჩვენთვის გახსნილი იყო, ინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩვენ უკვე დიდი გზა გვქონდა გავლილი.

უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ სტრატეგია შეიმუშაოს და ამ საკითხზე სერიოზულად იზრუნოს. ამჟამად მიმდინარეობს დებატები სხვადასხვა მნიშვნელოვან, მათ შორის, სტრუქტურულ საკითხებზე. შესაბამისად, ევროკავშირმაც ევროკონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა გადაჭრას. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იზრდება და ვითარდება, შესაბამისად ამ პროცესს მუდმივი ხასიათი აქვს და ქვეყანაში ხელისუფლება, თუ სხვა ინსტიტუტები უნდა განმტკიცდეს და გაძლიერდეს.

გეკითხებით, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტს. რას ფიქრობს ევროპა ამ ეტაპზე რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლებაზე და შესაძლებელია თუ არა რომ რუსი სამშვიდობოების ფორმატი ბალტიის ქვეყნების ფორმატით შეიცვალოს.

ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: სიმართლე გითხრათ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებოდით. ვგონებ, ლატვიას, როგორც ნატოს ალიანსის წევრს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენ ტეროტორიული თავდაცვიდან კოლექტიურ თავდაცვის პრინციპებზე გადავედით და ისეთ მობილურ დანაყოფებს ვანვითარებთ, რომელთა განთავსება ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი. ჩვენი სამშვიდობოები არიან ავღანეთში, ერაყში... შესაბამისად, ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ.

როგორ შეაფასებდით კრიტიკულ მოსაზრებებს ვარდებიის რევოლუციის დროს დაპირებული რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, მაინტერესებს თქვენი აზრი რუსეთთან გამართულ პოლიტიკურ დიალოგზე სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში.

მიხეილ სააკაშვილი: რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლოს მასშტაბით მეორე ქვეყნად აღიარა. მან ეს ანგარიში სექტემბერში გამოაქვეყნა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კორუმპირებული ქვეყანა იყო, რომელიც დღეს სრულიად ახალ ეტაპს გადის. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ძალიან დაბალი ხელფასები იყო, მაგრამ ჩვენ ერთად ვაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც ნებისმიერ ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამვლენის საშუალება აქვს და ამისათვის მაღალ ანაზღაურებასაც მიიღებს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, ლატვიას დღეს ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ფუნქციონირებს, საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე გადავდივართ და წინ მივიწევთ. მიუხედავად ამისა, პრობლემები ჯერ კიდევ არის.

რაც შეეხება რუსეთთან დიალოგს, ეს საკმაოდ რთული საკითხია. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობთ ჩვენს წინადადებებზე, შესაძლოა, მით უფრო ნაკლები იყოს ინტერაქტიული ნაბიჯები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამ მხრივ, ღიად გამოთქვა სურვილი, რომ პროცესში ისიც აქტიურად ჩაებას. იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ასევე კონსტრუქციულ ფუნქციასა და აქტიურ როლს შეასრულებს. ხშირად ხელს გვიშლის ბევრი ქმედება, რაც ზოგჯერ აღმაშფოთებელიც კი არის, მაგრამ ჩვენ თანამშრომლობის ხანგრძლივი პროცესი გვაქვს და კონსულტაციებს მუდმივად ვმართავთ. თუმცა, ბოლო პერიოდში ბევრი პოზიტიური ცვლილების მომსწრეც გავხდით.

ორი დღის წინათ, ცხინვალის რეგიონში რამოდენიმე შეიარაღებული პირი დასახლებულ სოფელში გადმოვიდა. იმ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიას აშენებს მსგავსი ფაქტები არ შეიძლება იყოს წახალისებული. ასეთი პრეცენდენტი არ უნდა განმეორდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანაა. როდესაც დსთ-ს სტანდარტებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ იმის თქმაც შეგვიძლია, რომ საკუთარი საზღვრებს ვაკონტროლებთ. რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, მაგრამ ეს ყოველთვის იოლი არ არის. იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში ევროპაც კონსტრუქციულ როლს შეასრულებს. ძალიან კარგია, რომ ამერიკა ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს. ევროპის ფორმატი ყველასთვის მისაღებია. ეუთო უფრო აქტიური უნდა გახდეს. შიდა მოლაპარაკებებში კი ევროკავშირმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად, შესაძლოა ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ ევროკავშირმა სამშვიდობოების ფუნქცია იკისროს. ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც ევროკავშირის სივრცის ნაწილს უკვე წარმოადგენენ.

ბევრი სკეპტიკურად უყურებდა იმას, რომ ლატვია და სხვა ქვეყნები ამ სტრუქტურის რიგებში ასე მალე შევიდოდნენ. რასაკვირველია, არის ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც ლატვიის მსგავსი პოლიტიკური პოზიცია აქვთ, ბევრს არ სჯეროდა, რომ მათი ბნელი წარსულის დავიწყება შესაძლებელი გახდებოდა და ამ მიზანს ისინიც მიაღწევდნენ....

აუცილებელია კონტაქტები გაფართოვდეს. აქ ლაპარაკია სინდისის, მორალის ხმაზე, რომელსაც ევროპიდან მივიღებთ. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ეს ყველაფერი არ უნდა დაივიწყოს. აქ საუბარი ეხება პრინციპებს, მორალს, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები უნდა განვითარდეს. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ მოლოტოვ-ლიბენტროპის პაქტიდან გამომდინარე, ჩვენ ბევრი სირთულის წინაშე ვიდექით, მგრამ ალბათ იცით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ამიტომ აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება. ამავდროულად, ჩვენი მისწრაფებები მტკიცე უნდა იყოს.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამსრეთ ოსეთში მეზობელი ქვეყნის მხრივ ანექსიის მცდელობას აქვს ადგილი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აღმოსავლეთელ მეზობელთან ლატვიასაც აქვს ტერიტორიული პრეტენზიები. რა ფორმით აპირებენ საქართველო და ლატვია საკუთარი ტერიტორიული პრეტენზიების დაცვას - ისინი ამას ცალცალკე გააკეთებენ, თუ რაიმე სახელმწიფოებრივ გაერთიანების შექმნიან, რომელსაც მომავალში შესაძლოა უკრაინაც შეუერთდეს (გუშინ ყირიმის რუსეთთან შეერთების საკითხიც წამოიჭრა).

ვაირა ვიკე-ფრაიბერგა: ლატვიაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საკუთარი ტერიტორიის 5 პროცენტზე მეტი დავკარგეთ. როდესაც სტალინმა რუკაზე უბრალოდ ხაზი გაუსვა, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი დღევანდელი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ამჟამად, ლატვიას რუსეთთან სასაზღვრო შეთნხმება არ გააჩნია. ამ საკითხზე მუშაობისას ჩვენ დე-ფაქტო მდგომარეობა ვაღიარეთ. დე-ფაქტო ლატვია, კი დაკარგულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკუთარ პრეტენზიებს არ წარმოადგენდა, ისე, როგორც ეს ფინეთთან მოხდა. რუსეთთან მიღწეულ ადრინდელ სამშვიდობო შეთანხმებაში, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში, საუბარია ლატვიის ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს კონსტიტუციური საკითხია, რომელიც ლატვიის შიგნით უნდა გადაწყდეს. 1945 წელს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა და ამიტომ ეს საკითხი ლატვიისათვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთის ხელისუფლებასთან ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ და გვსურს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად, ცივილიზებულად, ევროპული მეთოდებით გადაწყდეს. მიმაჩნია, რომ მშვიდობის დაცვა და თითოეული ოჯახის უსაფრთხოება საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენლის ინტერესებშია. ამჟამად საქართველოში ჩვენ ვქმნით სიტუაციას, სადაც ეთნიკური უმცირესობის ყველა წარმომადგენლის უფლებები დაცული და გარანტირებული იქნება. ამ პროცესებში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობას მხოლოდ მივესალმებით. თუმცა, მეორეს მხრივ, კატეგორიული წინააღმდეგი ვართ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსანთა ე.წ. ოფიციალურ პირთა რანგში ყოფნას - მათ უფლებამოსილებას ჩვენ არ ვცნობთ. ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ ისეთი მექანიზმი, რომელიც ცალმხრივ და ძალადობრივ ქმედებებს გამორიცხავს. მიმაჩნია, რომ ამ პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საქმეში, რუსეთს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ბაზებთან დაკავშირებული საკითხები ჩვენ საკმაოდ ცივილიზებული მეთოდებით გადავწყვიტეთ. ამას მსოფლიოში ცოტა თუ ელოდა, მაგრამ ჩვენ ეს ერთობლივად შევძელით. იმედი მაქვს, რომ ზემოაღნიშნული საკითხების გადაწყვეტასაც სწორედ ასე შევძლებთ. რუსეთი დიდი ქვეყანაა და მას დიდი ტერიტორია აქვს, ხოლი საქართველო პატარაა და ჩვენ დასათმობი ტერიტორიები არ გაგვაჩნია. ეს უახლოეს მომავალში არც არის მოსალოდნელი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა სწრაფად და ყველა მხარის სასარგებლოდ მოგვარდეს. ამ პროცესში გამარჯვებული არ არსებობს და დამარცხებულიც არ უნდა იყოს. საქართველო არ მიისწრაფის იმისკენ, რომ გამარჯვებული იყოს და, მით უმეტეს არ შეეგუება იმას, რომ დამარცხებული აღმოჩნდეს. ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობით, კეთილდღეობით, ტერიტორიული მთლიანობითა და კეთილმეზობლური დამოკიდებულებით, წარსულისგან მემკვიდრეობით მიღებული პროცესის ყველა მონაწილე მოგებული დარჩეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)