Google+

გამოსვლები და განცხადებები

12.07.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან

მოგესალეებით ყველას!

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, თქვენთან ეს ჩემი პირველი შეხვედრაა.

მინდა გავიმეორო ის შეფასება, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ პრეზიდენტ ბუშთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

ჩვენთვის ეს ძალიან ისტორიულ დროს განხორციელებული ისტორიული ვიზიტი იყო.

ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობა ინტენსიური ხასიათისაა.

ვაშინგტონში ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის, თუმცა პრეზიდენტი ბუში ყველას არ ხვდება.

ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრებით შემოიფარგლა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ვარ, დაახლოებით ორ წელიწად ნახევრის განმავლობაში სხვა არაოფიციალური პატარა შეხვედრების მიღმა, უკვე სამი ოფიციალური შეხვედრა გვქონდა და ეს ყველაზე მაღალი ინტენსივობის მაჩვენებელია, რაც მსოფლიოში არსებობს.

მეორე - ეს არა მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრა იყო, არამედ ცალკე შეხვედრაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან მასთან სახლში, სადაც საქართველოს დელეგაცია იყო მიწვეული.

შეხვედრას გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, თავდაცვის მინისტრი და ასევე ენერგეტიკის მინისტრი ესწრებოდა.

წინა დღეს კი, ჩვენთან მოლაპარაკებას პრეზიდენტ ბუშთან ერთად ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, და ამერიკის ადმინისტრაციის პრაქტიკულად ყველა ხელმძღვანელი პირი მართავდა.

ეს იყო ისტორიული მოვლენა.

თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღეში პეტერბურგში დიდი რვიანის შეხვედრა გაიმართება.

ეს შეხვედრა იქნება განმსაზღვრელი იმისა, თუ საით წავა მსოფლიო უახლოეს პერიოდში.

ეხლა წყდება ყველაფერი.

რა არის ის მსოფლიო, სადაც ყველაფერს იარაღი, ფული, ნავთობი, დიდი სტრატეგიული გლობალური ინტერესები განსაზღვრავს, ხოლო პატარა სახელმწიმფოებს აღარ აქვს თავისი ადგილი, სადაც პატარა სახელმწიფოების ზურგს უკან გარიგებები მოხდება, მათ ბედს სხვები გადაწყვეტენ, თუ ეს არის მსოფლიო, სადაც ზნეობა პრინციპები და ხალხის თავისუფლება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს დეკლარირებული იყო ათწლეულების განმავლობაში თავისუფალი სამყაროს მიერ.

ის ფაქტი, რომ დიდი რვიანის წინ მოხდა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, ხოლო შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ძალზე მნიშვნელოვანია, აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა პრეზიდენტ ბუშის სამოცი წლისთავს და ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა.

სამიტის წინ გამართული ბოლო შეხვედრა და კონსულტაციები, ყველასათვის გასაგები ინდიკატორია. ვფიქრობ, მსოფლიოს დიდ პოლიტიკაში ჩვენი პატარა ქვეყნის როლი დიდია.

ჩვენ ვმონაწილეობთ არა მარტო ჩვენი ბედის ჩამოყალიბებაში, არამედ ჩვენი ხალხის განსაკუთრებულობის გამო, ჩვენი უახლოესი ისტორიის მოვლენების გამო.

ჩვენ ვმონაწილეობთ ყველაზე დიდი მსოფლიო ინტერესების და პოლიტიკის განსაღზვრასა და ჩამოყალიბებაში და რაც მთავარია ამ ყველაფერში ჩვენი ადგილის დამკვიდრებაში.

ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მოთამაშე იყოს, აქ საუბარი უნდა იყოს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს პატარა ინტერესები, თუმცა ეს ჩვენთვსი მნიშვნელოვანი და დიდია.

ჩვენი ქვეყანა გლობალურ ინტერესების ცენტრშია მოქცეული.

ჩვენ ძლიერი მეგობრები გვყავს ამას ყველაფერს კი, ფასი აქვს, ამასთან

ჩვენ ძალიან ძლიერი მტრები გვყავს. მინდა ეს ყველამ კარგად გაიაზროს. ეს შეხვედრა ისტორიული იმის გამო იყო, რომ პირველად მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფოს პრეზიდენტმა ღიად და ყოველგვარი პირობების გარეშე ნატოში საქართველოს გაწევრიანების პირდაპირი მხარდაჭერა დააფიქსირა.

მე კარგად ვიცი ამ ყველაფერს რა ფასი აქვს.

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოსთვის ეს უსაფრთხოების სრულიად სხვა გარანტიების შეთავაზებაა.

მეორე- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა თავის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის. ეს იმ ფონზე, როცა ამაზე პასუხი პუტინისაგან გაისმა, რომელიც კოსოვოზე საუბრობს და სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთს შეეხება, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ბევრად უფრო მეტი წონის მატარებელია. მოსკოვის მისამართით, ამ განცხადებებს ერთმნიშვნელოვანი პასუხი გაეცა. საგანგებოდ ითქვა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მეზობლების გასაგონად ითქვა.

იყო ბევრი სხვა საინტერესო დეტალი.

ვფიქრობ, ძალიან სიმბოლური იყო ის ფაქტი, რომ ჩვენ ამერიკის პრეზიდენტს საქართველოში გახსნილი ოკუფაციის მუზეუმიდან ხევსურების წერილი ჩავუტანეთ. 1936 წელს ხევსურებმა ეს წერილი მაშინდელ პრეზიდენტს - რუზველტს მიწერეს.

ეს წერილი ახალგაზრდა ჯგუფმა უშიშროების არქივში იპოვნა, რომელიც ჩვენ გავხსენით. წერილში ხევსურები საუბრობენ, თუ როგორ შემოდიოდნენ ბოლშევიკები, როგორ სურდათ მათი „კოლხოზებში" შეყრა და თავისუფლების წართმევა. „ ჩვენ არ გვაქვს იარაღი, ჩვენ გვაქვს ხანჯლები და ბოლმდე გავწევთ წინააღმდეგობას, თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ ყველამ მიგვატოვა, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ ვიბრძოლებთ. ძმებო დაგვეხმარეთ, ჩვენ გაჭირვებაში ვართ"-ნათქვამია წერილში.

ამ წერილის ყველა ავტორი დაიჭირეს და დახვრიტეს. მე ამერიკის პრეზიდენტს ვუთხარი, იმ ჯალათებს რომ წარმოედგინათ, ოდესმე ეს წერილი ადრესატამტე ჩავიდოდა, და მას დამოუკიდებალი საქართველსო პრეზიდენტი ჩაიტანდა, ნამდვილად საფლავში გადატრიალდებოდნენ. ამერიკის ტელევიზიებში ეს თემა გამუდმებით ტრიალებდა.

თავისუფლებისათვის ბრძოლა უნივერსალურია, დღეს საქართველო არის თავისუფლებისათვის ბრძოლის ცენტრი. ერთის მხრივ არის მთელი თავისუფალი სამყარო, ნახეთ მსოფლიო პრესაში რა აღფრთოვანებული, აღტკინებული მხარდაჭერით აღსავსე სტატიები იბეჭდება საქართველოზე.

არცერთ ჩვენს მეზობელ პატარა ქვეყანას არ ჰქონია დასავლეთის ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა. სხვათა შორის ასეთი მხარდაჭერა არ იყო ვარდების რევოლუციის დროს, არსებობდა ზოგადი სიმპატია, დღეს უკვე სხვა მხარდაჭერაა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს შედეგები, ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ყველაზე მაგარია. რა თქმა უნდა, როცა აქ ცხოვრობ, ყოველდღიურად შეიძლება ამას ვერ ამჩნევდე.

ჩემი სურვიმლია ათჯერ მეტი შედეგი გვქონდეს.

მე არ მახსოვს რომ ამერიკის პოლიტიკურ სპექტრში ასეთი ერთსულოვნება ყოფილიყოს.

ერთის მხრივ რესპუბლიკური ადმინისტრაცია, ხოლო მეორეს მხრივ დემოკრატიული სენატორების ჯგუფი, ასევე დემოკრატუილი პრესა, რომელიც ყოველდღიურად აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. საქართველოსთან მიმართებაში გამაონგებელი ერთსულოვნება იყო. ამერიკულ პრესაში იმ დღეეში სამი დიდი სიმპატიით აღსავსე წერილი დაიბეჭდა - რომ ეს არის ყველაზე მაგარი ქვეყანა, წარმატებული თავისი რეფორმებით. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია.

ერთია რას ფიქრობს დღევანდელ დღეს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, და მეოერე- რას ფიქრობს ამ ქვეყნის საზოგადოება.

ის, რომ ჩვენ ვაშინგტონში გვცნობენ, ეს ბევრს ნიშნავს. ამერიკელებისათვის საქართველო რაღაც ნაწილი გახდა. ადრე, როცა მე მიწევდა იქ სიარული, რუკით დავდიოდი, რომ ამეხსნა რომელი ქვეყნიდან ვიყავი.

დღეს კი, როცა დელეგაციის წევრებთან ერთად დავდიოდი, ოფიციანტები თავად გვიყვებოდნენ საქართველოს შესახებ.

დღეს ჩვენ ჩვეულებრივი ქვეყანა აღარ ვართ.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არ არის ომში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ, ვერავინ თავზე ვერ მოგვახვიოს ეს სიტუაცია.

საქართველოს არის ქვეყანა, რომელიც დიდი შეტევის ქვეშ იმყოფება, რომლის წინაღმდეგაც დიდი ეკონომიკური ემბარგო ხორციელდება, მსგავსი არ განხორციელებულა ევროპის არცერთ რეგიონში. საქართველო არის სიტუაციაში, როცა რუსეთთან თავისუფალი მიმოსვლის ბოლო წყარო გადაუკეტეს.

საქართველო არის სიტუაციაში, როცა ჩვენს წინააღმდეგ არის მცდელობა აწარმოონ პროპაგანდისტული ომი. ყველანაირად გაგვაშაონ, ცუდ ფერში წარმოგვადგინონ, ქვეყანის შიგნით მიმდინარეობს ძირგამომთხრელი სამუშაოები, ქვეყნის საზღვრებთაან მიმდინარებს უამრავი ძალების კონცენტრაცია, ამისათვის უამრავი ფული იხარჯება, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ.

რა თქმა უნდა, როცა ასეთი დაწოლის ქვეშ ვართ, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

პუტინთან შეხვედრის დროს ყველაფერი გაკავეთე, ჩვენ რუსებს მოსკოვში კიდევ ერთ შეხვედრას ვთავაზობთ.

ამავე დროს სამშვიდობო ჯარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებით დრო ახლოვდება, ამ ჯარების უკან მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიის ანექსია, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში.

ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად ნებისმიერი ეროვნების ადამიანების სიცოცხლის საფრთე იქმნება.

ჩვენ საქართველოს პარლამენტში ამ საკითხის განხილვას ველით. დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანაკავშირში შესვლასთან დაკავშირებთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.

ჩვენ თავის მოტყუებას აღარ ვაპირებთ. არცერთი ისეთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული, რომელიც ჩვენი მხრიდან პრობლემას ერთ ქართულ მეწარმეს მაინც შეუქმნის.

ჩვენ ეს გადაწყვეტილებები ჩვენი მომავლისათვის უნდა მივიღოთ. სამშვიდობო პროცესი უნდა გაგრძელდეს, ამ საკითხში ჩვენ ამერიკისა და ევროპის უმრავლესობის სრული მხარდაჭერა გვაქვს.

ეს არ არის მარტო საქართველოს მცდელობა მშვიდობიანად გადაწყვიტოს თავის კონფლიქტები, ეს არის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობა ისაუბროს რუსეთთან, რადაგნ ამის გასაღები მათ აქვთ.

ჩვენ ამ კონფლიქტებს გადავწყვეტთ რუსეთთან ერთად ან რუსეთის გარეშე. მე არ ვაპირებ ჩემს მეგობრებთან ერთად იმის ცდას, როდის გადაგვიწყვეტს რუსეთი პრობლემებს.

ჩვენ გვინდა მშვიდობიანი გადაჭრა, რისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი, ამის უსაშველო გადადებას არ ვაპირებთ.

მე გამოვიარე ხორვატიაში, სადაც სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების შეკრება იმართებოდ. ძირითადი მომხსენებელი გახლდით მე.

მინდა ვთქვა, საქართველოში იგეგმება სხვა ვიზიტებიც.

საქართველოში უნდა ჩამოვიდეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტი, თავისთავად უჩვეულო იყო რომ მასთან შეხვედრა ცალკე გაიმართა.

ხშირ შემთხვევაში, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხვდება ამერიკის პრეზიდენტს, ის აღარ ხვდება ამერკის ვიცე-პრეზიდენტს იმავე შენობაში, მითუმეტეს ცალკე. ეს ჩვენი სტატუსის ხაზგასმა იყო. ამის ტელევიზიებით გაშუქება გამაოგნებელი იყო. ახლად არჩეული ბრიტანეთის პრემიერის და დიდი ქვეყნების ლიდერების ვიზიტი ასევე შუქდება, სხვა პატარა ქვეყნის პრეზიდენტის ჩასვლა საზოგადოების ამხელა ყურადღებას იწვევდეს, არავის ახსოვს.

ჩემი წინამორბედი როცა ჩამოვიდა ამერიკაში, მაშინ სტუდენტი გახლდით, მან ამერიკის პრეზიდენტ კლინტონთან პრესკონფერენცია გამართა, თუმცა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი კადრში საერთოდ არ გამოჩნდა, მაშინ დიდი სიმწარე და დამცირება განვიცადე. საერთოდ არავის არ აინტერესებდა.

პირველი ვიზიტების დროს ჩვენ გვქონდა სიმპატია, მაგრამ ასეთი დონის მხარდაჭერა არ წარმომედგინა, არ თქმულა არცერთი გადაბრუნებული სიტყვა, რასაც სვავებივით ჩასაფრებული ელოდნენ საგარეო არაკეთილმოსურნეები. ემოცია უნივერსალურად დადებითია, მე ეს შეხვედრები იმისათვის არ მინდა, რომ როცა პოლიტიკიდან წავალ, კედელზე ჩამოვიკიდო მსოფლიოს ლიდერებთან შეხვედრის ნუსხა, ეს ჩემი ფუნქცია არ არის.

ყველაფერი ეს კაპიტალია, რომელსაც ჩვენ საქართველოს გასამთლიანებლად და განსამტკიცებლად დავხარჯავთ. ამაზე ილუზია არავის არ უნდა ქონდეს.

ეს თვითკმაყოფილების ეტაპი არ არის, კმაყოფილები ვიქნებით მაშინ, როცა საქართველო იქნება მთლიანად მშვიდობიანი, სწრაფად განვითარებადი ქვეყანა.

მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ეს გვიძლიერებს იმ მთავარ შანსს, რაც ჩვენ ასე გვჭირდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)