Google+

გამოსვლები და განცხადებები

01.09.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

მინდა ორიოდ სიტყვით მოგმართოთ დღევანდელი, მართლაც ისტორიული დღის შესაჯამებლად.

მინდა მოგმართოთ არა იმისთვის, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, არამედ იმისთვის, რომ მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, მილიონზე მეტ იმ ადამიანს, რომელიც მთელი მსოფლიოს დასანახად ქუჩაში ყველაზე დიდ, ყველაზე ორგანიზებულ, მრავალრიცხოვან და ამაღელვებელ მანიფესტაციაზე მონაწილეობის მისაღებად, ცოცხალი ჯაჭვის შესაქმნელად გამოვიდა.

დღეს საქართველოს ერთიანობის დღეა, მაგრამ დღეს არა მხოლოდ ქართველების ერთიანობის დღეა, არამედ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთიანობის დემონდტრირების დღეს.

რასაკვირველია, ჩვენ გვჭირდება დრო იმისათვის, რომ დანარჩენი მსოფლიო სათანადოდ მოიმართოს, გვჭირდება დრო იმისათვის, რომ პოლტიკური ნაბიჯები გადაიდგას.

ჩვენ წინ რამდენიმე თვიანი რთული პერიოდი გველოდება, მაგრამ ამის მიუხედავად, დღესავით ნათელია, რომ მსოფლიოს ქვეყნებიდან, ევროპიდან, ამერიკიდან ძალიან დიდი დახმარება წამოვა.

დღესავით ნათელია, რომ რუსეთის იზოლაცია შეუქცევად ეტაპს აღწევს და თუ რუსეთი უკან არ დაიხევს, ევროპამ სრულიად ნათლად უთხრა, რომ მის წინააღმდეგ გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები. ევროპასა და დანარჩენ სამყაროს რუსეთის მუქარის უკვე აღარ ეშინია.

დღესავით ნათელია, რომ საქართველო გახდა არა მარტო საინტერესო ქვეყანა დანარჩენი მსოთლიოსათვის, არამედ, გარკვეულწილად, მსოფლიოში თავისუფლებისთვის ბრძოლის ცენტრი.

მთავარი ტესტი დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსათვის არის ის, დაიცავს თუ არა იგი საკუთარ ფასეულობებს, დადგება თუ არა თავისუფლების, მშვიდობისა და საკუთარი მომავლის სადარაჯოზე.

ასეთი რამ არასოდეს არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში.

ჩემო ძვირფასებო!

ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით ეს მომენტი ჩვენი ერთიანობით.

მინდა მადლობა ვუთხრა ასობით ათას უფროსი ასაკის გამოცდილ ადამიანს.

ამ მანიფესტაციაზე გამოვიდა წარმოუდგენელი რაოდენობის ყველა ასაკით ადამიანი, ბევრი ახალგაზრდა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს ეკლესიას და მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მისი დიდი თანადგომისთვის, ასევე მთელ ეკლესიას განსაკუთრებული ეროვნული და პატრიოტული პოზიციისათვის.

მინდა მოვეფერო და დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს ასობით ათას ჩვენს პატარა თანამოქალაქეს, ჩვენს დიდ პატრიოტებს - საქართველოს ბავშვებს, რომლებიც დროშებით დადიდონენ ქუჩებში და ყვიროდნენ - „საქართველო"-ს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისტორიული მომენტი დარჩება არა მხოლოდ მომავალი თაობების ისტორიაში, არმედ სამუდამოდ გაყვებათ მთელი მათი ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება გვექნება.

რა თქმა უნდა ჩვენ წინ გველოდება ძალიან დიდი ბრძოლა.

ჩვენ, როგორც არასდროს გვმართებს ერთიანობა.

რა თქმა უნდა, იქნება სიძნელეები.

მე არ მინდა ფუჭი დაპირებები მოგცეთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ და საუკუნოვანი ბრძოლიდან მართლაც ბევრად უფრო გაძლიერებული გამოვალთ.

ეს შავი ჭირი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოგვეცილებინა, ეს კონფლიქტები, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გადავწყვიტოთ და ეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავაკეთოთ - დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ჩვენ მათ აუცილებლად გადავწყვეტთ.

ჩვენ როგორც არასდროს ვართ ერთიანი.

მინდა მადლობა ვუთხრა არა მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებს.

დღეს ჩვენს ქუჩებში უამრავი აზერბაიჯანელი, სომეხი, მათ შორის რუსი ვნახე და ეს არასოდეს არ დაგვავიწყდება.

ჩვენ ყველანი შევქმნით და გავაგრძელებთ ამ დიდ ერთობას, შევძლებთ ქართველი ერის საბოლოო გაძლიერებას, შეკვრას და საბოლოო გამარჯვებისაკენ სვლას.

დიდი მადლობა!

თქვენ არც კი იცით, რამდენად დიდი რამ გააკეთეთ!

მე ქედს ვიხრი თქვენი გამბედაობის, გმირობის, ერთიანობისა და თქვენი განსაკუთრებული ინტელექტის წინაშე.

მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ მსგავს გარემოებებში, როდესაც ამხელა ძალა შემოიჭრა და ქვეყნის თითქმის მესამედი აქვს ოკუპირებული, როცა ეს ძალა გვემუქრება მთელი ქვეყნის ოკუპაციით, როცა ასეთი მუქარები ისმის და როცა აბსოლუტურად დაუნდობელ და ცივილიზაციისაგან შორს მდგომ გადაწყვეტილების მიღებასთან გვაქვს საქმე, ამ პირობებში მსოფლიოში ძალიან ცოტა ერი თუ შეძლებდა ასე ერთად დადგომას და მსოფლიოს განცვიფრებას.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე.

ჩვენი დიდი ბრძოლა, რომელიც საწყის სტადიაშია, აუცილებლად მივა ბოლომდე.

ასეთი ერთობით, ასეთი სულგრეძლობით, ამაღლებული გრძნობით, გამბედაობით და შეკავშირებით, ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გიხდით დიდ მადლობას!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)