Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების სხდომა გამართა

მიხეილ სააკაშვილი:

მინდა, რომ თავდაცვის მინისტრს ვკითხოთ კონკრეტულად რა სიტუაციაა, რა დისპოზიციაშია ახლა ჩვენი ჯარი და სად ვართ განლაგებული?

დავით კეზერაშვილი:

ამ წუთებში ჩვენი ჯარის დიდი ნაწილი შემოსული და განლაგებულია თბილისის შემოსასვლელებში, ნაწილი მოემართება თბილისისკენ. მიმდინარეობს დაგეგმვა სად და როგორ უნდა განლაგდეს ჯარი იმისათვის, რომ წესრიგი და კონტროლი შევინარჩუნოთ.

მიხეილ სააკაშვილი:

რამდენადაც ვიცი მოწინააღმდეგე ჯერ გორის მახლობლად დგას, მაგარმ მოძრაობას არ აგრძელებს.

დავით კეზერაშვილი:

იმყოფება

ჩვენი ბოლო ინფორმაციით მოწინააღმდეგე ამ წუთებში დაახლოებით იგივე პოზიციებზე, რომლებშიც იმყოფებოდა. რა თქმა უნდა გადმოსულია აქეთ, მაგრამ ქალაქში გორში არ შემოსულა.

მიხეილ სააკაშვილი:

ახლა მინდა უკვე ორგანიზაციული საკითხით მოგმართოთ.

მსურს სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, მინიმუმ, ხვალამდე თბილისს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

იმისათვის, რომ თბილისში არ ატყდეს რაიმე სახის პანიკა, თბილისელებმა არ დაიწყონ სადმე მოძრაობა, გაძლევთ სიტყვას, რომ ყოველ საათში ერთხელ ჩვენ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ გადაადგილდება მოწინააღმდეგე, თუ საერთოდ გადაადგილდება.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ჯარი გამოვიყვანეთ, ის განლაგებულია იქ, სადაც თბილისი და მისი შემოგარენი იქნება დაცული.

ჯერ ერთი, ხალხმა დაინახა მძიმე ჯავშანტექნიკის მოძრავი კოლონები და ჩათვალა რომ ეს რუსეთის ტანკები იყო.

ეს ასე არ არის ნამდვილად.

მოწინააღმდეგის გადაადგილებებს მონიტორინგს ჩვენ ვუკეთებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი მოძრაობების შესახებ მინიმუმ 7-10 საათით ადრე გვეცოდინება.

თუ მათ ეს გადაწყვიტეს, ამ მოძრაობას მრავალი საათი დასჭირდება თუ არა რამდენიმე დღე.

ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ყოველგვარი გადაადგილება, მაგალითად კახეთის ან სხვა მიმართულებით, შექმნის თითოეული თქვენგანისთვის პრობლემას, რადგან ეს გამოიწვევს ტრასებზე მანქანების გაჭედვას, ხალხის გაჭედვას შუა გზაზე.

არადა ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის ყველა ცენტრი საქართველოს დედაქალაქში, თბილისშია კონცენტრირებული.

ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ახლა ორგანიზებულად ვგეგმავთ თბილისის აეროპორტის ჰუმანიტარული ტვირთით მომარაგებას, როგორც ეს დაგვჭირდება.

ჩვენ გვაქვს საკამრისი ფინანსური რესურსები იმისათვის, რომ აქაურობის მომარაგება და ზოგადად სიცოცხლისუნარიანობა მთლიანად შევინარჩუნოთ.

თითოეულ ადამიანს ვურჩევ და ვთხოვ, დარჩეს სახლში და ყოველ საათში მოგაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე რა კონკრეტული მდგომარეობადა და რისკი შეიძლება წარმოიქმნას თუნდაც საათებისა და დღეების შემდეგ.

დღეს ჩვენი ამოცანაა და მე კონკრეტულად ვავალებ ყველა სახელმწიფო მოხელეს შეასრულოს თავის მოვალეობა.

პოლიცია უნდა აგრძელებდეს და გააგრძელებს პატრულირებას ჩვეული რეჟიმით, იმედია, საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად არ დაგვჭირდება სხვა რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება.

მინდა გთხოვოთ ხვალ პირველ საათზე პარლამენტის სხდომა დანიშნოთ.

მე ვილპარაკე ხვალ სამ საათზე მიტინგის ჩატარების თაობაზე, მაგრამ შეკრიბეთ პარლამენტის სხდომა, რათა ვიმსჯელოთ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების კონკრეტულ ღონისძიებებზე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც ახლა მოწინააღმდეგე აკეთებს, არის ამ ეტაპზე კონკრეტული ეკონომიკური ღონისძიებები - ქვეყნის მომარაგების ხაზის გაწყვეტის და ამ გზით არეულობის, დესტაბილიზაციისა და პანიკის გამოწვევით.

თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს მოწინააღმდეგეს არა აქვს ისეთი რესურსები, რომ შეძლოს საქართველოს დედაქალაქის დაკავება.

ძალზე მნიშვნელოვანია და ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა წარმოიქმნას პანიკა, რადგან ეს არის ზუსტად ის, რამაც შეიძლება ყველას შეუქმნას პრობლემა.

ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთ საქართველოში ვითარება მთლიანობაში სტაბილურია: კავშირგაბმულობა ყველგან მუშაობს; მობილური კავშირი პერიოდულად გადატვირთულია, რადგან ყველა ერთმანეთს ურეკავს; საქართველოს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია; სატრანსპორტო კომუნიკაციის ხაზი ჩაჭრა მოწინააღმდემ, რათა ეკონომიკური დესტაბილიზაციის გზით, მოამზადოს საფუძველი რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლო გადაადგილების გამო.

ეს არის ის, რაც კონკრეტულად ხდება, ახლა ისინი გადადიან ეკონომიკურ მოხრჩობაზე, რათა მოგვამწიფონ რაღაც სახის კაპიტულაციისთვის ან სრული ჩამოშლისთვის.

დღეს ეს არის მათი კონკრეტული ამოცანა, რომელიც კარგად დაგეგმეს.

ამ დღეებში თქვენ კარგად ნახეთ, რომ ქვეყნის მომარაგება ხორციელდებოდა შეუფერხებლად - მაღაზიებში არ იყო რიგები და არც დადგება თუ ჩვენ არ მოვინდომეთ ეს.

ვალუტის კურსი შენარჩუნებული იყო და ამ ეტაპისთვის ქვეყანაში საკმარისი ფინანსური რესურსებია, თუნდაც, ამ აბსოლუტურად ანომალიური ვითარებისთვის.

ჩვენ გვაქვს სიმტკიცის საკმაოდ სოლიდური მარაგი, რას თქმა უნდა არა შეუზღუდავი, მაგრამ საკმაოდ სოლიდური.

ყველას მოგიწოდებთ, რომ ნურავითარ შემთხვევაში ნუ ჩავიყენებთ საკუთარ თავს იმ მდგომარეობაში, რომელიც უარესს გამოიწვევს.

მე გაძლევთ პატიოსან სიტყვას - თუ ვიგრძენი, რომ საფრთხე დაემუქრა დედაქალაქის უსაფრთხოებას და დაიძრებიან თბილისისკენ, თქვენ ეს მინიმუმ 12 საათით ადრე გეცოდინებათ.

სხვა მხრივ, ყველას, სახელმწიფო მოხელეებს მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ მუშაობა, დანარჩენებს კი გთხოვთ, მაქსიმალურად იყოთ სახლში, თუკი სახლიდან გახვალთ, ოჯახის წევრებთან გქონდეთ მუდმივი გავშირი, რათა მათ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს.

ასევე, მსურს ყველა მკაცრად გავაფრთხილო.

თუ აქ რომელიმე სავაჭრო ობიექტის ან სავაჭრო დაწესებულების მიმართ ვინმეს რაიმე არაკანონიერი ქმედების განხორციელების ცდუნება გაუჩნდება, საკმარისი ძალა და ენერგია გვაქვს იმისათვის, რომ ყველგან, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში წესრიგი დავამყაროთ.

ჩვენ ახლა გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, მაგრამ ასევე - განსაკუთრებული თავდაჭერაც.

ჩემზე მეტად არავინ არ განიცდის იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ზუსტი განცდა მაქვს თუ რა უნდა მტერს, რისთვის გააკეთა ყოველივე ეს და რის მიღწევას ცდილობს ახლა, დამიჯერეთ, მენდეთ ჩვენ შევძლებთ ამ გეგმების ჩაშლას თუ აღმოვჩნდებით ოდნავ მაინც ორგანიზებულები და თუ ოდნავ მაინც ვენდობით ერთმანეთს.

მე არ ვაპირებ შეცდომაში შეგიყვანთ, არ ვაპირებთ არც იმას, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში გამყოფოთ.

რა თქმა უნდა, ჯობდა რომ ქვეყანა არ ყოფილიყო ასეთ მდგომარეობაში, სამწუხაროდ ჩვენს მეზობელს ყველაზე მეტი მიზიდულობა საქართველოს მიმართ ჰქონდა და, პრაქტიკულად, არჩევანი არ დაგვიტოვა.

თუმცა არჩევანი მაინც გვაქვს - ან ყველანი ერთად ვიკავებთ თავს და კბილებით ვინარჩუნებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, ანდა გუნდის პრინციპით ვქმნით რაღაც სახის ქაოსს და ზოგადად იქმნება პრობლემა.

ჩვენ ძალიან გამოცდილი ხალხი ვართ და ნანახი გვაქვს როგორ გამოიყურებოდა ყველაფერი.

თუ ვიქნებით წყნარად და მშვიდად, ეს არ მოხდებოდა.

კიდევ ერთი - სანამ ინფორმაცია მოგვაწოდეს და ტელევიზია ჩავრთეთ, მოსახლეობის რაღაც ნაწილი, თუნდაც რამდენიმე ასეული ადამიანი სადღაც წავიდა.

ძალიან გთხოვთ, ყველას დაურეკეთ და სახლებში დააბრუნეთ.

ეს არის ყველაზე სწორი გზა.

გარწმუნებთ, ყველაზე დაცული, ყველაზე უზრუნველყოფილი მატერიალურადაც და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, მაინც საკუთარ სახლებში ვართ.

ამ ვითარებაში გაცლა უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

თუკი რაიმე სხვა სცენარს მოგვახვევენ თავს, ამის შესახებაც ბევრად უფრო ადრე გაგაფრთხილებთ ყველას.

მივხედოთ საქმეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)